Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია შიშნიაშვილი − არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი


11 დეკემბერი, კვირა

დილით, უცაბედად გაღვიძებულმა, მაშინვე საათს შევხედე. ჩამძინებია. 9 საათია. ნახევარ საათში კი თბილისიდან გავდივართ სტუმრებთან ერთად. დილა კარგად დაიწყო: მზემ გამოანათა, შედარებით თბილა. მახო დროულად მოვიდა. ლევანჩო ბედნიერია, სახლიდან რომ გავიდა და მგზავრობს. და, რაც მთავარია, დღეს ბევრს ოცნება აუხდება: დუტა გვსტუმრობს თაკო როდონაიასთან ერთად!

თაკო მოუყვა დუტას ჩვენზე და ისიც დაინტერესდა. ჰოდა, დღეს ახდება თამარას და ვალოდიას ოცნება, გაეცნოთ დუტა. მახოს ოცნებაც ახდება. მახო ჩვენი კომუნიკაციის ჯგუფის წევრია. დოკუმენტურ ვიდეოისტორიებს იღებს „ხელი ხელს“-ის ბინადრებზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვალოდიას ფილმზე მუშაობა რომ დაიწყო, მაშინვე თქვა, დუტას უნდა გავაცნოთო. ძალიან იხალისებენ, კარგი ტანდემი გამოვაო. ზუსტად ასე მოხდა.

გურჯაანში ჩასულები, ჯერ იმ სახლს ვესტუმრეთ, სადაც ვალოდია ცხოვრობს. ასე, 50 წლის იქნება. კარგი იუმორი აქვს. უყვარს სიმღერა, ხალხთან ურთიერთობა და ცოტა „ჩასხმაც“ − ასე ეძახის დალევას. ხალისში უცებ, დაუფიქრებლად აუბა მხარი დუტამ. ვალოდიამაც შეიფერა და არაჩვეულებრივი განწყობა შეგვიქმნეს იქ მყოფებს. სახლი იმაზე მალე დავტოვეთ, ვიდრე სურდათ. მეორე სახლში მივედით. იქ დაგვხვდა ფუსფუსი და ფართო ღიმილი.

აღარაფერს ვამბობ დიმას და დუტას ბრძოლაზე ნარდში. აღარც ბედნიერ თამარაზე, სურათს სურათზე რომ იღებდა დუტასთან ერთად. ერთი რამ განსაკუთრებით მომხვდა გულზე: როდესაც დუტას ვკითხე, ჩვენთან როგორ მოგწონთ-მეთქი, სერიოზულობაშეპარული ღიმილით მიპასუხა, ძალიან კარგიაო. მაგრამ, ცოტა არ იყოს, სახელმწიფოზე გავბრაზდიო. რატომ-მეთქი? თუ ამ ადამიანებს შვილების აღსაზრდელად სხვას უხდის ფულს, ხომ შეიძლება, ბავშვები სხვაგან არ გადაიყვანოს და მშობლების გარემოში დატოვოს და იქვე აუყვანოს ძიძაო? გავოგნდი. მიხვდა! თან, რა მარტივად!

დღემდე ბევრი პროფესიონალი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ შშმ პირებს აქვთ უფლება, ჰყავდეთ შვილი და ეს შვილი მათთან ერთად უნდა იზრდებოდეს! სტატუსის გამო შვილების გამოგლეჯა ახალნამშობიარები დედისგან დიდი სისასტიკე და დანაშაულია როგორც ბავშვის, ისე მშობლის წინაშე. მეც გაბრაზებული ვარ სახელმწიფოზე!

თავისუფლების დღიურები - მაია შიშნიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:18:11 0:00

12 დეკემბერი, ორშაბათი

ლევანჩო დღის ცენტრში მიდის. მესმის, ჩუმად როგორ შემოდის დედა, ლევანჩოს აფხიზლებს და გაჰყავს. მე კი ძილს ვებრძვი: მხოლოდ 9-ზე მეღვიძება. სასწრაფოდ ვდგები, ერთ ჭიქა წყალს ვსვამ. უცებ მაფხიზლებს. თავს ვიწესრიგებ, მერე ყავას ვსვამ ერთი-ორ კოვზ შვრიის ფაფასთან ერთად, რომელიც ლევანჩოს მორჩა, და გავრბივარ სამსახურში. საცობია. სიჩუმეა. მესამე წელია, ეს მანქანა მყავს და ვერ მოვაწესრიგე აუდიოსისტემა. არადა, მუსიკა ძალიან მაკლია. მოკლედ, სიჩუმე და ფიქრის დროა. რას ვაკეთებ ამ კვირაში? ჩამოვთვლი მოკლედ:

სამსახურში ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017 წლის პროგრამა დავწერე. გადავხაზე. კვლევა, რომელმაც ყველაფერი გვითხრა ქვეყნის მოსახლეობის ქცევაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ქცევას აყალიბებს, დასრულებულია. ეს პირველი, უნიკალური გამოკვლევაა ქვეყანაში. პირველადი ანალიზიც გაკეთებულია. ვამაყობ ჩემი გუნდით. ესეც გადახაზულია. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგია კი შემდეგია. ეს იქნება პირველი სტრატეგია, რომელიც ჩვენივე ქვეყნის მონაცემებსა და მტკიცებულებებს დაეყრდნობა.

ორგანიზაციას „ხელი ხელს“ გაისად ხუთი წელი უსრულდება. ეს საოჯახო ტიპის საცხოვრისის სამსახურია შშმ პირებისთვის. ეს სამსახური განვითარებულ უცხოეთში საუკეთესოდ ითვლება და საქართველოში ჩვენ შემოვიტანეთ. უფრო სწორად, მთელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველები ვართ. აქამდე ჩვენთან „ინსტიტუციები“ ის ადგილი ეგონათ, სადაც შშმ პირებს უნდა ეცხოვრათ. ამ სტერეოტიპის შესახებ გაფიქრებაც კი მზარავს. ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა, ერთი მხრივ კონკრეტული ადამიანებისთვის ადამიანური საცხოვრისის მიცემას და წართმეული ცხოვრების დაბრუნებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი − მძლავრ საადვოკაციო სამუშაოს სტერეოტიპების შეცვლის მიზნით.

როდესაც შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიციის, „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წევრები შშმ ბავშვთა თუ ზრდასრულთა უფლებების დაცვაზე და საჭირო სამსახურების განვითარების ხელშეწყობაზე ვფიქრობთ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური და ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მდგომარეობა საშინელია. უსამართლო და დანაშაულებრივიც კი! ამიტომ გავერთიანდით. ერთი წელი დაურეგისტრირებლად ვიმუშავეთ, თავი გამოვცადეთ. ახლახან კი რეგისტრაცია გავიარეთ. უნდა შევხვდეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ საადვოკაციო სამუშაო: ვიმუშავებთ ადრეული ინტერვენციიდან დაწყებული საცხოვრებლის მომსახურებით დამთავრებული.

ლევანჩო. გული მეკუმშება. რამდენი რამ სჭირდება, არადა, მოთხოვნილი დღემდე ვერ მივიღე. 1. სჭირდება ABA-თერაპია (აქ სხვა არაა კარგად განვითარებული). ლევანჩოს ვაუჩერი ჯერ არ აქვს; 2. სკოლაში ინტეგრირებულ კლასში სწავლობს, მაგრამ უფრო მეტი ურთიერთობა და ინკლუზია სჭირდება თანატოლებთან. სერიოზული საუბრებიც გვქონდა ამის შესახებ სკოლაში; 3. დღის ცენტრი. აქ ლევანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მუშაობენ. ვთხოვე, რა ფორმით, როგორ მუშაობთ, მეც მასწავლეთ, რომ სახლშიც ასევე გავაგრძელოთ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, თვეები გავიდა მას შემდეგ. უკუკავშირი არაა. მოთმინების ფიალა მევსება და... ამასობაში სამსახურშიც მივსულვარ!

13 დეკემბერი, სამშაბათი

დღეს დილით ლიპარამ დამირეკა. ასე ვეძახით. სინამდვილეში ლიპარიშვილია. ჩვენი, „ხელი ხელს“-ის კომუნიკაციის მენეჯერი. საახალწლოდ სათავეში უდგას უკვე ტრადიციად ქცეულ „ჩურჩხელობანას“ − გაყიდვის ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ორგანიზაციისა და სახლების მცხოვრებთათვის. იმ საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და დონორის მხარდაჭერით ბოლომდე ვერ ვუმკლავდებით, გურჯაანის სახლების მცხოვრებნი საკუთარი მუშაობითა და მიღებული შემოსავლებით იკმაყოფილებენ. ამიტომაა, რომ მახარებს ყოველი ჩურჩხელის გაყიდვა.

ჰოდა, ლიპარამ დამირეკა. თაკო შეხმიანებია, როდონაია.

თაკო შარშან გავიცანით. გურჯაანში, „ხელი ხელს“-ის სახლებსა და მის ბინადრებს ესტუმრა. მოგვიანებით, როდესაც გაიგო, ჩურჩხელების მცირე წარმოებას ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა. „ჯეოსელმა“ შეისყიდა პატარა გორგომიჭელები და თავის კოლეგებს და მეგობარ კომპანიებს მიულოცა ახალი წელი. ჩვენი თავიც გააცნეს. ამის მერე კი სახალისო აუქციონი მოაწყვეს თანამშრომლებმა და ნაძვის ხის მოსართავებით გაგვილამაზეს სახლები გურჯაანსა და თბილისში. იმდენი სიხარული იყო იმ დღეს!..

თაკო ისევ შეეხმიანა. თანამშრომლებს თურმე ჯერ კიდევ ახსოვდათ შარშანდელი ჩურჩხელების გემო. წელს უკვე თავისთვის შეიძინეს ახალი წლის გასაგემრიელებლად. ნეტავ, თუ იცოდნენ, ამით ჩვენი ბინადრების საახალწლო დღეებსაც რომ გაალამაზებდნენ. ექსკურსიებზე წავლენ, დაესწრებიან სპექტაკლებს, საცირკო წარმოდგენებს...

გახარებული წამოვხტი და სამსახურში გაათმაგებული ძალით ვიმუშავე.

14 დეკემბერი, ოთხშაბათი

ლევანჩომ რომ გაიღვიძა, ჯერ კიდევ ბნელოდა. საწოლში არ გაჩერდა. ადგა და საერთო ოთახში გავიდა. ძილს ძლივს წავართვი თავი. ვიფიქრე, არ გაცივდეს-მეთქი და გავყევი. შუქი ავანთე. 7 შესრულებულიყო. მისი გამზადების დრო ყოფილა. დედა გავაღვიძე და მე საძინებელში შევბრუნდი. ექვსსაათიანი ძილი არასოდეს მყოფნიდა. ისევ ჩამეძინა.

მალე ისევ წავართვი ძილს თავი ძალის-ძალით. ლევანჩო უკვე წასული იყო დღის ცენტრში. ჩემთვის დაიწყო ერთი ჩვეულებრივი სუსხიანი და ნაცრისფერი დღე. არ მიყვარს ასეთი დღეები. სამყაროს მზე, სითბო და სინათლე აკლია.

გეზი სამსახურისკენ ავიღე. სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ ტრენინგზე, რომელიც თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველებისთვის კონსულტაციის გაწევას უკავშირდება. მე წავედი UNICEF-ში, სადაც ვიმსჯელეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევის გზებზე.

