Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტნიორობა კონკურენციით და გასული კვირის სხვა აქცენტები


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა (მარცხნივ) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა (მარცხნივ) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა.

როგორ ჩაებმებიან პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო მარათონში და როგორ განლაგდებიან შემდგომ ისინი პოლიტიკურ სარბიელზე? - ეს შეკითხვა გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა წარმოშვა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 31 მარტს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ დაუყოვნებლივ გასვლას არ აპირებს, თუმცა არჩევნებისთვის ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება. პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ კი იმის განმარტებაც გახდა საჭირო, როგორ გაგრძელდება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა სამთავრობო ფორმატში:

“სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელებისა და ვიდეოშანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზე. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობა არსებული შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას:

“ამ ეტაპზე საჭიროა მთავრობაში მუშაობა ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შევეცდებით ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე“.

გიორგი კვირიკაშვილისვე თანახმად, პარტია „ქართული ოცნება“ სამომავლო გეგმებს ამ დღეებში, პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგების შესაბამისად, დააზუსტებს. მანამდე კი მან „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი მედიასთან უკვე რამდენჯერმე გამოხატა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებასთან“ ეგრეთ წოდებული პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში, რესპუბლიკელების გარდა, კოალიციის დანარჩენი სუბიექტები - მრეწველები, „ეროვნული ფორუმი“ და კონსერვატორებიც აღმოჩნდებიან. გასულ კვირაში, შესაბამისად, არჩევნებამდე 7 თვით ადრე, უკვე აქტუალური გახდა საკითხი, ვინ შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას და ვინ ვერა და ვინ დააპირებს საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას და ვინ არა.

არჩევნებისა და პარტიების საარჩევნო შანსების გარდა, გასულ კვირაში ყურადღების ცენტრში დარჩა ასევე პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტის, კერძოდ, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისა და მასზე რეაგირების საკითხი. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიწვევით, საქართველოში იმყოფება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს უწევს კონსულტაციას. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის თქმით, ამერიკელი კოლეგები ქართველებს დახმარებას გაუწევენ როგორც სამართლებრივ, ისე საექსპერტო სამუშაოებში.

“შედეგებსა და კონკრეტულ გატარებულ ღონისძიებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ახლაც კი დაკითხვები მიმდინარეობს. რაც შეეხება 31 მარტს გავრცელებულ კადრებს, მათი საშუალებით შეუძლებელია როგორც ფირზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირება, ასევე იმის თქმა, არის თუ არა ამ ფირზე ასახული პირადი ცხოვრება“, ამბობს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე.

გასულ კვირაში ადამიანის უფლებების დამცველებმა პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილება მკაცრი განცხადებებითა და მოთხოვნებით გამოხატეს. კერძოდ, კამპანია „ეს შენ გეხება“-ში შემავალმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ სამი კვირა გავიდა კადრების გამოქვეყნებიდან, მაგრამ პროკურატურამ ვერც დამნაშავეთა გამოვლენა შეძლო და ვერც დანაშაულის პრევენცია:

“ბატონი შოთაძე პირადად იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოეძიებინა სისტემური დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლების განმავლობაში, მაგრამ მან ვერ დაადგინა, ვინ ქმნიდა ამ არქივს, ვინ გასცემდა უკანონო ბრძანებებს, ვინ იყო ჩართული ამ უკანონო ბრძანებების შესრულებაში და ასევე ვის ჰქონდა წვდომა ამ კადრებზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ამის გამო ვართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არ ვიცით, ვის შეეძლო აეტვირთა ეს კადრები. მათ არ ეშინიათ დღეს ჩვენი მთავრობის, მათ არ ეშინიათ სამართალდამცავი უწყებების, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა“.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ, თავის მხრივ, კამპანია წამოიწყო საქართველოს სახალხო დამცველმა. კამპანია, სახელწოდებით „წამმზომი ჩართულია“, საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს და გაავრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. გასულ კვირაშივე სახალხო დამცველმა პარლამენტს გადაუგზავნა 1200-გვერდიანი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისში მოქალაქეთა 7 000 განცხადება შევიდა. მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის ეფექტურობის თვალსაზრისით,ანგარიშის შეფასებითმა ნაწილმა პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზებიც მოიცვა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, უჩა ნანუაშვილმა განსაკუთრებული სიმწვავით სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხზე ილაპარაკა:

“განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, რომელიც არ ეფუძნებოდა კანდიდატთა პროფესიული საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას. ისევე როგორც წინა წლებში, სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთება საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე“.

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის მოხსენებას უახლოეს ხანში მოუსმენს. გასული სამუშაო კვირის მოვლენების ფოკუსში მოხვდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხთნ დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მისი ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ნებართვის საკითხი უშუალო კავშირში იქნებოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან. უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჯოზეფ დოლის სავიზო ლიბერალიზაციის არჩევნებთან კავშირზე აღარ გაუმახვილებია ყურადღება, თუმცა მაინც გამოთქვა ეჭვი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დათქმულ დრომდე, ზაფხულამდე, მოესწროს:

“ევროკომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ ისევ არის დარჩენილი გარკვეული პროცედურები: გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯერ ევროკავშირის საბჭომ და შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. პირველი მე დავუჭერდი სავიზო ლიბერალიზაციას მხარს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ მინდა ხალხის გაწბილება. კარგად ვიცი, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას ელის და ვერ მიიღებს, შეიძლება მერე გაწბილებული დარჩეს. ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული პროცედურებია გასავლელი“.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტილების მიმართ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ, - თავის მხრივ, ასე გამოეხმაურნენ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებებს საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები. ისინი, პაველ სვობოდა და ჰაიდი ჰაუტალა, საქართველოში ჩამოსული იყვნენ იმ მიზნით, რომ ენახათ როგორ სრულდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გასულ კვირაში თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობდნენ თბილისის ბაგა-ბაღების ის პედაგოგები, რომლებიც თანამდებობიდან იქნენ გათავისუფლებულნი. რადიკალურ ზომას, შიმშილობას, მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმაც. მათი ორდღიანი შიმშილობა რექტორის, ვლადიმერ პაპავას, თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნივერსიტეტში პირველ მაისამდე უნდა ჩატარდეს. იმ დროდე ვლადიმერ პაპავა თანამდებობაზე დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG