Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა ლეფორმა ცხინვალში?


ერგნეთი
ერგნეთი
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება ისევ მსჯელობის საგანია. რუსული და ოსური მედიის ინტერპრეტაცია თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადება? - ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხს ელოდებიან ლეფორისგან.

20 იანვარს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი ესტუმრა. იგი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს და ჟენევის მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს მურატ ჯიოევს შეხვდა. ამ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტმა და რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმმა“ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოსური და რუსული სააგენტოების ცნობით, ლეფორმა შეხვედრაზე თქვა: „სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი უკვე დიდი ხანია განსაზღვრულია ამ რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხის მიერ და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია... ეს არის რეალობა, რომლითაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა“.

20 იანვარს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ ამავე შეხვედრის შესახებ მოამზადა რეპორტაჟი, სადაც ფილიპ ლეფორი სრულიად სხვა რაღაცას ამბობს:

"სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით ამ პოზიციების შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, ამასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება".

ცხინვალის ტელევიზიამ ფილიპ ლეფორის გამოსვლიდან მხოლოდ ეს მონაკვეთი აჩვენა. მას რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსზე ესაუბრა, ეს ცხინვალში ყველა მედიასაშუალების მთავარი თემა, პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსებისთვის კი შეფასებების გაკეთების საფუძველი გახდებოდა, თუმცა ასეთი რამ არ მომხდარა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტისა და „რეგნუმის“ მიერ გავრცელებული ცნობა კი მეორე დღეს თვითონ ლეფორმა უარყო.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა 21 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, საინფორმაციო სააგენტო Civil.ge-ს უთხრა, რომ „ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და არც უნდა შეეცადონ მის არასწორად ინტერპრეტაციას“.

ფილიპ ლეფორი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე მოღვაწეობას ასრულებს. 26-ე რაუნდი მისთვის ბოლო იყო. მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირს ახალი წარმომადგენელი ეყოლება, ლეფორი კი 20 იანვარს ცხინვალში იქაურ მომლაპარაკებლებთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატში ვერ ხერხდება შეთანხმებების მიღწევა, ოსური მხარის მოთხოვნა კი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის გაფორმების თაობაზე ისევ ღიად რჩება. თიბილოვი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ რაუნდებზე ამის გაკეთება მოხერხდება.

ამ თემაზე ფილიპ ლეფორმაც ისაუბრა. მისი აზრით, ჟენევის დისკუსიის ფორმატში ჯერ საბოლოოდ არ არის შექმნილი უსაფრთხოების გარანტიები იმისთვის, რომ აღარ არსებობდეს სამხედრო შეტაკებების რისკი.

ფილიპ ლეფორი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე გამოემშვიდობა. ახლა ის თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ემშვიდობება.
XS
SM
MD
LG