Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლესბოსი: სტუმართმოყვარეობა და მიგრანტების შიში


ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე
ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

ავტორი: დანიელა ჩესლოუ

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე სოფელ მორიას მცხოვრებლებმა შარშან ზაფხულს აქ შემოსული მიგრანტები შეიფარეს. თუმცა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა, ადგილობრივები ღელავენ, რომ ათასობით ადამიანი, რომლებიც ძირითადად სირიიდან, ნაწილი კი ავღანეთიდან და ირანიდან არიან, მათ ზეთისხილის პლანტაციებში ბანაკებში გამოკეტილი დარჩება.

საბერძნეთში, სოფელ მორიაში, მიგრანტებმა ადგილობრივი ფერმერის ვაგელის გრიგორიოს ბოსტნიდან ბოსტნეული მიითვისეს. ეს შარშან შემოდგომაზე მოხდა, როდესაც მსოფლიოში მიგრანტთა პრობლემა ყველაზე მწვავედ დადგა. როგორც ყოფილი მშენებელი გრიგორიოს კოლარასი იხსენებს, მათ მრავალწლიან ზეთისხილის ხეებს ტოტები დააჭრეს, რომ ცეცხლი დაენთოთ, ხოლო ფერმერებისგან მოპარული წყალგამძლე ნაჭრებით კარვები ააგეს.

„ისინი ხეებიდან მკვახე ბროწეულსაც კი წყვეტდნენო“, - იხსენებს ხელოსანი, მიკაელის ბაპუკაში.

„ავღანელები იპარავდნენ ქათმებს, ცხვრებს, ფორთოხალს, ბროწეულს. ბროწეული ჯერ დამწიფებულიც კი არ იყო. მოჭრეს, არაფერი დაუტოვებიათ. შიოდათ, ამიტომ აკეთებდნენ ამას“.

ადგილობრივები მიგრანტთა ასეთ ქცევას თავიდან გაგებით შეხვდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში დაფიქრდნენ, ხომ არ აღმოჩნდნენ ზედმეტად სტუმართმოყვარეები. ევროპის უმდიდრესმა ქვეყნებმა მიგრანტებს საზღვრები ჩაუკეტეს და მორიას მცხოვრებლები შიშობენ, ათასობით ადამიანი მათ ზეთისხილის პლანტაციებში გამოკეტილი არ დარჩეს.

„ეს ჯუნგლის კანონი იქნება და, საბოლოოდ, ჩვენვე გამოგვაძევებენ“, - ამბობს ლიზა კრონი. ის კაფეს მეპატრონეა. ეს დაწესებულება სტუმრებს ყავას, ბერძნულ ლიქიორს და ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის პატარ-პატარა ულუფებს სთავაზობს.

ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე
ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

​ლიზა კრონიმ ამ კაფეს დედამთილის პატივსაცემად „გიოტა“ დაარქვა - ეს ადგილი ადგილობრივი მამაკაცებისათვის ნამდვილი სამოთხეა. მარტია, კუთხეში ნარდის ოთხი დაფაა გაშლილი და კაფეს სტუმრები მაგიდებს მწვანე ბრტყელ დაფას აფარებენ, რომ, შემწვარი რვაფეხას თანხლებით, ბანქო ითამაშონ.

​როგორც კი კუნძულზე მიგრანტთა მცირე ნაკადი გადმოვიდა, საბერძნეთის მთავრობამ მორიასთან ახლოს, გაუქმებულ სამხედრო ბაზაში, სარეგისტრაციო ცენტრი გახსნა. 2015 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე ეს მცირე ნაკადი დიდ ტალღად გადაიქცა. კუნძულ ლესბოსის ნაპირებზე ზოგჯერ მიგრანტებით დატვირთული 200 ნავიც გაჩერებულა, მთელი ეს ხალხი კი სარეგისტრაციო ცენტრში, სოფელ მორიაზე გავლით, ფეხით მიდიოდა.

დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივები მიგრანტებს თბილად ხვდებოდნენ. სარა კრონი იხსენებს, როგორ გადაუხადა მათ წყლის გადასახადი მათთვის სახელდახელოდ აგებული საშხაპეებისთვის - ქალები შხაპის მისაღებად საკუთარ სახლში დაპატიჟა.

მიგრანტებს ეხმარებოდა ადგილობრივი ელენი პარელიც:

„დიახ, ამ ზაფხულს ვიღაცამ ჩაიარა, ბერძნულადაც ლაპარაკობდა ცოტას... მე და ჩემი მეზობელი დავეხმარეთ, ტანსაცმელი და საჭმელი მივეცით, ცოტა ფულიც, რადგან ბილეთი არ ჰქონდა. მგონი, ავღანელი იყო. სხვებსაც დავეხმარეთ, ვინც ჩამოიარა, ხილი მივეცით. საერთოდ, ვცდილობ, დავეხმარო ხოლმე“.

ჩვენ ზაფხულში დღეში 25 ათას ადამიანს ვიღებდით, ჩვენ ირგვლივ კი უამრავი ქვეყანა რამდენიმე ათასის მიღებაზე წუწუნებს...
თეოდიოს ტრაკელისი

​მიკაელის ბაპუკაშმა კი მიგრანტებს ფეხსაცმელი დაურიგა. ამბობს, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ოდესღაც, 1922 წელს, პაპაჩემიც სწორედ ასე, იძულებით აღმოჩნდა თურქეთიდან კუნძულ ლესბოსზეო.

კაფე „გიოტას“ სტუმარი პანაგიოტის ბოურეკასი ამბობს, ხალხში ხმები დადიოდა, თითქოს ადგილობრივმა დურგალმა რომ მუშაობისას ხელი დაკარგა, ანგარიშსწორება იყო იმის გამო, რომ ის ერთ-ერთ მიგრანტს თავს დაესხა, როდესაც ის სოფლის ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილში ისვენებდა. თავად დურგალთან ამაზე კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

სიტუაცია მაინც შემაწუხებელი იყო. მორიას ცენტრი ევროპის კავშირმა გამოაცხადა ცხელ წერტილად, რომელიც დოკუმენტების რიგში მდგომი მიგრანტთა ჯგუფებით იყო გადაჭედილი.

ლიზა კრონის ქმარი, თეოდოს ტრაკელისი, რომელიც საგზაო პოლიციაში მუშაობს, ამბობს, რომ მაშინ ის პოლიციის განყოფილების მიმღებ ცენტრში განაწესეს. ძველ ფოტოებზე ჩანს, როგორ იყენებს ბერძნული პოლიცია ცრემლსადენ გაზს წესრიგის დასაცავად.

„ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო“, - ამბობს ტრაკელისი. - „რიგში ამდენი ადამიანი იდგა, ჩვენ კი ასე ცოტანი ვიყავით“.

დღეს სოფელში სიწყნარეა. ზამთარში ცოტამ თუ გაბედა თურქეთიდან გადმოსვლა, მაგრამ დღეში 1000-მდე მიგრანტი მაინც შემოდის. ამჯერად მათ სოფლის ფეხით გადაკვეთა აღარ უწევთ, რადგან სარეგისტრაციო ცენტრში ისინი გაერთიანებული ერების ავტობუსებით მიჰყავთ. როგორც ლესბოსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მარიოს ანდრიოტისი ამბობს, კუნძულის ირგვლივ თავშესაფარში მიგრანტებისთვის 5 ათასამდე საწოლია მოწყობილი.

სიტუაციის დაწყნარებასთან ერთად მორია ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ფერმერებმა ზეთისხილის ბოლო მოსავალი აიღეს, თუმცა ევროპის ქვეყნების მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლამ, შესაძლოა, ეს სიმშვიდე ისევ დაარღვიოს.

5000-6000 ადამიანის თავშესაფრით უზრუნველყოფა შეგვიძლიაო. ახლა სიტუაცია ძალიან საშიშია. იმედი გვაქვს, ლტოლვილები კუნძულს რაც შეიძლება, მალე დატოვებენო...
მარიოს ანდრიოტისი

​მაკედონიამ, სერბეთმა, სლოვენიამ და ხორვატიამ მარტის დასაწყისში დასავლეთ ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის საზღვრები ჩაკეტეს, ამიტომაც 40 ათასზე მეტი მიგრანტი ახლა საბერძნეთშია გაჩერებული, აქედან 4 ათასი კი - კუნძულ ლესბოსზე. 10 მარტს თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, რომ, ევროკავშირის ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, თურქეთი უკან აღარ მიიღებს იმ მიგრანტებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან საბერძნეთის ტერიტორიაზე.

ლესბოსის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ისინი უკვე მუშაობენ ალტერნატიულ გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ მიგრანტები კუნძულზე გაიჭედებიან.

„5000-6000 ადამიანის თავშესაფრით უზრუნველყოფა შეგვიძლიაო“, - ამბობს მარიოს ანდრიოტისი და დასძენს, „ახლა სიტუაცია ძალიან საშიშია. იმედი გვაქვს, ლტოლვილები კუნძულს რაც შეიძლება, მალე დატოვებენო“.

კაფე „გიოტაში“ ხალხი შფოთავს.

ლიზა კრონი, რომელმაც მიგრანტები საკუთარ სახლში მიიღო, რომ მათ აბაზანით ესარგებლათ, ამბობს, ტვიტერზე ჩემს პოსტს, სადაც წუხილი გამოვთქვი სოფელში უცხოელების ყოფნის გამო, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვაო:

„ძალიან უსიამოვნო კომენტარები იყო. მწერდნენ, შენს შვილებს ასწავლე, რასისტები არ გახდნენო. მაგრამ ჩემთვის ჩემი შვილების დაცვაა უმთავრესი“, - ამბობს კაფეს მეპატრონე.

მისი ქმარი, საგზაო პოლიციელი თეოდიოს ტრაკელისი, ამბობს, რომ თავს ევროპისგან მიტოვებულად გრძნობს:

„ჩვენ ზაფხულში დღეში 25 ათას ადამიანს ვიღებდით, ჩვენ ირგვლივ კი უამრავი ქვეყანა რამდენიმე ათასის მიღებაზე წუწუნებს“.

მორიას მცხოვრებლების შეშფოთება ოფიციალური ათენის განცხადებებს ეხმაურება. „ჩვენ არ დავუშვებთ საბერძნეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა სულების საწყობი გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თებერვლის ბოლოს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, შეხვედრის შემდეგ.

ნეტავ, ომი მალე დამთავრდეს. მინდა, მიგრანტები ჩვენთან ტურისტულად ჩამოვიდნენ. ეს მათთვისაც კარგი იქნებოდა და ჩვენთვისაც...
კუნძულის მკვიდრი

​როგორც ყოფილი მშენებელი, 67 წლის კოლარასი ამბობს, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის გამო მორიაში მშენებლობის რაოდენობა შემცირდა და სოფლის მეურნეობა გაძვირდა. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ახალგაზრდებმა სოფელი დატოვეს. ადგილობრივი გაზეთების მთავარი ამბები დღეს ორად იყოფა: ერთი მიგრანტთა კრიზისზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე - საბერძნეთში სიღარიბის პრობლემაზე.

პაკისტანელი ამჯად ალი უკვე შვიდი წელია, რაც კუნძულ ლესბოსზე ცხოვრობს. ოდესღაც საბერძნეთში ისიც მიგრანტის სტატუსით შემოვიდა. „ჩვენ მოგვწონს ეს ტიპი, დიდი ხანია, ვიცნობთ“, - ამბობს კოლარასი, მაგრამ დასძენს, სამწუხარო იქნებოდა, აქ მისნაირი კიდევ ბევრი რომ ყოფილიყოო: „ჩვენ არ გვაქვს გერმანიასავით ძლიერი ეკონომიკა და სამსახური ჩვენთვისაც ვერ გვიშოვია“.

მოხალისეები, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკებში მუშაობენ, ამჩნევენ, რომ განწყობები შეიცვალა. „აქაურობა მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ, დოებითი ბანაკი. ახლა ხალხი აქ განუსაზღვრელი დროითაა გაჩერებული“, - ამბობს ერთ-ერთი მოხალისე, დანიელ სონგი, რომელიც წარმოშობით კალიფორნიიდანაა, ქალაქ საკრამენტოდან. მასთან ერთად კიდევ ორი ადამიანია, ირანელები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბერძნეთში ჩარჩებიან ან ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწევთ, რადგან თავშესაფარი არ ეკუთვნით. მათ საუბარი არ ისურვეს: ჩვენი მძიმე მდგომარეობისგან ცოტა განტვირთვა გვჭირდებაო.

წელს ხუთი წელი გახდება, რაც სირიის კონფლიქტი დაიწყო. სწორედ ამ ომის შედეგად, რომელმაც 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიწყო მიგრანტთა კრიზისი.

„ნეტავ, ომი მალე დამთავრდეს“, - ამბობს კოლარასი. - „მინდა, მიგრანტები ჩვენთან ტურისტულად ჩამოვიდნენ. ეს მათთვისაც კარგი იქნებოდა და ჩვენთვისაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG