Accessibility links

8 იანვარი, კვირა

არასოდეს მიფიქრია, რომ შევძლებდი დღიურის წარმოებას. კი, ვამბობდი ხოლმე, რომ დავბერდები აუცილებლად დავწერ მემუარებს-მეთქი. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ იუმორით ნათქვამი იყო და მეტი არაფერი. როდესაც რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს, დაუფიქრებლად დავთანხმდი და ყურმილი რომ დავკიდე, მერეღა მივხვდი, რა დიდი პასუხისმგებლობა ავიკიდე. თუმცა, რაღას ვიზამდი...

ჩვეულებისამებრ, დილის რვის ნახევარზე გავახილე თვალები და გამახსენდა, რომ კვირაობით ვისვენებ და არსად მაგვიანდება, თანაც ბაკურიანში ვარ. გუშინ საღამოს ოჯახი ჩამოვიყვანე ერთი კვირით დასასვენებლად. ბავშვებზე დავიწყე ფიქრი. ბოლო ერთი თვეა, ხან ერთი მიხდება ავად, ხან − მეორე. სტანდარტული სიტუაციაა: ვირუსები, ინფექცია, გართულებული მწვავე ბრონქიტით. ბავშვები პატარები არიან და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზეც და მეუღლეზეც. პედიატრს ვესაუბრები ხშირად ამ თემაზე, ვეკითხები, როგორ შეიძლება სიტუაციის შეცვლა. მირჩია, ბავშვებისთვის „ჰაერი გამომეცვალა“. ჰოდა, მეც წამოვიყვანე ბაკურიანში. ერთი კვირაც საქმეა.

ავდექი, ვეღარ მოვისვენე და, როგორც ყოველთვის, დილა ფინჯანი ყავითა და ერთი ღერი სიგარეტით დავიწყე. ექიმები ხომ ყველაზე უარესი პაციენტები არიან. ჰოდა, მეც ვამართლებ ამ მითს. ვერაფრით მოვიშორე ეს მავნე ჩვევა.

ყავის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გამახსენდა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სამსახურში უნდა წავიდე. დღეს ჩემს კლინიკაში ორი ექიმი ისვენებს და ჯობია, მე მივიდე. ბავშვები აღარ გამიღვიძებია. გამოვემშვიდობე მეუღლეს და პირდაპირ სამსახურში წავედი. 12 საათზე უკვე კლინიკაში ვიყავი.

საბურთალოზე ვმუშაობ. აქ მაქვს ვეტერინარული კლინიკა. ჰოდა, ვიცი, რაც იქნება: ჯერ ერთი, კვირაა და მეორეც ის, რომ საბურთალოა − აქ ხალხი 12 საათის შემდეგ იღვიძებს. დილიდან მხოლოდ მძიმე პაციენტები იყვნენ მოსული. დილიდან დაიწყო რეკვა, სტანდარტული კითხვები: ვმუშაობ თუ არა და კლინიკა ღიაა თუ არა. კვირადღე მაინცდამაინც მძიმე არ არის. მუშაობა საღამოს 6 საათზე დავამთავრე.

9 იანვარი, ორშაბათი

ტრადიციულად რვის ნახევარზე ადგომა, ფინჯანი ყავა და სიგარეტი. ათის ნახევარზე უკვე სამსახურში ვარ. ორშაბათი ყოველთვის მძიმეა, ბევრი ხალხი მოდის. ათი საათიდან რომ იწყება, პირველამდე, ორამდე ხუთი წუთით დაჯდომასაც კი ვერ ვასწრებ. თან საოცარია: ყველა ერთდროულად მოდის! კლინიკა, რომელშიც ვმუშაობ, პატარაა და ამიტომ ვცადეთ, პაციენტთა ჩაწერის სისტემა შემოგვეღო, მაგრამ ამაოდ. ეს ხომ საქართველოა, ქართველები კი ყველაზე უცნაური ერი ვართ მსოფლიოში! ჩაწერამ არ გაამართლა და ცოცხალ რიგზე გადავედით. 14 იანვრამდე საქართველო „ახალი წლების რეჟიმით“ მუშაობს და ამიტომ გეგმური ოპერაცია ძალიან ცოტაა დანიშნული. ძირითადი პაციენტები ვირუსული ინფექციებისა და ინტოქსიკაციების ხარჯზეა.

პაციენტების პატრონებს ძირითადად ერთი და იგივე ტექსტი აქვთ: „ძაღლმა თავი ვერ შეიკავა და საცივი მიირთვა, ან გოზინაყი, ან ჩურჩხელა და ა.შ.“ მე ვეკითხები: „ანუ მივიდა მაცივართან, გამოაღო კარი, დაისხა თეფშზე საცივი თუ სხვა რამე და მიირთვა არა? აბა, თავი ვერ შეიკავა სხვანაირად როგორ გავიგო?“ ვცდილობთ, იუმორით შევხედოთ სიტუაციას, თორემ სხვანაირად გავგიჟდებით კლინიკაში.

ვეტერინარობა, ისევე როგორც ექიმობა, საკმაოდ სტრესული სამუშაოა. ელემენტარულად, დღეში საშუალოდ 60-70 სატელეფონო ზარს უნდა უპასუხო, თან ძალიან თავაზიანად, და აქედან 80 პროცენტი უბრალოდ დროის და ნერვების უაზროდ დახარჯვად გიჯდება. აი, მაგალითად: „ბატონო დავით, ჩემი ძაღლი ერთი კვირაა არ ჭამს, არ სვამს და რა გავაკეთო?“ მე ვპასუხობ: „მოგვიყვანეთ ან მიუყვანეთ თქვენს ექიმს.“ მპასუხობენ: „ესე იგი, არ შეგიძლიათ, ტელეფონით მითხრათ, რა გავაკეთო?“ ჩემი პასუხი: „ხომ გითხარით, დიაგნოზი გვჭირდება, რომ რამე გავუკეთოთ.“ ვცდილობ დიაგნოზის აუცილებლობის ახსნას. როგორც ყოველთვის, ცუდი მე გამოვდივარ, რადგან ტელეფონით ვერ ვსვამ დიაგნოზს. ან კიდევ ზარი რეგიონიდან: „ჩემი ძაღლი შევაჯვარე ერთი თვის წინ და მაკეა?“ საინტერესოა, ტელეფონით როგორ უნდა მივხვდე ამას? მე კი ისევ ვხუმრობ გაღიზიანებული: „იქნებ ძაღლი დამალაპარაკოთ? მას შევეკითხები...“ იმედია, ამის შემდეგ მაინც მიხვდებიან, ტელეფონით რა სისულელეებს მეკითხებიან.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღის ბოლოს, 9 საათისთვის, თავი გამოწურული ლიმონი მგონია. თუმცაღა ვიცი, რომ კიდევ მჭირდება ენერგია, რადგან აწი დაიწყება რეკვის მეორე ტალღა, ტელეფონის ზარები ღამის პირველ საათამდე, მორიგი კითხვებით: „ჭიის წამალი ძაღლს როდის უწევს?“ ან „თუთიყუშისთვის ჩაი და ‘სუხარი’ თუ შეიძლება?“ ისევ ვცდილობ, კითხვები იუმორში გავატარო, რადგან სხვანაირად, ალბათ, დეპრესიაში ჩავვარდები...

კიდევ კარგი, საუკეთესო კოლექტივი მყავს. თანამშრომლები მხარში მიდგანან ყველაფერში, თორემ იმის ნახევარსაც ვერ შევძლებდი, რასაც ვაკეთებ.

საღამოა და სახლში წასვლა არ მინდა. კაცი რომ სახლში მარტოა, მეუღლისა და ბავშვების გარეშე, ძალიან ძნელია. პრაქტიკულად, სახლი მკვდარია. თუმცა, სხვა რა გზაა...

10 იანვარი, სამშაბათი

როგორც ყოველთვის, წავედი სააფთიაქო ბაზაში, კლინიკაში მედიკამენტები შემოგვაკლდა. წამლები გაძვირებული დამხვდა. თუმცა რა გაეწყობა, უნდა ავიღო. გზაში ვფიქრობ, რა არის გამოსავალი? მომსახურებაზე ფასების გაზრდა? არა! დღევანდელი სოციალური ფონის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია!

10 საათზე კლინიკაში ვარ. დღეს ძირითადად თერაპიული პაციენტები გვყავს. მე და ჩემი კოლექტივი წარმატებით ვუმკლავდებით ხალხის ნაკადს. მძიმე პაციენტები, ძირითადად, ლეკვები არიან, რომლებიც ვირუსული ინფექციებით არიან ინფიცირებულები. საჭიროებენ კვლავ ინფუზიას, თუმცა გაცილებით უკეთ არიან და პატრონებიც უკვე იღიმებიან.

სრული პარადოქსია ჩემი სამსახური. შეუძლებელია, რამე დაგეგმო. ყველა პაციენტი ერთ დროს მოდის, ამის შემდეგ კი შეიძლება ორი საათის განმავლობაშიც არავინ შემოვიდეს. დღემდე ვერ მივეჩვიე ერთდროულად ორ-სამ კაცთან სხვადასხვა თემაზე ლაპარაკს. არადა, ჩემგან სწორედ ამას მოითხოვენ!

ტრადიციულად, მუშაობას გვიან ვამთავრებთ და ისევ სახლში მივდივარ. მინდა, მშობლებს გავუარო, რომლებიც ჩემთან ახლოს ცხოვრობენ, თორემ რამდენიმე დღეა, არ მინახავს. მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და სახლში წასვლას ვარჩევ...

11 იანვარი, ოთხშაბათი

დილის რიტუალი, 10 საათზე სამსახურში ვარ. 11 საათზე შემოიყვანეს ციმბირული ჰასკი, პაციენტი, რომელსაც სასწრაფო საკეისრო კვეთა სჭირდებოდა. ჩვენც შევუდექით საქმეს. მადლობა უფალს, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. გადარჩენილი დედა და გადარჩენილი რვა ლეკვი. ერთი სიამოვნებაა პატარა ლეკვების ხელში აყვანა, მოფერება. ისინი ხომ შენი გადარჩენილები არიან. თუნდაც მხოლოდ ამ სიამოვნების გამო ღირდა ვეტერინარობა. ამ გრძნობას კალმით ვერ აღწერ! მე კი ისევ და ისევ ვფიქრობ ჩემი კოლექტივის პროფესიონალიზმზე. მათ გარეშე ამ ყველაფერს ხომ ვერ შევძლებდი! მათ მიმართ მადლიერების გრძნობა მიჩნდება.

ბედნიერება ხანმოკლე გამოდგა. შემოიყვანეს ასაკოვანი კატა, რომელსაც მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დავუსვით (მეტასტაზებით). აქ კი, ამ სიტუაციაში, მედიცინაც და ვეტერინარიაც უძლურია. პატრონი სანდომიანი ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც მეუბნება, ჩემი ერთადერთი ბედნიერება ეს კატააო. მიდი და უთხარი მწარე სიმართლე, თუმცა სხვა გზა არაა! ხომ არ მოვატყუებ?! მისი ცრემლიანი თვალები აქამდე თვალწინ მიდგას! ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, თორემ ალბათ ვერ გავუძლებ. ცხოვრება გრძელდება.

ვრეკავ მეუღლესთან და ვესაუბრები. მას ჩემი ძალიან კარგად ესმის და ყოველთვის მეხმარება სტრესთან გამკლავებაში. მისი მადლიერი ვარ ყველაფრისთვის! ველაპარაკე ჩემს პატარებს და ცოტათი მომეშვა. ეს დღეც დავამთავრე.

12 იანვარი, ხუთშაბათი

ისევ სამსახური, ისევ პაციენტები და მათი პატრონები. ჩვენ, ვეტერინარები, ძალიან კარგი ფსიქოლოგები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი მუშაობის ნახევარი (თუ მეტი არა) პატრონებთან მუშაობაა.

ისევ მორიგი პარადოქსი: მოგვიყვანეს პატარა პომერანული შპიცი, რომელიც წინა დღეს იყიდეს. პატრონი შეწუხებული სახით მიყურებს და მეუბნება, წუხელ ვიყიდეთ და პრობლემა გვაქვსო. „რა აწუხებს?“ - ვეკითხები მე. „აღმოჩნდა, რომ ლეკვი სახლს სვრის“. გულისხმობდა დეფეკაციასა და შარდვას. ახლა მე დავრჩი გაკვირვებული: „ეს რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი, არ იცოდით?“ ამაზე პასუხი კი ასეთი იყო: „არ გვიფიქრია! ამაზე არ დავფიქრებულვართ, რომ ვყიდულობდით, და ახლა რა ვქნათ?“ ეჰ! სათქმელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ერთსაათიანი „მუშაობის“ შემდეგ ლეკვი დაიტოვეს.

დღე კი მშვიდობიანად დასრულდა.

13 იანვარი, პარასკევი

ისევ სამსახურში ვარ, ისევ პაციენტები. ისევ პაციენტების პატრონების დამშვიდება. ისევ იგივე კითხვები: რამდენად შესაძლებელია, რომ ძაღლის ლეკვი იყოს ცოფის ვირუსის მატარებელი? ისევ მყარი დარწმუნება იმაში, რომ ძაღლები ცოფის ვირუსის მატარებლები ვერ იქნებიან. ისევ საუბარი ბავშვის პედიატრთან ამ თემაზე და ტრადიციული, ყოველ ხუთ წუთში შემომავალი ზარი სხვადასხვა შეკითხვით. ისევ ჩემი კოლექტივი მიდგას მხარში და მშველის ზარების ნაწილის საკუთარ თავზე აღებაში. ისინიც არწმუნებენ პატრონებს, რომ ტელეფონიდან მკურნალობას პაციენტის კლინიკაში მოყვანა სჯობს.

ეს დღეც დამთავრდა. როგორც იქნა, მშობლებსა და დას შევუარე, ვინახულე. ადრე დავწექი დასაძინებლად, რადგან ვიცი: წინ შაბათია და უმძიმესი დღე იქნება. შაბათობით ხალხი ისვენებს და ურჩევნიათ, ამ დღეს მოვიდნენ ჩვენთან ვიზიტზე, კონსულტაციაზე.

14 იანვარი, შაბათი

შაბათიც გათენდა და დაიწყო ყოველდღიური რუტინული სამუშაო, მძიმე პაციენტების ინფუზოთერაპია. უკვე გაწერილ პაციენტებთან დარეკვა და მოკითხვა, როგორ არიან. მიუხედავად იმისა, რომ უკეთ არიან, მაინც სჭიდებათ კონტროლი, რომ რამე ნიუანსი არ გაიპაროს. ასე უფრო წყნარად ვარ.

დღეს აშკარად დერმატოლოგიური დღე მაქვს. პაციენტები მოიყვანეს კანზე არსებული პრობლემებით. დერმატოლოგია საკმაოდ რთულია. პირველ რიგში დიაგნოსტიკაა, რომელიც ნახევარ საათს მაინც მოითხოვს. მერე კიდევ ერთი საათი მიაქვს პატრონთან საუბარს თემაზე, როგორ მოიქცეს მომავალში, რომ პრობლემა თავიდან აიცილოს.

ჩვენს საქმეში კიდევ ერთი სირთულეა. იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ პაციენტს ვერ გამოკითხავ, გიწევს პატრონის პირდაპირი მნიშვნელობით „დაკითხვა“, რაც ძალიან დამღლელია ორივესთვის. ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, მას მნიშვნელოვნად არ მიაჩნია და გიწევს ერთი და იმავეს ახსნა.

და მაინც, ჩემი პროფესია ერთ-ერთი საუკეთესოა პროფესიებს შორის! გადარჩენილი პაციენტის მადლიერი პატრონი რომ გეტყვის ერთ-ორ თბილ სიტყვას, ხვდები, რომ შენს გაკეთებულ საქმეს ჰქონდა აზრი და შედეგი. ეს კი უდიდესი სტიმულია ექიმი-ვეტერინარისთვის.

გადარჩენილი პაციენტი რომ აგლოკავს და ხვდება, რომ გადაარჩინე, ეს უკვე ყველაფერია ჩვენთვის!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG