Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისობის, ივანიშვილისა და სარკოზის კვირა


გასული კვირის დასაწყისში ქართველმა მულტიმილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ”ქართუ ჯგუფის” მეშვეობით პოლიტიკაში ჩართვის სურვილის შესახებ განცხადება გაავრცელა, კვირის ბოლო სამუშაო დღეს კი, რომელიც უქმედ გამოცხადდა, საქართველოს, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, ვიზიტად ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

ორშაბათს, 3 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის ხელძღვანელობამ და განათლების მინისტრმა საზეიმო ვითარებაში მიულოცეს სტუდენტებს, თუმცა ზეიმს თან სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტიც ახლდა. უნივერსიტეტის ეზოში გაჩნდა ბანერები: ”განათლების რეფორმა ჩავარდა”,”ფასი - მაღალი, ხარისხი - დაბალი”, ”ნუ ატყუებთ სტუდენტებს”, ”არა - ავტორიტარულ განათლებას“ და სხვ.

”პასიური მოქალაქეების ფაბრიკა” - ასეთი გამოთქმა გამოიყენა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი ჩუბინიძემ, უნივერსიტეტში შეკრების დასრულების შემდეგ:

„პროტესტის მიზეზია განათლების ძალიან დაბალი ხარისხი, რისი შედეგიც არის, რომ უნივერსიტეტის დიპლომს არ აქვს არანაირი ფასი… ეს მეტყველებს მთლიანად სისტემის არასწორ მუშაობაზე… მეორე არის ის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს ავტონომია, უნივერსიტეტი იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებად და, იმავდროულად, ფაბრიკად მომავალი პასიური მოქალაქეებისა.“

სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დაახლოებით ამ სიტყვებით უპასუხა: არჩევანი დიდია - თუ არ მოგწონთ, თავისუფლები ხართ…

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 5 ოქტომბერს მულტიმილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნება. ამ განცხადების თანახმად, რომელიც მან საკუთარი კომპანია „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის საშუალებით გაავრცელა, ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თავის გადაწყვეტილებას მან მეტი სიცხადე 7 ოქტომბერს შესძინა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის მიზეზები და მიზნები სპეციალურ ვრცელ განცხადებაში ჩამოაყალიბა. განცხადების თანახმად, იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ქმნის პოლიტიკურ პარტიას, რომლის მიზანი არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგებაა. თავად ბიძინა ივანიშვილი კი მზადაა პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

პირველი რიგის ამოცანებს შორის ბიზნესმენი ასახელებს ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის პერსპექტივის გამოკვეთას, საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავებას.

ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში მედიაზეც საუბრობს, ტელეკომპანიებს ”მაესტროსა” და ”კავკასიას” სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებად მოიხსენიებს და მათ ხელისუფლებისაგან კონტროლირებადს უწოდებს. კრიტიკის გარდა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის არანაკლებ მოულოდნელი აღმოჩნდა ის შეთავაზება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიებს მიმართა:

”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემის ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი არსებობს ვინმე, სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს: გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდირებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.”

ბიძინა ივანიშვილი მაქსიმუმ ორ წელიწადში ტელევიზიების მფლობელებს საკუთრების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად - დაბრუნებას ჰპირდება და პირობას დებს, რომ დაბრუნების მომენტში ტელევიზიების დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი. ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე შეიძლება, მთავარია შედეგი. ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი, მამუკა ღლონტი, სააგენტო ”ინტერპრესნიუსთან” აკონკრეტებს, რომ ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი არ იყიდება.

რაც შეეხება მის განცხადებაზე პოლიტიკური პარტიებიდან გამოხმაურებას: მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ღირსებითა და ფასეულობებით ვერ გაამდიდრებს, ოპოზიციის ფლანგზე კი ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ საუბარი ნაადრევად ეჩვენებათ და ამბობენ, რომ ბიზნესმენის პარტიასთან თანამშრომლობის საკითხი პარტიის შემადგენლობის გაცნობის შემდეგ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

გასულ კვირაში გაირკვა, რომ პოლიტიკურ კოალიციაში, ე.წ. „ექვსიანში“ შემავალი პარტიები - ”თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ”საქართველოს გზა” - ამიერიდან თავ-თავიანთ გზებს გაუყვებიან. კოალიციამ, რომელიც ამომრჩევლებს ”არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ საარსებო გარემოს შეცვლასაც” ჰპირდებოდა და ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედს გამოხატავდა, სულ რაღაც 3 თვე იარსება. „ექვსიანად” წოდებული პოლიტიკური კოალიციის - ”თავისუფალი არჩევანის” - დაშლის მიზეზებს ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის გეგმებსა და ქმედებებში ეძებენ.

გასული კვირის ბოლოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენათა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტს და სიტყვით გამოსვლას თავისუფლების მოედანზე.

არაერთდღიანი ვარაუდების, პროგნოზებისა და კამათის შემდეგ, 7 ოქტომბერს საღამოს, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ყურით მოისმინეს, თუ რის სათქმელად ჩამოვიდა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა - მაგალითად, ის, რომ საფრანგეთი და მთელი ევროპა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ნიკოლა სარკოზიმ გაიხსენა 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმება და აღნიშნა, რომ ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს შეთანხმებებში აღწერილი ვალდებულებები და რომ მისაბაძია საქართველოს პრეზიდენტის შარშანდელი მაგალითი:

”საქართველომ აჩვენა თავისი ნება, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე საზეიმოდ აიღო ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენებს ძალას საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად არც ერთ წართმეულ რეგიონში. და 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების ხელმომწერმა ყველა ქვეყანამ უნდა იგრძნოს და იკისროს ეს ვალდებულება.”

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას 2008 წლის აგვისტოში გაწეული ღვაწლისთვის და თქვა, რომ ევროპული დემოკრატიის გზაზე შემდგარი საქართველო, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია, მარტო აღარ არის და რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს:

”ნებისმიერი ყველაზე გავლენიანი უცხოური ძალის მარიონეტიც, ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენ აცდენას. და ჩვენი გზა, ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია. ეს არის ევროპა. ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ამას მოითხოვს ჩვენი მომავალი.”

პოლიტიკით დატვირთული გასული კვირა აპილიტიკური თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნით და ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG