Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ქვლივიძე - სამხედრო მფრინავი


15 სექტემბერი, კვირა
მიყვარს დასვენების დღეები. შაბათ-კვირა ყოველთვის სოფლისთვის მაქვს შემონახული. ხმაურიანი თბილისიდან შორს - სუფთა და მშობლიურ მხარეში მივდივარ ხოლმე. სამწუხაროდ, ამჯერად ჩვეულებას ვუღალატე: მაგისტრატურის გამოცდები მომიახლოვდა და მთელი დღე ვმეცადინეობდი.

საღამოს უკვე მთელი მოწადინებით ვემზადები ხვალინდელი დღისთვის. ფორმა მოვიწესრიგე. ხვალ დათვალიერება გვექნება. მინდა, ისე გამოვიყურებოდე, როგორც ნამდვილ სამხედროს შეეფერება.

16 სექტემბერი, ორშაბათი
ახალი კვირა ახალი განკარგულებებითა და მითითებებით დაიწყო: საერთო მოწყობა, შემოწმება, წესრიგი, დისციპლინა - სამხედრო მოსამსახურის ყოველდღიური ცხოვრება... მოგვიანებით კლასში გადავინაცვლეთ და თითქმის მთელი დღე გასული კვირის ფრენების განხილვას დავუთმეთ. არცთუ ისე ხშირი ფრენების ფონზე აუცილებელია გამუდმებული თეორიული მომზადება. ეს ყველას გვაქვს შეგნებული და გამოცდილ მფრინავებთან ერთად გაუთავებლად ვხვეწთ თეორიულ ცოდნას.

ბრძანება მოვიდა – ხვალისთვის „დავალებითი ფრენებია“ დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ საგანგებო დავალებას იმაზე, როგორი ფრენა უნდა განვახორციელოთ – პარაშუტისტებთან ერთად ავფრინდეთ თუ სხვა რამ დავალება შევასრულოთ. სხვა შემთხვევაში ამას „სასწავლო-სავარჯიშო ფრენები“ ჰქვია. ეკიპაჟის წევრი ვარ და კარგად უნდა მოვემზადო. დავამუშავე მარშრუტი. გავთვალე სიჩქარე, საწვავი და ყველა აუცილებელი პარამეტრი.
თავისუფლების დღიურები - ეკატერინე ქვლივიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00
გადმოწერა

მოგვიანებით პირადი შემადგენლობა ფიზიკურ მომზადებაზე გავედით. ერთ თვეში ტესტირება გვექნება და ყველა შეძლებისდაგვარად ემზადება. მეც, თუ მუდმივად არ ვივარჯიშე, ვიცი, გამიჭირდება ნორმატივების ჩაბარება. მაგრამ ჯერ მთავარია, ფრენისთვის კარგად მოვემზადო და დასვენებული მივიდე. მომზადება გულისხმობს დავალების კარგად შესწავლას და ხომალდის მეთაურისა და ესკადრილიის მეთაურის ნებართვას, რომ დავალებაზე წავიდე. პარალელურად მეტეოროლოგიის სპეციალისტებთან დავაზუსტებ ხვალინდელი ამინდის პროგნოზს და ამის მიხედვით შევიტან ცვლილებას პარამეტრებში. ახლა მინდა, დავისვენო. ფრენამდე მინიმუმ რვა საათი უნდა მეძინოს, რათა ფიზიკურად და გონებრივად დასვენებული ვიყო. ეს აუცილებელი მოთხოვნაა – წინააღმდეგ შემთხვევაში ფრენიდან მოგხსნიან.

17 სექტემბერი, სამშაბათი
დაგეგმილი ფრენის გამო დილით ჩვეულებრივზე ადრე მოვედი სამსახურში. შვიდი საათია. გავიარე სამედიცინო შემოწმება. მეტეოსპეციალისტებთან გადავამოწმე ამინდი. ჯერჯერობით ყველაფერი ხელს მიწყობს, რომ ფრენით დავტკბე. :)

შევდივარ მფრინავების ოთახში, ვირგებ ჩემს უსაყვარლეს საფრენოსნო კომბინეზონს. ამის გარეშე ფრენა არ შეიძლება – კომბინეზონი შეკერილია საგანგებო მასალისაგან, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს და წვის დროს კი არ დნება, იფერფლება. მფრინავი ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს და კომბინეზონი მას ასეთი მოულოდნელობებისაგან იცავს.

სანამ აეროდრომზე გავალ, ყველაფერი უნდა შევამოწმო. თან უნდა ვიქონიო GPS-ი და რუკა, სადაც დავალების რაიონი მექნება მონიშნული.

მოკლედ, კომბინეზონს ვიცვამ და აეროდრომზე გავდივარ. ხომალდის მეთაურის მოსვლამდე ბორტტექნიკოსისგან თვითმფრინავი უნდა ჩავიბარო. ეს იმას ნიშნავს, რომ მან, მართალია, უკვე შეამოწმა თვითმფრინავი, მაგრამ მიღება-ჩაბარების დროს მე ის კიდევ ერთხელ, ჩემებურად უნდა შევამოწმო. ვამოწმებ როგორც გარეგნულად, ისე სისტემის გამართულობას. ამის შემდგომ ხომალდის მეთაურს მოვახსენებ, რომ ეკიპაჟი და თვითმფრინავი მზად არიან დავალების შესასრულებლად.

ხომალდის მეთაური ხშირ შემთხვევაში მფრინავი ინსტრუქტორიცაა – ეს მან მასწავლა ფრენა. მე მეორე მფრინავი ვარ, მესამე კი ბორტტექნიკოსია, რომელსაც თვითმფრინავის ზოგადი მზადყოფნა და ძრავის პარამეტრების კონტროლი ევალება.

აეროდრომზე მისულს, მხვდებიან პარაშუტისტები, რომლებიც უკვე მზად არიან ფრენის შესასრულებლად. ინსტრუქტორის მითითებით იმ სიმაღლეს და მიმართულებას ვიღებთ, რომელიც პარაშუტისტებისთვის დავალებით არის გაწერილი. ასეთი აფრენა დღის განმავლობაში შესაძლებელია, რამდენიმე იყოს.

მთელი დღე ვიმუშავეთ პარაშუტისტების გადმოსხმაზე. ეს სამუშაო საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს და დღის ბოლოსთვის საშინლად ვიღლები. თუმცა ფრენა, რაც უნდა რთულ პირობებში გიწევდეს მისი შესრულება, მაინც ყოველთვის სასიამოვნოა.

18 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს გამოცდა მაქვს, ამიტომ სამსახურში არ ვარ. წლებია უკვე, საავიაციო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ სამსახურის გამო ყოველთვის მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. იმდენად დაძაბული რეჟიმი მაქვს, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პარალელურად სწავლასაც შევძლებდი. თუმცა, მადლობა ღმერთს, ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს და აი, პროფესიულ გამოცდაზეც მივდივარ. მივდივარ სიამოვნებით და შემართებით. ჩემი სპეციალობა იქნება „საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და საავიაციო მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია“.

მთელი სამსახური მგულშემატკივრობს, ჩაუბარებლობა გამორიცხულია! :)

ისე, სულ რაღაცას ვსწავლობ, სულ გამოცდები მაქვს და რაც უნდა კარგად ვიყო მომზადებული, მაინც განვიცდი და ვღელავ. თან დღეს სამხედრო ავიაციაში დიდი მზადებაა ხვალინდელი ღონისძიებისთვის – ხვალ ავიაციის დღეა.

გამოცდამ კარგად ჩაიარა, ჩავაბარე.

სახლში ოვაციებით შემხვდნენ. იცოდნენ, არ ჩავიჭრებოდი, მაგრამ მაინც ცოტათი ღელავდნენ: გამოცდა გამოცდაა. დედაჩემმა იხუმრა, ნეტავ, როდის უნდა მოწყდე სკოლის მერხსო?

თავს გამარჯვებულად ვგრძნობდი და ცოტათი მეზარებოდა, მაგრამ სავარჯიშოდ მაინც წავედი. ყოველ საღამოს დავრბივარ. ეს ბოლო დღეები არ მირბენია საგანგებო დავალებების გამო და ახლა ამის უფლებას ვერ მივცემდი საკუთარ თავს. ქუჩაში გავედი, სისწრაფე ავკრიფე. მაწანწალა ძაღლები თუ შემომხვდნენ, დამატებით ორი კილომეტრი მაქვს გამოწერილი. სახლში უკვე იციან, ძაღლებთან ერთად ვირბინე თუ მარტომ. იმის მიხედვით ხვდებიან, რამდენად გვიან ვბრუნდები...

19 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს სამხედრო საჰაერო ძალების 21-ე წლისთავია. 1992 წლის 19 სექტემბერს საქართველოში სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავით შედგა პირველი გაფრენა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. სწორედ ამ დღიდან აღინიშნება ქართული ავიაციის დღე. ეს დღე რამდენიმე წელი გაუქმებული იყო და გული გვწყდებოდა: თითქოს ისტორიას, ტრადიციას ვკარგავდით...

და აი, წელს თავდაცვის სამინისტრომ ავიაციის დღე საგანგებოდ აღნიშნა. მოეწყო ღია კარის დღე და მსურველებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საავიაციო ტექნიკა. უამრავი ბავშვი მოვიდა! სამხედროები თავიანთ ტექნიკასთან იდგნენ და ექსკურსიამძღოლების როლს ასრულებდნენ. მე ჩვენს თვითმფრინავთან ვიდექი. ბავშვებს რომ ვხედავდი, რაღაცნაირად მიხაროდა. ვფიქრობდი, ვინ იცის, რამდენი მომავალი ავიატორია მათ შორის-მეთქი. აღფრთოვანებულები, ათასგვარ კითხვას სვამდნენ, სურათებს იღებდნენ და, სხვათა შორის, ასაკის მიუხედავად, გადასარევად ერკვეოდნენ ტექნიკაში. მე კი საავიაციო უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, საფრენი აპარატი ახლოდან ნანახიც არ მქონდა. სურათებით და ნახაზებით ვსწავლობდი.

თვალებგაბრწყინებული დადის ყველა ავიატორი. დღევანდელი დღის შემდეგ იმაზე ფიქრიც შეიძლება, რომ საქართველოს ისევ ჰყავდეს დამოუკიდებელი სამხედრო ავიაცია.

20 სექტემბერი, პარასკევი
კვირის ბოლოა. შესაბამისად, მთავარი ყურადღება დავუთმეთ დოკუმენტაციის მოწესრიგებას, საფრენოსნო წიგნების შემოწმებას, განვლილი კვირის განხილვას და ახლის დაგეგმვას. რატომღაც დღიური არასოდეს მიწერია და, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა ყოველი დღის აღწერა: სულ ვფიქრობ, საინტერესო იქნება კი ეს ყველაფერი სრულიად უცნობი ხალხისთვის? არადა, ხვალ ჩაწერაზე მივდივარ. :)

პარასკევი საღამოა, ისევ მეგობრები მენატრება...

სამხედროს ცხოვრება ისეთი შეზღუდულია, მეგობრებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. უკვე კარგა ხანია, ვგეგმავთ და დღეს, როგორც იქნა, მოვახერხეთ შეხვედრა უახლოესმა მეგობრებმა. გვიან საღამოს შევიკრიბეთ ჩვენთან, სახლში, და გული ვიჯერეთ ლაპარაკით. დღეს შემიძლია გვიან დავიძინო: ხვალ დილით ფრენა არ მაქვს და დილაადრიან არ ვარ ასადგომი.

21 სექტემბერი, შაბათი
შაბათი ჩემთვის დილის ძილთან ასოცირდება, დილით ძილი ძალიან მაგარია!

ძილშიც დავფრინავ... ძილში, ალბათ, ყველა დაფრინავს, მაგრამ ჩემთვის ძილი თითქოს ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელებაა. მოკლედ, დილით ისევ ვიფრინე, ამჯერად – ძილში.

ჩემი ბავშვობის სიზმრები არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს, რომ ფრენა ყოველთვის მინდოდა. თანაც, მაინცდამაინც სამხედრო მინდოდა ვყოფილიყავი. თოჯინებით არასოდეს მითამაშია, ავტომატებით და ტანკებით ვთამაშობდი და ჩემი ტანკები სხვის თოჯინებს იცავდნენ.

მერე გავიზარდე და გადავწყვიტე, სამხედრო მფრინავი გავმხდარიყავი, მაგრამ საქართველოში მფრინავი ქალების მომზადების გამოცდილება არ იყო და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში არ მიმიღებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისის საავიაციო უნივერსიტეტში ჩამებარებინა საინჟინრო ფაკულტეტზე – საფრენოსნოზე აქაც უარი მითხრეს.

არ გადავთქვი და ბოლო კურსზე თავდაცვის სამინისტრომ მფრინავების მიღება გამოაცხადა. ბედი ვცადე და მიმიღეს. სამი ქალი ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ყოველწლიურად გვაკლდებოდნენ, სამივე ქალი ბოლომდე მივედით და თავდაცვის სამინისტროს მფრინავები გავხდით.

პირველად რომ ავწიე თვითმფრინავი ცაში, 20 წლის ვიყავი. როცა ავფრინდი, მახსოვს, ხმამაღლა სიმღერა დავიწყე. მანამდე ცხოვრებაში არ მემღერა. მივფრინავდი და ვმღეროდი. ეს იყო აღტაცების და ბედნიერების წუთები და მას შემდეგ ამ გრძნობას ყოველთვის განვიცდი, როცა ცაში ვარ. თუმცა ახლა უკვე ხმამაღლა აღარ ვმღერი...

ამასობაში, საქართველოში დაბრუნდა მფრინავი ქალების ტრადიცია. დღეს უკვე ნებისმიერ ქალს – თუ უნდა და ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს – შეუძლია, დაბრკოლების გარეშე გახდეს სამხედრო მფრინავი. მე ბევრი სირთულე გადავლახე, რომ ოცნება ამეხდინა და მიხარია, რომ მათ შორის ვარ, ვინც ეს ბილიკი გაკვალა.

ქუჩაში გავდივარ. რადიო თავისუფლებაში უნდა წავიდე დღიურების ჩასაწერად. ცას ავხედე. ფანტასტიკური ამინდია – მოწმენდილი ცა. ასეთ დროს ფრენა მირჩევნია...
XS
SM
MD
LG