Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბუთხუზი - ბიოლოგი


7 თებერვალი, კვირა

დილით თავი ძლივს ავწიე. გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მე და ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა − ნინო მაყაშვილმა, ლაშა ბაბუაძემ, ირაკლი შავგულიძემ და ნინო და ნანა ცხადაძეებმა − გადავწყვიტეთ, ქუთაისი-ბუდაპეშტის იაფი ბილეთებით გვესარგებლა და რამდენიმე დღით ქვეყნის გარეთ „გავპარულიყავით“. ირაკლიმ მკაცრი წესი შემოიღო: არც ერთი ფეისბუკში არ შეძვრებოდა და ახალ ამბებსაც კი არ წაიკითხავდა. დავთანხმდით. ეს რამდენიმე დღე კარგად შევირგეთ! რა კარგია, ხანდახან ქართულ ყოველდღიურობას რომ მოწყდები...

მოკლედ, დამძიმებული თავით გავბორიალდი სამზარეულოში და, სანამ ყავა დუღდებოდა, ფეისბუკი გავხსენი. სახტად დავრჩი: რელიგიური შეურაცხყოფის კანონპროექტის შესახებ ბობოქრობდა სრულიად ვირტუალური სივრცე! ვნებათაღელვა, თურმე, კარგა ხნის დაწყებულია. მე კი ტყემალზე ვზივარ და ბლის კურკებს ვისვრი. პრობლემა ყველა პორტალზე, ყველა კუთხით იყო განხილული. ვერ მივხვდი, საშიშროებამ გადაიარა თუ ჯერ კიდევ არა, მაგრამ მაინც სხვა რამეზე დავფიქრდი.

შარშან, 14 ივლისს, დედამიწიდან NASA-ს მიერ გაშვებული ხომალდი „ნიუ ჰორაიზონსი“ წარმოუდგენლად ახლოს მივიდა პლუტონთან, მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტთან. ფოტოები გადაიღო, გამოგვიგზავნა, გვერდით ჩაუფრინა და, არც მეტი, არც ნაკლები ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, სამყაროს ისტორიაში პირველად გავიდა ვარსკვლავათშორის სივრცეში. ისე, რაღა შორს წავიდე, სადღაც ვარსკვლავებში რა დამრჩენია, როდესაც აქვე, ევროპაში, მეცნიერები ღეროვანი უჯრედებიდან ორგანოებს ზრდიან პეტრის ჯამებში და მალე ისტორიას ჩაბარდება მრავალი უკურნებელი სენი. მოკლედ, ცივილიზებული სამყარო გონის ტრიუმფის ფაზაშია. ჩვენ კი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტს ვერ გავცდით.

ადამიანთა უმრავლესობა ძნელად ეგუება ცვლილებებს. ახალ მეცნიერულ აღმოჩენებს ეჭვით ვუყურებთ, ხშირად აქტიურადაც ვებრძვით. შუა საუკუნეებში დაბადებული „თავხედური“ იდეა: „დედამიწა მრგვალია და თავისი ღერძისა და მზის გარშემო ბრუნავს“, სრულიად მიუღებელი იყო უმრავლესობისთვის. ამ აზრს ბოლოს და ბოლოს მივეჩვიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დღესაც არ ესმის, რატომ არ წყდება ადამიანი მრგვალ დედამიწას, მაინც ძნელად თუ იპოვი ადამიანს, რომელიც დაჟინებით ამტკიცებდეს, რომ დედამიწა ბრტყელია. ცხადია, მოვა დრო, როდესაც ქართველების უმრავლესობა ბიოლოგიაში ჩაუხედავადაც დაიჯერებს ევოლუციის მართებულებას ზუსტად ისევე, როგორც დედამიწის სიმრგვალე დავიჯერეთ ფიზიკის ღრმა ცოდნის გარეშე. მაგრამ, მაინც, ნეტავ რა არის ჩვენი ასეთი სიხისტის მიზეზი? ვერ იტყვი, რომ მხოლოდ განათლების ნაკლებობა, რადგან, ბევრი განათლებული ადამიანი შეგვხვედრია, ვინც საღ აზრზე უარს ამბობს და დარწმუნებულია, რომ მისი მოსაზრება უფრო სწორია, ვიდრე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ათასობით მეცნიერის დასკვნა. რატომღაც უმეტესი ჩვენგანი ჭორებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე სტატისტიკას და საღ აზრს.

ნეტა როდის მოვა დრო, როდესაც ბიოლოგიის ან ფიზიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ბიოლოგიასა და ფიზიკას ასწავლის და არ აიძულებს ბავშვებს, ილოცონ? ან მშობლის წამხედურობით გაცხარებული ბავშვის ნათქვამს, რომ ქართველობას გვართმევენ და ჩვენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფენ, წყნარად უპასუხებს: „შვილიკო, მოდი ამ გაკვეთილზე ევოლუციაზე ვისაუბროთ, მაგ საკითხებზე კი ეკლესიაში იფიქრე. ცოდნა დააგროვე ორივე მიმართულებით და დასკვნა თავად გამოიტანე, თუნდაც მშობლისგან დამოუკიდებლად.“

მთელი დღე არსად გავსულვარ. ხვალ უკვე სამსახურში მელიან.

თავისუფლების დღიურები - ლევან ბუთხუზი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:11 0:00

8 თებერვალი, ორშაბათი

საღამოა. დღეს საინტერესო თითქოს არაფერი მომხდარა. ორი მოკლე შეხვედრა მქონდა და, ძირითადად, სტატიების რედაქტირებით ვიყავი დაკავებული. ცოტა დავიძაბე, რადგან ეს დღიური მქონდა დასაწერი. არც „ნიუსი“ გამოჩნდა ისეთი, მე რომ დამაინტერესებდა. ელექტრონულ ფოსტას ვხსნი. პოლ სალოპეკის მოკითხვის წერილი მომდის.

ბორხესი ამბობდა, რომ სამყაროში მხოლოდ ოთხი ამბავია და რა დროც უნდა იყოს განგების მიერ კაცობრიობისთვის გამოყოფილი, ჩვენ განწირულები ვართ, სხვადასხვანაირად მოვყვეთ ამ ოთხ ამბავს. ცხადია, ბორხესი ლიტერატურას გულისხმობდა და მისი ეს მოსაზრება მეტაფორული უფროა, ვიდრე ფაქტობრივ-ანალიტიკური კუთხით გამართული, მაგრამ სწორედ ეს მახსენდება ყოველთვის პოლთან დაკავშირებით, და აი, რატომ:

ადამიანის განსახლების ისტორია ერთია: ჩვენი წინაპრები აფრიკიდან გამოვიდნენ და განსახლდნენ დედამიწაზე. ეს ერთი ამბავია და ფაქტია. აი, მას მერე რაც მოხდა, სწორედ ბორხესისეული შინაარსისაა: კაცობრიობა „განწირულია“, ეს გამოსვლა და განსახლება, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად აღწეროს, იმის მიხედვით, თუ მეცნიერების განვითარებისა და ფაქტების ანალიზის რა ეტაპზე ვართ.

პოლი ახორციელებს ერთ სრულიად გიჟურ პროექტს, რომელსაც National Geographic-ი აფინანსებს. ორი წლის წინ მან დაიწყო ფეხით მოგზაურობა აფრიკის იმ „წერტილიდან“, საიდანაც ეპიკური მიგრაციის დასაწყებად ნაბიჯი გადადგა პირველმა ადამიანმა. იმ მოგზაურობის დასაწყებად, რომელიც, მინიმუმ, 2500 თაობასა და ადამიანთა მოდგმის სამოციათასწლიან ისტორიას ითვლის. აფრიკიდან აზიაში გადავა, შემდეგ ციმბირის ავლით ბერინგის სრუტეს გადალახავს და ჩრდილოეთ ამერიკას დაუყვება კორდილიერებით; ბოლოს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გადავა და ჩილეში, ცეცხლოვან მიწასთან დაასრულებს მარშრუტს. ამას წლები დასჭირდება. სულ ფეხით ივლის. სხვადასხვა წერტილიდან კი ფოტომასალას და სტატიებს გამოაქვეყნებს.

პოლი პულიცერის პრემიის ლაურეატია და ახლა „ჯეოგრაფიკისთვის“ წერს. ის ათამდე სხვა წამყვან გამოცემასთანაც თანამშრომლობს და თავის დროზე, კრიმინალური გეოპოლიტიკის გაშუქებისთვის, სუდანში სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ციხიდან გაიქცა. შემდეგ ის ISIS-მა დაატყვევა, მაგრამ ისლამისტ ექსტრემისტებსაც თითქმის ეშაფოტიდან დაუსხლტა. ახლა სადღაც აზიაშია და მე მწერს. ცოტა ხნის წინ კი საქართველოში იყო, სადაც რამდენიმე თვით გაიჭედა. გეგმის თანახმად, პოლს საქართველოში არ უნდა „შემოევლო“. სირიიდან თურქეთში გადასვლის შემდეგ ირანით უნდა წასულიყო ცენტრალური აზიის გადასაკვეთად. მაგრამ მოგზაურობას სჩვევია გაუთვალისწინებელი ამბები და პოლმაც მარშრუტს გადაუხვია, რამდენიმე თვით შეყოვნდა ჩვენთან და ორი თვის წინ დატოვა საქართველო.

პოლი განსახიერებაა იმ ადამიანებისა, ვისაც სამყარო წინ მიჰყავს, ვისაც „მოუსვენარი გენი“ აქვს, ვინც შეპყრობილია კვლევა-ძიების წყურვილით და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ეს გარკვეულწილად სიგიჟეა. აბა, რომელი ჭკუათამყოფელი ჩვენი წინაპარი მოჭრიდა ხეს, გამოთლიდა წყალზე მოტივტივე უცნაურ ნივთს მხოლოდ იმისთვის, რომ შუა ზღვაში, ჰორიზონტს იქით შეეცურა და ენახა ის, რასაც ნაპირიდან ვერ ხედავდა?! ან რომელი ნორმალური გაერთობოდა წარსულში ქვიშაზე სამკუთხედების გაუთავებელი ხაზვით? განა, ნორმალურია ადამიანი, რომელიც შუა საუკუნეებში ფრთების მაკეტებს ქმნის და გაფრენაზე ოცნებობს? თუკი დღეს პითაგორას და ლეონარდოს გენიოსები ჰქვიათ, თანამედროვეებისთვის ისინი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურები მაინც იყვნენ. ყველა გენიალური იდეა ოდნავ შიზოფრენიულია, სანამ რაიმე ფორმით არ მატერიალიზდება.

პოლის წერილის მერე მთელი საღამოა, არ მტოვებს ბედნიერების განცდა. მართლაც, რა ბედნიერებაა, რომ ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა, და ჩემი ინტერესი და საქმე ერთმანეთს ემთხვევა. რა ბედნიერებაა, რომ უკვე 127-ე წელია, რაც ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება ამ „შერეკილებს“ უჭერს მხარს და რომ National Geographic-ის მხარდაჭერილმა ასეთმა კვლევებმა სამყარო აშკარად უკეთესობისკენ შეცვალა! რა ბედნიერებაა, რომ მე ამ ყველაფრის მონაწილე ვარ და მოვლენათა ცენტრთან უშუალო სიახლოვეში ვდგავარ!

9 თებერვალი, სამშაბათი

დილა ენერგიულად დაიწყო: მაგარი ყავა და თაფლი. ცოტაც ხაჭო და ნამცხვარი. დღევანდელ საქმეებს ჩავხედე. ძირითადად, რუტინა, მაგრამ 3 საათზე საინტერესო შეხვედრა მაქვს ანუკა გოგოსაშვილთან. ანუკა ჭკვინი ახალგაზრდაა − განათლებით მედიკოსი, მაგრამ წერით გატაცებული. ჟურნალის მარტის ნომერს ვაწყობთ და მინდა, მომავალი თვის ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ გამომრჩეს. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მინდა, ანუკას ვთხოვო, ნინო ცინცაძისგან აიღოს ინტერვიუ ჟურნალისთვის. ანუკა ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა. ვკამათობთ, რომელი საკითხის წამოწევაა უკეთესი. ჟურნალი ყველაფერს ვერ დაიტევს და ამიტომ ჩემი გამაქვს. ვეუბნები, რომ ახლა ნინო ცინცაძესთან ინტერვიუს დავჯერდეთ და ვპირდები, რომ შემდეგ თვეებში აუცილებლად დავწერთ ვრცელ სტატიას და ბლოგებს დაუნის სინდრომზე. შევჯერდით და გამოვკვეთეთ რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა გარშემო დაისმება კითხვები:

1. რატომ არ ჩანან ზრდასრულები, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ? რატომ ვხედავთ მხოლოდ ბავშვებს, ისიც იშვიათად?

2. ზოგადად, რა ვიცით ამ სინდრომზე?

3. 21 მარტი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ დანარჩენი 364 დღის განმავლობაში რამდენჯერ გვახსენდება ეს ადამიანები?

ანუკას დავემშვიდობე და დამატებითი მასალების მოსაძიებლად ოფისიდან პირდაპირ კაფეში გადავედი. „ლანჩის“ დროს ცოტას ვცოდავ და „ლაპტოპით“ განმარტოებული, მაგიდაზე კათხა ლუდით, ინტერნეტში „ვიქექები“.

წავაწყდი ამერიკელი მოსწავლის, მელისა რიჯიოს ბლოგს. ციტატა: „როცა დედამ მითხრა, რომ დაუნის სინდრომი მაქვს, შემეშინდა. მეგონა, ხალხი იფიქრებდა, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ვარ. მე ხომ სხვანაირად გამოვიყურები და სხვანაირად ვლაპარაკობ. მომინდა, ჩემი ზედმეტი ქრომოსომა გადამეგდო. მერე მივხვდი, რომ სინდრომმა მაქცია იმად, რაც ვარ; ბევრს ვშრომობ. კარგი ადამიანი ვარ და მეგობრებზე ვზრუნავ. სულ ტყუილად ვღელავდი. მანამდეც ვუყვარდი ყველას. გავიგე, რომ სინდრომი მაქვს, მაგრამ მაინც ყველას ვუყვარვარ. არასდროს უტკენიათ გული ჩემთვის, არც დედისთვის. ჩემს ქვეყანაში კარგი ხალხია.“

მის ქვეყანაში კარგი ხალხია და დედამისისთვისაც არავის არასოდეს უწყენინებია. ეს სიტყვები გულზე მომხვდა. სულ სხვა „ბრენდის“ ლუდი მედგა მაგიდაზე, მაინც ზიზღით გავწიე. აღარ მომინდა ლუდი.

ენთუზიაზმით სავსე ანუკას დავპირდი, რომ წლის მანძილზე მკითხველს მივაწოდებთ საინტერესო სტატიებს, ბლოგებსა თუ ამბებს სამეცნიერო გამოკვლევებზე, რათა ის 364 „ცარიელი“ დღე შევავსოთ. იმედი მაქვს, მალე ჩვეული სურათი იქნება კინოში ჩვენ გვერდით მჯდომი ზრდასრული, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს − სრულიად უცნობი ადამიანი, რომელსაც სტანდარტული ანგარიშმიუცემლობით გავუწვდით ბატი-ბუტს მის მოურიდებელ თხოვნაზე: „აუ, რიგში დამეზარა დგომა და ცოტა პოპკორნი მომე, რა!“

სხვა მხრივ, დღემ უმნიშვნელოდ ჩაიარა. საღამოა. დავასრულე ეს ჩანაწერი და გამეღიმა: რა კარგია დღიურების წერა! ამ ტექსტს მარტის ნომრის რედაქტორის სვეტისთვის გამოვიყენებ. გმადლობ, მარინა ვაშაყმაძე! დღიურის დაწერა რომ არ „გეიძულებინა“ ჩემთვის, რედაქტორის სვეტზე მუშაობას, ტრადიციულად, ჟურნალის სტამბაში გაშვების წინა ღამეს დავიწყებდი და ისევ გავათენებდი. ახლა კი წინმსწრებად მექნება მზა ტექსტი და სტამბის წინ კარგად გამოვიძინებ!

10 თებერვალი, ოთხშაბათი

დილით, რედაქციაში, მოკლე ტექსტური შეტყობინება მომდის: „ლევან, დრო გაქვს, რომ გადმოვიდე? ბატონი დავითის სტატია განვიხილოთ რა! დრაფტი მომცა და დიზაინის საკითხები მაინტერესებს. არტეფაქტების ფოტოსესიაც დავგეგმოთ ქალბატონ დარეჯანთან.“ ეს ნათია ხულუზაურია −დათო ლორთქიფანიძის, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, აპარატის უფროსი. სამი წლის წინ National Geographic-მა და ეროვნულმა მუზეუმმა საგანმანათლებლო ცენტრი გახსნეს მუზეუმის შენობაში. ნათიას „გადმოვალ“ სწორედ ამას ნიშნავს. ადმინისტრაციული კორპუსიდან ეზო უნდა გადმოჭრას და ზოოლოგების კორპუსში გადმოვიდეს, სადაც მე ვზივარ.

ნათია ძალიან ჭკვიანი ადამიანია, სასწაული თვალი აქვს! შეცდომა არ გამოეპარება და ძალიან გამჭრიახია. მსიამოვნებს ასეთ ადამიანებთან მუშაობა. სამუშაო კი ბევრია. გვინდა ჟურნალში შემოვიღოთ დათოს სპეციალური სვეტი, სადაც ის მუზეუმის არტეფაქტებით მოჰყვება საქართველოს ისტორიას. დათო ჩვეული ენთუზიაზმით დაგვთანხმდა და სტატიის პირველი ვერსიაც მზადაა. ვკითხულობ სტატიას და ვფიქრობ: პატივია, რომ ამ ადამიანს ვიცნობ და შემიძლია ვიტრაბახო − ის ჩემი მეგობარია! ამ გრძნობას არა მარტო ის ამყარებს, რომ დათო მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია, არამედ ისიც, რომ საოცარად ფართო ხედვის კაცია, ინგლისელები რომ იტყვიან − visionary (ყველაზე უკეთ, ალბათ „მჭვრეტელად” ითარგმნება ეს სიტყვა).

„მეცნიერი, რომელსაც მიწის თხრა სჭირდება, მთლიანად იღბალზეა დამოკიდებული. მე გამიმართლა: ჩემმა იარაღმა იმ წერტილში დაარტყა მიწას, სადაც ცნობილი ყბა იყო. სხვას არა. გამართლებაა და მეტი არაფერი“, მეუბნება დათო.

თან ვეთანხმები, თან − ვერა. შემთხვევითობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისტორია სავსეა ფაქტებით, როდესაც ადამიანებს ესა თუ ის აღმოუჩენიათ და ვერ ჩაწვდომიან აღმოჩენის მნიშვნელობას. ან ჩაწვდომიან, მაგრამ ქმედითი ვერაფერი გაუკეთებიათ, რადგან, თუ ამ შემთხვევითობას „visionary“ მეცნიერი არ უდგას უკან, მაშინ აღმოჩენა შეიძლება ათწლეულობითაც კი შემოიდოს თაროზე.

საერთოდ, მუზეუმი სავსეა ასეთი ადამიანებით. დათო ძალიან აფასებს ტალანტს და საქართველოსთვის ეს იშვიათი თვისება ძალიან მომწონს. სტატიისთვის ვიზუალი გვინდა. დარეჯან კაჭარავასთან გადავდივართ. იღბლიანი კაცი ვარ. ქალბატონ დარეჯანს ბავშვობიდან ვიცნობ. ხშირად მიყვებოდა ზოგადად, არქეოლოგიაზე, კოლხურ ოქროზე. მხოლოდ მოწიფულობაში გავაცნობიერე, რომ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს მაზიარებდა, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი მეცნიერის, ოთარ ლორთქიფანიძის მოსწავლე და მისი საქმის გამგრძელებელი იყო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენი გენიალური წინაპრების დანატოვარი გენიალური თანამედროვეების ხელში მოხვდა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს კოლხური ოქრო ტრიუმფით მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა.

გასაოცარია, რომ, დიდი დამსახურების მიუხედავად, დარეჯან კაჭარავას პროფესიონალთა წრეში უფრო იცნობენ. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ ოთარ ლორთქიფანიძესთან ერთად, სწორედ მან და ეროვნული მუზეუმის გუნდმა ამოიტანა მიწიდან ვანი, მთელი თავისი დიდებულებით!

საქართველოს ბევრი გმირი ჰყოლია. ჩვენ მხოლოდ ცოტაზე თუ გვსმენია, რადგან, ვფიქრობ, ჭეშმარიტი გმირი ბუნებით ჩუმია. ამით მათი მნიშვნელობა, ცხადია, არ კნინდება, მაგრამ რა ვიქნებით ჩვენ, თუ მათზე არ ვისაუბრეთ, როდესაც საშუალება მოგვეცემა? ჰოდა, აგერ, მინდა „თავისუფლების დღიურები“ ტრიბუნად გამოვიყენო და დარეჯანზე ვთქვა: Ecce femina!

11 თებერვალი, ხუთშაბათი

ყოველი ხუთშაბათი ჩემი გადაცემის დღეა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გადაცემა „რეალურ სივრცეს“ ძალიან კარგი გუნდი ქმნის. საოცარი ენთუზიაზმით მუშაობენ ახალგაზრდები და წამყვანებს, ნინო ზაუტაშვილს, გიორგი ახმეტელსა და მე „კონტენტს“ გვიქმნიან. ნინო ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი ადამიანია. გიორგი ახლა გავიცანი და კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი მეგობარი გამიჩნდა. აი, ქეთი კაპანაძე კი, ჩვენი პროდუსერი, ის იშვიათი ლიდერია, რომელთანაც ყველა კარგად გრძნობს თავს. სითბო და იუმორი მისი მოგონილია. მიყვარს, როდესაც ადამიანს თვალები სულ კეთილგანწყობით უციმციმებს. საპროდიუსეროში შევდივარ და ქეთი სწრაფად მეუბნება: „მოკლედ, ლევან, დღეს სამი თემა გვაქვს: პარტიზანი მებაღეების დაკავება ბათუმში, ტყის ახალი კოდექსი და ერთი უცნაური ამბავი − ჭიათურის რაიონში გლეხები დააჯარიმეს ქვევრის გამოწვისა და გარემოს დაბინძურებისთვის.“ ვიბნევი. „მოიცა, ჭიათურაში გარემოს დაბინძურებისთვის გლეხებს მიადგნენ? ჭიათურმანგანუმი ინდოეთში გადაიტანეს და დასაჯარიმებელი მარტო ქვევრის გამომწველი გლეხები დარჩათ?“ − ვეკითხები სარკასტულად. მერე, სტუდიაში, სულ სხვა რამეზე დავფიქრდი, რადგან ვიღაცამ, სრულიად უადგილოდ, კლიმატის ცვლილება ახსენა. ეს საკითხი ბევრს აინტერესებს და ბევრი განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. ზოგს სჯერა ადამიანის ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილებისა, ზოგს − არა; არიან ისეთებიც, ვინც საკითხში ჯერ ვერ გარკვეულა, მაგრამ სურვილი აქვს.

ჩემი პოზიცია საკმაოდ ხისტია: საფრთხე გვიახლოვდება. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მტკიცების მიუხედავად, მე, უბრალოდ, საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო კლიმატის ცვლილების გაეროს სამთავრობათაშორისო კომისიის დასკვნაში. ასობით მეცნიერი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულებში პლანეტის ზედაპირული ტემპერატურა, საშუალოდ, 0,850 C-ით გაიზარდა. დათბობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, წიაღისეული საწვავის გამოყენებაა. 0,85 შეიძლება მცირედ მოეჩვენოს ვინმეს. არადა, ეს რიცხვი, შესაძლოა, დასასრულის დასაწყისზე მიუთითებდეს.

ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მეცნიერები ტყუიან გარემოს დამცველთა სასარგებლოდ. ესენი კი ტყუილებით თავისუფალ ვაჭრობას სპობენ. არ მაღელვებს ასობით მეცნიერის შეთქმულებაში დადანაშაულება. ეს სასაცილოდ მეჩვენება. მაღელვებს ის, რომ საფრთხე, ჩემი აზრით, რეალურია. გლობალური დათბობისადმი დამოკიდებულება, მოქალაქეთა პოლიტიკური კუთვნილების მხრივ, ლაკმუსის ქაღალდად იქცა. როდესაც ამ საკითხზე ვკამათობთ, სინამდვილეში ვკამათობთ იმაზე, თუ რომელ ბანაკს მივეკუთვნებით: მემარცხენეს თუ მემარჯვენეს. პირადად მე სულ არ მადარდებს, ვინ რა პლატფორმაზე დგას. არც ის მანაღვლებს, მემარცხენეობად მოინათლება ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, მემარჯვენეობად, ლიბერალურ მსოფლმხედველობად თუ კიდევ სხვა რამედ. მადარდებს ის, რომ შეუთანხმებლობა შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდებით. თუმცა, სიტყვა „შეიძლება“ შემთხვევით არ მიხმარია... ისტორია უკვე იცნობს შემთხვევას, როდესაც სამყაროში იშვიათი „კონკორდატი“ შედგა და ორივე მხარე − მემარჯვენეც და მემარცხენეც − შეთანხმდა გარემოსდაცვით საკითხზე.

80-იან წლებში არავინ ელოდა, რომ მარგარეტ თეჩერი, განათლებით ქიმიკოსი, მისთვის ჩვეული სკრუპულოზურობით შეისწავლიდა ოზონის შრის გათხელების საკითხს და, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დაიჯერებდა მეცნიერების დასკვნებს. არავინ ელოდა, რომ თეჩერი რეიგანს დაარწმუნებდა, ხელი მოეწერა გლობალური გარემოსდაცვითი შეთანხმებისთვის (ე.წ. „მონრეალის ოქმისთვის“), რომელიც მკაცრი წესებით შეზღუდავდა ოზონდამშლელი ქიმიური ნაერთების უზარმაზარ მრეწველობას. არადა, სწორედ ასე მოხდა. წლები გავიდა და პლანეტის სასიკვდილო საფრთხემ (ოზონის შრის გათხელებამ) ისე ჩაიარა, რომ დღეს არც კი გვახსოვს. არადა, საფრთხე ნამდვილად გამანადგურებელი იყო.

ის შეთანხმება, ვფიქრობ, პოლიტიკურ შეხედულებებზე საღი აზრის გამარჯვების საყოველთაო ტრიუმფია. პლანეტა გადარჩა! იმედი მაქვს, კლიმატის ცვლილების პრობლემასაც ასეთივე ბედი ეწევა!

გადაცემა მიდის, მე კი ვზივარ და სტუმრებისთვის კითხვების დასმაზე მეტად ამ საკითხებზე მეფიქრება. მახსენდება ერთ-ერთ წინა გადაცემაში მოწვეული სტუმრის გასაოცარი არგუმენტები, რომ, თურმე, გლეხმა თავისი ბუხრით, შეიძლება კლიმატი შეცვალოს, მრეწველობამ კი − არა. კიდევ კარგი, დღეს ეთერში ასეთი რამ არავის უთქვამს...

გადაცემის შემდეგ მამიდაშვილთან წავედი. გაგასთან სასიამოვნო საუბარში დრო „შემომეფშვნა“. სალხში გვიან ღამით დავბრუნდი. ძილის წინ, ტრადიციულად, სამეცნიერო ნიუსების პორტალებზე შევედი. შევედი და სახტად დავრჩი. ყველა „ჰედლაინი“ ერთხმად ფეთქავდა: გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს!

უკვე 12 თებერვალი იყო...

12 თებერვალი, პარასკევი

დილით უთენია წამოვხტი. 10 საათზე უკვე „რედისონში“ უნდა ვყოფილიყავი, რადგან „ათასწლეულის გამოწვევის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის დასკვნით ნაწილში უნდა მიმეღო მონაწილეობა, როგორც კომისიის წევრს. საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ინოვაციური სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტებით. გამარჯვებული გუნდი NASA-ში გაემგზავრება. პასუხისმგებლობის ძლიერი განცდა გამიჩნდა. უცებ გუშინდელი ნიუსები გამახსენდა: გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა. რა უცნაურად დაემთხვა! მეცნიერების კონკურსის ფინალზე მივდივარ და თან ამოდენა აღმოჩენა მოხდა.

12 თებერვალი მეცნიერებისა და აღმოჩენების დღეა-მეთქი, ვეხუმრე ბექა მამუკაშვილს, ჩემს სტუდენტ მეგობარს, რომელსაც თითქმის ორი წელია ვიცნობ და რომელთანაც სიამოვნებით ვსაუბრობ ხოლმე მეცნიერების სხვადასხვა საკითხზე. „უარესს გეტყვი: დღეს დარვინის დაბადების დღეა!“ − მიპასუხა ბექამ. დაბადების დღეების დამახსოვრება არასოდეს ყოფილა ჩემი ძლიერი მხარე.

საკუთრივ მეცნიერების პარალელურად, ყოველთვის მიზიდავდა მეცნიერების ისტორია. მუდამ აღმაფრთოვანებს მეცნიერული მეთოდი და მეამბოხე ადამიანები, რომლებიც გამეფებულ შეხედულებებს ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მასალის ანალიზითა თუ სინთეზით ცვლიდნენ. ისინი გენიოსები არიან. გენიოსობა კი ცოტათი „სამეცნიერო თავხედობასაც“ ნიშნავს. ამ თავხედობისა და გამბედაობის გარეშე საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებებს ვერ დაანგრევ.

ზუსტად 206 წლის წინ იბადება ჩარლზ დარვინი. 156 წლის წინ, 24 ნოემბერს, ქვეყნდება მისი ნაშრომი სახეობათა წარმოშობის შესახებ. უკვე მეორე დღეს, 25 ნოემბერს, სამყარო (არა მხოლოდ მსოფლიო!) აღარ არის ისეთი, როგორსაც მას იქამდე იცნობდნენ: ტიტანის გონებამ პარადიგმა შეცვალა და დაასრულ აკაცობრიობის გონის განვითარების მთელი ეპოქა; ეპოქა, რომელიც გრძელდებოდა Homo sapiens-ის გაჩენიდან 1859 წლის 25 ნოემბრამდე. მეცნიერების ყველა დარგი − ფილოსოფია, მსოფლიო პოლიტიკა თუ ხელოვნება − „თავხედმა“ დარვინმა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა გრავიტაციული ტალღების არსებობა იწინასწარმეტყველა. მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ცხადია, აინშტაინიც თავხედი იყო. თავის დროზე მსოფლიო მეცნიერებას უთხრა: კაცობრიობის დასაბამიდან თქვენ ფიქრობდით, რომ არსებობს სუბსტანცია ეთერი; ამ სისულელის გამო დღემდე წყალს ვნაყავთ; გაიგეთ, სუბსტანცია ეთერი, უბრალოდ, არ არსებობს. მე მას ვაუქმებო! ამ „თავხედობით“ დაიწყო ფიზიკის „ამოტრიალება“. აინშტაინი უფრო შორს წავიდა და გრავიტაციული ტალღებიც იწინასწარმეტყველა. აჰა, აკი დღეს, ფაქტობრივად, დამტკიცდა კიდეც!

ვზივარ სკოლის მოსწავლეთა კონკურსზე. ვუსმენ ამ არაჩვეულებრივი ბავშვების პრეზენტაციებს. ზოგი მზის ენერგიის პანელების დახვეწაზე მუშაობს, ზოგი კი − უსინათლოებისთვის სენსორული ხელჯოხების შექმნაზე.

უცებ ჩემს თავს ვიჭერ ფიქრზე − მაინც ოპტიმისტი ვარ! მინდა მჯეროდეს, რომ ამ ბავშვებშიც არიან „თავხედი“ მეცნიერები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი აღმოჩენებით და არა უსაგნო კამათით, ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებენ კანონპროექტებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.

13 თებერვალი, შაბათი

გვიან გამეღვიძა. 5 საათისთვის ეს დღიურები უნდა მივიტანო რადიო თავისუფლებაში. ჯერ არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ან დამაფიქრებდა, ან წერის სურვილს გამიჩენდა.

ხვალ წმ. ვალენტინის დღეა. სამწუხაროა, რომ ჩვენ, ისტორიულად, არ გვაქვს ასეთი დღე.

საოცარია, რომ ჩვენში ამ დღეს ერთი გავლენიანი ინსტიტუტის ბევრი გავლენიანი წარმომადგენელი აღიქვამს არა სიმბოლურ და ლამაზ ტრადიციად, არამედ მწვალებელი წმინდანის ხსენების დღედ და საქართველოში მისი ამოძირკვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ცხადია, ვერ ამოძირკვავენ. სიყვარული თანდაყოლილი ფენომენია. ის ჩვენს გენშია. გენი კი ყველა რჯულზე უმტკიცესია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG