Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია ვეკუა - კინომიმომხილველი


17 იანვარი, კვირა

დილით აფეთქების ხმამ გამაღვიძა. ასე ხდება, როდესაც ერთი ღობის იქით 13 წლის ლევანი ცხოვრობს − მგონი, ყველაზე ცელქი და ხმაურიანი ბიჭი არა მხოლოდ მთელ ქუჩაზე, არამედ დასავლეთ ნაძალადევის ტერიტორიაზეც. ახალ წლამდე ერთი ათი დღით ადრე მან ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროსთან ყოველწლიური კონტრაქტი განაახლა და სახლი სხვადასხვა ზომის, ფერისა და მოქმედების რადიუსის მქონე ასაფეთქებლებით გაავსო. თითქმის ერთ კვირას პატიოსნად დუმდა, მაგრამ 25 დეკემბერს ტელევიზორში რომის პაპის გამოჩენა ვეღარ გადაიტანა, დაიწყო და აღარც გაჩერებულა.

ლევანის დამსახურებით მთელმა უბანმა საზეიმოდ აღვნიშნეთ არა მხოლოდ ახალი წლის, ბედობისა და შობის, არამედ 9 იანვრის, 12 იანვრის თერთმეტის ნახევრის, 16 იანვრის სამის 15 წუთისა და სხვათა შემობრძანება. დღეს, კვირას, მაინცდამაინც ადრიანი დილის შტურმის განხორციელება გადაწყვიტა და ორი ქუჩის იქით მკვდარი მეზობელიც წამოაგდო.

სხვა მხრივ ძალიან კარგი ბიჭია. ერთხელ თავისი ეზოდან დედაჩემს გადმოსძახა, ნატო დეიდა, ცოტა ხნით კნუტი მათხოვეთ, ვეთამაშები და დაგიბრუნებთო. დედაჩემმა უარი ვერ უთხრა და ღობიდან გადააწოდა. ერთ საათში თამაშით გაბრუებული და კარგად გამძღარი ფისო უკან დააბრუნა, მაგრამ იმის მერე აღარ მოუთხოვია − უცხო სახლში აღმოჩენისგან გაგიჟებულს, თურმე ყველა კუთხე მოუნიშნავს...

მოკლედ, ლევანის დილის არიის გამო უკვე ერთი საათია, სრულიად გაბრუებული ვზივარ მსოფლიოში ყველაზე უარეს არხზე გადართული ტელევიზორის წინ და ყავის ინექციას ვიკეთებ.

დავლევ და მოვალ...

მოვედი.

რახან გავიღვიძე და ჯერჯერობით სხვა გეგმა არ მაქვს, მუშაობა გადავწყვიტე. უკანასკნელი ხუთი თვეა, სახლიდან ვმუშაობ, ლოგინიდან „სამსახურამდე“ მისასვლელად ზუსტად ორწამნახევარი და ექვსი ნაბიჯი მჭირდება. შეიძლება, ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ როდესაც საღამოს, საცობებისგან გაცოფებული მეგობრების სტატუსებს ვკითხულობ, ვხვდები, რომ გამიმართლა.

გამიმართლა იმ მხრივაც, რომ საინტერესო სამსახური მაქვს, სწორედ ისეთი, რომელიც კვირა დღეს მუშაობისთვის განსაკუთრებულ განწყობას არ საჭიროებს. მხოლოდ კომპიუტერს უნდა მივუჯდე და წიგნის კითხვა დავიწყო. ახლა დიმიტრი გლუხოვსკის „მეტრო 2035-ის“ თარგმანს ვარედაქტირებ. ეს სერიის მესამე წიგნია, სრულიად საოცარი პოსტაპოკალიპსური ისტორიაა. უფრო საოცარი კი ის ენაა, რომლითაც გლუხოვსკი მოსკოვის მეტროში გამომწყვდეული კაცობრიობის ნარჩენის ამბავს აღწერს. საბედნიეროდ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ ლაპარაკობენ თანამედროვე მოსკოვში, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორ ილაპარაკებენ და იცხოვრებენ 30-იან წლებში.

ახლა იმ ადგილას ვარ, არტიომი და ჰომეროსი „მენდელეევსკაიაზე“ რომ მოხვდებიან... ჩვენთან ასეთი სადგური ალბათ „ღრმაღელეა“. იქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სახელწოდებით შეეფერება. ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რატომაც.

კითხვა მომბეზრდა. ბოლოს და ბოლოს კვირა დღეა!

ახლა მორდორში ვარ. ასამდე ორკი და შვიდი კაპიტანი მოვკალი, ორიც ჩემ მხარეს გადმოვიბირე. საურონის შავ ხელამდე მისაღწევად სულ ცოტა მრჩება.

თავისუფლების დღიურები - ია ვეკუა
please wait

No media source currently available

0:00 0:15:13 0:00

18 იანვარი, ორშაბათი

სამუშაო კვირის პირველი დღე იმეილის შემოწმებით დავიწყე, ზუსტად ისე, როგორც ამას უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ვაკეთებდი − მაშინ, როდესაც აქტიური ჟურნალისტი ვიყავი და კულტურული მოვლენების შესახებ ვწერდი. სექტემბრის შემდეგ არაფერი დამიწერია, არც ერთ პრესკონფერენციაზე ან ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ. როგორც ჩანს, ეს უკვე შენიშნეს, რაზეც დღითიდღე შემცირებული წერილების რაოდენობაც მეტყველებს. მალე კაბიანი აგული ერისთავი ვიქნები, თუმცა მხოლოდ ჟურნალისტური წრისთვის: ერი ხომ თავის გმირებს არ ივიწყებს − ასე ვიმშვიდებ თავს.

ინტერნეტი მეუბნება, რომ „იგლზის“ გიტარისტი გარდაიცვალა. ლემი კილმისტერის, დევიდ ბოუისა და ალან რიკმანისგან განსხვავებით, მისმა სიკვდილმა ნაკლებად დამამწუხრა. ერთი სიმღერის გარდა, მაინც ვერაფერს ვიხსენებ. კიდევ მახსოვს მოზარდობისას განცდილი ტკივილი − იმ უსაშველოდ გრძელ სიმღერაზე იმდენ ხანს ვცეკვავდი, რომ ფეხსაცმელმა ქუსლები გადამიყვლიფა. რა სასტუმრო იყო ამისთანა ის Hotel California, 6 წუთსა და 30 წამს რომ უმღეროდნენ?! აგერ ჩვენები მთელ სამშობლოზე სიმღერებს ორ-სამ წუთში ატევენ.

კნავილი მესმის. ჩავალ, ვნახავ, რა უნდა.

ეს ფისო დაახლოებთ ორი კვირის წინ ვიშვილეთ (თუ ვიკნუტეთ?). სულ შავია, თვალებიც შავი აქვს და სურვილებიც. პირველი ორი დღე მორცხვობდა, მერე აიწყვიტა და არ გაჩერებულა. ისეთი მოძრავია, ფოტოსაც ვერ ვუღებ. ამიტომ, როდესაც იმ დღეს მათე მაყაშვილი ინტერნეტში კატების ფოტოებისა და ვიდეოების მომრავლებაზე წუწუნებდა, მე საერთოდ არ მგულისხმობდა.

გოგოა. სამი თვის. სახლში რომ მოვიყვანე, ზუსტად იმ დროს დათო გორგილაძემ დამირეკა და, როდესაც სქესი ვუთხარი, ხმაში ზუსტად ისეთი ნოტები გამოერია, ბავშვობის ძმაკაცებს ქალ-ვაჟი რომ წამოეზრდებათ და ერთმანეთთან დანათესავების პერსპექტივაზე იწყებენ ოცნებას. გორგილას ბიჭს სტივენი ჰქვია, ჩემს გოგოს − ასოკა. ნამდვილად კარგი წყვილი იქნებოდა, მაგრამ სტივენის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ქირურგიული ბოროტების გამო, სამწუხაროდ, საუკუნის ქორწინება ვეღარ შედგება.

ასოკაზე ამდენს იმიტომაც ვწერ, რომ დღეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების სერია ჰქონდა: პირველად გავიდა ეზოში, პირველად ამოვიდა მეორე სართულზე და პირველად გამოკეტეს მაცივარში. ეს ბარნაბიჩმა ჩაიდინა. მაცივრის დახურვისას შიგნით შემხტარი კნუტი ვერ დაინახა. ან რას დაინახავდა, არანორმალურად სწრაფია!

დღეს პირადი რეკორდი დავამყარე და 30 გვერდი გავარედაქტირე. ტექსტი მძიმედ მიდის, არტიომი კი − უფრო მძიმედ. ახლა „ცვეტნოი ბულვარზეა“, იქაურ საროსკიპოში. იქ ამბები ხდებააა... მტრისას!

სამუშაო დღე ლევანის მიერ განხორციელებული მორიგი ზალპით დასრულდა. ახლა შემიძლია, მშვიდად გადავინაცვლო მორდორში და საურონის დარჩენილი დღეების ათვლა დავიწყო.

დღეები კი არა, წუთები აღმოჩნდა. მივედი, მოვკალი, წამოვედი.

19 იანვარი, სამშაბათი

დილით მე და ნიკომ ერთმანეთს დავაყარეთ. კიდევ კარგი, ხალხი იყო და მოგვერიდა, თორემ არ ვიცი, ეს საუბარი სადამდე მიგვიყვანდა. ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა რამეს ვამტკიცებდით, რამდენჯერმე ხმასაც ავუწიეთ და ერთმანეთზეც გავიწიეთ. იმას მოეწონა, მე − არა, ის ძალის ნათელ მხარეს დარჩა, მე − ბნელისკენ გადავინაცვლე, ლურჯი სინათლის მახვილი წითელში გავცვალე და შავ მოსასხამში გავეხვიე...

ცოტა ხანში კამათმა ფეისბუკზეც გადაინაცვლა, მაგრამ დედამისი მოვიდა და გაგვაშველა.

მოკლედ, ნიკოს პოდკასტის სტუმარი ვიყავი. უკვე მეორედ, და თავს ისე გასხივოსნებულად ვგრძნობ, მგონია, რომ ამიერიდან ტუალეტში აღარ უნდა ვიარო...

შინ მოსულს ინტერნეტმა კიდევ ერთი ახალი ამბავი დამახვედრა: შავკანიანი მსახიობები და რეჟისორები ამერიკის კინოაკადემიას რასიზმში ადანაშაულებენ, რადგან უკვე მეორე წელია, მსახიობების ნომინაციებში მხოლოდ თეთრკანიანები ხვდებიან. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ცოტა აბსურდული ბრალდებაა. ვერ დავიჯერებ, რომ აკადემია ამას მიზანმიმართულად აკეთებს. და საერთოდ, ამ თემაზე თანამედროვე დროში კამათი და ამის გამო დაჯილდოების ცერემონიისთვის ბოიკოტის გამოცხადება ცოტა ზედმეტ მატრაკვეცობად მიმაჩნია. როდესაც ნომინანტები გამოაცხადეს, საერთოდ არ დამიწყია იმის თვლა, რამდენი იყო თეთრკანიანი და რამდენი − პირიქით. იქნებ იმიტომ, რომ თავად თეთრკანიანი ვარ. ამაზე არ მიფიქრია.

ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან დამირეკეს და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მთხოვეს. ალბათ ჯობს, ასეთ ამბებზე სოციოლოგებმა და სხვა, უფრო ჭკვიანი პროფესიების წარმოადგენლებმა ილაპარაკონ და არა მე და ნიკა ესებუამ, რომლებიც, უბრალოდ, კარგად ვიცნობთ თანამედროვე კინოს.

გადამღებ ჯგუფს რომ ვაცილებდი, დავინახე, როგორ იდგა ქუჩაში ლევანი, ასანთის ღერებს ანთებდა და კედელს ესროდა. ხელნაკეთ, თუმცა მცირეკალიბრიან იარაღზე გადასულა. მგონი გადავრჩით.

არტიომიც გადარჩა. იმ მოტოციკლით, ნეტა, ვინ გამოეკიდა?..

ძილის წინ ნინიას ველაპარაკე. მეგობარი გვყავს ცუდად და იმის ამბებს მიყვებოდა. ძალიან ვინერვიულე და ვეღარ დავიძინე. სამაგიეროდ, ძალიან კარგი ფილმი ვნახე − A Perfect Day, რომელიც მარლენ დიტრიხის მიერ შესრულებული საოცარი Where Have All The Flowers Gone?-ით დამთავრდა.

20 იანვარი, ოთხშაბათი

ძილის წინ ნანახი ფილმიდან ვერა და ვერ გამოვდივარ. დილიდან მარლენ დიტრიხის ამ სიმღერას ვატრიალებ. საკონცერტო ჩანაწერია. ასეთი ემოციური შესრულება იშვიათად მინახავს. თითქოს გვეჩხუბება, გვკიცხავს, გვემუდარება, დაგვტირის.

ხასიათი Suicide Squad-ის ახალმა ტრეილერმა გამომიკეთა. მგონი, ისეთი მაგარი რამ გამოდის, რომ „მარველი“ კოლექტიურ ჰარაკირის ჩაიტარებს, კაპიტანი ამერიკა კანადაში გაიქცევა, ჰალკი სიმწრისგან გალურჯდება, აირონმენი კი მთელ ფულს ჭიკარტების წარმოებაში ჩადებს და ექვს თვეში გაკოტრდება.

მეორე დღეა, სახლიდან არ გავსულვარ და, მგონი, არც გავალ. H1N1 დაბრუნდა და მსხვერპლიცაა. ტელევიზორში მთელი დღის განმავლობაში ის ულვაშიანი კაცი ლაპარაკობს და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. მენეჯერებს კატეგორიულად მოსთხოვა, ნუ აიძულებენ ავადმყოფ თანამშრომლებს სამსახურში მისვლას, რათა ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს.

მაგრამ მე „სამსახურში“ მაინც ჯიუტად დავდივარ − საძინებლის გვერდით ოთახში, სადაც დიდი დილემის წინაშე მდგარი არტიომი მელოდება. უკვე „ტეატრალნაიაზეა“, ზურგჩანთაში კი ათი კილო ასაფეთქებელი ნივთიერება უდევს.

მოკლედ, ლემის მერე შავი ვერ გავიხადეთ: ეტორე სკოლა გარდაცვლილა.

შავზე ასოკა გამახსენდა. ჩავალ, მოვეფერები.

...ისე დამკაწრა, ცხოვრებაში აღარ მოვეფერები! რომ გაიზრდება, მართლა მივათხოვებ სტივენს და მთელი ცხოვრება მის ჩაფუშულ ყვერებს უყუროს!

მრევლის ნაწილი მეტროს ყველა ვაგონში სამლოცველო კუთხის მოწყობას ითხოვს. სადგურში ან მატარებლის ერთ კონკრეტულ ვაგონში კი არა, ყველა ვაგონში! ფეისბუკზე გვერდიც აქვთ. გვერდს მეტად მხიარული ფოტოები აქვს დართული: ხატებიანი მრევლი მატარებლით მგზავრობს, ხატების რიგი ესკალატორით ქვემოთ ეშვება...

ამაზე გამახსენდა რამდენიმე დღის წინ ნანახი ერთი ფრანგული ფილმი, „სულ ახალი აღთქმა“ ჰქვია. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ სიუჟეტი აქვს საკაიფო: სამყარო დაძველდა, გამოშტერდა და გადატვირთვას საჭიროებს. ახალი მესია ფაიფურის ქანდაკებად, ანუ ვიტრინის სამშვენისად ქცეული იესო ქრისტეს უმცროსი დაა, რომელიც დედამიწაზე საკუთარი მოციქულების შესარჩევად ჩამოდის. გოგონას უკან გაბრაზებული მამა (სწორედ ის მამა) დაედევნება და ასე უპატრონოდ მიატოვებს სახლსა და თავის დიასახლის მეუღლეს, რომელსაც უფრო ლამაზი, ფერადი, ბედნიერი და კაცთმოყვარე სამყაროს შექმნის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდება. ახლა რომ ვფიქრობ, მართლა კარგი ფილმია, სავალდებულო სანახავიც. მეტროში მონიტორები ხომ არის? იქ გაუშვან ხოლმე.

21 იანვარი, ხუთშაბათი

დილით დეიდაჩემი მოვიდა. ორ კვირაში ერთხელ გვსტუმრობს. როგორც წესი, ჩემთვის კრემიანი ფუნთუშები მოაქვს, მამაჩემისთვის − ამ ორი კვირის განმავლობაში გამოსული გაზეთები (რომლებსაც ბარნაბიჩი უკვე ვერ კითხულობს, ამიტომ მე და დედაჩემი სოლიდარობას ვუცხადებთ და თავად აღარ ვყიდულობთ), დედაჩემისთვის კი − ორსაათიანი ნერვების შლა, რადგან ან მხოლოდ პოლიტიკაზე ელაპარაკება, ან სოფლის მიტოვების გამო საყვედურობს, ანაც ახალგაზრდობისდროინდელ ამბებს იხსენებს. ხუთ წუთში ერთხელ რამეს წაიმღერებს ხოლმე, ძირითადად საგალობლებს ან 60-იანი წლების თბილისურ ჰიტებს: „დილით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყვავილებს ვდარაჯობ“...

ყოველთვის მაინტერესებდა, საიდან ჩნდება ამ საოცრად ლამაზ და რომანტიკულ სიმღერაში ვაჟკაცის მარჯვენა და ხმლით აკაფვა. შეყვარებული რომ ხარ და უცებ ომში გაგიწვევენ, ისეთი ტექსტია.

დეიდაჩემი წავიდა, დედაჩემს კი სიმღერის განწყობა დაუტოვა. უკანასკნელი ერთი საათია, რაღაცებს მღერის. აი, ამ წამს ასოკას უმღერის: „ამბობენ, რომ შავი კატა მოგიტანსო ზიანს, შენ კი ბედი გამინათე ჩემო ფისუნიაააა“.

LEGO Hobbit-ი გადმოვწერე, ჩემი საყვარელი სამყაროს კიდევ ერთი თამაში. ამ შემთხვევაში „ლეგოს“ უფრო ვგულისხმობ, ფერადი კუბიკების ჯადოსნურ სამყაროს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მომავლიდან მოსული ადამიანები ქმნიან. დედამიწაზე სულ რამდენიმე საოცნებო ადგილი მაქვს. ერთ-ერთი დანიის ქალაქი ბილუნდია, სადაც ყველაზე დიდი „ლეგოლენდია“ − ჩვეულებრივი ზომის კუბიკებისგან გაშენებული ქალაქი! სიგიჟეა!

ერთი საათი ვითამაშე, თორინისა და ბალინის პერსონაჟებით. საყვარელი კაცუნები... თავიანთი პატარა ფეხუცებით დაბაკუნობენ და უსინდისო სმაუგს ებრძვიან.

მთავარია, ორშაბათს დახურული Shadow of Mordor-ის მერე ტოლკინის ზედოზირება არ დამემართოს, მაგრამ თუ მაინც ამან უნდა მომკლას, იმედია, სამუდამო განსასვენებელს კილისა და ფილის შუაში ვპოვებ, ქვაზე კი დააწერენ: „გადმოწერა. იბრძოლა. იცხოვრა“...

ნეტა არტიომის საფლავს რას დააწერენ? ალბათ „ჩაძვრა, იხოხიალა, იწვალა, დასხივდა, ესროლეს, გაიქცა, წაიქცა, დაიქცა, ჩაიქცა...“

22 იანვარი, პარასკევი

დილით გავიგეთ, რომ All Stars-ში მოსახვედრად ზაზა ფაჩულიას თოთხმეტიათასრაღაცა ხმა დააკლდა. ჯერჯერობით, დღის თემა სწორედ ეს არის. ზაზა მეოთხე ადგილზე გავიდა, არადა სამეულში უნდა მოხვედრილიყო. ამის გამო მთელი ერი გმინავს, უფრო სწორად, ერის ის ნაწილი, რომელიც ქართველი კალათბურთელის სასარგებლოდ ხმას სწორად აძლევდა და არა გაუგებარი სიმბოლოების კომბინაციით. წარმომიდგენია, რა მოხდებოდა, ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი ყველა ვარსკვლავის ნაკრებში რომ მოხვედრილიყო, თუმცა ეგ არაფერია - მთავარია, რომ ზაზა გვყავს, All Stars-ის ნაკრებები კი ყოველ წელს დგება.

დანიელის ვიდეოს ვუყურებ. ფანჯარასთან დგას და მღერის. ინგლისურად იწყებს, ქართულად აგრძელებს და თავის ენაზე ასრულებს. მერე კამერისკენ ტრიალდება და დედას ელაპარაკება. სასაცილო აქცენტი აქვს. ჯერ სამწლინახევრის ბავშვის ლაპარაკი რა არის, და ინგლისური აქცენტით ქართულად მოლაპარაკე ხომ ორმაგად ჩასაყლაპია! ვიდეოში მიმტკიცებს, რომ ძალიან ვუყვარვარ, მე კი აქედან ვპასუხობ, რომ სამყაროში მასზე საყვარელი ადამიანი არ გამაჩნია. ის ხომ ჩემი ძმისშვილია. ჩემი ერთადერთი ძმის ერთადერთი შვილი.

გრძელ ფეხებზე ვაგზლის ბოშათა ბაზარში სამ ლარად ნაყიდი რეიტუზი აცვია, ჟაკეტის ჯიბეში კი თბილისიდან გაგზავნილი ჩურჩხელის ძაფი უდევს. ზუსტად ვიცი, ამ ძაფს არასდროს დაკარგავს, ხელს არ გაუშვებს, არ მიაგდებს და მიივიწყებს, რადგან იცის, რომ მე ია მქვია, ბებიას − ბებო, ბაბუას კი − ბაბუ.

დანიელი სკაიპში გაზრდილი ბავშვია, ისევე, როგორც უამრავი სხვა. დაბადებიდან იცის, რომ ეკრანზე მოციმციმე სახეები მისი უახლოესი ადამიანები არიან; იცის, რომ დათქმულ დროს, ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც, კომპიუტერს უნდა მიუჯდეს და ბებიასა და ბაბუას უმღეროს, მამიდას კი ახალი სინათლის მახვილი მოუღეროს და ბაღში გადახდენილ ამბებს მოუყვეს.

ასე იზრდება ემიგრანტი ოჯახების შვილების აბსოლუტური უმრავლესობა. ასეა ჩვენი დენიც, რომელმაც იცის: ბებოს კანფეტს იმიტომ ვერ გამოართმევს, რომ ბებო ტელეფონშია...

ამასობაში კი ლარის კურსი კიდევ უფრო დავარდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი კურსი ბოლოს 17 წლის წინ იყო, ესე იგი 1999-ში, შევარდნაძის დროს, მაშინ, როდესაც თოვლისგან გუნდაც კი არ კეთდებოდა...

პარასკევი საღამოა, მაგრამ სამუშაოს გამო ვერსად მივდივარ. ერთადერთი, შეიძლება არტიომთან ერთად გავისეირნო, რომელსაც ეყო უტვინობა და ზედაპირზე დამცავი კოსტიუმის გარეშე ამოვიდა. ნეტა, რაზე ფიქრობდა?!

23 იანვარი, შაბათი

ბარნაბიჩმა გამაღვიძა და ჰიდროკორტიზონის მალამოს ანოტაციის წაკითხვა მთხოვა. ამ წამალს მთელი ცხოვრებაა ხმარობს, მაგრამ ყოველი ახალი შეფუთვის ყიდვისას ანოტაციას მაინც მაკითხებს: ხომ შეიძლება, რამე შეეცვალათ და თვალის ნაცვლად თმის ცვენის სამკურნალო მალამოდ გადაეკეთებინათ.

ძლივს წავიკითხე. ჯერ ერთი, ნახევრად მეძინა, მეორეც − ანოტაცია ძალიან წვრილი შრიფტითაა დაბეჭდილი, მესამე − რუსულად წერია! არადა, უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის აფთიაქში იყიდა. დაკვირვებული ვარ, აქაც და კიდევ რამდენიმე აფთიაქშიც, წამლების უმეტესობის, მათ შორის, ამავე კომპანიის მიერ საქართველოში წარმოებულის, შეფუთვაზე დასახელება რუსულად წერია, ანოტაციაც ამ ენაზეა. მგონი, ეს კანონის დარღვევაა, მეტიც − უსინდისობა და მომხმარებელთა მასხრად აგდება.

ლესელიძის ქუჩის დასაწყისში ერთი ღვინის მაღაზიაა. უზარმაზარი! შავი და ყვითელი ფერებით გაფორმებული ფასადით. მაღაზიის სახელწოდება და სხვა ინფორმაციაც მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე წერია. აი, იმ რუსულზე, რუსეთში რომ ლაპარაკობენ. არადა, ეს ადგილი ქალაქის ტურისტული ცენტრია, ყველაზე მეტი უცხოელი თავს სწორედ აქ იყრის და ქალაქისა და ქვეყნის გაცნობასაც აქედან იწყებს.

ჰოდა სირცხვილია. ასე არ უნდა იყოს.

ვკითხულობდი. ყურებში სმენის დასახშობი საცობები მქონდა გარჭობილი. ტელეფონს რომ დავხედე, ასი შემოსული ზარი დამხვდა, ასივე ნინიასგან. დღეს უნდა შევხვდეთ, ვილაქლაქოთ, ალბათ ბიჭებიც მოვლენ. კარგია შაბათი, არავის არსად ეჩქარება, არავინ ლაპარაკობს სამსახურზე და არც ორშაბათის მოახლოება აფრთხობს ვინმეს.

საათს გავხედე და უკვე ჩაცმის დროა, მაგრამ ამ თავის ჩამთავრებაც მინდა, არტიომი რაიხზე ბრუნდება, ჰომეროსი უნდა დაიხსნას და ახალ ფათერაკში გაეხვეს...

არა, ვერ მოვასწრებ.

წავედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG