Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია უკლება - მხატვარი


13 დეკემბერი, კვირა

ბათუმში ვარ, სასტუმრო „ჰილტონში“. ულამაზესი ხედია უზარმაზარი ფანჯრის მიღმა! უცნაურად გათენდა ნაცრისფრად და უცებ მოულოდნელად წამოგვადგა მზე − გამოხტა და მთელი ოთახი გააბრწყინა.

წუხანდელ ამბებს ვალაგებ. კატო მიქელაძის პრემია მომანიჭეს. „მომანიჭეს“ − რა ხმამაღალი სიტყვაა!.. მარინა თაბუკაშვილმა დაიჭირა ხელში კონვერტი და უცებ ყველა კამერა ჩემკენ მობრუნდა. მივხვდი გამოცხადებამდე, კამერებმა „ჩაუშვეს“! გამეხარდა და მეუხერხულა. ნეტა, რა ვილაპარაკე? ნახევარი არ მახსოვს და აღთქმა დავდე, რომ ჩანაწერსაც არასდროს მოვუსმენ. გოგოებმა აიღეს იქაურობა: ტაშს უკრავდნენ, მილოცავდნენ, მგონი სცენიდან ხელიც დავუქნიე.

მიუხედავად იმისა, რომ ამბიციური ბავშვი ვიყავი, აზრადაც არასდროს მომსვლია, რომ რაიმეს ლაურეატი გავხდებოდი.

საუზმის შემდეგ ზღვაზე გავედით მე და ლელა. როგორც ყოველთვის, დიდებული იყო ზღვა: მომწვანო-მოლურჯო და მშვიდი-მშვიდი. ზაფხულობით, ასე მგონია, ვერ იტანს ამდენ ხალხს, შფოთავს ხოლმე, ახლა გატრუნული იყო. გატრუნული იქნებოდაო, ზვიად რატიანმა მითხრა დღეს.

დაქანცული ჩამოვედი ქუთაისში. ანი კალმახელიძე გიჟივით მოვარდა, ჩამეხუტა და, ჩქარა წავიდეთ, სადმე ყავა დავლიოთო. არ შემიძლია, ანი, მალე წყალი მოვა, ბევრი საქმე მაქვს-მეთქი, ვეუბნები ნაღვლიანად. ერეკლემ, წადი, დედი, მე მივხედავ ყველაფერსო და ძალით გამაგდო. ანი ატირდა, გული აუჩუყდა: ერეკლე რა კარგი ბიჭიაო. მეც ვთვლი, რომ კარგი ბიჭია ერეკლე − კეთილი, გონიერი.

14 დეკემბერი, ორშაბათი

ვტირი გამუდმებით. გეგონება, ცრემლები ღილაკზე მაქვს: დავაჭერ და იღვრება. დღეს კი არა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სულ ასე ვარ. დაძაბულობის ბრალია, იმდენი სიგიჟე მოხდა ბოლო ორი თვის მანძილზე, მიკვირს, ადეკვატური რომ ვარ. ვარ კი?

ნებისმიერი ემოცია ერთნაირად მანგრევს: კარგი, ცუდი − მნიშვნელობა არ აქვს...

მერიიდან თანხმობა მომივიდა და, როგორც იქნა, უფლება მაქვს, ვხატო. ქალთა ფონდმა დამიფინანსა პროექტი, „სტრიტ არტს“ ვაკეთებ ქუთაისში და წყალტუბოში ქალთა უფლებების თემაზე. მიხარია, რადიო „ძველ ქალაქთან“ ახლოსაა, საღებავებსაც იქვე შევინახავ და ყავა და ჩაიც მექნება. ცივა, მაგრამ კარგად ვარ. ვინც იცის, რას ნიშნავს საყვარელი საქმის კეთება, დამიჯერებს. დიდი სიამოვნებაა, თუნდაც სიცივეში, თუნდაც არაკომფორტულ გარემოში აკეთო ის, რაც გიყვარს და აკეთო, როგორც შეგიძლია კი არა, ისე, როგორც არ შეგიძლია. ხვალ წვიმაა გამოცხადებული. იმედია, დღეს რაც ვაკეთე, ხვალ ჩამორეცხილი არ დამხვდება. გიჟი ხარო, მეგობრებმა, რაღა ამ შუა ზამთარში გამოიგონე ქუჩაში ხატვაო?! ცოტათი მართლები არიან...

თავისუფლების დღიურები - ლია უკლება
please wait

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00

15 დეკემბერი, სამშაბათი

წვიმის ხმა მაღვიძებს და პირველი, რაც მახსენდება: ვაიმე, ნახატი! არ გაფუჭდებოდა, მოასწრებდა გაშრობას? „კაი, რას დარდობ? თუ გაფუჭდა, თავიდან გააკეთებ!“ - ავტოტრენინგს ვუკეთებ თავს. პირველ საათზე რეგიონალურ ტელევიზიაში, „მეგა ტივიში“ ვარ სტუმრად. ოღონდ ტელევიზიაში ნუ მიმიყვან, ოღონდ ჩაწერა ნუ იქნება!.. მაგრამ „აუტანელმა“ გოგოებმა ნამუსზე შემაგდეს.

საშინელი ამინდია. მეუღლე დავითანხმე, რომ ტელევიზიაში გამიყვანს და მერე წყალტუბოს მერს უნდა შევხვდე: იქაც „სტრიტ არტის“ ამბები მაქვს შესათანხმებელი.

მანქანის ტარებას არ ვსწავლობ, მეზიზღება მანქანა. ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, მამას მანქანა გაფუჭებოდა და ფეხით წავსულიყავით სტუმრად. მანქანაში იზოლირებულად ვგრძნობ თავს, არადა მრავალფეროვნება მიყვარს, ხალხმრავლობა. როცა თბილისში ვარ, სულ მეტროთი დავდივარ. ვჯდები და ვუყურებ ადამიანებს და ხანდახან მათ მაგივრად ვფიქრობ. როცა აუცილებლად მჭირდება, ან ქმარს, ან მეგობრებს, ან ტაქსის მოვიშველიებ ხოლმე, უმეტესად კი მაინც ფეხით დავდივარ.

მოკლედ, მოვიარე ტელევიზია და წყალტუბოში გავქანდით. გამგებლის მოადგილე ძალიან თბილად შეგვხვდა და დამპირდა, რომ მომავალ კვირაში გამომიძებნიან კარგ კედელს − ადგილს, სადაც მუშაობას შევძლებ. მოვდივარ ქუთაისში ერთადერთი სადარდებლით: ჩამორეცხა თუ არა ნახატი წვიმამ. გადავრჩი − სულ ცოტათი დამხვდა დაზიანებული. ხვალ კარგი ამინდია გამოცხადებული. იქნებ ახალ წლამდე დავასრულო და მერე დავისვენებ ცოტას.

16 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს სკოლა მაქვს, კინოსკოლის პროექტში ვარ ჩართული. კვირაში ერთ დღეს კინოჩვენებებს და დისკუსიებს ვაწყობთ. ორი სკოლა მაქვს: ერთი ქუთაისში, ერთიც − თერჯოლაში. უყვართ ბავშვებს ფილმის ყურება და დისკუსია. სასიამოვნოდ მაოცებენ, ისეთ დეტალებს აქცევენ ყურადღებას და ისე თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს. ჩემი შვილიც ესწრება, სახლშიც ხშირად ვუყურებთ ერთად ფილმებს.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, როცა ქვეყნის შეურაცხმყოფლად გამომაცხადეს, ერეკლეს სკოლაში წასვლა ეშინოდა. არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ ამას მისი თანაკლასელები, მასწავლებლები. საღამოს გახარებული დაბრუნდა შინ: სოფო მასწავლებელმა მთელი გაკვეთილი ამ თემას დაუთმო და დაგვაწერინა ჩვენი შეხედულება ამ ფაქტთან დაკავშირებითო. გული ამიჩუყდა. სოფო ხვადაგიანი ქართულს ასწავლის ერეკლეს. მან არათუ აარიდა ბავშვი ნერვიულობას, არამედ ტაბუ ახსნა თემას და ბავშვებსაც დაუტოვა უფლება, საკუთარი აზრი გამოეთქვათ.

სკოლის მერე ისევ ნახატთან გავიქეცი. ძალიან ციოდა და ერთ საათზე მეტი ვერ ვიმუშავე, თუმცა, რაღაც სახე უკვე მიიღო. ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც მინდოდა. ლელა ვახშამზე მეპატიჟება სახლში. უყოყმანოდ ვთანხმდები.

17 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღესაც სკოლა მაქვს, ახლა უკვე თერჯოლაში. ხვალ უნდა მქონოდა, მაგრამ ხვალ ბიოლის ფონდის დაბადების დღეზე ვარ თბილისში დაპატიჟებული, თან იტალიიდან კატალოგი ჩამოვიდა და ის უნდა წამოვიღო. პირველი კატალოგია ჩემთვის და მიხარია.

დღეს უამრავი საქმე მაქვს. მეილებზე მზა სარეკლამო რგოლებს ვუგზავნი რადიოს დამკვეთ კომპანიებს, პარალელურად სადილს ვამზადებ, ტილოზე დაწყებულ ნახატს ფონს ვუკეთებ. შინაგანად ვშფოთავ. გარეგნულად მშვიდი ვარ თითქოს, მაგრამ შიგნით ყველაფერი ტრიალებს, დაქრის, გეგონება, სადღაც ელვის სისწრაფით მივქრივარ.

დავიღალე... კატო მიქელაძის პრემიასთან ერთად ფონდმა საგზურით დამასაჩუქრა − რომელ ქვეყანაშიც მინდა, ერთკვირიან საგზურს მჩუქნიან. მოულოდნელი იყო და ძალიან სასიხარულო! იტალიაში მინდა, მთელი ცხოვრების ოცნებას ავისრულებ: ჩემი თვალით ვნახავ სიქსტის კაპელას! უკვე ვიცი, რა სასწაული იქნება, თუმცა ისიც ვიცი: როგორც წარმომიდგენია, იმაზე ასჯერ უფრო დიდ ემოციებს გამოიწვევს.

18 დეკემბერი, პარასკევი

მე და ანი კალმახელიძე მარშრუტკაში ვართ და სიცილით ვიხოცებით: ვიდეოკლიპებს ვუყურებთ, ქართველი ფანოღის დივა მღერის და ვიღაცები სერიოზული სახეებით ცეკვავენ. მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია. ჩვენს სატელევიზიო სივრცეში რაც ხდება, ყველაფერი განვიხილეთ და ზოგიერთი შოუს წამყვანი სამშობლოს მოღალატედ შევრაცხეთ. მართლა მგონია, რომ როცა რამეს მარტო იმიტომ აკეთებ, რომ რეიტინგი გქონდეს, ღალატია. ის, რაც ჰომოფობიის, სექსიზმის, სიძულვილის ენის ტირაჟირებას უწყობს ხელს, ღალატია.

კატალოგს ვიღებ და თამთა მელაშვილთან ერთად კაფეში ვჯდები. თამთა პირველად წყალტუბოში ვნახე, გამოფენაზე. ათვალიერებდა ნახატებს და უცებ ატირდა. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან შეეხო. მივხვდი, რომ ეს გოგო მგავს. დიდხანს და სასიამოვნოდ ვილაპარაკეთ. როცა სადმე უცხო ადამიანების გარემოში ვხვდები, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ვიღაც აქედან ჩემიანია. არ ვიცი, ამას რით ვგრძნობ: ბიოენერგეტიკა ემთხვევა თუ ინტუიციაა. ასეა თუ ისე, როცა ეს გოგო გავიცანი, მივხვდი, რომ ჩემიანია.

მწერალთა სახლში მივდივართ. ბევრი ხალხია, უმეტესობა − ნაცნობი. ყველა მილოცავს პრემიას. ისე ძალიან აღარ ვნერვიულობ, მივეჩვიე. მიყვარს ეს ფონდი, მიმაჩნია, რომ კეთილ საქმეებს აკეთებენ. წლის ჩარევა სასურველი გახდა. როგორ შერცხვა, თავდახრილი ლაპარაკობდა, უხერხულად, ვითომ რაღაც დააშავა. მიყვარს ასეთი ხალხი, ჩუმად რომ აკეთებს კეთილ საქმეებს.

19 დეკემბერი, შაბათი

თვალები ძლივს გავახილე: წუხელ დასალევად წავედით რომელიღაც ულამაზეს კაფეში. ფემინისტები ყოველგვარი საწინააღმდეგო სქესის გარეშე. დავლიეთ, ვიცინეთ, ვიცეკვეთ. მოკლედ, სასწაულად კარგი დღე იყო!

სამი დღით თბილისში ვარ, აქ მამა მყავს, რომელიც ატირებული ჩამეხუტა და ყველა წარმატება მომილოცა. მა, ზუსტად იქ ხარ, სადაც ყოველთვის გინდოდაო. მართალია, ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა: მოვლენების ეპიცენტრში, ბრძოლის წინა ხაზზე და აქ დარჩენას დიდხანს ვაპირებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG