Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ილურიძე − იურისტი, გენდერის მკვლევარი


16 ოქტომბერი, კვირა

სრული აპათიის მესამე დღეა. ვფხიზლდები შუადღისას და ჩემს თავს ვთხოვ, იქნებ ეს დღე მაინც გამოიყენოს რამეში, წინა ორისგან განსხვავებით, და წინასწარ ვიცი, რომ სულ ტყუილად.

მესამე დღეა, რაც თბილისში ტრანსგენდერ ქალს ყელი გამოჭრეს. მესამე დღეა, ზიზი საავადმყოფოშია მარტო იმიტომ, რომ ტრანსგენდერი ქალია და მისი გენდერული იდენტობისადმი მიმართულ აგრესიას ზოგადი ფემინოფობიაც ემატება. მესამე დღეა, ვფიქრობ, რომ შეიძლება როდისმე იყოს ფემიციდი ცალკე კვალიფიცირებადი დანაშაული, რომ შეიძლება მოვესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე დეპარტამენტის შექმნას, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს (ზედმეტად ვოცნებობ?), მაგრამ ნეტა როდის მოვა ის დრო, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები მხოლოდ მაშინ არ გაგვახსენდება, როცა მათ მოკლავენ ან საშინლად სცემენ?

დანაშაულის და უაზრობის განცდა მაქვს მესამე დღეა და ვერც ვმუშაობ, ვერც ვისვენებ. ვერც ამ ამბის გამო სამინისტროს წინ გამართულ პროტესტს მივუსწარი, სადაც სულ 25-მდე ადამიანი აპროტესტებდა იმას, რაც მოხდა. სახლში საღამოს მოვედი, ნასტასიას მესიჯი მხვდება − მთხოვს, ორშაბათს „თავისუფლების დილაში“ მივიდე და ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის და, ზოგადად, ტრანსგენდერი თემის მდგომარეობაზე ვილაპარაკოთ. ვთანხმდები, მაგრამ ვეუბნები რომ საპროტესტო აქციასაც კი ვერ მივუსწარი, მესამე დღეა, თვალებს ძლივს ვახელ და ეგზისტენციალური კრიზისი მაქვს. მაინც არ მეშვება. ბოლოს ვთანხმდები, მაგრამ არასწორი მგონია, რომ ტრანსგენდერ ქალებსა და მამაკაცებზე მე უნდა ვილაპარაკო, სისგენდერმა ქალმა. ვთვლი, რომ არ გვაქვს უფლება, მათ წარმოვადგენდეთ და მათ პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ მაშინ, როდესაც „ცოცხალი ტრანსგენდერი“ არავის უნახავს ამ ქვეყანაში. უნახავს კი არა, ტრანსგენდერ ქალს კინოშიც კი კაცები თამაშობენ: რეპრეზენტაციის რეპრეზენტაციის რეპრეზენტაცია! ის კი უნდა ვთქვა, რომ ამჯერად ამ ამბის გაშუქება მედიაში გაცილებით უკეთესია.

ქალაქის მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ აცივდა და პრივილეგირებული ადამიანები გათბობის ჩართვის ან არჩართვის დილემის წინაშე დავდექით.

17 ოქტომბერი, ორშაბათი

ცხრის ნახევრიდან ვდგავარ ნუცუბიძის ქუჩაზე, რომ რაიმე სახის ტრანსპორტი ვიშოვო. მაგვიანდება, წვიმს და ქოლგა სახლში დამრჩა. ჩანთაში მაინც ზედმეტად ბევრი რამე დევს, არ იკეტება და ლეპტოპი სველდება. ჰორიზონტი მანქანების რიგით მთავრდება, ნელა მიღოღავენ სველ ქუჩაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცოტაა და გადავსებული; ტაქსი − მეტი, მაგრამ ყველა დაკავებულია. ძალიან ვიგვიანებ და ვდარდობ.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში დროზე უნდა მივიდე და ვერჩაბარებულ კვლევაზე გამართლება ვითხოვო, „თავისუფლების დილის“ დაგვიანებული ეთერის შემდეგ მეგობარს ვხვდები, რომელიც ამ დილას სასწაულებრივად გამოჩნდა. ზუსტად ექვსი თვეა, არ მინახავს ეს ადამიანი, ბოლოს 17 მაისს ვნახე − სასამართლოში, სტენსილის გაკეთების მცდელობისთვის დაიჭირეს. ეს სტენსილი ერთად გავაკეთეთ: „მოგი---- ჰომოფობია და ტრანსფობია“ − ასე მარტივად გვინდოდა ბრაზის გამოხატვა. დაიჭირეს.

სანამ მოვიდოდა, ყავა შევუკვეთე და დავფიქრდი, რომ ზუსტად ნახევარი წელი გასულა ამ ამბების შემდეგ. და არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ „შევკარი“ გადავაგზავნე. სასაცილოდ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს, რადგან ამ აპლიკაციით ჩემს ცხოვრებაში ისევ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

საღამოს, როგორც იქნა, გათბობის ჩართვის გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ ვერ ვრთავ − რაღაც გაფუჭდა და, ალბათ, ხელოსანი დასჭირდება.

თავისუფლების დღიურები - ანა ილურიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:07 0:00

18 ოქტომბერი, სამშაბათი

დილას, კანდელაკის ქუჩაზე „კეტკოლინგის“ მსხვერპლი გავხდი. მივდიოდი და მანქანიდან მძღოლის გვერდით მჯდომმა პატარა ბიჭმა რაღაც მომაძახა, პირდაპირ ყურში ჩამყვირა. შუქნიშანზე წითელი აინთო და ეს მანქანა იძულებით გაჩერდა ჩემ გვერდით. ახლოს მივედი და მთელი ბრაზი ამ ბიჭზე ამოვანთხიე − არ ელოდა, გათეთრდა, შუშა ასწია და შეშინებული თვალებით უყურებდა შუქნიშანს. მოკლედ, შეპასუხება ჭრის. ერთადერთი, რასაც არ მოელიან ამ დროს, ის არის, რომ შენ ლაპარაკი შეგიძლია და ხმას რომ ამოიღებ, ძალიან ეშინიათ. მოკლედ, ‘ქ „მოლაპარაკე ქალი“, მოძალადე კაცების ფობიაა. უკვე მეორე თვეა, ვმუშაობ საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.

„საფარში“ მივდივარ, ჩემი კვლევის დოკუმენტს ვხსნი და ვცდილობ, უფრო აკადემიური სახე მივცე. დაახლოებით ერთი თვეა, ვწერ და ბიბლიოგრაფიებმა და კვლევის სტილისტურად გამართვამ გადამიყოლა. არადა, ძალიან მინდა, კარგი გამოვიდეს.

საღამოს წვიმამ იკლო, სახლში მივდივარ და ოჯახის წევრებს ველოდები. მათ მოსვლამდე გათბობის ხელოსანი მოდის (ზუსტად დათქმულ დროს!) და გათბობის მილებს არემონტებს.

19 ოქტომბერი, ოთხშაბათი

გაიმართა სასამართლო ზიზის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. დილას დუდანა ბაღში წავიყვანე, სამსახურში მოვედი და დამხვდა სოციალურ ქსელებში სასამართლოს წინ ჩატარებული აქციის ამბები. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად აქტივისტები სიძულვილის მოტივის დამატებას ითხოვდნენ.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტრანსგენდერი ქალები გამოჩნდნენ სასამართლოსთან, თვითონ დაიწყეს ლაპარაკი საკუთარსა და, უფრო მეტად, საზოგადოების პრობლემებზე და, რა თქმა უნდა, უცებ გახდნენ სუპერხილვადები! ყველა კამერა მათკენ იყო მიმართული და სოციალურ ქსელებში ყოველი მეორე პოსტი მათ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თემის წარმომადგენლებისგანაც კი უსაზღვრო ნეგატივი მოდიოდა, მაინც მიხარია, რომ პირველად დაფიქსირდება მათი პოზიცია იმაზე, რაც მათ ეხებათ, რაც მართლა მათ ეხებათ, და ეს ხილვადობა რომელიმე რეიტინგულ ტოკშოუზე არ იქნება დამოკიდებული.

სამსახურიდან ლექციაზე მივდივარ. უკვე მესამე კვირაა, გენდერის ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტებს ვუკითხავ ლექციებს გენდერზე, პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმზე. დღეს ვილაპარაკეთ „სექსუალურ მოქალაქეობაზე“, ანუ იმ პარადოქსზე, ერთდროულად რომ ვითხოვთ ჩვენი სექსუალობის საჯაროდ აღიარებასაც და მასში აბსოლუტურ ჩაურევლობასაც. ეს ლექციები გადასარევია! იმდენ რამეს ვსწავლობ მე თვითონ, ნეტა სულ მქონდეს შანსი, ვასწავლო. ძალიან მინდა, მოეწონოთ, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ბევრი კარგი რამ სწორედ ლექციებს, ლექტორებსა და აკადემიას უკავშირდება.

სახლში გათბობა მუშაობს. დღეს ხელოსანი სამსახურშიც გვყავდა. ახლა უკვე სამსახურშიც ვთბებით. დღეიდან ორმაგ პრივილეგიაზე უნდა დავფიქრდე.

20 ოქტომბერი, ხუთშაბათი

როგორც იქნა, დავიჯერე მარტივი ჭეშმარიტება, რომ, თუ ყველა (ყველა!) კრიტიკოსი ლანძღავს ფილმს, მისი ნახვა სულაც არაა აუცილებელი, შეიძლება მშვიდი სინდისით შეუერთდე საყოველთაო გინებას. დუდანა დედაჩემთან დავტოვე და საღამოს წავედით კანის კინოფესტივალის გამარჯვებულის, ქსავიე დოლანის ფილმის − „ეს მხოლოდ სამყაროს აღსასრულია“ − სანახავად. გზაში საშინელი ხერგილი იყო და კინოში მისვლამდე ოთხჯერ ვიჩხუბეთ სხვადასხვა საკითხზე. თვითონ ფილმი კი იყო არა, უბრალოდ, სამყაროს აღსასრული, არამედ რუსულად გახმოვანებული სამყაროს აღსასრული ცივსა და ცარიელ კინოთეატრში.

მახსოვს, 2014 წლის ოქტომბერში ჩემი პირველი BFI-ს აბონემენტი ავიღე და ლონდონში, სოჰოს „ოდეონში“ ვნახე დოლანის „დედიკო“, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც მოზარდების პრობლემაზე გადაუღიათ (საერთოდ, კინოში გარდამავალი ასაკის პრობლემების განხილვა დიდად არ მხიბლავს). კინოდან რომ გამოვედი, გვიან იყო და ოქტომბრისთვის შეუსაბამოდ თბილოდა. შენობაში შევბრუნდი, „ოდეონის“ ტუალეტში კაბა გამოვიცვალე (საკუთარ გარეგნობაში დაურწმუნებელი ადამიანები ხანდახან ჩანთით ვატარებთ ხოლმე მეორე კაბას, კრიზისის დროს გვშველის), ვიტირე და მეგობრების სანახავად წავედი.

21 ოქტომბერი, პარასკევი

თითქმის დავასრულე კვლევა (და ეს იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ახალ საფეხურზე ავიყვან გადადების ტაქტიკას). მიუხედავად იმისა, რომ დედლაინს გადავაცილე, ყველა მამხნევებს და მგულშემატკივრობს. ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება განცდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, ჩემთვის და, რაც მთავარია, საქმისთვის მნიშვნელოვანი არიან, და ეს ძალიან მიხარია.

ლანჩზე მეგობარი ვნახე. ბოლო დროა, ერთად დავიწყეთ პოლიტიკური კითხვის კულტურაზე ზრუნვა, „ორი ფემინისტი ქალი“ დავირქვით და ყველა იმ დოკუმენტში ვიქექებით, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ჩვენი, ქალებისა და ლბტ ქალების, ყოველდღიურობაზე. „იკითხე პოლიტიკა“ პირველი პროექტია, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი შექმნილია და ძალიან მინდა, მომავალში ჩვენი რეალობის მნიშვნელოვანი ამბების ფემინისტური კომენტატორი გახდეს. ვისხედით, ვარდის ლიმონათები ვსვით და ისე ვიურთიერთეთ, როგორც ამას ამ ბოლო დროს ვახერხებთ ხოლმე. მაგიდის სხვადასხვა მხარეს ლეპტოპებში გახსნილ, ერთსა და იმავე გაზიარებულ დოკუმენტში ვწერდით − ამასაც აქვს თავისი რომანტიკა.

უკვე გვიან, დედაჩემთან გავიარე და უცებ, სავარძელში ჩაჯდომისას, მივხვდი, რომ უსასრულოდ, ძალიან დავიღალე და მოვეშვი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, დუდანასთვის იმის თქმა იყო, რომ წინ ერთად გასატარებელი შაბათ-კვირა გველის და შაბათისთვის ირაკლი ბუგიანის გამოფენაზე წასვლაც მოვნიშნე. მისი გამოფენის − „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ − ბოლო დღეებია ეროვნულ გალერეაში და აუცილებლად უნდა მივუსწრო.

22 ოქტომბერი, შაბათი

დილას სახლში ყველა დაძინებული დავტოვე და სასაუზმოდ გამოვედი. სულ რამდენიმე კაფეა თბილისში, რომელიც დილას ადრე იღება. ახლა შემიძლია, მშვიდად ვიჯდე, ყავა დავლიო, არაფერი ვაკეთო და ვიფიქრო ყველაფერ იმაზე, რაზეც კვირის განმავლობაში ფიქრისთვის დრო არ მრჩება ხოლმე − საკუთარ თავზე.

შუადღისას ისევ ლექცია მაქვს. მოვრჩები, გამოფენაზე შევივლი და თელავში წავალ. ამ ბოლო დროს თბილისიდან სულ რაღაც საათნახევრით დაშორებული ეს ქალაქი თავისი მყუდრო ქუჩებით და ლამაზი კაფეებით ჩვენს თავშესაფრად იქცა; ურბანულ თავშესაფრად, სადაც ბეტონის კანონებზე საცოდავად აღზრდილი ადამიანები არ ვწყდებით ჩვენი არსებობისთვის „აუცილებელ მოცემულობებს“ (მზა საჭმელი, ფესტივალები და რამდენიმე მეგობრის ჩამოსვლისა და არარსებული სოციალიზაციის დაპირება) და „ვყლაპავთ“ ამ ქვეყანაში დეფიციტად ქცეული სუფთა ჰაერის ულუფას.

ისე, ესეც პრივილეგიაა...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG