Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმატებული თუ უმოქმედო თვითმმართველობა?


ქუთაისი
ქუთაისი

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდება ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს 25 წევრს და ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, რომლებიც ამ თანამდებობებზე 2014 წლის 15 ივნისს აირჩიეს. 3 წლისა და 4 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგებს ისინი არაერთგვაროვნად აფასებენ.

წარმატებული თუ უმოქმედო თვითმმართველობა?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00
გადმოწერა

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, მიიჩნევს, რომ მისი გუნდის საქმიანობა წარმატებული იყო, რადგან რამდენიმე მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:

„ქალაქის შემოსასვლელები მოვაწესრიგეთ, აღვადგინეთ ძველი შემოსასვლელი საფიჩხიიდან. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ გავლა და 3 მილიონი ლარი გზების დეპარტამენტს ვთხოვე და მოწესრიგდა და ქალაქის შემოსასვლელი აღდგა. ავტობანიდან ნიკეამდე დაახლოებით 17-მილიონიანი პროექტი განხორციელდა და ნიკეა გახდება მთავარი შემოსასვლელი. 2014 წელს ნაგავსაყრელზე განხორციელდა სამუშაოები, რომლითაც ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს პრობლემა მოეხსნებათ. ზოგადად რომ მივყვეთ, 320 ქუჩაა და ყველას ვერ ჩამოვთვლი“.

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

ქუთაისის მერის შოთა მურღულიასვე განცხადებით, მუშაობისას, ბუნებრივია, იყო პრობლემებიც - მაგალითად, ის, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელებას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა. შოთა მურღულიას შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წელს არჩეულ მერს დახვდება, მოძველებული შიდასაქალაქო ტრანსპორტია და ამ მხრივ ვითარების გასაუმჯობესებლად ქუთაისის მომავალ მერს დიდი დაფინანსების მოძიება დასჭირდება.

საქმიანობას მეტწილად დადებითად აფასებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარიაც. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ გუნდური მუშაობა შეძლო:

„ჩვენი მოწვევის საკრებულოს მუშაობა იყო, ზოგადად, ეფექტური. საფიჩხიაზე ძალიან ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ ამ პერიოდში, მოწესრიგდა შემოსასვლელი გზა თავის ღვარსადენებით, ასევე გელათის ქუჩა მოწამეთისა და გელათის მიმართულებით, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, გაკეთდა კაპიტალურად“.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ლატარიასვე განცხადებით, უმრავლესობის წევრებს ხშირად უწევდათ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე სოციალური დახმარების გამოსაყოფად მერიისთვის მიმართვა, რაც ხშირ შემთხვევაში კმაყოფილდებოდა, თუმცა დასძენს, რომ სოციალური პროგრამებისთვის საჭიროა მეტი თანხა გამოიყოს. საკრებულოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი უკლება. დეპუტატის განცხადებით, საკრებულომ თავისი ფუნქცია დაკარგა და მერიის მაკონტროლებელი ორგანოდან სრულ თანამოაზრედ იქცა:

„ხელის აწევის გარდა, არაფერი არ ევალებოდათ. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ქუთაისს სჭირდება ქმედითი საკრებულო - საკრებულო, რომელსაც ექნება ინიციატივები, გააკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებული იქნება უმრავლესობამ აკრიტიკოს თავისივე ხელისუფლება“.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას უმოქმედობაში ადანაშაულებს ამირან ძოწენიძეც. ის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით აირჩიეს, პარტიის გაყოფის შემდეგ კი „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს:

„საკრებულომ თითი თითზე არ დააკარა ამ სამწლინახევრის განმავლობაში იმისათვის, რომ დაეცვა ქუთაისის ინტერესები, საერთოდ სიტყვა არ დაძრა იმასთან დაკავშირებთ, რომ მმართველი გუნდი აპირებდა ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის გაუქმებას“.

ქუთაისი
ქუთაისი

საკრებულოში როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა საქმიანობას აკრიტიკებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი ვეფხია მიქაუტაძე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს 25 დეპუტატიდან 7 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრია, სხდომებზე ხელსუფლებას აკრიტიკებდა მხოლოდ ნაწილი და ქუთაისის მოსახლეობის საჭიროებები საკრებულოს არ გაუთვალისწინებია:

„საკრებულო იყო უმოქმედო, ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ აქტიურები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წევრს, არ იყო ქმედითუნარიანი, არ საუბრობდნენ ქუთაისისთვის საჭირბოროტო საკითხებზე“.

ქუთაისის მოქმედი საკრებულოს საქმიანობას აკრიტიკებს ლეიბორისტული პარტიის წევრი მერაბ ჭუმბურიძეც. მისი შეფასებით, ქალაქში ცხოვრების დონე და სოციალური ფონი გაუარესდა. მერაბ ჭუმბურიძე ყველაზე უარყოფით გადაწყვეტილებებად ასახელებს შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაზრდას და მერიას დაქვემდებარებულ კულტურულ, სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში მოსწავლეთათვის საფასურის დაწესებას:

„საერთოდ, ქალაქში, სადაც 68 მილიონი ლარია ბიუჯეტი და 14 მილიონია საკუთარი შემოსავლები, თვითმმართველობაზე საუბარი შეუძლებელია, ამით ყველაფერია ნათქვამი“.

ქუთაისის მოქმედი თვითმმართველობის საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ ქალაქის მცხოვრებნი:

  • „რა გააკეთა, რა ვიცი, მნიშვნელოვანი არაფერი“;
  • „15 განცხადება დავწერე და ერთი პასუხი ჯერ არ მიმიღია და ან ის საკრებულო, ან მერია, ან მერი რას აკეთებს?!“
  • „მომავალი გვიჩვენებს. გვპირდებიან და გაკეთებული არაფერი არის. რა ვიცი, რა გამოვა ბოლოს“;
  • „რა გააკეთეს, რა ვიცი. კაბინეტში ხო სხედან თბილად, ჩვენ ქუჩაში ვართ“;
  • „უკეთესობა რომ არის ვხედავთ“;
  • „ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ საკმარისი არ არის“;
  • „ჩამკვდარი ქალაქიდან ამოსულია ცოტა“, – ამბობენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები.

21 ოქტომბერს ქუთაისელი ამომრჩეველი ქალაქის მერს და მეექვსე მოწვევის საკრებულოს 25 წევრს აირჩევს - მათგან თხუთმეტს პროპორციული, ათს კი მაჟორიტარული წესით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG