Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ზამბახიძე - ფერმერი


10 მაისი, კვირა

არ მიძინია − მთელი ღამე მონოტონურად ტექსტს ვიმეორებდი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მაქვს საჯარო გამოსვლები და კამერასთან ხშირად მიწევს მუშაობა, მაინც ყველა ჩაწერის წინ ძალიან ვნერვიულობ. დღეს უფრო განსხვავებული თემა მაქვს − სტუმრად მივდივარ „ჩაის თემაზე“. ჩემმა ლექტორმა, ანდრო დგებუაძემ დამპატიჟა. ეს ყველაზე განსხვავებული ფორმატია, რაც კი ოდესმე მქონია, საშუალებაა, დაანახვო ხალხს, ვინ ხარ შენ რეალობაში. ალბათ, ძალიან ძნელია, ოფიციალური განცხადებიდან ან ჟურნალიდან ამოიცნო ადამიანის პიროვნება. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგადი წარმოდგენა შეგექმნას ადამიანზე, მაგრამ, ვფიქრობ საიდუმლო ყოველთვის დეტალებშია. ჰოდა, დღეს ზუსტად იმაზე ვისაუბრე, რაც მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იციან. ჩემი „ჩაის თემა“ იყო: „არასოდეს თქვა არასოდეს“. აი, მართლა ასეა: რაზეც ვთქვი, არასოდეს არ გავაკეთებ-მეთქი, ყველაფერი გავაკეთე.

დღეს პირველად გავუგე მსახიობებს − სცენაზე ფეხი რომ შევდგი და გულმა ბაგაბუგი დაიწყო, მივხვდი, როგორ ნერვიულობენ ისინი. მგონი, თავი გავართვი, თუმცა ამას ორი კვირის მერე ვნახავ, როდესაც ჩანაწერი გავა ეთერში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და იმას, თუ სად ჰყვები შენს ამბავს და რამდენად დადებითად არის განწყობილი შენ მიმართ მსმენელი. მე ძალიან გამიმართლა! იმდენი სითბო მოდიოდა მსმენელისგან, რომ მეც მოვიქოქე, მოვუყევი, ორმა ძროხამ როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება და როგორ გავხდი ფერმერი და, რაც მთავარია, ძალიან ლოგიკურ ამოხსნამდე მივედი: როცა სოფლის მეურნეობაში მუშაობა დავიწყე, ფერმერობა არ იყო პრესტიჟული და ბევრს სიცილსაც ჰგვრიდა. მეუბნებოდნენ − კაი რა, ვერაზე გაზრდილმა გოგომ რა ფერმერობა მოინდომეო?! ახლა ფერმერობა მოდაშია. სუფრას ვერ ნახავ, სადაც ვინმე მაინც არ საუბრობს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს თბილისში „გაპონტებულია“ და უკვე კარგ საქმედ მიიჩნევა, ანუ ძალიან მაგარი ტიპი ხარ, თუ რამეს აწარმოებ. მიხარია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას კარგად „ამოქოქავს“ და, რაც მთავარია, რეგიონებიდან მიგრაციას შეამცირებს.

საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის, თუმცა საამისო ამბიცია და სურვილი ნამდვილად გვაქვს. ჰოდა, თუ სურვილია, შესაძლებლობაც გაჩნდება, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი დოვლათის შექმნაში შევუწყოთ ხელი. ჩემი ყოველი დღე ისედაც ხომ ასეთი ფიქრით იწყება და მთავრდება!

ეს ძლივს გადავაგორე და ახლა ისევ სიტყვა უნდა მოვამზადო ხვალისთვის: „ქალის როლის გაძლიერება აგრარულ სექტორში“. თან ერთი ჩვევა მაქვს: სიტყვას არასდროს ვკითხულობ, მიყვარს, როცა ვსაუბრობ. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ითხოვს. ერთხელ ასე ვმეცადინეობდი და ჩემმა უმცროსმა შვილმა დედაჩემს უთხრა, ბებო, მგონი დედა გაგიჟდაო. რატომო? − ჰკითხა დედაჩემმა. ოთახში შევედი, წამოწოლილია, კედელს უყურებს და ერთსა და იმავეს იმეორებსო. რომ გაიზრდება, ალბათ მასაც ექნება ასეთი მომენტები და მერე გაახსენდება „გაგიჟებული“ დედა. უი, ლამის არის, ჩამომეძინოს. წავედი უკვე, თორემ ხვალისთვის ვეღარ მოვასწრებ მომზადებას.

თავისუფლების დღიურები - ნინო ზამბახიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:13:44 0:00
გადმოწერა

11 მაისი, ორშაბათი

ჰაერზე, ალბათ, არავინ არაფერს ამბობს. ხომ არის ნათქვამი, ორშაბათი მძიმე დღეაო. ჰოდა, არც ჩემი ორშაბათი იყო გამონაკლისი. დილით ბეჯითად მომზადებული წავედი და ევროპელ ქალებს შევხვდი. სიტყვითაც გამოვედი, ძირითადად ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც რეგიონში ქალებს აწუხებთ. იმასაც გავუსვი ხაზი, რომ საქართველოში არ არის ქალის კარგი „როლ-მოდელი“: წარმატებული ქალები ხშირად ან წარმატებული მამების შვილები არიან, ან წარმატებული ქმრების ცოლები, უარეს შემთხვევაში −წარმატებული კაცის საყვარლები. ძალიან გავბრაზდი, როცა აღმოვაჩინე, რომ საქართველოში 59 გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი, 12 მერიდან − არც ერთი, ცხრა გუბერნატორიდან ერთი, და ისიც− მოვალეობის შემსრულებელი. არადა, გინდ ასე თქვი, გინდ ისე, ქალი არანაკლებ საქმეს აკეთებს დღევანდელ საქართველოში, ვიდრე მამაკაცი.

გულდასმით მისმენდნენ და თავს აქნევდნენ: არ ელოდნენ, ასე რიცხვებით თუ ვისაუბრებდი. თუმცა, ვერ დამალეს გაოცება, როდესაც, მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ციტატა მოვიტანე: „უცხოეთიდან ქალების მიერ გადმორიცხული თანხა არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი წელიწადში. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის სპილენძის, სამკურნალო საშუალებების, ხორბლისა და შაქრის იმპორტი ერთად აღებული, ეს არის ფერად შენადნობთა, თხილის, ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი ერთად აღებული, ეს არის ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ბიუჯეტი ერთად აღებული, და ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთი წლის მთლიანი საპენსიო ფონდი.“ მათი არ ვიცი, მაგრამ არც მე მიფიქრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ქალის როლი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში. კი ვიცოდი, რომ მაგრები ვიყავით, მაგრამ ასე თუ ვეხმარებოდით ეკონომიკას, არ მეგონა!

ქალებთან შეხვედრა დავამთავრე და ფერმერთა ასოციაციაში გავიქეცი, ფერმერები მელოდებოდნენ. მიყვარს მათთან საუბარი, ალალი ხალხია. რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ. ამასთანავე, ძალიან მძიმედ ვარ ხოლმე მათთან საუბრის შემდეგ: ბევრი პრობლემა აწუხებთ. რითაც შემიძლია, გვერდში ვუდგავარ, მაგრამ არის ისეთი ნიუანსები, სადაც მე ვერაფრით დავეხმარები. ვხვდები, რომ მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ზუსტად მესმის, რა ადარდებთ და რისი შეცვლა სურთ. ერთფეროვან ცხოვრებას ებრძვიან, უნდათ, განავითარონ საქმიანობა, მაგრამ საშუალება არ აქვთ. ჩემგან ითხოვენ პასუხს, რატომ არის სამყარო ისე მოწყობილი, რომ მათნაირ მშრომელ ხალხს ხელს არ უმართავს. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც პასუხი არ გაქვს. ცდილობ, დაამშვიდო, მაგრამ სიტყვები ჰაერშივე იკარგება და მათ ეს არ ეხმარება.

დღეს მათი მონათხრობი ისე განვიცადე, რომ აქეთ მამშვიდებდნენ: არა უშავს, რამე იქნება და გვეშველებაო. სახლში დამძიმებული დავბრუნდი. წამოვწექი, ტელევიზორი ჩავრთე და იმ საშინელ ტრაგედიას ვუყურე, რაც ქობულეთში დატრიალდა: სამი ბავშვი დაიღუპა ხანძარში! ხანძრის მიზეზი გაურკვეველია. კიდევ უარესმა ფიქრმა წამიღო: იმისთვის წვალობ, შრომობ, რომ შენს შვილს უზრუნველი მომავალი მოუწყო და სამყაროზე ბრაზდები, თუ რამე ისე არ არის, როგორც შენ გინდა. ამ ბავშვების მშობლებმა რა თქვან, რა???...

არა, არაფერი არ არის სიცოცხლის ფასი! მართლა ყველაფერს ეშველება, სანამ ადამიანი ცოცხალია...

12 მაისი, სამშაბათი

დღესდასვენების დღეა, მაგრამ საქმემ დასვენება არ იცის. ისე, საქმე უფრო მასვენებს, ვიდრე უსაქმურობა. დილით ჩაწერა მქონდა, პატარა ვიდეორგოლი გადაიღეს. ძალიან კარგი პროექტი იწყება ბავშვების განათლებისთვის, სახელწოდებით „ლოგიკმეტრი“. ჩემთვის ის მართლაც აღმოჩენა იყო: კომფორტული, საინტერესო, სახალისო და საჭირო ინტერნეტპორტალი, რაც ახალი სიტყვაა განათლების სფეროში. უფ, მე რომ ამდენი შესაძლებლობა მქონოდა, რამდენად წინ ვიქნებოდი ახლა... ჩემს დროს სწავლა, ფაქტობრივად, არ იყო, ლექციები ცდებოდა, მეცადინეობა სანთლის შუქზე გვიწევდა. ახლა კი რამდენი რამ არსებობს იმისთვის, რომ ისწავლოს ადამიანმა. მათემატიკა არ მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მათემატიკოსი იყო და 28 წელი უნივერსიტეტში სხვებს უკითხავდა ლექციებს, მე მაინც ვერ შემაყვარა მათემატიკა. მეუბნებოდა, ისწავლე, ეგ მარტო ციფრები არ არის, ლოგიკურ აზროვნებასაც უწყობს ხელსო. მე კი ჩემსას არ ვიშლიდი და ვეუბნებოდი, ლოგიკური აზროვნება მაქვს და დანარჩენს კალკულატორითაც გამოვთვლი-მეთქი. ხშირად უთქვამს, გაიზრდები და გაგახსენდება ჩემი ნათქვამი, უფრო მეტს კი მაშინ მიხვდები, როცა მშობელი გახდებიო. ახლა ვხვდები, რა მართალი იყო! ჯერ იმიტომ, რომ ახლა, როდესაც მაგისტრატურას ვაკეთებ, მათემატიკა მჭირდება და სამჯერ მეტი შრომა მიწევს, რომ ვისწავლო. მერე იმიტომ, რომ ზუსტად ამასვე ვეუბნები ჩემს შვილებს: მათემატიკა ისწავლეთ-მეთქი. ნეტა ადამიანები რა ფენომენს წარმოვადგენთ, რატომ გვგონია, რომ მშობლები სწორს არ გვირჩევენ? ან რატომ არ ვსწავლობთ ჭკუას სხვის შეცდომებზე? თუმცა, მაინც კარგია, რომ ვხვდებით და დიდობაში მაინც ვიცვლით აზრს.

იგივე მქონდა დედაჩემთან. მეუბნებოდა, იარე მუსიკაზეო. იშხნელების შვილიშვილი ხარ და სირცხვილია, დედა, რომ არ უკრავდეო. მასაც ვეწინააღმდეგებოდი და ვეუბნებოდი, თქვენ დაუკარით და იმღერეთ, მე მოგისმენთ-მეთქი. ახლა ჩემს შვილებს ვეუბნები ზუსტად იმავე ტექსტს: დედა, გაიზრდები გოგოებს გაეპრანჭები და მერე მოგინდება დაკვრა და სიმღერა-მეთქი. ძალიან გამიმართლა, ასეთი ოქრო დედა რომ მყავს. ყველაფერ იმას, რაც მე ვერ მომცა, ჩემს შვილებს აძლევს ახლა: დაჰყავს სპექტაკლებზე, კონცერტებზე, გამოფენებზე. აი, დღესაც, მე სახლში შედარებით ადრე მივედი. დავალება მქონდა გასაკეთებელი ლიდერობაზე. დედაჩემმა კი მოკიდა ჩემს შვილებს ხელი და „ზაზანოვაში“ წაიყვანა კონცერტზე. მაგიდაზე მარწყვი დამიდო, მითხრა, იმეცადინე და ადრე დაიძინე, ადამიანს აღარ ჰგავხარ, კარს გარედან ჩავკეტავთ და არ დაგველოდოო. მგონი, ჯობია დავუჯერო. მეცადინეობასაც მოვრჩი, „ფეისბუკსაც“ ჩავუარე და გავიგე, რას გამოვაკლდი, სანამ ვმეცადინეობდი. ახლა წავედი, დავიძინებ. ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე − ბორჯომში მივდივარ ფერმერებთან შესახვედრად.

13 მაისი, ოთხშაბათი

წვიმს, საშინელი ამინდია. ადრე თუ წვიმა რომანტიკა იყოჩემთვის, ახლა მისი მოსვლა ძალიან მადარდებს. ხვნის პერიოდია და ფერმერები ვერ თესავენ. თუ ასე გაგრძელდა, მოსავალიც არ ექნებათ წელს. ბორჯომში ვიყავით მე და ჩემი მოადგილეები. წაღვერის ფერმერთა ასოციაციას შევხვდი. ძალიან საყვარელი ადამიანები გავიცანი: მიყვებოდნენ, თუ როგორ დაიწყეს მიწის პატარა ნაკვეთზე ბიომარწყვის წარმოება და როგორ ელოდებიან მოსავალს, რომ ტურისტები გამოკვებონ. საოცარი ადამიანი იყო ერთი. თავისი ხელით გაკეთებული ხის კოტეჯები დაგვათვალიერებინა, რომლებიც სასტუმრო კომპლექსს წარმოადგენდა. ისეთი მოვლილი იყო იქაურობა, თავი ევროპაში მეგონა! მერე რამდენიმე საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი მოვინახულეთ და უკან დავბრუნდით. ოფისში მომიწია მისვლა მიუხედავად იმისა, რომ უკვე 7 საათი იყო. იმეილებზე უნდა მეპასუხა და საბუთები წამომეღო.

იმდენ რამეზე ვფიქრობ უკვე, რომ ყველაფერი მავიწყდება. ჩემი ნათლულის დაბადების დღე იყო დღეს. კიმივულოცე, მაგრამ ბავშვების წაყვანა დამავიწყდა. ისე, 21 ნათლული მყავს და ამ ჩემი გიჟური გრაფიკის გამო ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ. სულ ვიმშვიდებ თავს: აი, ცოტაც და საფუძვლიანად დავდგები ფეხზე, მერე უფრო ხშირად ვეკონტაქტები-მეთქი. მაგრამ არ იქნა და არ დადგა ეს „მერე“.

11 საათზეღა გამახსენდა, რომ დღეს ჩემი მეგობარი მიფრინავს გერმანიაში. ის იქ ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის. სამი კვირა იყო აქ და სულ სამჯერ ვნახე. მასთან გავიქეცი დასამშვიდობებლად. რა ვქნა, რა­?! ეს 24 საათი არ მყოფნის, კიდევ დამატებით ექვსი საათი მჭირდება, რომ ყველაფერი მოვასწრო. ხვალაც საოცრად გადატვირთული დღე მაქვს: EBRD, ფერმერები, და საღამოს კიდევ გადაცემის ჩაწერა. ახლა დავიძინე, თორემ დამათენდა თავზე...

14 მაისი, ხუთშაბათი

დღეს დილა იმაზე ადრე დამეწყო, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ჩამოსული იყვნენ ჰოლანდიელები, რომლებიც აგროსექტორში აპირებენ ინვესტირებას და გაირკვა, რომ დღეს 12 საათზე მიფრინავდნენ. ძალიან მთხოვეს შეხვედრა და დილის 7 საათზე შევხვდი. შეხვედრა „ჰოლიდეი ინში“ გვქონდა. რომ გავამგზავრე, ვიფიქრე, დავჯდები და ყავას დავლევ-მეთქი. ამ დროს, ასაკოვანი უცხოელი ქალი მომიახლოვდა და მითხრა, თქვენს საუბარს ვისმენდი, რამდენი რამ გცოდნიათ სოფლის მეურნეობაშიო! მამაჩემი ფერმერი იყო და თქვენი სმენის დროს ბავშვობაში გადავვარდიო. გაირკვა, რომსაქართველოში EBRD-ის შეხვედრის ფარგლებში ყოფილა ჩამოსული. დიდხანს ვისაუბრეთ და ერთად გავემართეთ ახალგაზრდობის სასახლეში ინვესტორების შეხვედრაზე. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ახალი ნაცნობები...

არ ვიცი საიდან გამომიმუშავდა, მაგრამ ერთი ჩვევა მაქვს: არასდროს, არავისთვის მითქვამს უარი შეხვედრაზე. მიმაჩნია, რომ, რაც უფრო მეტი კონტაქტია, მეტი სიძლიერეა და არასდროს ვეუბნები ჟურნალისტებს უარს ინტერვიუზე, ვაფასებ მათ შრომას და მომწონს, როგორ უნდათ, იყვნენ პირველები. იმდენად საყვარლები არიან, რომ დილის 7 საათზე, დილის გადაცემაშიც კი ვიღებ მონაწილეობას − მიუხედავად იმისა, რომ ძლივს ვდგები საწოლიდან. დღესაც ჩაწერაზე ვიყავი ინოვაციების სააგენტოში, სტუდენტებთან ჰქონდათ შეხვედრა და მიმიწვიეს. რომ გამოვედი, მივხვდი, რომ ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს მომავალი. იმდენი საყვარელი და ჭკვიანი ბავშვი იყო, გავგიჟდი. ძალიან მომწონს მათი მიდგომა და სურვილი, რომ იცოდნენ რაც შეიძლება მეტი. სავიზიტო ბარათი მთხოვეს და მითხრეს, რაღაცებზე კონსულტაცია გვინდა და მოვალთო. პირველკურსელები იყვნენ. თან დაამატეს, თუ დაგვეხმარებით, ჯიბის ფულს ვიშოვნითო. ასეთ ბავშვებს როგორ არ უნდა დაეხმარო ადამიანი!

გადაქანცული ვარ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი. ახლა ჯობია დავიძინო. ხვალ ისევ მძიმე დღეა, კვირის ბოლოა და ყველაფერი შესაჯამებელი მაქვს.

15 მაისი, პარასკევი

დღეს საოცარი გადარბენა მქონდა. ამ ხერგილებმა ხომ სულ გადამიყვანეს ჭკუიდან! ყველა შეხვედრაზე ერთი საათით ადრე გავდიოდი, რომ მიმესწრო. ფაქტობრივად, ოთხი საათი გზაში დავხარჯე. ისე, გაახარებს ღმერთი ამ ზაკერბერგს ფეისბუკის გამოგონებისთვის! ხერგილში დროის დაკარგვა დამენანა და ყველა მეილს გავეცი პასუხი: 25 მეილი იყო. მერე ფეისბუკში ვიყავი შემძვრალი და ვეცნობოდი დღის მოვლენებს, ორი ძირითადი თემით: ლარი და პოლიტიკა. ოჰ, ამ ლარის დევალვაციამ ბოლო მომიღო! დღეს ყველაზე მაღლა ავიდა კურსი და ჩემი ფერმერები მირეკავდენ, ახლა რაღა გვეშველებაო. ეს შეკითხვა მაგიჟებს, რა ვუთხრა?.. ვპასუხობ არ ინერვიულოთ, რამე იქნება-მეთქი და ეს „რამე“ მეც არ ვიცი, რა არის.

როგორც იქნა, დანიშნულების ადგილს მივაღწიე. ქართული სუვენირები უნდა მეყიდა. ხვალ ბუდაპეშტში მივფრინავ: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეხვედრაა, თანაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სურსათის უსაფრთხოების კუთხით.

მაღაზიაში შევედი და აღმოვაჩინე, რომ ბარათს არ იღებენ. ნაღდი ფული უნდა გადამეხადა, გამოვედი და საქართველოს ბანკთან მივედი. ჩემ წინ იდგა ასაკოვანი ქალი, რომელიც თითო ჯერზე ხუთლარიან კუპიურას იღებდა. ჩემ უკან მდგომმა მამაკაცმა ჰკითხა: ქალბატონო, ამდენი ხანი რას აკეთებთო, ქალმა კი უპასუხა: შვილო 100 ლარი უნდა გამოვიტანო და ხუთლარიანი კუპიურა მინდა, ბანკომატს არ ვენდობიო. გამეღიმა და შევთავაზე, იქნებ მე დაგეხმაროთ-მეთქი. არა, შვილო, ასე მშვიდად ვარ, თან ვითვლიო. ზუსტად 30 წუთი ველოდე ფულს, ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან საყვარელი ქალი იყო, რომელსაც მხოლოდ თავისი საკუთარი ფული უნდოდა და ბანკს არ აძლევდა საშუალებას, რომ მოეტყუებინა.

სუვენირები ვიყიდე და შემდეგ გაბრიაძის კაფეში წავედი, სადაც ისევ EBRD-ის ფარგლებში გაიმართა სტუმრების მიღება და მარიონეტების თეატრის წარმოდგენის ჩვენება სახელწოდებით „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“. ასე ძალიან დიდი ხანია, არ მისიამოვნია! ბავშვობის მერე მარიონეტების წარმოდგენა ნანახი არ მქონდა. უცებ მივხვდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი იყო, როდესაც არავისზე და არაფერზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ თოჯინებს ვუყურებდი და სადღაც, სხვა სამყაროში ვიყავი. სახლში სულიერად დამშვიდებული დავბრუნდი, გადმოვიღე ჩემოდანი, ჩავალაგე, მოვწესრიგდი, წამოვწექი და დღიურის წერა დავიწყე, რომელიც უკვე უნდა დავასრულო, რადგან აეროპორტში მივდივარ.

16 მაისი, შაბათი

აეროპორტისკენ მივდივარ. ოთხი დღით უნგრეთში მივფრინავ!!!

P.S. ლარი გაამყარეთ ლარი!!!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG