Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია - პოლიტოლოგი


17 თებერვალი, კვირა
მახსოვს, როდესაც ინგლისურს ვსწავლობდი, პირველად მაშინ გავიგე, რომ ინგლისურ კალენდარში კვირა კვირადღით იწყება და არა ორშაბათით. ძალიან გამიკვირდა. ამან დამაფიქრა. მართლაც, კვირა კვირის ბოლოა თუ კვირის დასაწყისი? მას შემდეგ არაერთხელ დავკვირვებივარ ჩემს განწყობას, კვირას კვირის ბოლოდ აღვიქვამ თუ კვირის დასაწყისად?

დღევანდელი განწყობით თუ ვიმსჯელებ, დღეს კვირა კვირას საღამოს დაიწყო.

მთელი დღე ოჯახის ტრადიციული შეკრება მქონდა: ბევრი ბავშვით, დედით, მამით, ბებიებით, ძმებით, ახლობლებით. დილიდან დავიწყე ჩემი საყვარელი საქმე - საჭმლის კეთება. ახალი კერძი მოვიგონე. ყველა დიდი ინტერესით ელოდებოდა ჩემს ახალ კერძს. ფონად - მუსიკა. ტელევიზორი არც კი ჩაგვირთავს, პოლიტიკაზე არ გვიჩხუბია, ფეისბუკს ერთი-ორჯერ ზედაპირულად გადავხედე და არ „შევყევი“. მოკლედ, ორი რამით ვტკბებოდი: „ოჯახური იდილიით“ და პოლიტიკური სიმწვავის არარსებობით. დღის ეს ნაწილი, აშკარად, კვირის ბოლო იყო.

ცხრისთვის ყველა მიმოიფანტა. ბევრი ვეცადე, ჩემი მეგობრები შემომეტყუებინა სახლში, რომ კვირის ბოლო გამეხანგრძლივებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. გავხსენი წიგნი, ვიფიქრე, წავიკითხავ მშვიდად-მეთქი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კვირის დასაწყისი „შემომეპარა“. კვირის გეგმები არ მასვენებს. დავიწყე ჩემს თანაGRASSელებთან მიმოწერა, კვირის განმავლობაში გასაკეთებელ საქმეებზე ფიქრი, ღელვა. დავყავი საქმეები სანერვიულოდ, სასიამოვნოდ, საინტერესოდ, უინტერესოდ...

აღვიდგინე ბოლო პოლიტიკური მოვლენების სურათი. სურათის აღდგენისას მთავარი კრიტერიუმია - უკეთესისკენ მიდის თუ უარესისკენ. გამახსენდა, რომ კვირის დასასრული ოპტიმისტურად მეჩვენა, კერძოდ „ნაციონალებმა“ და „ოცნებამ“ თითქოს კონსტრუქციულად დაიწყეს ლაპარაკი 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე ამუშავებაზე. ანუ, შანსი არის. ამასთანავე, გამოცდილება თუ ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს ტენდენციები ელვისებურად იცვლება ზუსტად საპირისპირო მიმართულებებით და ამიტომ თავს ზედმეტი ოპტიმიზმისგან ვიკავებ.

საერთაშორისო ამბებში, ლავროვი კერის საჯარო შეთავაზებას არ გამოეხმაურა იმ მიზეზით, რომ ზედმეტად დაკავებულია - ანუ რუსების „გონორი“ იმატებს.

ხვალინდელი დილა იწყება კონფერენციით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აწყობენ და სადაც მთავრობა წარდგება 100 დღის ანგარიშით. უცებ დავფიქრდი და მივხვდი, რომ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მთავრობის დიდ ნაწილს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, „ცოცხლად“ მოვუსმენ. რას იტყვის, დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც მაინტერესებს. უცებ იმასაც მივხვდი, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც კონფერენციას დავესწრები არა მთავრობის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით. ახალი რაკურსია და ესეც საინტერესოა.

ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.
თავისუფლების დღიურები - ელენე ხოშტარია
please wait

No media source currently available

0:00 0:11:49 0:00
გადმოწერა

18 თებერვალი, ორშაბათი
ორშაბათი გამოვიდა ჭეშმარიტად „ორშაბათული“, ანუ ორშაბათი მძიმე დღეა. დავესწარი კონფერენციას, რომელზეც შინაარსობრივად ახალი, პრინციპში, არაფერი გამიგია. შთაბეჭდილება კი ბევრი იყო და ბევრ რამეზე დამაფიქრა.

პირველი შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიური იყო: მომეწონა და მესიამოვნა, რომ მთავრობა დიდი შემადგენლობით რამდენიმე საათს უსმენდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვფიქრობდი, მაინც რამხელა პროგრესია! განსაკუთრებით 90-იანების შემდეგ, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ჭურვებს ესროდნენ ერთმანეთს. ახლა ისინი მხოლოდ „ილანძღებიან“. მე კი მინდა, რომ მეტი პოლიტიკური კულტურა გამოვიჩინოთ, მაგრამ ობიექტურობისთვის მაინც აღსანიშნავია, რომ პროგრესი აშკარაა.

მეორე მხრივ, პროგრესის მიუხედავად, ფაქტია, რომ მართლაც გვაკლია პოლიტიკური კულტურა. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ჩემ თავსაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

საღამოს გამოსვლა მქონდა „მაესტროზე“, „პოლიტმეტრში“, და როდესაც დინსტანცირება მოვახდინე ჩემი თავისგან და გარე თვალით ვუყურე ამ გამოსვლას, მეც ზუსტად ისეთივე პოლიტიკური კულტურის ნაკლებობით გამოვირჩეოდი, რაც დილით კონფერენციაზე მაწუხებდა. მთავარი პრობლემა ამ დებატებში და პაექრობაში არის კატეგორიულობა. ყველა მხარე აბსოლუტურად კატეგორიულია თავის მტკიცებებში და არანაირი მზაობა არ არის მეორე მხარის პოზიციის გაგებისა. დებატები იმისთვის კი არ იმართება, რომ საბოლოოდ კამათში ჭეშმარიტება გაჩნდეს, არამედ, თითქოს ჩვენი თავის წარმოჩენას ვცდილობთ და, უბრალოდ, დებატებში მოგებას. ამ დროს გავიწყდება მთავარი: რომ მთავრობის ნებისმიერი წევრისა თუ საზოგადო მოღვაწის გამონათქვამს, პოზიციას, გავლენა აქვს ქვეყნის განვითარებაზე - ანუ, ყველა ჩვენს სიტყვას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და „თამაშის“ ნაცვლად, სადაც „მოგებაა“ მთავარი, ქვეყნისთვის სასარგებლო გამოსავალზე ვიფიქროთ.

19 თებერვალი, სამშაბათი
ჩვეულებრივი დღე. გადარბენა, სამსახურებრივი რუტინა. თუმცა „როლიკმა“ „არა ოკუპაციას!“ წარსულის ეპიზოდები გამახსენა.

დღეს გამოვიდა „როლიკი“ – „არა ოკუპაციას!“ , სადაც სხვადასხვა ადამიანი ძალიან მოკლე დროში გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ოკუპაციის მიმართ. რაც მომეწონა ამ „როლიკებში“, არავინ იპრანჭებოდა, რაღაც ბუნებრივი გამოვიდა (დიდი იშვიათობაა ჩვენთან!).

მეც ვიყავი ამ „როლიკებში“ და ვიხსენებ 1989 წლის 10 აპრილის ამბავს, როდესაც რუსის ჯარი უნივერსიტეტის წინ სტუდენტებს არბევდა. გამახსენდა ჩემი პოლიტიზებული ბავშვობა. კარგად არ მესმოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ემოცია მაინცდამაინც უარყოფითი იყო. მახსოვს სახეები აღელვებული და დაღლილი მშობლებისა, რომლებიც 9 აპრილის ღამის ეპიზოდებს ჰყვებოდნენ.

რაღაც მომენტში მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით ბებიასთან სახლში, ჭავჭავაძის გამზირზე. ვიცოდით, რომ ქალაქში ჯარი იდგა, კომენდანტის საათიც პირველად მაშინ გავიგე, რა იყო. აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, მაგრამ მახსოვს, მე და ჩემი ძმა გავიპარეთ სახლიდან (საერთო აჟიოტაჟში ჩავებით) და ავირბინეთ მრგვალ ბაღთან. იქ დავინახეთ მრგვალი ბაღის ირგვლივ ჩამწკრივებული რუსი ჯარისკაცები. გავჩერდით. მომინდა, რაღაც მექნა მათ წინააღმდეგ. თან გვეშინოდა. რომ ვუყურებდი, ადამიანების შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ, რაღაც ბოროტი რობოტებივით იყვნენ, შუშის თვალებით. როგორც მახსოვს, მოვკიდე ჩემს ძმას ხელი, მივუახლოვდით. ერთ-ერთის ფეხებთან დავაფურთხეთ (პირდაპირ შეფურთხების შემეშინდა) და თვალებში ჩავხედე გამომწვევად. ამასობაში გარშემო მყოფმა (ჩემთვის უცნობმა) უფროსებმა დაინახეს ბავშვების ეს ცელქობა და გამოვარდნენ ჩვენკენ, ჯარისკაცებს უთხრეს, ბავშვები არიან, არაფერი უქნათო და გამოგვიყვანეს იქიდან.

მეორე ეპიზოდი იყო ისევ ბებიასთან, იმავე დღეებში. მარტო დამტოვეს სახლში და მითხრეს, ფანჯარაში არ გაიხედო და კარი არავის გაუღოო. რა თქმა უნდა, როგორც კი უფროსები წავიდნენ, გავვარდი ფანჯარასთან. ფანჯრის რაფაზე ავხტი და, როგორც საშინელ ფილმს, ისე ვუყურებდი ჯარისკაცების და ქართველების შეჯახებას. როგორც მახსოვს, მარცხნიდან ქართველები იყვნენ, პირი ცხვირსახოცებით ჰქონდათ ახვეული, ბევრს დროშა ეჭირა და აგინებდნენ ჯარისკაცებს. მარჯვნიდან ნელი და შემზარავი ნაბიჯით მოდიოდნენ ჯარისკაცები. რაღაც მომენტში ეს კადრი აირია და ეს ორი მხარე ერთმანეთში აიზილა. ამ დროს დავინახე, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი ჩვენს ეზოში შემოვარდა. როგორც მივხვდი, ჯარისკაცებს გაურბოდნენ. გავვარდი კარებთან და ჩუმად დავდექი. მესმოდა, პირველ სართულზე უკაკუნებდნენ ვიღაცას. არ გაუღეს. ორ-სამ მეზობელთან სცადეს. არავინ გაუღო კარი. მე გული საშინლად მიცემდა. თან მეშინოდა, თან მშობლების მითითება მახსოვდა და თან რაღაც მკარნახობდა, რომ კარი უნდა გამეღო. შიში ძლიერი იყო. რატომღაც ვიფიქრე, არ მომიტაცონ ან არ გაგვქურდონ-მეთქი. მოკლედ, ეს ხმაური ჩემს კარებთან მოახლოვდა და დაირეკა უწყვეტი ზარი. თან გაისმა შეძახილები: „გაგვიღეთ, გაგვიღეთ!“. ძალიან ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს გავაღე. პირველი, რაც ვუთხარი, მოდით, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ჩემს მშობლებს არაფერი უთხრათ და სანამ ისინი მოვლენ, წადით-მეთქი. ვის ეცალა ჩემი ბუტბუტისთვის?! მომკიდეს ხელი და მითხრეს, შეძვერი ახლა ლოგინის ქვეშ, ჩვენ უცებ დავილაპარაკებთ და წავალთო. მეც შევძვერი ლოგინის ქვეშ. მესმოდა მათი აღელვებული ლაპარაკი. ერთ-ერთი მივიდა ფანჯარასთან, გააღო და დაიწყო გინება. სხვებმა ყვირილი დაუწყეს, რას შვრები, ბიჭო, პატარა ბავშვია მარტო სახლში და რომ ამოვარდნენ, მერე რას ფიქრობო. ცოტა ხანში გამომიყვანეს ლოგინის ქვეშიდან, სათითაოდ მაკოცეს და მითხრეს, ახლა უკან შეძვერი, სანამ მშობლები მოვლენო. რომ წავიდნენ, ჩემი თავი რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის თანამონაწილე მეგონა და შიშის, დანაშაულის და სიამაყის შეგრძნება ერთმანეთში ირეოდა.

მშობლები რომ მოვიდნენ, რა თქმა უნდა, არაფერი მოვუყევი და ვინახავდი საიდუმლოს. რამდენიმე დღეში ირეკება ზარი. ბებიაჩემი აღებს კარს და მის წინ დგას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილებით და კამფეტებით (რომელიც მაშინ დიდი დეფიციტი იყო და რომელზეც ბებიაჩემი გიჟდებოდა). შემოვიდა ის სამი ახალგაზრდა და ბებიაჩემი შეამკეს მადლობებით. მე კი გული გამისკდა, ვიფიქრე, მაგრად დამსჯიან-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, არ დავუსჯივართ.

20 თებერვალი, ოთხშაბათი
დილით ჟურნალისტის ზარმა გამაღვიძა, ჩაწერა უნდოდათ რუსეთის ახლად გამოსულ საგარეო კონცეფციაზე. შეხვედრა დავუთქვი, ჩავუჯექი კონცეფციას და წავიკითხე.

კითხვისას დამეუფლა დადებითი ემოცია, რომ მთავრობაში აღარ ვმუშაობ და რას სად ვიტყვი, აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული. წავიკითხავ, დავფიქრდები და როგორც ჩამოვყალიბდები, ისე ვილაპარაკებ. ეს დამოუკიდებლობის და დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება ძალიან ღირებულია და ბევრი რამის კომპენსირებას ახდენს.

მეორე რაც გამახსენდა, ინსტიტუტის პერიოდი იყო, როდესაც პირველად დავიწყე დოკუმენტების კითხვა, დამუშავება, გაანალიზება. ეს სწავლის პროცესი იმდენად ინტენსიური და საინტერესო იყო, თითქოს ჩემი ტვინის მოძრაობის ხმა მესმოდა: აი, როგორ ვარჯიშობს და გარდაიქმნება ტვინი. ესეც ძალიან ღირებული და სასიამოვნო, თუმცა სტრესებით სავსე პროცესი იყო.

მოკლედ, გავეცანი კონცეფციას. ჩვენთვის ფუნდამენტურ ყველა საკითხზე ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები ეწერა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გათელილია იმ დებულებით, სადაც აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაზე საუბრობენ. ჩვენს სურვილს, ნატოში გავწევრიანდეთ, უპირისპირდება მათი სრულიად არალეგიტიმური და „ცივი ომის“ ფილოსოფიით გაჟღენთილი დებულება ნატოს გაფართოვების დაუშვებლობაზე. პლუს საუბრობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომლის ცენტრალურ მექანიზმად ევრაზიულ კავშირს მოიაზრებენ და ნათლად წერია, რომ დაინტერესებული არიან, ჩართონ ამაში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სახელმწიფოები. როგორც ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმა თქვა, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხვდება, რას ემსახურება ევრაზიული კავშირის შექმნა - საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით აღდგენას. რამდენად კარგად აქვს გააზრებული ეს საფრთხე დღევანდელ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას, არ ვიცი. ფაქტია, რომ ისტორიული მეხსიერება ძალიან მოკლე გვაქვს. ბევრი საუბრობს დღეს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე და როგორ წარმოუდგენიათ ისეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც პატივს არ სცემს (არც არასდროს სცემდა და არც არავისთან მიმართებაში) საერთაშორისო შეთანხმებებს და რომელიც თავის სიძლიერეს ძალადობრივი გავლენის სფეროს აღდგენაში ხედავს, არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე სტატია დავწერე და სწორედ ამით დავიწყე, რომ საოცარია, უკვე მესამე საუკუნეა, საქართველოს წინაშე ერთი და იგივე, რუსული ოკუპაციის პრობლემა დგას.

მოკლედ, ეს ფიქრები და ემოციები რამდენიმეწამიან ინტერვიუში მოვაქციე და ვეცადე ამეხსნა, რა საფრთხეები ვლინდება საქართველოსთვის ამ კონცეფციაში; იმედი გამოვთქვი, რომ ხელისუფლებისთვის ეს იქნება გზავნილი, რომ რუსეთი არ იცვლება და მასთან ურთიერთობის დარეგულირება მეტად რთული საკითხია.

21 თებერვალი, ხუთშაბათი
ნაცრისფერი ხუთშაბათი. ბევრი საქმე, ბევრი მოვლენა, მაგრამ დღემ თითქოს ისე ჩაიარა, რომ არაფერი ღირებული არც შემიქმნია და არც მიმიღია. ამან გამახსენა ერთი დღე, როდესაც სწორედ საპირისპირო განცდა მქონდა, რომელიც ასე გამოვხატე: „დღეს ჩემი დღე შედგა, იმიტომ, რომ ქალბატონი ლია ჩლაიძე გავიცანი.“

ამიტომ დღევანდელი ნაცრისფერი ხუთშაბათიდან დისტანცირებას მოვახდენ და ქალბატონი ლია ჩლაიძის გაცნობაზე დავწერ ცოტას.

ერთ მშვენიერ დილას მივედი თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი ერთ-ერთი საქმე უნივერსიტეტის გამომცემლობის საკითხებია. შეხვედრა მქონდა დანიშნული ერთ სასიამოვნო გოგოსთან, რომელიც გამომცემლობის საკითხებს კურირებს და მინდოდა მისგან ინფორმაციის მიღება. შევედი სასადილოში და ჩემი ყურადღება მიიპყრო სასიამოვნო, ასაკოვანმა ქალბატონმა, რომლისგანაც ჭკუა, სიკეთე და დახვეწილობა ერთად ასხივებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამ ქალბატონს, როგორ უღიმოდა სასადილოს თანამშრომლებს, მორიდებულად არჩევდა საჭმელს, მერე ერთი იხუმრა კიდეც საჭმლის ყიდვის დროს და გაემართა მაგიდისკენ. იქვე იჯდა სწორედ ის ანა, რომელთანაც შეხვედრა მქონდა დანიშნული. ჩემდა გასაკვირად და გასახარად, ეს ქალბატონი ანას მაგიდას მიუჯდა. მეც იქვე დავჯექი და ასე გავიცანი ქალბატონი ლია ჩლაიძე, რომელიც არის, ჩემი შეფასებით, უბრალოდ, გენიოსი. მას ეკუთვნის ფამუქის ქართული თარგმანი. ამ თარგმანით სრულიად აღფრთოვანებული ვიყავი სწორედ ბოლო რამდენიმე თვე - მეც და ჩემ გარშემო მყოფი არაერთი ადამიანი. მაგიდასთან გასუსული ვიჯექი და ვუსმენდი ქალბატონი ლიას არაჩვეულებრივ, გულისამაჩუყებელ ისტორიებს. არაერთი სევდიანი ისტორია მოჰყვა საოცარი იუმორით. მთავარი, რაც ამ მდიდარი ბუნების ადამიანს ახასიათებდა და თვალში გეცემოდა, იყო თავმდაბლობა. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ასეთი ადამიანი საქართველოში ოდნავ მეტი რომ იყოს, სულ სხვანაირად წავიდოდა ჩვენი საქმე.

22 თებერვალი, პარასკევი
სამწუხაროდ, კვირის დასაწყისში ჩემ მიერ გამოთქმული ეჭვი თუ ინტუიცია, რომ მოვლენების უკეთესობისკენ განვითარება მხოლოდ დროებითი იყო, გამართლდა. გუშინ გამოცხადდა, რომ კონსტრუქციული დიალოგი და კონსულტაციები ორ პოლიტიკურ ძალას შორის საკონსტიტუციო პაკეტზე ჩაიშალა თუ შეწყდა. ბუნებრივია, ორივე მხრიდან ისმოდა ბრალდებები. მათ გარჩევას, მთელი კვირის მოვლენებით გადაღლილი, აღარ დავიწყებ. არაფერი ახალი არ არის. ცუდია, რომ კარგი ტენდენცია ისევ ნეგატიურმა ჩაანაცვლა.

საღამოს თბილისის მერს, გიგი უგულავას ბრალდება წაუყენეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულს იფხანს, ნეტა მალე დაიჭირონო; ნაწილი ღელავს, ნეტა არ დაიჭირონო; ნაწილს კი, უბრალოდ, დაღლილობის და ზოგადი სიბინძურის შეგრძნება აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ჰაერი დამძიმებულია და ნეგატიური ენერგია ჭარბობს.

23 თებერვალი, შაბათი
რუსი ჯარისკაცის დღე. იმედია, საქართველოში არ მოინახება ბევრი ადამიანი, ვინც ამ დღეს დღესასწაულად აღიქვამს. სწორი ისტორიული მეხსიერება არა მხოლოდ ემოციურად არის მნიშვნელოვანი, არამედ უკეთესი მომავლის შესაქმნელადაც.

ვასრულებ თავისუფლების დღიურის წერას. არ ვიცი, ამ ერთკვირიანი წერით რაიმე ფასეული თუ შევქმენი, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ პროცესი მესიამოვნა და საკითხების შესახებ საღამოს დისტანცირებულად ფიქრის ჩვევა გამიჩინა, რაც ნამდვილად კარგია. მე მგონი, ჩემთვის დღიურის წერას გავაგრძელებ.
XS
SM
MD
LG