Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ტერმინი


ქართველებს ერთი უცნაური, რაღაცნაირად საყვარელი და მრავალნაირად აღსაქმელი სიტყვა გვაქვს: ვირეშმაკა.

ეს სიტყვა საოცარი სიზუსტით აღწერს, ერთი შეხედვით, შეუსაბამო შესაბამისობას, სადაც, შესაძლოა, ვინმე N არსება ერთდროულად ატარებდეს გამჭრიახი ნაცარქექიასა და დეგენერატი დევის თვისებებს...

ამ სიტყვაში არც ეშმაკობის უპირატესობა ჩანს, და არც ვირობის, რადგან იქ, სადაც თითქოს ვირობამ უნდა ივიროს, უცებ ეშმაკობა ჩნდება და, სადაც ეშმაკობაა მოსალოდნელი, იქ უკვე ვირობაც ვეღარ გამოდის.

საარჩევნო ტერმინი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00
გადმოწერა

ვირეშმაკა... ესე იგი, თან ბრიყვიც რომ არის და თან შებერტყილიც, ჭკვიანკრეტინი ანუ − უფრო ზრდილობიანად რომ ვთქვათ.

და აუცილებლად − მავნე! რადგან ვირეშმაკა მავნებელია. და არა მხოლოდ სხვისთვის − ამ შემთხვევაში მხოლოდ ეშმაკი იქნებოდა, − არამედ საკუთარი თავისთვისაც, რაკი ამ სიტყვას ვირიც ურევია.

არსებობენ გრანდიოზული ვირეშმაკები და არსებობენ ძალზე მცირენიც.

აი, სწორედ ასეთი პატარა ვირეშმაკები არიან (ოღონდ დიდი საქმის გაფუჭებაც რომ გამოსდით) ქართული არჩევნების ტრადიციად ქცეული კოორდინატორები − ვირული თავდაჯერებულობით, ვირებივით წკეპლაგადარტყმულები რომ დარბიან აქეთ-იქით და საწყლად-მავნებლურ ეშმაკობას რომ ცდილობენ წვალებ-წვალებით...

ჟურნალისტი რომ ეკითხება, ეს რა სიები გაქვთო, და ის რომ პასუხობს ვირეშმაკურად, წყლის ფულს ვაგროვებო...

მაინცდამაინც საარჩევნო უბანთან?

სადაა ან ფული ან წყალი?!

„შვილიშვილს მოვაკითხე საბავშვო ბაღში!“

რომელ ბაღში, ვირეშმაკავ? დღეს რომ დასვენების დღეა? სადაა ბავშვი?

„მხატვრულ კითხვაზეა...“

საარჩევნო უბანში? ეს რა სიებია?

რა სიებია! რაც მისცეს, ისაა...

სულ ამ სიებით არ დარბის?! მუქარის შიშით თუ ფულის იმედით...

ახლა კიდევ რა უჭირს − არჩევნებზე მიმსვლელ-არმიმსვლელთა სიებით დარბის, თორემ ოდესღაც სხვანაირი სიებით დარბოდა − დასასმენების, თუ დასახვრეტების... რადგან ეს ძველი ტრადიციაა, რადგან იქ, სადაც გაუნათლებლობა და სიღატაკეა (თუ სიღატაკე და გაუნათლებლობა − როგორც გნებავთ), ყოველთვის იბატონებს ვიღაც ან რაღაც: სისტემა, მმართველი პარტია, გამგებელი, სადეპუტატე სიძე ან რძალი თუ სკოლის დირექტორი − ვინც მაინცდამაინც საარჩევნო უბანთან მირეკავს „წყლის ფულის ასაკრეფად“!

სულ ტყუილად გვგონია, რომ დავით კლდიაშვილი საწყალი და სათნო ადამიანების შესახებ წერდა თავის შედევრებს − პლატონ სამანიშვილი, დარისპანი თუ ზენათი, ალბათ, მხოლოდ იმიტომ გვებრალებიან, რომ ღარიბები და საცოდავები არიან, თორემ სინამდვილეში ეს ბოროტი, საშიში და სასტიკი ხალხია: პლატონი შიმშილით სიკვდილისთვის სწირავს თავის პატარა ძმას, დესპოტი დარისპანი გასაყიდი საქონელივით დაატარებს თავის უიღბლო ქალიშვილს, ხოლო გალაქტიონ ხოსოლიანი თავისნაირ ღატაკ და უბედურ ბაკულაზე წერს „დანოსს“ და რუსი ჩინოვნიკი მიჰყავს მის შესაშინებლად (რადგან ქართველები ყოველთვის რუსით აშინებდნენ ერთმანეთს).

ეს რუსიც, თუ ის, ვინც მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს „რუსის“ მიერ შექმნილი სისტემით მართვას, ყოველთვის უზრუნველყოფს იმდენი და იმხელა სიღარიბის არსებობას, რამდენიც „ხოსოლიანების“ მართვა-წაქეზებისთვის იქნება საჭირო, რადგან ღატაკი, გაუნათლებელი და უღირსებო ვირეშმაკას მწყემსვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უზრუნველყოფილი და აზროვნებით თუ ქცევით თავისუფალი ადამიანის...

კლდიაშვილი ღარიბ და საწყალ ქართველებზე − იმერლებზე − წერდა, საინტერესოა, რომ ენახა, როგორ აღწერდა გამდიდრებულ და გამილიარდერებულ იმერელს? ალბათ, ის კიდევ უფრო საშიში იქნებოდა, ვიდრე დიდი მწერლის უქონელი, საბრალო და გაბოროტებული გმირები...

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG