Accessibility links

12 ნოემბერი, კვირა

კიევში ვარ. ქალაქი იღვიძებს. ეს დღე მხოლოდ მცირედით ჰგავს ქართულ კვირა დღეს, თბილისში, საბურთალოზე რომ თენდება. რიჟრაჟით ტკბობა ჩვევად გადამექცა, უფრო სწორად, უკვე დილით გაღვიძების შეძენილ ჩვევას მივეცი რიჟრაჟით ტკბობის ლამაზი შინაარსი. განსაკუთრებით უქმე დღეებში, როცა შედარებით აუჩქარებლად შემიძლია ამის გაკეთება. მეუღლეს გადავხედე, არასოდეს მოსწონდა ჩემი ეს დილის ახირება, ჯერ იყო ჩხუბი-დავიდარაბა, მერე საყვედურები ადგომისას გაფაჩუნებაზეც კი, ახლა კი სძინავს − წყნარად, აუღელვებლად, ლამაზად.

უცნობ და რაღაცით ნაცნობ ქალაქში რიჟრაჟის სინათლეს სიცოცხლე მოაქვს, სიცოცხლეს − მოძრაობა, მოძრაობას − ხმაური. ყოფიერების აქსიომაა ყველა ქალაქისთვის, ფანჯრიდან სურათიც შესაბამისად ვითარდება, ბგერებიც ჟღერადობით მატულობს და დილის განწყობაც ტლანქად იქმნება ჩემში. ფანჯარაში ფეხზე მდგომი ვიხედები, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ ახლა ვიღვიძებ...

კიევში უკვე მეექვსე დღეა, ვიმყოფებით, მე − მივლინებით, რომელიც გუშინ დასრულდა, მეუღლე − ჩემივე განზრახულობით, იქნებ აქ მაინც შევძლო მისი ნახვა, საუბარი მასთან სიყვარულზე, ემოციაზე ან, უბრალოდ, საუბარი, სეირნობა, მისი სიახლოვით ტკბობა. დღეს პირველი დღეა, როდესაც დღე ვნახავ ქალაქს, ვფიქრობ, დიდხანს ვერ ვისეირნებთ. ჩემს მასპინძელს შევუთანხმდი, რომ დღეს ერთად ვნახავთ რაგბის თამაშს, რომელსაც გუშინ ვერაფრით ვუყურე. მთელი დღეა, სოციალურ ქსელში არ შევსულვარ, მეშინია, ქომაგობის ემოცია არ დასუსტდეს. მგონია, მოვიგებდით. არა, დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგეთ −„რაგბი ჩვენი თამაშია!“ ჩვენ კი, თუ რაიმესთან ასოცირება, იდენტობა ან კუთვნილება ვიგრძენით, ყველაფერი შეგვიძლია − ერთად, მხარდამხარ, შერკინებით. სამწუხაროა, რომ ამას მხოლოდ იშვიათად ვახერხებთ.

დიდი ქალაქია, ამიტომ განვითარების ტემპი ფრაგმენტულად იგრძნობა არქიტექტურაში, უბნების მიხედვით ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტსა და, გარკვეულწილად, ადამიანებშიც. განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტული თუ ისტორიული ინსტალაციები და გზის საფეხმავლო ნაწილის ზომა. ამ უკანასკნელით კიევი სულაც არ ჰგავს ჩვენს დედაქალაქს: უღიმღამოდ და ჩანაფიქრის გარეშე „მორთულს“ შენობებით, შევიწროებული გზებით და არარსებული ტროტუარებით. ვათვალიერებ, ვიმახსოვრებ თვალით და გონებით ვზომავ ყველაფერს, განსაკუთრებული ყურადღებით − ქალაქში ალაგ-ალაგ განლაგებულ ნაგვის ურნებს, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს მიწის ზედაპირზე, დანარჩენი სრულად ნიადაგშია. გონებაში ვითვლი, რამდენად რაციონალურია ეს გადაწყვეტა ეკონომიკური და სანიტარული თვალსაზრისით. იქნებ თბილისშიც გავაკეთოთ...

მიზანს მივაღწიეთ − მე და თიკა სეირნობისას საბოლოოდ დავიკარგეთ. აზრი მარტივია: იმისათვის რომ იპოვო ის, რაც არავის უპოვია, უნდა დაიკარგო. მხოლოდ საათი ემუქრება ამ ჩანაფიქრს და შესაბამის აღმოჩენას. 4 სრულდება, ქომაგობის სურვილი მეუფლება. „შეთანხმება ზუსტად 4-ზე უნდა რეალიზდეს, კომპრომისი გამორიცხულია, ლუდი ადგილზეა!“ ფეხის აჩქარებით, მიხვევ-მოხვევებით, გაურკვეველი გზებით სიარულისას ვამჩნევ, რომ ვიპოვეთ ნამდვილი კიევი, რომელიც ის დილის კიევი აღარ არის, წმიდა სოფიას ტაძრის ოქროსფერ სახურავზე არეკლილი სუსტი, მაგრამ ნათელი მზის სხივებით რომ ალამაზებდა ჩემს გარიჟრაჟს.

მივხვდი, რომ უკვე კარგად ნაცნობ-უცნობ ქალაქში გავაგრძელებთ სწრაფად სვლას...

არასოდეს მინახავს საერთო საქმისთვის ქართველი კაცის ამგვარი გარჯა და თავდადება. მათიაშვილის ლელო ფენომენალურია! შეიძლება ითქვას, ქართველი ერის გამარჯვების, გადარჩენისა და ბრძოლის ისტორიული უნარის წამიერი რეპროდუქციაა. ამ შთამბეჭდავი თამაშის ნახვის შემდეგ მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს: ნეტავ უელსთან მცირე ანგარიშით წავაგოთ! დასანანია ასეთი სურვილები, მაგრამ ამ ეტაპზე დაუძლეველი გარემოებაა, რას ვიზამთ... მოგებისემოციებით დავიტვირთე და მეამაყება ეს ემოცია, ნეტავ სულ ასე, მუდამ...

13 ნოემბერი, ორშაბათი

დილიდან თოვს, გუშინდელი დარი ერთ ღამეში გაავდა, დღეს სეირნობა არ გამოგვივა. ცვლილებებზე ფიქრმა წამიყოლა. ცვლილებები ორად იყოფა: მოსალოდნელად და მოულოდნელად; და მერე − კიდევ ორად: ცუდი ან კარგი შედეგების მომტანად. პირველი დაყოფა მეორეზე ობიექტურია, თან შესაფასებლადაც უფრო მარტივი. გუშინდელი ამინდის პროგნოზი თოვას და ნალექს ვარაუდობდა, შესაძლოა, ორი საათით ადრე ან გვიან, მაგრამ ეს ცვლილება მოსალოდნელი ნამდვილად იყო. თავად ცვლილების შედეგის შეფასება ამგვარად მარტივი როდია. მე თუ მკითხავ, კიევში თოვა საინტერესო და კარგი სანახაობაა, ქუჩების სიღრმეებში თეთრად ჩაღვენთილი სანთელივითაა შენობის კიდეებზე მიფენილი თოვლი, სპეტაკი, დაწმენდილი ჰაერი და თბილი სახლის სარკმლიდან ყავით ხელში სანახაობით ტკბობას არაფერი ჯობს, როცა აქ მხოლოდ ერთი კვირით ხარ. მაგრამ აქაურებისთვის ალბათ ზედმეტი თავის ტკივილი და საზრუნავია. ყველა ცვლილების შედეგების შეფასებასაც შედარება, მსოფლმხედველობითი პერსპექტივა, დრო და დაკვირვება სჭირდება.

ამაზე ფიქრში, საუზმისას, მინისტრის თანაშემწემ დამირეკა, ჩვეულზე მღელვარე ხმით, მოკლედ და საქმიანად: „შეხვედრა 6 საათზე დაინიშნა, საქმე სამთავრობო ცვლილებებს ეხება.“ გაოცებული დავრჩი, ტელეფონი გადავათვალიერე და გამოვცადე მოულოდნელი ცვლილების აქამდე მხოლოდ ფიქრით გაანალიზებული ხასიათი. წინ დიდი ცვლილებებია − სტრუქტურული და მასშტაბური. ეს ცვლილებები ფუნდამენტურად შეცვლის მმართველობის ხარისხს და ეფექტიანობას ქვეყანაში. როგორ შეცვლის, ამას დრო გვიჩვენებს, თუ მოთმინება გვეყო. მთავარია, რომ მიზანი და კურსი არსებითად სწორია, განვითარების ამ ეტაპისთვის საჭირო, ხოლო უმეტესი ჩემთვის ცნობილი წინაპირობა − ადეკვატური. პოზიტიურად განვეწყე, თუმცა უამრავი კითხვა დამიგროვდა, ზოგი ჩემი, ზოგიც − ახლობელ-ნათესავებისგან მოწერილი სოციალურ ქსელში. ზღვის გადმოღმა ვარ, ვერ გიპასუხებთ, უკაცრავად.

ერთი რამ მთრგუნავს მეტისმეტად: პრესა, მედია, სოციალური ქსელები. ამ ინფორმაციის გავრცელება მთლიანად დაჩრდილავს საპენსიო რეფორმას. ახლა, როდესაც საზოგადოებრივი აზრი ამ რეფორმის ირგვლივ კონსოლიდაციას იწყებს, როდესაც ძლიერდება ინტერესი და არის საშუალება, რამდენიმე მცდელობიდან ახლა მაინც გამოვიდეს რამე. საკომუნიკაციო ხაზის გაწყვეტა შეასუსტებს საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელების შანსს. დამენანება, თუკი შეყოვნდა, გადასხვაფერდა.

მასპინძელი ქართველია და ნათესავია. სამი წელია, კიევში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. წარმატებული ადამიანების კომპანიაში ყოფნას არაფერი ჯობს. არანაკლებ დაბნეული და შეცბუნებულია, ცვლილებებით. ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ვცდილობთ, გასული დღეების ეკონომიკური პათოსით და ცნობიერებით გამსჭვალული საუბარი თემატურად შევინარჩუნოთ, თუმცა პერიოდულადდიამეტრულად სხვა, პოლიტიკურ კონტექსტში გადაგვდის დიალოგი: „ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო, სახელმწიფო აპარატის შემცირება და ბიუროკრატიის შესუსტება ეკონომიკური განვითარების აუცილებელი კომპონენტია, ეფექტიანობის, კერძო ინვესტიციების და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯებისათვის რესურსების მოძიების მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველო ამას აკეთებს, ავითარებს ცვლის. უკრაინამ ეს ვერ მოახერხა, პროცესი გაჭედილია, ლიბერალიზაციის მცდელობა დასჯილია პოლიტიკური ნიშნით, შედეგი − ლამის მაიდანზე გაშლილი კარვების ქალაქი.“

საუბარი გვიან ღამემდე გვიგრძელდება, ენერგიას ყავით ვიხანგრძლივებთ, ერთმანეთს ამგვარად ვემშვიდობებით.

ხვალ კიევს დავტოვებთ, 17 საათზე აეროპორტში, 20 საათზე თვითმფრინავში, 00:30-ზე კი საქართველოში ერთი აზრით და მოტივაციით: ყველაფერი კარგად იქნება.

14 ნოემბერი, სამშაბათი

4000 მეტრის სიმაღლეზე ყველაზე უნიკალური ემოციაა, როდესაც ტურბულენტობის თითოეული გამოვლინებისას აღელვებული საყვარელი ადამიანის ხელის ყველა იმპულსს გრძნობ შენს ხელის გულზე. ამ დროს თიკა, თავდაცვის მექანიზმით გაყუჩებული, თვალებგარინდული მიყურებს ხოლმე თვითმფრინავში. ახლაც ესეა. საუბრისას პირზე სიტყვაშემხმარი თვალებში ჩამცქერის, რაღაცას ეძებს, აკვირდება. მისი აღელვების ეს რამდენიმე წამი ჩემში აუწერელ სიმშვიდეს ამკვიდრებს. ამ დროს რამის თქმა უგუნურობაა, შიშის რაციონალის ეჭვქვეშ დაყენება აზრს კარგავს. თავადაც კარგად ესმის, რომ საშიში არაფერია, მაგრამ შიში გრძნობაა და მისი შინაარსის სიტყვებით წვდომის მცდელობა და ყოველგვარი უსაფუძვლობის ახსნა დროის ფუჭი კარგვაა. მეც მშვიდად, საიმედო მზერით ვაწყნარებ. სიყვარულს ვუზიარებ. ბედნიერებაა მსგავსი კავშირი ორ სუბიექტს შორის, ალბათ ეს ფრაზაც სუბიექტურია მავანისთვის, მაგრამ არსებობაზე რეალური და აშკარაა პირადად ჩემთვის. მიყვარს!

დაფრენისას კიდევ ერთი აღტაცების მომენტით დავტკბი, პირველად ვისარგებლეთ ახალი ტერმინალით. კიდევ ერთი საინტერესო საფიქრალია ეს ტერმინალი. საპასპორტო შემოწმების რიგში მდგომი, ვათვალიერებ და მაფიქრდება მომენტი ერთი ჰოლივუდური ფილმის დასასრულიდან. ლოს-ანჯელესის აეროპორტს წამსვლელთა და მომსვლელთა ცალ-ცალკე ტერმინალის საჭიროებაზე, რომელიც თითქოს იმისთვის გაკეთდა, რომ ასიათასობით პოპულარობის და ვარსკვლავობის მაძიებელი ჩამომსვლელი აეროპორტში არ შეხვდეს ასიათასობით იმედგაცრუებულ დემოტივირებულ წამსვლელს. საინტერესო მოსაზრებაა, ჩვენთვის ჯერ უცხო და უგემური. თუმც რა ვიცით, იქნებ...

ბარგით დატვირთული ტაქსი გავაჩერეთ, ჩავბარგდით სასწრაფოდ, სადმე დარეკვისთვის უკვე გვიანია − დღეს ვერაფერს შევიტყობ და მოვასწრებ. დრო ცოტაა, ხვალ დილით − სამსახური. წინ მხოლოდ 30 წუთია: გზა აეროპორტიდან სახლამდე. მე კი მინდა, ინფორმაციის ერთკვირიანი დანაკლისი ერთბაშად შევივსო. როგორც ჩანს, ამაში ქალაქის ყველაზე ინფორმირებული პროფესიის წარმომადგენლი დამეხმარება.

მივედით, ტაქსიდან გამოყოლილი სკეპტიციზმით სავსე ყურებით. ემოცია დალაგდა, შინ ვართ.

15 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილა მძიმეა, ჩვეულზე მეტად. უსახურად გაღვიძებულს, ძილნაკლულს, არც რიჟრაჟი შემინიშნავს, არც აქაურობისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა სარკეში. დღეს დატვირთული დღე მელის: სამსახური, უნივერსიტეტი და ისევ სამსახური. ვგრძნობ, რომ დასვენებული კი არა, დაღლილი ვარ.

სამსახურში დროულად მივედი, მაგრამ მხოლოდ ნაშუადღევს შევძელი ჩემს ოთახში შესვლა და ჩვეული გარემოს და ადამიანების ნახვა. დილა მინისტრის თანაშემწეებთან და სხვა კოლეგებთან საუბრით დაიწყო, შემდეგ კი ყოფილ მოადგილესთან გაგრძელდა. უცნაურია, მინისტრის გათავისუფლების შემდეგ მისი მოადგილეები ავტომატურად თავისუფლდებიან და საჭიროებენ ახლიდან დანიშვნას! ვერ მივხვდი საჭიროების საჭიროებას. ალბათ ჩვენი სამართლებრივი სისტემის თავისებურების ნაწილია. ინტერესი უსაზღვროა. ყველას ერთი კითხვა აქვს: ვინ იქნება ახალი კურატორი მოადგილე.

ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. მთავარია, შევინარჩუნოთ ტემპი, რომელიც განვავითარეთ.

თანამშრომლებს მივეჩვიე, შემიყვარდა აქაურობა. საჯარო სამსახურში მუშაობა რთულია. აქ ადამიანებთან უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე ოჯახის წევრებთან. ვერასოდეს წარმომედგინა ამ რეჟიმით მუშაობა. დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე კარგ დღეებში. შეუძლებელია, ამდენი დრო გაატარო ვინმესთან და მის მიმართ გრძნობები არ გაგიჩნდეს: ერთ საქმეში, ერთ ოთახსა და გარემოში. ტრაგიკულ ცვლილებებზე არ ვფიქრობთ, მაგრამ სტრუქტურული ცვლილებები, შესაძლოა, გულისხმობდეს გადაადგილებებს, რაც დასანანი იქნება.

უნივერსიტეტში სტუმრად გვყავდა საინტერესო მომხსენებელი, საბა ბუაძე. ვიცნობ საბას. არაჩვეულებრივი ადამიანია, საკუთარი საქმის პროფესიონალი. საუბარი შეეხო ყველაფერს, რაც საჯარო სამსახურის რეფორმას ეხება, იყო კამათით ჭეშმარიტების ძიების მცდელობაც.

სამსახურში აღარ დავბრუნებულვარ, დირექტივა არავისგან მიმიღია. უჩვეულოა...

16 ნოემბერი, ხუთშაბათი

საკითხები უხვად დაგროვდა: დონორების ზარები, სტრატეგიის შენიშვნები, საპენსიო რეფორმის საკითხები და ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტშია შესატანი იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც კერძო სექტორთან კომუნიკაციისას დაგროვდა. საინვესტიციო ფონდების კანონის განხილვა და სხვა ყველაფერი, რაც ყოველდღიური საქმის ნაწილია, მზადაა განხილვისთვის და მუშაობის განახლებისთვის, მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების საკითხია ღია, ზოგი რამ დასაზუსტებელია. სამმართველოს უფროსის რანგი მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას არ იძლევა. ველოდებით. პროცესი მცირედით შეფერხდა...

განსაკუთრებული საღამო დილიდანვე დაგეგმილია. დღეს დიდი ხნის უნახავი სამეგობრო იკრიბება. კლასელებმა, როგორც იქნა, მოვახერხეთ ამის დაგეგმვა. მოლოდინით მევსება გული, თიკაც მზადაა წამოსასვლელად, მელოდება. ჩემს სამეგობროსთან ის უფრო მეგობრობს, ვიდრე მე. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია. ვთვლი, რომ ეს თვისება მასში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაბალანსებს, ჩემს ასოციალურ ხასიათს მისი კომუნიკაბელურობა და ხალხის სიყვარული ფარავს.

მეგობრები მირეკავენ წამდაუწუმ. უკვე დაგეგმილ დროზე რამდენიმე საათით გვიანია, იმედი მაქვს, მალე გავუვლი მეუღლეს და წავალ. ძლიერი გრძნობაა მეგობრობა, მათი დაღალატება არაფრით არ შეიძლება, ზოგიერთ მათგანთან ერთად 20 წელია, მოვდივარ. ხუთი წლისა, პირველ კლასში რომ შემიყვანეს, მერხზე ანა ჯანელიძის გვერდით მოვხვდი. არ მახსოვს, მაგრამ ტირილი დამიწყია გოგოს გვერდით დაჯდომის გამო. მას შემდეგ ცხოვრების ყველა ეტაპი ერთად გამოვიარეთ. სამწუხაროა, ვერ ვნახულობ ბოლო პერიოდში. მე მისი იმედი მომავალში მაქვს, ცოტაც და პროფესიონალი ექიმი გახდება, მას კი ჩემი ახლანდელი იმედები ცოტათი გავუცრუე. სულ ვნანობ ხოლმე, მაგრამ გამიგებს. ყოველთვის ასეა, შეუძლია.

ჩავიცვი და ერთად გავეშურეთ. იმედისმომცემი საღამო უნდა გამოვიდეს. ვნახოთ.

17 ნოემბერი, პარასკევი

წუხანდელი ბედნიერება დიდხანს მასაზრდოებს. დღეს პარასკევია −კვირის ყველაზე სასურველი დღე ჩემთვის. თიკა სამსახურში გავიყოლე. გზად არ არის, მაგრამ ასე ხშირად ვაკეთებთ. დილით ერთად გასვლა დამატებითი შესაძლებლობაა მცირე ხნით ერთად ყოფნის. მანქანიდან რომ გადადიოდა, მინდოდა ბევრი მეკოცნა, მაგრამ დრო არ ითმენს.

სამსახურში მისულს, თანამშრომლები მომეხვივნენ, ოდნავ ყელში ბურთად გაჩრილი ნაღვლიანი ხმით დასმული კითხვებით: „ბექა, ხომ არ გადახვალ შინაგან საქმეთა სამინისტროში?“ „ნინო წავიდა, შენც თუ წახვალ, ძალიან ცუდი იქნება.“ კითხვები საფუძვლიანი შეიძლება იყოს, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, როდის და როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ეკონომიკა ჩემი სფეროა, აქ კომფორტულად და კომპეტენტურად ვგრძნობ თავს. ვნახოთ... ერთი მოტივაცია მაქვს: მთავარია, საქმე გამოვიდეს და შედეგი მოგვცეს. თუ ეს შედეგი რაიმეს გააუმჯობესებს, სფეროს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი სულისკვეთებით ჩავერთე საპენსიო რეფორმის განხორციელებაშიც. მხოლოდ ათი თვეა ვმუშაობ ამ საკითხზე. კანონპროექტში დაწერილ ყველა სიტყვას, იდეოლოგიას ვიცნობთ, ცოტა ხნის წინ ფართო საზოგადოებასაც გავაცანით, დონორები მუდმივად ჩართული გვყავს, ვიწყებთ შედეგის შექმნას. ახლა მაქსიმალური მობილიზაცია გვჭირდება. შეთანხმებული შეხვედრა ახალ მინისტრთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით პარასკევის ნაცვლად ორშაბათს გაიმართება. ვფიქრობ, თანამშრომელთა კითხვებს საფუძველი უფრო გაუმყარდა. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითობა შევინარჩუნო, თვითრეალიზაციის ერთადერთი გზა მხოლოდ ამ ღირებულებებზე გადის.

დღე მთავრდება, პარასკევი საღამო ადამიანებს აზარმაცებს. ყველა ლამობს, სამსახურიდან ადრე გავიდეს. მთელი კვირის ნაშრომ-ნაღვაწი პარასკევ საღამოსთვის დასახარჯად ყველას გვემეტება და, როგორც წესი, ასეც ვიქცევით. უბრალოდ, ამას მხოლოდ თვის ბოლოს ვაცნობიერებთ − ხელფასის ჩარიცხვამდე დარჩენილი დღეების თვლაზე გადასვლის დროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა. ერთი, რომ დაზოგვა რთულია, შემოსავლები − დაზოგვისთვის არასაკმარისი; და მეორეც: არც ვზოგავთ მაინდამაინც, არასოდეს გვერჩივნა ხვალინდელი ქათმის ხორცზე ფიქრით დანაყრება დღევანდელ გემრიელ ომლეტს. გაგვიჭირდება ასე გაგრძელება, საპენსიო რეფორმა ამ აზრთან ერთად ბოლოჯერ გამახსენდა.

18 ნოემბერი, შაბათი

ქალაქი იღვიძებს, ეს დღე მხოლოდ მცირედით ჰგავს უკრაინულ შაბათ დღეს, კიევში, იაროსლავსკი ვალზე რომ თენდებოდა. აქაურ გარიჟრაჟს ვერაფერი და ვერსად ვერ შეედრება, ამას თუ გულით არ გრძნობ, თვალით ვერ შეაფასებ. უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და გრძნობა გაალამაზებს მის ყველა ნაკლსა თუ მანკიერებას, მაგრამ ამ სიყვარულის სახელით არ უნდა შეეგუო, ალბათ, და ეცადო გამოასწორო შენებურად − სადაც შეძლებ, როგორც მოახერხებ.

მეეზოვის სტაფილოსფერი ფერები მიყვარს, ჩემი პეიზაჟის ყოველდღიური კომპონენტია. უკვე რამდენი წელია, ეს ქალბატონი ყოველ დილით გვის და ასუფთავებს, დარწმუნებული ვარ, რომ კორპუსის მცხოვრებთა ნახევარს არც უნახავს მისი გარჯა, ყოველდღიური წვალება. ამ ქალზე დაკვირვება ბევრ რამეს გასწავლის ადამიანს. თუნდაც იმის გაგება რად ღირს, რომ მისი შრომა სულაც არ მცირდება დღითიდღე, არ იცვლება ეზოში დაყრილი ნაგვის ძირითადი სახეობებიც...

ვიღაცამ სადარბაზოს კიბეზე ჩაირბინა, ნახმარი ხელსახოცი მოისროლა და თამბაქოც ზედ დააყოლა. რა ინოვაციური ნაგვის ყუთი!...

ეჰ, არაფერი გვეშველება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG