Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესრულებული სამუშაოები ნადგურდება


სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის შექმნის აუცილებლობა ეკონომიკურად და ინფრასტრუქტურულად დასუსტებულმა სოფელმა განაპირობა.
გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა, მორღვეული სასოფლო-სამეურნეო და სხვა მარეგულირებელი სისტემები, არარსებული შემეცნებით-გასართობი არეალი - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გადასაჭრელადაც ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი პროექტი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - შეიმუშავა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში, აეროპორტის ქუჩაზე, სანიაღვრე არხი მოეწყო. ის, როგორც პროექტის ხარჯთაღრიცხვაშია გაწერილი, მონოლითური ბეტონით გაკეთდა და მასზე 2012 წელს 10 000 ლარამდე დაიხარჯა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არხი დღეს მწყობრიდან არის გამოსული.

სოფლის კრებებზე დასახულ პრიორიტეტთა შორის ცოდნისკარის თემის მცხოვრებლებმა უპირატესობა ხიდებს მიანიჭეს და ჩადუნიანის ხიდის რეკონსტრუქცია დაიგეგმა. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სავარგულებთან მისასვლელად არსებული ხიდის რეაბილიტაცია და მისთვის საავტომობილო სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. დღეს მოსახლეობას ეს ხიდი არამცთუ საავტომობილოდ, ფეხით გადასასვლელადაც არ არგია. მიზეზი გამოცლილი საყრდენებია.

ცოდნისკარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატის სპეციალისტი მერაბ კაპანაძე ხიდის რეაბილიტაციის შემდგომ მომხდარ მოვლენებზე გველაპარაკება. ის ამბობს, რომ ხიდს საყრდენი სტიქიის, კონკრეტულად კი, წყალდიდობის შედეგად გამოეცალა.

სოფელ ჩადუნიანის ხიდი
სოფელ ჩადუნიანის ხიდი
სოფელ ჩადუნიანში, ხიდების გარდა, მოსახლეობამ დასასვენებელი სკვერის აშენებაც მოითხოვა, რისთვისაც 2011 წელს 14 ათასი ლარი დაიხარჯა. ჩადუნიანის მცხოვრებლები „ჰერეთთან“ საუბარში ამბობენ, რომ სკვერი ბავშვებისთვის კარგი გასართობი და დასასვენებელი ადგილი იყო, თუმცა დღეს ის აღარ არსებობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“. სამსახურის ეკონომისტის მამუკა ისკანდარაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ დაფინანსება მწირია, ობიექტები შენდება უხარისხო მასალით, რაც შემდეგ მის მოშლა-განადგურებას იწვევს. ისკანდარაშვილი კონტროლის არარსებობაზეც საუბრობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2009 წელს დაიწყო და ამ დროის მანძილზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 400-ზე მეტი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა.

კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 2011 წელს ლაგოდეხში 883 574 ლარი დაიხარჯა, 2012 წელს - მილიონ 117 ათასი, წელს კი 1 111 ათასია გამოყოფილი. 400-ზე მეტი პროექტიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს მისი ნახევარიც არ არის შემორჩენილი.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG