Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს ბოდიშისა და პარლამენტში ჩხუბის კვირა


თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

გასულ კვირაში ისევ აქტუალური იყო საყდრისის საკითხი - პროტესტი არ წყდება როგორც საყრდისის დამცველების, ისე ოქროს საბადოზე მომუშავე მუშების მხრიდან. თავდაცვის სამინისტროს ამავე უწყების მიერ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე გავრცელებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. ხმაური იყო ტელეკომპანია „მაესტროში“, რომელიც ოცამდე ჟურნალისტმა დატოვა. დეპუტატებმა იჩხუბეს პარლამენტში. კვირის ბოლოს კი ორწლიანი მმართველობა შეაჯამა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირა თავდაცვის სამინისტროს ბოდიშით დაიწყო. ამ უწყების მიერ 20 დეკემბერს გავრცელებულგანცხადებას, რომლითაც უწყება უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, დაღუპვის ფაქტს ეხმაურებოდა, მისი შინაარსის გამო საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც განცხადების ტექსტი ოფიციალური ვებსაიტიდან გაქრა. ოპოზიციისა და უმრავლესობის ნაწილის კრიტიკული შეფასებების, საპროტესტო აქციისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა უწყების სახელით ბოდიში მოიხადა და მომხდარს „ტექნიკური შეცდომა“ უწოდა:

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი და მთლიანად უწყების ხელმძღვანელობა თავიანთივე სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გასცნობია.

გავრცელებულ განცხადებაში ეწერა: "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აჰყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ კომენტარი მხოლოდ კვირის ბოლოს გააკეთა და თქვა, რომ შეცდომა გაანალიზებული და გამოსწორებულია და "მსგავსი რამ მომავალში არ იქნება", თუმცა ამ ფაქტს ოპოზიციაში უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება და „პოლიტიკური ნაძირლობაც“ კი უწოდეს.

პოლიტიკური დაკვეთების (და ეს მან თავის დროზე თავად განაცხადა) ერთხელ უკვე შემსრულებელი ადამიანი „მაესტროზე“ მოდის არა მხოლოდ თავისი გადაცემით, არამედ იდეოლოგიითა და შესაძლებლობით ჩაერიოს ყველგან და ყველაფერში...
სოფო ზურაბიანი

გასულ კვირაში ხმაური იყო ტელეკომპანია „მაესტროში“, რომელიც ერთდროულად 20-მდე თანამშრომელმა დატოვა. 23 დეკემბერს ტელევიზიიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და ტელეკომპანიის დატოვების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრეს. „მაესტროს“ მთავარი საინფორმაციო გადაცემა „ცხრიანის“ გუნდის განცხადებით, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ტელევიზიაში ერთი კონკრეტული ადამიანის, კერძოდ კი, კოკა ყანდიაშვილის მისვლა, და ეს პრობლემა ტელევიზიის კურსის რადიკალურ შეცვლას უკავშირდება. პოლიტიკურ წრეებში ამ კურსს უკვე უწოდეს „პრორუსული“.

„მაესტროს“ჟურნალისტების ის ნაწილი, ვინც ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა, აცხადებს, რომ ტელევიზიიდან მათი ასე ხმაურიანი წამოსვლის განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ ერთი ადამიანი არ ყოფილა. „ცხრიანის“ მთავარი პროდიუსერი სოფო ზურაბიანი უფრო საშიშ ტენდენციაზე ლაპარაკობს, რომლის წინაშეც, მისი აზრით, „მაესტრო“ დგას:

„პოლიტიკური დაკვეთების (და ეს მან თავის დროზე თავად განაცხადა) ერთხელ უკვე შემსრულებელი ადამიანი „მაესტროზე“ მოდის არა მხოლოდ თავისი გადაცემით, არამედ იდეოლოგიითა და შესაძლებლობით ჩაერიოს ყველგან და ყველაფერში. უკვე მარტივად დასანახია, რას შეცვლიდა ის ამ არხზე“.

ჟურნალისტებს ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომტელევიზიას უნდა გაეტარებინა ე.წ. „პროქართული“ იდეოლოგია. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის ასევე ყოფილი შემსრულებლის სოფო კვინტრაძისათვის სიტყვა „პროქართული“ ნიღბავს სიტყვა „პრორუსულს“ და ეს იდეოლოგია ნიშნავს, რომ ტელევიზიამ უნდა აიღოს კურსი არა დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისაკენ, რაში მონაწილეობაც ჟურნალისტებმა აღარ ისურვეს:

„ალბათ, თქვენც გაგიგიათ და მეც ხშირად გამიგია პოლიტიკოსების მესიჯები, რომ მე ვარ პროქართული. არ ვარ პროდასავლური ან ნატოსა თუ ევროკავშირის მომხრე, არამედ, პროქართული. ნატო და დასავლეთი არ გვინდა, რადგან გვატყუებენ, რომ ევროკავშირში ვერ შევალთ. ამასთან, რბილად საუბრობენ რუსეთზე. ეს, რასაკვირველია, ტყუილია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ პროქართული და აუცილებლად ვარ დასავლური ორიენტაციის, რადგან მგონია, რომ ამ ქვეყანას სხვა უკეთესი მომავალი, გარდა ევროკავშირისა და ნატოსი და,ზოგადად, დასავლური მომავლისა, არა აქვს. ამიტომ მე არ ვტყუი. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ პროქართულია, მაგრამ ამბობს, რომ დასავლურიც ცუდია და რუსულიც, სინამდვილეში, ტყუის, რადგან გულისხმობს ჩრდილოეთს, რუსეთს“.

ამ კვირაში კვლავაც აქტუალური იყო საყდრისის თემა. "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას, შეიქმნას საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას საკანონმდებლო ორგანოში 58 დეპუტატი მიემხრო, 14 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კომისია პარლამენტის 12 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

3 000 ოჯახი სასოწარკვეთილია და გაურკვეველ მდგომარეობაშია - არ იციან, რა ელით. ახალი წელი მოდის. ამაზე იფიქრეთ ყველამ - პოლიტიკოსებმა კი, პირველ რიგში. ემოციების დრო ახლა არ არის. კაზრეთიდან ჩამოსული ათასზე მეტი ადამიანი იყო კანცელარიასთან მოსული. მე მათ პასუხი უნდა გავცე...
ირაკლი ღარიბაშვილი

უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ „პარლამენტი ვერ დარჩება მხოლოდ ზედამხედველის როლში და ის უნდა გახდეს საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენების მონაწილე“. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ მედიასთან საუბრისას ამ გადაწყვეტილებისთვის უმრავლეობის წევრებს მადლობაც გადაუხადა და თქვა, რომ ეს საზოგადოების წარმატებაა: „სწორედ ამ საზოგადოების ინტერესებშია გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში საყდრისშიო“, თქვა მან.

თუმცა სანამ პარლამენტი კომისიის დაკომპლექტების პროცესშია, კომპანია RMG-ის თანამშრომლები კაზრეთში შიმშილობას განაგრძობენ. ისინი კომპანიისათვის ლიცენზიის გაგრძელებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, RMG-ის კაზრეთში სამუშაოების გაგრძელების ლიცენზია 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. RMG ამტკიცებს, რომ თუ საყდრისს არ აითვისებს, მის მიერ დასაქმებული 3 000 ადამიანი უმუშევრად დარჩება.

სწორედ ამ 3 000 ადამიანის უფლების დაცვა მიაჩნია საკუთარ მოვალეობად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 26 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ ის ბოლომდე დაიცავს ამ ოჯახების ინტერესებს:

„3 000 ოჯახი სასოწარკვეთილია და გაურკვეველ მდგომარეობაშია - არ იციან, რა ელით. ახალი წელი მოდის. ამაზე იფიქრეთ ყველამ - პოლიტიკოსებმა კი, პირველ რიგში. ემოციების დრო ახლა არ არის. კაზრეთიდან ჩამოსული ათასზე მეტი ადამიანი იყო კანცელარიასთან მოსული. მე მათ პასუხი უნდა გავცე. ვისაც პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მათთვის ასეთი განცხადებების გაკეთება ადვილია. და მე მათ წინაშე ვალდებულება მაქვს. მე არ ვიცი, თუ გნებავთ, შევინარჩუნოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი, დავაკონსერვოთ და 3 000 ადამიანი სახლში გავუშვათ. მე ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე ვიღებ მათი დაცვის პასუხისმგებლობას და, დიახაც, შევუქმნით მათ პირობებს, რომ იქ კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს“.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა წლის ბოლოს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მთავრობის ორწლიანი საქმიანობა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების რეფორმაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ დასრულდა სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოქალაქეების განცხადებების განხილვა და თებერვალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებულთა კომპენსირების საკითხს განიხილავს. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვებსაც გასცა პასუხი.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ ჩვენ გავგზავნეთ მედიკამენტები...
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე დასმულ კითხვას რამდენჯერმე უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით და ის, ამ კონტექსტში, თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს სამხედროებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა:

„მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ ჩვენ გავგზავნეთ მედიკამენტები... პირადად ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული, მრავალ დანაშაულში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებდა და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, - და პირად საუბრებშიც მიდიოდა მოლაპარაკებები, - რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ რომ იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ. ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ“.

გაფორმებულია ოთხივე კონფესიასთან ხელშეკრულება სახელმწიფოს რელიგიის სააგენტოსა და თითოეულ კონფესიას შორის და აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა...
ზაზა ვაშაყმაძე

ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და რეგიონალური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დაგეგმილი 5 %-იანი ზრდა საკმარისი არა, მაგრამ სავსებით ნორმალურია.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ოთხი რელიგიური კონფესია სახელმწიფოსგან გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. შეხვედრას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმთა და იუდეველთა თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შესაძლოა მომავალში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ამ კონფესიებს კიდევ რამდენიმე დაემატოს.

წელს ეს ოთხი კონფესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ-ნახევარი ლარით დაფინანსდა:

„სახელმწიფომ გამოხატა, სახელმწიფო სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კეთილი ნება და ამ ფორმატში გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ეს დავალება შესრულებულია წლის ბოლომდე. გაფორმებულია ოთხივე კონფესიასთან ხელშეკრულება სახელმწიფოს რელიგიის სააგენტოსა და თითოეულ კონფესიას შორის და აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და არსებობს მზაობა და განწყობა დადებითი კუთხით, რომ, ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველზე, თითოეულ კონფესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობა უფრო აქტიურად გაგრძელდეს მომავალშიც“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხი არის ძალიან პრობლემური და ის არ თავსდება სეკულარული სახელმწიფოს კონცეფციაში, ვინაიდან პირდაპირ ბიუჯეტიდან ხდება რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება და ის ხმარდება რელიგიურ მიზნებს და ეს დებულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაცია ხდება, რეალურად არ ჰგავს კომპენსაციას, ვინაიდან სახელმწიფოს არ დაუთვლია ზიანის ოდენობა და, ამასთან, არც სხვა ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმები აქვს, რომლის თანახმადაც ზიანის მოცულობა გაირკვეოდა“.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

კვირის ბოლოს პარლამენტის რიგგარეშე სესია ჩხუბით დასრულდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვას საკანონმდებლო ორგანოშიფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბის მიზეზი კი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი ბობოხიძის გამოსვლა - მან მმართველი გუნდი რუსეთისაკენ სვლაში დაადანაშაულა და სიტყვა ოპონენტების გინებით დაასრულა.

ჩხუბში, რომელსაც ევრობაჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებასა და პროცედურულ საკითხებზე კამათი უძღოდა წინ, თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. დეპუტატებმა ფიზიკურ დაპირისპირებაში ტექნიკური საშუალებებიც გამოიყენეს, კერძოდ, მიკროფონები, რომლებსაც ერთმანეთს ურტყამდნენ. ფიზიკური დაპირისპირება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შემდეგ გამოსვლას მოჰყვა:

“მაინც მიექანებით დედარუსეთისკენ და თქვენი ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად პოვებს ასახვას და თქვენს შეფასებაში კიდევ ერთხელ ევროპულ ორგანიზაციებში და იმის მაგივრად, რომ გამოასწოროთ თქვენი მოქმედებებით თქვენი ცუდი რეპუტაცია ევროპაში, სამწუხაროდ, თქვენ ცუდ გზას ადგახართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედარუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო! ვინ რა თქვა? თქვენი...ვინც ეგ თქვით, ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გგონიათ, ვინმეს რამეს დაგითმობთ?“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზში სიწყნარის დამყარება ვერ შეძლო, საამისოდ უძლურნი აღმოჩნდნენ მანდატურებიც, ჩხუბმა კი ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ, გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი გამოიძახეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია შექმნილ ვითარებაში სხდომაზე შესვენების გამოცხადება იყო. სხდომის განახლების შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

გასულ კვირაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ტენდერების ჩატარების ხარვეზიან პრაქტიკას ააშკარავებს. ამჯერად ლაპარაკია რეგიონალური განითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი სახელმწიფო სტრუქტურაა და რომლის სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი მშენებლობაზე მოდის. ანგარიშის თანახმად, სადაც ჩამოთვლილია 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის განხორციელებული შესყიდვები, იკვეთება თანამდებობის პირთა კომერციული ინტერესები.

თუკი ამაზე არ იქნება რეაგირება, თუკი ამას შესაბამისი ორგანოები არ შეისწავლიან, მაშინ ეს იქნება მომავალში საგანგაშო. ეს იქნება გზავნილი ყველა თანამდებობის პირისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან კომპანიები, ამ კომპანიებმა შეიძლება მოიგონ ტენდერები, ეს შემოსავლები მათ შეიძლება არ ასახონ ქონებრივ დეკლარაციაში...
ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლებში 400-დან 126 შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა; აქედან, 17 შემთხვევაში ტენდერი შეწყდა ან არ შედგა, ხოლო 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან თითქმის ნახევარი 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების იყო.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2013–2014 წლებში გაფორმებული 300-ზე მეტი კონტრაქტიდან 200-ზე მეტში მიმდინარეობისას ცვლილებები შევიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი კონტრაქტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას შეეხება. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააუქმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულება კიდევ 10-მდე სხვა შემთხვევაში გაუქმდა, რისი მიზეზიც ძირითადად თანხების ამოწურვა გახდა. სამჯერ ხელშეკრულება მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, თუკი თანამდებობის პირს შეხება აღარ აქვს კომპანიასთან, მისი სახელი და გვარი აღარ უნდა ფიგურირებდეს საჯარო რეესტრში ამ კომპანიასთან კავშირში. ეს კი ამ შემთხვევაში ასე არ არის. გიგაური აუცილებლად მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებმა ზუსტად შეავსონ თავიანთი დეკლარაციები და არ დამალონ თავიანთი შემოსავლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათი კომპანიები ტენდერში მონაწილეობენ, ჩნდება შეკითხვა – ჩატარდა თუ არა ეს ტენდერი მიუკერძოებლად.

„თუკი ამაზე არ იქნება რეაგირება, თუკი ამას შესაბამისი ორგანოები არ შეისწავლიან, მაშინ ეს იქნება მომავალში საგანგაშო. ეს იქნება გზავნილი ყველა თანამდებობის პირისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან კომპანიები, ამ კომპანიებმა შეიძლება მოიგონ ტენდერები, ეს შემოსავლები მათ შეიძლება არ ასახონ ქონებრივ დეკლარაციაში და, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ეს უკვე იქნება საგანგაშო“, – უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

სიახლეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციასახალი თავმჯდომარე ჰყავს. კახა კოჟორიძე ამ თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილმა შეცვალა.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისი ამ თანამდებობაზე მოსვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრიორიტეტები არ შეიცვლება. ორგანიზაცია ისევ იმავე საკითხებზე იმუშავებს, მით უფრო, რომ მომავალი წლის სტრატეგია ორგანიზაციას ისედაც განსაზღვრული ჰქონდა:

„საიას თავმჯდომარეობა არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან ხელმძღვანელობ ორგანიზაციას, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს. საიას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია სამოქალაქო სექტორში, ამიტომ სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება ამ თანამდებობაზე არჩევით. საიას პრიორიტეტები უცვლელი დარჩება“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG