Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კეკელიძე - პოეტი


1 დეკემბერი, კვირა

გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში;
დახშულია ჭიშკარი,
ადევს კლიტე უხეში.
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.
თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?

ამ ლექსს მიკითხავდა მამაჩემი საღამოობით. ოდნავ შემაშინებელი, დრამატული ხმით. ველოდით „ცენტრალურს“, ანუ ელექტროენერგიას – 00:00 საათზე მოდიოდა და გულისხმობდა ფილმს, რომლის ნახვასაც ვასწრებდით ამ „ცენტრალურთან“ დამშვიდობებამდე. ცოტა გვიან გავიგე, რომ ლექსს „დედისერთა ლენინთან“ ჰქვია. სანდრო შანშიაშვილმა დაწერა. კომუნისტმა პოეტმა. მეც დედისერთა ვარ.

დღიურების წერა ცოტა მანერული საქმეა, ნაკლებგულწრფელი. ახლაც პათეტიკური დაწყება გამომივიდა. არადა, საიდან აღარ მივუდექი. იმ დღიურებზე ვამბობ, ათასობით ადამიანმა რომ უნდა წაიკითხოს. უფრო ყოველკვირეულ ანგარიშს ემსგავსება – მეტი მიმდინარე და მწვავე ამბავი გინდა ჩაატიო, ირიბად სენტიმენტალური ჩანართებიც მიაქსოვო – ხალხს ცრემლი მოადგება. ან რამე ისეთი დაწერო, შენი სამოქალაქო სული რომ იტრიალებს. მოკლედ, საგარეოდ მომგებიანი ამბები.

„საგარეოზე“ საგარეო ტანსაცმელი გამახსენდა. ასეთი ცნება ჩემში მაშინ მოკვდა, როცა ოზურგეთი-თბილისის ახალაჩქაროსნებულ მატარებელზე (დღემდე „სკორიდ“ რომ უხმობენ გურიაში) და მას მერე, ალაგ-ალაგ თანამეოთახეების ჩათვლით, მარტო ვცხოვრობ. ჰოდა, ვზივარ ასე საგარეო ტანსაცმლით და დღიურის წერას ვიწყებ.

დღეს კვირაა, ჩემი ერთადერთი უქმე დღე. დილით ბინის ქირა გადავიხადე და უმალვე შინ დავბრუნდი. მთელი დღე ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ. არც მეგობრებს ვნახულობ, თუმცა ლუდის დალევა შეიძლებოდა. მიზეზი მარტივია: მგონია, ვცივდები. ამ დროს ანასტასია ლაპიაშვილს ვურეკავ. ექიმს, რომელიც ყოველთვის მეხმარება ვირტუალურად და წამლებს მინიშნავს. ისე, ზოგადად, იპოქონდრიისკენ მიდრეკილი კაცი ვარ – უკვე ყველა მომაკვდინებელი დაავადება „გადავიტანე“. ვხვდები თაკო როდონაიას, რომელიც მანქანის მართვას მაუმჯობესებინებს ქალაქის ახლომახლო. მართვის მოწმობის აღებას ვგეგმავ – „ეგდოს მაინც“. კვირა კი მალე მიილია. ალაგ-ალაგ, ინტერნეტის მეშვეობით ნათია სვანიძეს ვეკამათები ეტიკეტების აუცილებლობის შესახებ ჩვენს დროში. ის უმეტესწილად აუცილებლობას იცავს. ის ჩემი მეგობარია. მე კი ტრადიციას ვარღვევ – არც „ომის ღმერთს“ ვთამაშობ – მისი ტრაგიკული გმირით – კრატოსით. შეიძლება უბრალოდ დაძინება მირჩევნია. ორშაბათის პირას უნდა დაეწერა და არა ჯოჯოხეთის: „თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა“ – მაგრამ რა იცოდა დანტემ პროექტებისა და დედლაინების. უკვე ზამთარია. მკაცრი პირი უჩანს. გარეთ ცივა. ქრის ქარი.
თავისუფლების დღიურები - გიორგი კეკელიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:13:56 0:00

2 დეკემბერი, ორშაბათი
გაცივებას გადავურჩი. დღეს ორშაბათია. ნიშნავს – დილით ლექციას ვატარებ თავისუფალ უნივერისტეტში და მერე – საჯარო, ანუ ეროვნული ბიბლიოთეკა. იქ ბევრი საქმეა. ათასგვარი ხალხი. თანამშრომლები. შემხვედრები. ჟურნალისტები. თავიდან ცოტა მერთულა და შემდეგ მეტ-ნაკლებად სასიამოვნო რუტინად იქცა. როცა დავინიშნე, 27 წლის ვიყავი. ცხადია, ამას მოჰყვა შესაბამისი ვაი-ვიში და დალოცვებიც წყევლებითურთ. წყევლათა ნაწილი ახდა. დალოცვებისაც. რაც შეეხება დღევანდელ ამბებს, ორ სავარაუდო სპონსორს ვხვდები. ერთმა საბავშვო ოთახი უნდა დააფინანსოს, მეორემ – ემიგრაციის დარბაზი. ადრეც გვქონდა მსგავსი ამბავი: „ლიბერთი ბანკმა“ დიდი ელექტრონული სამკითხველო გაგვიკეთა, ქართველოლოგიის დარბაზი კი – სხვადასხვა კომპანიამ. ასე ვატყობ, ორივე ზემოთ ხსენებული საქმე გამოვიდა. მიხარია და ფეისბუკზე ვწერ. „ალაიკებენ“. ერთი მეორეს მისწერს ალბათ: „რა გაგვიხურა ამ ბიბლიოთეკის ამბებით საქმე, რა პოპულისტია ეს ბიჭი!“ მე ხომ კარგად ვიცნობ ამ ხალხს მათი შიდაფეისბუკური რეაქციებითურთ.

მოქალაქეა მოსული. მაძლევს CV-ის. მეუბნება, რომ სულ ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყებაზე ოცნებობდა. ვეუბნები, რომ უცნაური ოცნებაა და დავურეკავთ, თუ რამეა. ასეთი ამბავია. ლელა ბუცხრიკიძეს, რომელიც ჩემი თანაშემწეა, ხელმოსაწერები შემოაქვს. ჩაის ვსვამ და ცალი თვალით ვკითხულობ „ლელოს“. ფეხბურთი რომ არ არსებობდეს, მუსიკა და კინო, ძნელი იქნებოდა ცხოვრება. ლიტერატურასაც დავთმობდი მათ სანაცვლოდ. კომპიუტერულ თამაშებსაც კი!..

მირეკავენ და მეკითხებიან, „იმედის გმირების“ ჟიურის წევრობა ხომ არ გადაიფიქრეთო – არ გადამიფიქრებია. ლილე მირეკავს და მეუბნება, რომ სახლში აიარა და კომუნალური გადასახადების ქვითარი წაიღო. მე ვეუბნები, რომ მიყვარს. ისიც მეუბნება. ლილე ჩემი მეგობარი გოგოა. ლილე ლოლიშვილია. ერთი-ორი ინტერვიუსავით. საბუთებზე ხელმოწერები თვალის აჭრელებამდე: „სოფო გელუკაშვილს“, „ემზარ ჯგერენიას“, „მერაბ ვეკუას“, „ლევან თაქთაქიშვილის“. დღეს უკვე საბოლოოდ დავიწყეთ „რეპრესირებული წიგნის მუზეუმის“ კეთება – იმ ოთახის მომზადება, სადაც უნდა მოვაწყოთ ექსპოზიცია.

3 დეკემბერი, სამშაბათი
სტუდენტები ვიყავით. ფული არ გვქონდა. იდეები – უხვად. რა აღარ მოვსინჯეთ! აჭარაში, ნასესხები ფულით ნაყიდი მანდარინიც კი გადავიტანეთ მეგობრებმა მეზობელ აზერბაიჯანში – გასაყიდად. ტანსაცმლის მაღაზიაც კი გაგვიხსნია სესხითვე. მერე ეს ფული სხვა, უფრო ხელს რომ აგვდიოდა, ისეთი საქმეებით გვიხდია. ციხეში ვასწავლიდით ქართულს. მოსწავლეებსაც – ციხის გარეთ. დაგროვილი ფულით ლიტერატურულ გაზეთს ვუშვებდით. „ლ’ილ“ – ასე ერქვა. მე და ზაალ ჩხეიძე ვიყავით რედაქტორებიც, ამკრეფებიც, დამკაბადონებლებიც, გამსაღებლებიც. მერე იყო lib.ge. დღემდე არის. კიდევ ათასი რამ. სამსახურები (ოცლარიანი ხელფასით). პროექტები. მათ შორის სიყვარულები. ეს საშინელი სიყვარულები დეპრესიებითურთ. ლექსებიც. წიგნიც. 2009 წელს, „საბა“ რომ გადმომცეს, მეგონა, უკვე პირველი კაცი ვიყავი და მესამე დღეს ხელი ვიღრძე. აღმართ-დაღმართის საქმეა, რა. ბანალური. სიტყვამ ირიბად მოიტანა და უფრო ღრმად ინტიმურ და მსგავს ისტორიებზე მეორე, პარალელურ დღიურში დავწერ, რომელსაც დავმარხავ – თორემ რაც აქამდე დავწერე და ერთი-ორჯერ სექსი ვახსენე, მე თვითონ დამმარხეს რამდენჯერმე.

საერთოდ, ბევრ რამეს მოდებული კაცი ვარ. თანდაყოლილი წყევლა თუა. ან ლოცვა. რა ვიცი... ყველა გამოწვევას ვიღებ თითქმის. ხვალ დილით ექვსზე უნდა ავდგე და ტელეკომპანია „მაესტროში“ წავიდე. კვირაში ორჯერ დილის გადაცემა „მაღვიძარა“ მიმყავს. ძალიან საინტერესო საქმეა, ახალი და უჩვეულო. ბევრს უკვირს, რატომ გადაწყვიტეო. საინტერესო და უჩვეულო რომ არის, იმიტომ. ჩემი თანაწმყვანი მანიკა ასათიანია. თემები და სტუმრები – მრავალგვარი. მე კი ასე ვცხოვრობ. „ბრძოლის ველის განვრცობა“ დავარქვი ამას. უელბეკისა არ იყოს.

აქედან – ლექციებისკენ თავისუფალ უნივერსიტეტში. „ლიბრი მაგნის“ ფორმატში „ჰამლეტს“ ვასწავლი. ძალიან მაგარი სტუდენტები მყავს. ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მყოლია. უამრავ ინტერპრეტაციას მივმართავთ, ზოგს დამაფიქრებელს, ზოგს – სახალისოს. შექსპირი გაგვირისხდებოდა, ისეთი ზრახვები „გავუმჟღავნეთ“ გერტრუდასა და ლაერტს. გზად მე და ბიბლიოთეკის თანამშრომელი, მძღოლი, საინტერესო პოეტი მურად მიგრიაული მსოფლიო და ქართული პოლიტიკის შესახებ ვმსჯელობთ. უკრაინის ამბებია ეპიცენტრში.

ბიბლიოთეკაში ათამდე შეხვედრა მაქვს. ერთი ინტერვიუ. იქვე ვიგებ, რომ დეიდაშვილს, დათოს, ბავშვი შეეძინა. სახლში ცოტა ადრე მივდივარ, რადგან ისევ მგონია, რომ ვცივდები და გამოფიტულიც მეთქმის. რაღაც გართობასავით მქონდა დაგეგმილი საღამოს ვისკითურთ, მაგრამ აღარ შემიძლია. უფრო გვიან ჩემი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი მირეკავს და ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეარჩია სავარაუდო შენობები, რომელსაც ჩვენ ვეძებდით წიგნთა ფონდის ნაწილის განსათავსებლად. ეს კარგი ამბავია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი კორპუსების რემონტისთვის მოიძებნოს ფული. ყველგან ამ მოთხოვნით ვაკაკუნებ. აი, ია ანთაძესთან ინტერვიუშიც ამას ვამბობ, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

შინ მისულს, ნათია გულიაშვილის წერილი მხვდება. ნათია ჩემი ძველი მეგობარია. რამდენიმე წელი ვცხოვრობდით ერთად. სულ ხელნახევარის თითებზე ჩამოსათვლელი გოგო მიყვარდა და მათ შორის ისიც. თუმცა მასთან ყველაზე დიდხანს ვიყავი და რაღაც აზრით, სულ ვიქნები. მეუბნება, რომ დადა დადიანთან დადის მუსიკის „კეთების“ შესასწავლად. ახლა ლონდონში ცხოვრობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც ნათიამ უნდა აკეთოს. ადრე სხვა, უფრო უინტერესო საქმეს ალევდა ენერგიას.

ფეხბურთის ძველ მომენტებს ვუყურებ და ვიძინებ.

4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ადრე გამეღვიძა და კითხვა დავიწყე. ორიოდ საათი გავიდა. კი დავთქვი, აღარ ვიზამ-მეთქი, მაგრამ კომპიუტერი ჩავრთე და ერთი პოპულარული საიტის კომენტარების ველი „ჩავხსენი“. რაღაც ინტერვიუ გამოქვეყნდა ჩემთან. იქ ერთგან ვამბობ: „ქართული სექსუალური რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა“. კომენტარების მინდორში ანონიმი მპოსტველები გამოსულან პოსტვად. განიხილავენ უცნაურ ამბებს: სიმპათიური ვარ თუ არა. შეუსაბამო ხომ არ ვარ თანამდებობისთვის. ერთი-ორჯერ შემხვდა: „რაიონიდან ჩამოვიდა და...“ „მაგან დააქცია ბიბლიოთეკა“-ც კი. „რა გინდათ, ახლაგაზრდა კაცია?“ – გაისმა ასეთი საოცარი გამოსარჩლებაც. რატომღაც კოჰაბიტაცია ახსენეს. ბევრი ძალიან მლანძღავს. ბევრიც ზედმეტად მაქებს. სირცხვილო და, ჩემდამი მოძღვნილ ლექსებსაც კი წავაწყდი კომენტარებში. ბიბლიოთეკის ბოლოდროინდელი მიღწევების ნუსხასაც. „ეგ არ გინდოდა?“ – ეუბნება ერთი გიორგი კეკელიძე მეორეს, გულდაწყვეტილს, და ამ მეორეს სხვა რა ძალა აქვს, აღიაროს: ჰო, ტროლებიც ბლომად იყვნენ, ეს ტროლობა კი უცნაური საქმეა. ვერლიბრის წერასავით. ყველას შეუძლია, მაგრამ ნიჭიერად გაკეთებაა რთული, რომ არ გადაამლაშო. ამ ხელობის კარგი მცოდნეებიც გვყავს. მაგალითად: ათუკა ქარჩხაძე და კიდევ ერთი-ორი. ვთქვათ – გიორგი ავალიანი საკუთარი მიმართულებით.

დილით ეს ამბები ვნახე და რვისკენ სტატიის წერა გავაგრძელე ქართულ ზღაპრებზე. ნახევარ საათში გავუგზავნე ნენე კვინიკაძეს და მაიკო წერეთელს. „გთხოვთ მიღება დამიდასტუროთ“. გავედი. ათზე ლექცია ჩავატარე. ომზე და ლიტერატურაზე. შემდეგ გაკვეთილი მაქვს თამთა ცინცაძესთან, აქ მე ვარ მოსწავლე – მეტყველების ნიუანსების გასაუმჯობესებლად. შუადღისას გადაცემაში მივდივარ სტუმრად პირველ არხზე: ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა – დიდი ლექსის ავტორის და უცნაური ბიოგრაფიის მქონე კაცის.

ბიბლიოთეკა. თანამშრომლები. ვმსჯელობთ ჩვენი ჟურნალის მომავალზე, ავლაბრის არალეგალური სტამბის კონცეფციაზე, ახალ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე, რომელმაც რაიონული ჟურნალ-გაზეთები უნდა მოიცვას. ხელფასების მომატების გეგმაზე. სამეურნეო ამბებზე. ძალიან სტრესული სამსახურია. ბევრი განაწყენებული ადამიანით. ვერ გამოდის, ყველას რომ დაეხმარო. საქმე აღარ გაკეთდება. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს. შეგუებული ვარ. მირეკავს პროდიუსერი თამუნა მჟავანაძე და დილის გადაცემას ვგეგმავთ. ღამდება.

5 დეკემბერი, ხუთშაბათი
შუაღამისას „მანჩესტერმა“ შინ წააგო „ევერტონთან“. მსგავსი ამბები ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასია. ვერ ვხვდები, მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს უკავშირდება პრობლემა, ფეხბურთელებს, თუ სერ ალექსის წასვლით გამოწვეული შოკია...

მომდის წერილობითი დასტური, რომ პრეტორიაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა ჩვენი დახმარებით. აქამდე ვენაში, სტამბოლში, პრატოში, კიევში, მიუნხენში, პოტსდამში, ათენში გავხსენით. მალე ბაქოში, ბარსელონაში და ტოკიოშიც გავხსნით. ცხადია, მიხარია. დილით ისევ „მაღვიძარა“ იყო, შემდეგ – ლექციები აგრარულ უნივერსიტეტში. ერთგვარი აზარტია, განსხვავებული პროფესიის ხალხს ასწავლო ლიტერატურა. ბაქოში უნდა წავსულიყავი, მაგრამ გადაიდო. ჩვენი მეგზური და ამ საქმეში დამხმარე რამილა ალიევა სტამბოლში გაემგზავრა, ჩვენ კი ორშაბათს ბიბლიოთეკაში ზურაბ ჟვანიას კაბინეტი უნდა გავხსნათ. იმ დღის საქმე გიორგი საბანაძეს აქვს ჩაბარებული და ის დათო უსუფაშვილის თანაშემწეს, მაია გოგიძეს უთანხმებს დეტალებს.

შუადღისას „პალიტრა TV-ში“, მარიკა დარჩიასთან მივდივარ გადაცემაში. იქ, სხვათა შორის, გურიაზეც ვლაპარაკობთ, მშობლიურ, ამოუცნობ და პარადოქსულ მხარეზე. მერე ვხვდები ნინო საითიძეს, რომელიც დიდად დამეხმარა და ჩემი ახალი ლექსების წიგნის კორექტურა აიღო თავზე. მაძლევს ნამუშევარს. წიგნი 2014 წელს გამოვა. წინასიტყვა ზურაბ კიკნაძემ დაწერა. ვტოვებ გამომცემლობა „სიესტაში“.

6 დეკემბერი, პარასკევი
სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი, სანამ ვჭამდი, მითხრეს, ბაბუას დაუძახეო. წავედი და ხეზე ჩამომხრჩვალი დამხვდა. ეს ამბავი 1995 წელს მოხდა. ბიბლიოთეკაში მოქალაქეების მიღების დღეა და ერთი კაცი მოვიდა, საოცრად ჰგავდა ბაბუაჩემს. ასე მეგონა, სადაცაა ჯიბიდან სიგარეტ „ოთხმოცს“ დააძრობდა და ამის მაგივრად რაღაც გაზეთიდან ამონაჭრები ამოიღო. ნაშრომები ჰქონდა „დავითიანზე“ დაწერილი და, ეგებ ტომეულად გამომიცეთო. მეგობარი გამომცემლის ნომერი მივეცი.

სამი-ოთხი შეხვედრა სამსახურის მოსურნეებთან. ზოგჯერ ცოტა სასაცილო ამბებიც ხდება. ერთხელ კაცი მოვიდა, ბიბლიოთეკის განვითარების გეგმა მანახა და მთხოვა, დამემტკიცებინა და ფული მიმეცა. გასვლისას პომპეზურად მითხრა: „სხვათა შორის, მე თქვენი ცოლის ნათესავი ვარ!“ ინსტინქტურად ვუპასუხე: „რომლის?“ – „იმის!“ – მიპასუხა მან.

შემოიარა ალეკო ელისაშვილმა და გამიზიარა საკუთარი იდეები ავლაბრის სტამბა-მუზეუმის შესახებ. თანაც დღეს, დასკვნითი სასამართლოს წინ, სტალინურმა პარტიამ, დიდი ალბათობით უშანსობის გამო, უკან გაიტანა თავისი სარჩელი სასამართლოდან, რითაც ავლაბრის არალეგალურ სტამბას გვედავებოდა უკვე ერთი წელია. ასე რომ, ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი გეგმების განხორციელება.

სახლში ვბრუნდები გვიან: ერთ მეგობართან ჭიქა ვისკის ვსვამ. ფილმებს ვუყურებ. გარდაუვალია – ჩემი მომდევნო საქმე რეჟისორობაა. ვნახე ხანუქას „გაპროტესტების“ სამარცხვინო კადრებიც. მაგრამ უკვე აღარ მიკვირს, თორემ რა დამაძინებდა! ვიძინებ.

7 დეკემბერი, შაბათი
შაბათია. დილით „იმედის გმირების“ გამარჯვებული უნდა გამოვავლინოთ. გამოვავლინეთ. პირველ საათზე მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს იუსტიციის სახლის პროექტის ფარგლებში ვუკითხავ ლექციას. ცოტა ხანი შესვენება მაქვს. ფეისბუკზე ველაპარაკები ანა სანაიას და ვიხსენებთ წარსულს. როგორც ყოველთვის, „მლანძღავს“, მაგრამ ადრიდანვე მივეჩვიე და არ მწყინს. და აჰა, დადგა დრო, ამ დღიურის ჩასაწერად წავიდე რადიო თავისუფლებაში, მარინა ვაშაყმაძესთან. საწერად სწორედ მან წამაქეზა და მისი ბრალიც იქნება, თუ ოდესმე პროზას შევეჭიდე.

აკვიატების ადამიანი ვარ. ზოგი მოვიშალე, ზოგიც შემრჩა. აი, დილით, გზაზე, ერთი მოურჩენელი ახირება გამახსენდა. ერთხელ, ვიქნებოდი ასე ხუთი-ექვსი წლის, ჩემ სოფელში, სურებში, მე და მამიდაშვილი, გელა, რომელიც ახლა მამა დავითია, ანუ მღვდელი, შუაცეცხლზე ტყვიას ვადუღებდით და მიწაში ამოთხრილ ჯარისკაცის ფორმებში ვასხამდით. სათამაშოები რომ გვქონოდა. ჰოდა, მოპირდაპირე მთაზე მოძრავი შუქი დავინახეთ. გელამ მითხრა, მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაწილიაო. სრულიად უბრალო ამბავი მძაფრი კინოკადრივით ჩამრჩა. ყოველდღე მახსენდება და გულუბრყვილოდ ვფიქრობ: რა იყო ის ნათება: მართლა ზეციური მნათობის ნატეხი თუ კაცი ფარნით, რომელიც ტყეში დაკარგულ ძროხას ეძებდა? ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა.
XS
SM
MD
LG