Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტოს დაძლევისა და სამთავრობო ცვლილებების კვირა


გასულ კვირაში, ორდღიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის არგუმენტები და კვლავინდებურად მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო-საფინანსო კონტროლის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ თქვა, უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტი გააძლიერებს საბანკო-საფინანსო კონტროლის მექანიზმს:

„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის 2015 წლის იანვარში მითითებულ მრავალ რეკომენდაციასთან ერთად, აღნიშნულია ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა და ზედამხედველობის ფუნქციის მთავარი როლის მინიჭება. ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები“.

საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, კანონის მიღებით ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას დაკარგავს. ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სრულად გაიზიარეს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის, არგუმენტები:

„შექმნილი სააგენტო პრაქტიკულად დამოუკიდებელი ორგანო იქნება. მას ფუნქციებში პირდაპირ უწერია, რომ ეროვნულ ბანკს არ ემორჩილება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ სააგენტოს ფუნქციონირებაში ლომის წილი მიუძღვის მთავრობას, მისი წევრების დაკომპლექტება პოლიტიკური ნიშნით მოხდება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ვქმნით ეროვნული ბანკის საპირწონე ორგანიზაციას, რომელიც ეროვნულ ბანკს კონკურენციას გაუწევს - კონკურენციას, ცუდი გაგებით“.

გასულ კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საქართველოს მთავრობაშიც. 1 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი:

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. მიმაჩნია, რომ ის ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან. რაც შეეხება მის შემცვლელს, ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება. დღემდე ის იყო თბილისის ვიცე-მერი და მისი მოღვაწეობა გამოირჩევა დიდი ეფექტურობით“.

მთავრობის ახალმა წევრმა, დიმიტირი ქუმსიშვილმა, თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება და სხვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ შენარჩუნდება ევროპული ინტეგრაციის უკვე აღებული კურსი და აქცენტი გაკეთდება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თუმცა მან ისიც თქვა, რომ, პროდასავლური მიმართულების გარდა, საქართველოსთვის საინტერესოა ის მოვლენები, რომლებიც აღმოსავლეთსა და ევრაზიის კონტინენტზე ვითარდება:

„მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ ვეცდებით ყველა ამ მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“.

ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს დატვირთული სამუშაო დღე ჰქონდა თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღესვე. 2 სექტემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ამბასადორიალი 2015“, რომელზეც ქართველმა დიპლომატებმა ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს. ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია:

„ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ჩვენ ამ მხრივ გერმანიასთან უკვე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისათვის“.

გასულ კვირაში, სწორედ ამბასადორიალის მსვლელობისას, აფხაზეთში ჩავიდა თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორი იბრაჰიმ კარაოსმანოღლუ, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, შეხვდა. როგორც აფხაზეთის მედია წერს, მხარეებს შორის საუბარი შეეხო სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას. საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ეს ვიზიტი თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ კი თქვა, რომ თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით უკვე მიმართა:

“თურქეთის მთავრობა ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ გაეროს რეზოლუციისადმი მხარდაჭერითაც დაადასტურეს, მაგრამ დღეს თურქეთში მოქმედებს დროებითი, საარჩევნო მთავრობა, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, საპარლამენტო არჩევნები იქ პირველ ნოემბერსაა დანიშნული და, თურქული მხარის განმარტებით, სწორედ ამ ვითარებით შეიძლება ისარგებლონ ადგილებზე ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა“.

თურქეთის პროვინციის დელეგაციის აფხაზეთში ჩასვლას გამოეხმაურა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც, რომლის თქმითაც, თუნდაც არაოფიციალური ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

„ცალსახად და გარკვევით უნდა ითქვას, რომ ასეთი ჯგუფების ჩასვლა აფხაზეთში - მით უმეტეს, ოფიციალური პირების, თუნდაც არაოფიციალური ვიზიტით - ჩვენთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და, იმედია, მოახერხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასუხი გასცეს“.

გასულ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში, დაახლოებით, 4 თეთრით გააძვირა. შესაბამისად, 350 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევს. სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას სიტყვებით, „თელასის“ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა შეუძლებელი იყო, მთავარი მიზეზი კი ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის გაზრდაა, რაც ლარის დევალვაციამ განაპირობა:

„გარდაუვალი ეს იყო იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი კომპანიას გაეზარდა, დაახლოებით, 5 თეთრზე მეტად. ამიტომ ეს კომპანიის ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო. სხვა შემთხვევაში კომპანია, უბრალოდ, ვერ შეძლებდა ელექტროენერგიის შესყიდვას. სექტემბერში გაიყოფა პროპორციულად დღეების მიხედვით, ძველი ტარიფი რამდენ დღესაც იმოქმედებს, ძველი ტარიფი მიუდგება და დღევანდელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება უკვე ახალი ტარიფი“.

გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ვიცე-მერის თანამდებობაზე დაამტკიცა ლაშა აბაშიძე, რომელიც მანამდე ვაკის რაიონის გამგებლად მუშაობდა. კვირის მიწურულს ასევე გაირკვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაიარა ცესკოში, თუმცა შუალედურ არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებს. როგორც პარტიაში განმარტეს, ცესკოში შესაბამისი რეგისტრაცია მხოლოდ იმ პრივილეგიებით სარგებლობის მიზნით გაიარეს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აქვთ. პრივილეგიაში, პირველ რიგში, უფასო საეთერო დრო იგულისხმება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG