Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა ცუცქირიძის უბრალო ოთახის ამბები


გამომცემლობა „საუნჯემ“ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა ლელა ცუცქირიძის პოეტური კრებული „წარმოიდგინე, ელისაბედ“. ეს მისი ლექსების მეორე წიგნია, თუ მის რამდენიმე საბავშვო გამოცემას არ ჩავთვლით - ლელა ცუცქირიძე ხომ ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვო მწერალია. ახალი კრებული ავტორისეული ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რედაქტორი კი რობერტ მესხია. კრებულში ფორმის თვალსაზრისით სამი ტიპის ლექსებია შესული - ვერლიბრები, მინიმალისტური პოეზია და კონვენციური ლექსები - და ავტორმა და რედაქტორმა ისინი ციკლებად კი არ დაალაგეს, არამედ ერთმანეთში არიეს, გადაანაწილეს, რაც, ჩემი აზრით, არ იყო ცუდი გადაწყვეტილება, რადგან ეს ქაოსს კი არ ქმნის, არამედ, პირიქით, აწესრიგებს ავტორის სამყაროს, უფრო იოლად აღსაქმელს ხდის მას. გრძელ ვერლიბრებს შორის მინიმალისტური ლექსებით გაკეთებული ტიხრები ამოსუნთქვებივითაა, რითმიანი სტრიქონების პერიოდულად გაჩენაც განწყობილების გადატვირთვას უწყობს ხელს.

ლელა ცუცქირიძის უბრალო ოთახის ამბები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:44 0:00
გადმოწერა

ლელა ცუცქირიძის ამ კრებულზე საუბარი ვთხოვე პოეტ მარიამ წიკლაურს.

მარიამ წიკლაური: ავტორს წიგნი შედგენილი აქვს, - რა თქმა უნდა, რედაქტორთან ერთად, - ძალიან ჭკვიანურად. ამ წლების განმავლობაში ლელა საერთოდ ბევრს წერს და შერჩეული არის საუკეთესო, რაც კი აქვს შექმნილი. ძალიან საინტერესო თემატიკითაც გამოირჩევა ეს წიგნი, იმიტომ რომ პოეზიას, ზოგადად, აღარა აქვს პათეტიკური და ამაღლებული ხმა და ძალიან გაადამიანურდა და ძალიან ახლოს მივიდა პოეზია ადამიანებთან. ეს კარგია და სწორედ ამ წიგნში გვაქვს ის თემები, რომელზეც წუხს არა მხოლოდ ქართველი მოქალაქე, არამედ მსოფლიოს ადამიანი. ამ ლექსებში შეხვდებით განცდებს იმაზე, თუ რა კანონებით გვარდება დღეს ადამიანის არსებობა, რას ეწინააღმდეგება მოქალაქე, რა შიშებია დასაძლევი, როგორ უნდა შეინახოს ადამიანმა ის, რაც მისი წარსულიდან ყველაზე თბილი, საყვარელი, დასამახსოვრებელია და რაც დღემდე ასაზრდოებს ემოციით. ცალკე თემაა სიყვარული. ულამაზესი ლექსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ არაფერი ხელოვნური ამ ლექსებში არ არის. ყველაფერი, რაზეც ის წერს, ეს არის მისი პირადი განცდა, ძალიან მართალია ამიტომ ის მკითხველის წინაშე და, რაც მთავარია, ლექსის მახასიათებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხომ არის, როგორი მეტაფორული აზროვნება აქვს ავტორს, და ლელასთან მთელი ლექსი არის ერთი მეტაფორა.

შეიძლება ითქვას, რომ ლელა ცუცქირიძის ლექსები რეკვიზიტიანი ლექსებია. მას არ უყვარს აბსტრაქტული ტილოების ხატვა, ის თითქოსდა ჯერ ლექსისთვის საჭირო ნივთებს მოაგროვებს, და მერე მხატვარ-დეკორატორივით ცდილობს მათ საჭირო ადგილი მიუჩინოს ტექსტში, რათა ამ ნივთებს შორის პერსონაჟებმა თავიანთი ისტორიები გაითამაშონ, ერთმანეთს დაეკონტაქტონ, ბოლომდე ამოთქვან სათქმელი. ზოგან რეკვიზიტადვე რჩებიან ნივთები, გარემოს, განწყობის შესაქმნელად არსებობენ და არ ავლენენ თავიანთ უცნაურ თვისებებს. არადა, უხდებათ მათ ლექსებში გააქტიურება, გაგიჟება, წესების დარღვევა. თვითონაც ხომ ამბობს:

გიყვება ძალიან უბრალოდ. აი, ამ კარგ მთხრობელებს შორის ლელაც მინდა დავასახელო. უბრალო ოთახის ამბებიაო, თვითონ წერს ერთ ლექსში და ის უბრალო ოთახიც, სადაც არაფერი ანტიკვარული არ დგას და მხოლოდ უჩარჩოო სურათია, ბავშვის შოკოლადიანი თითებითაა დადღაბნილი...
მარიამ წიკლაური

„ხანდახან სურვილი მაქვს,

ყოფითმა ნივთებმა ენა ამოიდგან

და მელაპარაკონ...

მელაპარაკოს ყავის ჭიქა,

ფანქარი, წიგნი,

მაჯის საათი, სურათი, სკამი...

ძილისგუდა სავარძელმა სიზმარი მოყვეს,

მაჯის საათმა - არითმიული სიყვარულის ისტორია,

უბის წიგნაკმა საიდუმლო გამიმხილოს...“

ჰოდა, ხდება ხანდახან მასთანაც ასეთი რაღაცები, როგორც, ვთქვათ, ლექსში „ქორწილი“:

„კედლიდან ჩარჩო გადმოვარდა.

სურათიდან - ვენური სკამი.

სკამიდან - კაცი.

სწრაფად წამოხტა.

წელში გაიმართა.

ულვაში აიწკიპა.

თეთრ ქალთან მივიდა.

ხელი სთხოვა.

წაიყვანა.

ვენურ სკამზე დაჯდა.

სკამი ფოტოში ჩადგა.

ფოტო ჩარჩოში ჩაჯდა.

ჩარჩო კედელზე დაეკიდა“.

ან, ვთქვათ, ლექსში "მოხუცი სახლები სეირნობენ", სადაც ძველი სახლები

"წვიმის მერე აბანოდან გამოსულებს ჰგვანან -

აგურის კედლები ვაფლის პირსახოცებივით შემოუხვევიათ.

ჯერ ორთქლი ასდით,

მერე ალმური.

კარგად რომ გაშრებიან,

სუროს ყელსახვევებს იკეთებენ" და ა.შ.

ზოგან კარგ მეტაფორად იქცევიან ხოლმე ნივთები ლელა ცუცქირიძესთან.

„ზუსტად ისე, როგორც

მავთულგაყრილ რკინის რგოლს მიახრიგინებდნენ

ეზოს ბიჭები,

ადგები და დაჟანგულ დღეებს ჩაახრიგინებ

სველ ქვაფენილზე“

ამბობს იგი ერთგან. მეორეგან კი პირველ სიყვარულს ლიფს ადარებს, მასავით უხერხულიაო, თუმცა საბოლოოდ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, შეყვარებულს ამ ლიფისგან „წითელი ზოლი ტანის გარშემო გრჩება, / როგორც მაშველი რგოლი“.

მოვუსმინოთ კვლავ მარიამ წიკლაურს.

მარიამ წიკლაური: ძირითადი მისი ლექსები იქმნება ვერლიბრით და იქმნება, იცით, როგორი ენით? ქართულ პოეზიას ბოლო წლებში კარგი მთხრობელი პოეტები შეემატა, ანუ რაღაც ადამიანურ ამბებზე მთხრობელი, ძალიან უშუალოდ გელაპარაკება ავტორი და მთლიანად გათავისუფლებს იმ დამატებითი ეფექტებისაგან, რომელიც ხანდახან აქვს ხოლმე მოქნეულ, რითმიან, ემოციურ ფრაზებს. გიყვება ძალიან უბრალოდ. აი, ამ კარგ მთხრობელებს შორის ლელაც მინდა დავასახელო. უბრალო ოთახის ამბებიაო, თვითონ წერს ერთ ლექსში და ის უბრალო ოთახიც, სადაც არაფერი ანტიკვარული არ დგას და მხოლოდ უჩარჩოო სურათია, ბავშვის შოკოლადიანი თითებითაა დადღაბნილი. ბავშვის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებზე ის ძალიან ბევრს ფიქრობს.

როგორც გამოჩნდა, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ თემატურად გაშლილი კრებულია: ინტიმურიცაა და სამოქალაქო პოეზიის ნიმუშებსაც შეიცავს. ავტორი ბებია-ბაბუაზე და დედა-შვილის ურთიერთობაზეც წერს და პედოფობ ბიუროკრატებზე და ომზეც. და როგორც მარიამ წიკლაურმა აღნიშნა, წერს უბრალოდ. პოეზიაში კი უბრალო ამბების უბრალოდ თხრობა ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე სიარულია. ამიტომ, რათა ამ ხიდზე სიარულისას ფეხი ნაკლებად დაუცდეს ხოლმე, გავკადნიერდები და ავტორს ორიოდე შენიშვნას მივცემ: ლელა საკმაოდ ხშირად იყენებს რეფრენს. არადა, რეფრენი თანამედროვე ქართული პოეზიისათვის საკმაოდ პრობლემური, მტკივნეული თემაა. ავტორებს ხშირად ღალატობთ ზომიერების განცდა და გაწელილი რეფრენები სათქმელს ზედმეტად ღეჭავს, ლექსის ენერგეტიკას დაბლა აგდებს. არც აქაა უამისობა. და, პრინციპში, მარტო რეფრენი არაა ხოლმე ამის გამომწვევი: სიტყვაუხვობა სტრიქონებს ხშირად ადუნებს, არადა, მცირედი „პროფილაქტიკური სამუშაოს“ ჩატარება საკმარისი იქნება, რათა ლექსი უფრო შეკრული გახდეს, კონდიციაში მოვიდეს და იმ მძაფრმა სათქმელმა თუ სახეებმა, რაც ავტორს ტექსტში ჩათესილი აქვს, ოპტიმალურად იმუშაოს. მით უმეტეს, რომ განსხვავებით ზოგიერთი გრძელი ტექსტისაგან, ლელა ცუცქირიძის მოკლე ვერლიბრები და მინიმალისტური ლექსები ამის კარგი ნიმუშებია. საინტერესოდ ჟღერს ასონანსურ-კონსონანსური რითმებით გაწყობილი რამდენიმე ლექსიც.

მარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური

კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მარიამ წიკლაურს.

მარიამ წიკლაური: აქ არის ერთი ლექსი, რითიც იხსნება წიგნი: გვიყვება ამბავს, თუ როგორ გაყიდა მან მამის მიერ ნაჩუქარი სახლი და სიზმარში ხედავს მამას, რომელიც მასთან მოდის სტუმრად და ვეღარ პოულობს, უცხო უღებს კარს. ძალიან კარგი ტექსტია "მამის სახლი" და მის ნებისმიერ სხვა ლექსში კარგად და პროფესიონალურად არის გადმოცემული სწორედ ის, რაც პოეზიას უნდა ახასიათებდეს, ანუ ქვედა-ქვედა-ქვედა, სხვა შრეები. მამის ეს სიმბოლო ჩნდება და ამ თემას, ამ ლექსს, შეიძლება გაუკეთო, მოარგო ნებისმიერი გასაღები: მაგალითად, სამშობლო ჩადგეს სიტყვა მამის ადგილას, ჩადგეს მიგრირებული ადამიანის ფსიქიკა და ტრაგედია - ბოლოს და ბოლოს, ეს ის თაობაა პოეტებისა, - და ლელაც მათ შორისაა, - რომელთა მხრებზეც გადატყდა არა მხოლოდ საუკუნე, არამედ ათასწლეულიც კი შეიცვალა, და, ამდენად, ეს არის ამოყირავებული თაობა, ანუ ამათთვის ყველაფერი შეიცვალა სამყაროში და ახლა საჭიროა, რომ ამოყურყუმალავდეს, ამოვიდეს რაღაც, გადარჩეს ის ღრმა სუნთქვა, რომელიც ამ ცვლილებებმა შეაკავა პოეტში, და სწორედ ახლა, როცა ამოდიან, როგორი იქნება ეს მათი ღრმა ამოსუნთქვა, როგორ ამოიტანენ ამ სიცოცხლეს იმ ძალიან დიდი სიღრმეებიდან, ესაა მთავარი.

დაბოლოს, წიგნზე საუბარი ერთი ორსტრიქონიანი ლექსით დავამთავროთ, რომელსაც "სიყვარული" ჰქვია:

"ლიფტი გაფუჭდა,

მეცხრე ცაზე გაიჭედა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG