რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ეს კვალი დატოვა სპეცრაზმელების ძალადობამ ლევან ხაბეიშვილზე.
ეს კვალი დატოვა სპეცრაზმელების ძალადობამ ლევან ხაბეიშვილზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გუშინ, 13 ნოემბერს გამოაცხადეს.

რადიო თავისუფლებას ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა. მას სასამართლოდან დაურეკეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.

ეს სასამართლო განხილვები დახურული იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ედო.

„ამ განაჩენით სამართლიანობა არ აღდგენილა, ხაბეიშვილი მოითხოვს არა მხოლოდ საქმის შემსრულებლის, არამედ დავალების გამცემი პირების დაკავებას და გასამართლებას...ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მის წამებაში მონაწილეობდა ხარება [ლევან ხარაზიშვილი - გდდ-ს ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური [ყოფილი შს მინისტრი] და სხვა პირები, რომელსაც ასახლებეს, დღემდე ეს ადამიანები დასჯილები არ არიან", - ამბობს ტყეშელაძე რადიო თავისუფლებასთან.

სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა.

ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ლევან ხაბეიშვილის ცემა

2024 წლის 1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.

იმავე დღეს სცემეს კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 1 მაისს დაიწყო.

2026 წლის 7 მაისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ორი პირი იყო იდენტიფიცირებული. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გახდა.

9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ დანაშაული აღიარეს. სასამართლო პროცესი დახურულად ჩატარდა. პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დაახლოებით 550 ადამიანი გამოიკითხა და ასობით ვიდეოჩანაწერი შეისწავლეს.

პოლიტიკოსი მსჯავრდებულია.

2026 წლის 21 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების“ საქმეებზე.

ის გაასამართლეს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის“ კვალიფიკაციით;

სპეცრაზმელების ძალადობის სხვა განაჩენები

12 ნოემბერს გაირკვა, რომ 5 წლით დააპატიმრეს ჟურნალისტ გურამ როგავასა და დემონსტრანტ, ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელებიც. განაჩენები სასამართლოდან დაზარალებულების ადვოკატებს შეატყობინეს.

  • ჟურნალისტი გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“.
  • ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე:
  • „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - მიიჩნევს ჟურნალისტი.

2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს უყენებდნენ ბრალს.

ორი საქმე სწორედ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმა იყო. საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. მესამე საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაა.

ძალადობა დემონსტრაციებისას

მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას ამ დრომდე არავინ მიუცია.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

​
XS
SM
MD
LG