უკან დაბრუნებული, შევხვდი ცენტრის კიდევ ერთ კონტრაქტორს. ისინი ჩვენი დაკვეთით ატარებენ გამოკვლევას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. მე ვესაუბრე კვლევაში სოციალური მუშაკების ჩართვის მნიშვნელობაზე, მათი ფოკუსჯგუფის კვლევის ინსტრუმენტზე. ბევრჯერ შემინიშნავს, რომ სოციალური მუშაკები, რომლებიც შშმ პირებზე (ზრდასრულსა თუ ბავშვებზე) უნდა ზრუნავდნენ, ხშირად თვითონაც ხელს უწყობენ სტერეოტიპების გავრცელებას. არადა, მათგან მეტს ველით და უფრო მეტადაც ვბრაზობთ, როდესაც ასე იქცევიან. მოკლედ, სულ მალე გამოკვლევა მეტ-ნაკლებად ობიექტურ მონაცემებს მოგვაწვდის. ის მოიცავს ფსიქიატრებს, პირველადი ჯანდაცვის პერსონალს, შშმ პირებს, მათი ოჯახის წევრებს... გული სიხარულით მევსება. მალე საკმარისი ინფორმაცია გვექნება იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ბევრი ჩავარდნა, არასწორი დამოკიდებულება თუ მითი, ხოლო გაისისთვის ისეთი საგანმანათლებლო კამპანია დავგეგმოთ, რომელიც ამ გამოწვევებს უპასუხებს.

ექვსი საათი ისე მოვიდა, ვერ შევნიშნე. საცობს ვერ გამოვასწარი.სახლთან ახლოს მაღაზიაში შევიარე და ვიყიდე არაქისის კარაქი და რძის პროდუქტები. დიდი არჩევანი არ გვაქვს. ეტიკეტების კითხვას შევეშვი. ძირითადად აღდგენილი, მშრალი რძისაა, ან საერთოდაც არაა რძე. მათი ყიდვისგან თავს ვიკავებ. აღმოვაჩინე რაღაც ახალი პური. ძვირია, მაგრამ ნამდვილი გემოს ძიებაში ექსპერიმენტებს ვერ ვეშვები. ყველაფერს ერთნაირი გემო აქვს და არომატი უარომატოდ.

სახლში მოვედი. ყველა ერთნაირი სიხარულით მელოდება: ლევანჩო, ბაბო, დედა..

15 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღეს სკოლის დღე გვაქვს. ლევანი მიმყავს სკოლაში. სკოლა დიღომშია. ჩვენ მესამე მასივში ვცხოვრობთ. ინტეგრირებული კლასი მხოლოდ იქაა მთელს ქალაქში. სხვა არჩევანი არ გვაქვს. სერიოზულად ვფიქრობ ისეთი სკოლის პოვნაზე, სადაც მძლავრი რესურსი იქნება ინკლუზიისთვის. ძიება უშედეგოდ მიდის უკვე მეორე წელია. დიღმიდან საბურთალოზე ვბრუნდები სამსახურში. შესვენების დრო ლევანჩოს სკოლის დასრულებას ემთხვევა. გავრბივარ. მასწავლებელი მეუბნება, რომ ლევანჩო თავის კლასელებთან ერთად იჯდა ერთ-ერთ გაკვეთილზე. ნელ-ნელა ვმუშაობთ თანატოლებთან ურთიერთკავშირზე. მას სჭირდება სოციალური ურთიერთობები, მეგობრები. ისინი შეიძლება ლევანჩოს მხარდამჭერებადაც კი იქცნენ მთელი ცხოვრების მანძილზე. აკადემიური უნარები დიდად არ მანაღვლებს.

სკოლიდან ლევანი დღის ცენტრში მიმყავს. იქ მის მასწავლებელს იმ ვიდეოების გაზიარებას ვთხოვ, რომლებითაც მე, მშობელი, ვხედავ, თუ როგორ მუშაობენ, და მეც ვცდილობ, ისევე ვამეცადინო ბავშვი სახლში. იმასაც ვეუბნები, რომ გული დამწყვიტეს ამდენი ხნის ლოდინით.

მერე ისევ სამსახური და ბოლოს − სახლი: ისევ მოლოდინითა და სიხარულით სავსე თვალები.

16 დეკემბერი, პარასკევი

ისევ ძლივს გახელილი თვალები, ისევ ცოტაოდენი წყალი გათენებისთანავე (კარგია ჯანმრთელობისთვის!) და მოგვიანებით, წასვლის წინ − ყავა, აუცილებლად ნალექიანი. მანამდე − ერთი-ორი ლუკმა. ლევანჩოს ისევ გაუჭირდა 7-ისთვის გაღვიძება. ამიტომ დღის ცენტრის მანქანას ვერ გაჰყვა. მე მივიყვანე, მერე კი სამსახურში მივედი.

ძირითადი დრო წაიღო C ჰეპატიტის აღმოფხვრის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე და განათლებაზე ფიქრმა და მუშაობამ. მეორე წელია, ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. შარშან საკმარისი ცოდნა არ გვქონდა: საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა იმაზე, რა იცოდა მოსახლეობამ C ჰეპატიტზე, როგორ ვრცელდებოდა, ვის ემუქრებოდა ამ დაავადების საფრთხე. ბევრი არაფერი ვიცოდით მისი თავიდან აცილების გზები, იმაზე, როგორ აცნობიერებდა საფრთხეს მოსახლეობა და ასე შემდეგ. დისკრიმინაციის ფაქტებზე დროდადრო თითქოს საუბრობდნენ, მაგრამ არც ამაზე გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია. ამიტომ ჩვენი საქმიანობა მოსახლეობის განათლებით და ინფორმირებით დავიწყეთ. კამპანია საბაზისო ინფორმაციის მიწოდებაზე ავაწყვეთ. დღეს შევაჯამეთ წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგები.

ამ პერიოდში საგანმანათლებლო ინფორმაციას ვავრცელებდით ტელევიზიით, სოციალური, ბეჭდური, საინტერნეტო მედიით, ნაბეჭდი მასალით. ჩავატარეთ გამოკვლევა, მეტი გავიგეთ. მომავალი წლიდან კამპანიას სწორედ მის საფუძველზე ავაგებთ. ეს ჩვენს საქმიანობას უფრო ეფექტიანსა და შედეგიანს გახდის. გამოწვევა ბევრია, თუნდაც ახალ-ახალი მითები მკურნალობაზე, მის შედეგებზე, სტიგმა ისევ ბრუნდება, მოთხოვნა პროგრამის მიმართ იზრდება, განკურნებული პაციენტები კი გამოჯანმრთელებას ალკოჰოლის სმით აღნიშნავენ − სავარაუდოდ, არასაკმარისი საგანმანათლებლო მუშაობის გამო...

საკმარისია. ახლა შემდეგი სამუშაო შეხვედრის დროა. თემა − ბავშვთა კეთილდღეობა. ფართო და რთული თემაა, უამრავი პრობლემით. არც არის გასაკვირი, რომ სახლში დაქანცული მივედი. ლევანჩოს მოვეფერე, დივანზე წამოვწექი და დიდი ხნით ჩამეძინა. ახლა ცოტას დავწერ და მერე ისევ დავიძინებ.

17 დეკემბერი, შაბათი

დიდხანს მეძინა, მგონი მართლა გამოვიძინე. ლევანსაც ბევრჯერ არ გავუღვიძებივარ ღამით. ეგაა, ცხვირში რაღაც მიღიტინებს. იმედია, ვირუსები არ ფუთფუთებენ. გრიპის აცრა გაკეთებული გვაქვს მეც და ლევანსაც. ბაბო და დედა ვერ დავითანხმე. სამწუხაროა, რომ გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა მხოლოდ 70%-ია. სრულად ვერ დაგვიცავს. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, ორგანიზმის ჯანსაღად შენარჩუნება. უზომო მუშაობა ორგანიზმის გადაძაბვას და დასუსტებას იწვევს, მერე კი ინფექცია მარტივად გერევა ადამიანს. ამიტომ პირველი, რაც მოვიფიქრე, ცოტა ლიმონჩაწურული წყალი იყო. კარგია, ზოგადად, ორგანიზმისთვის. მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში, სულ ცოტა, 1,6 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ. მე ვმეცადინეობ. ჩვევის გამომუშავებას დრო და ვარჯიში სჭირდება.

ეს კვირა თითქმის ჩამთავრდა, მაგრამ საქმე ჯერაც ბევრია. ჯერ მათზე არ მინდა ფიქრი. ეს ის დღეა, როდესაც ვისვენებ, თუ შანსი მაქვს. ნახევარი დღე მაინც. მთელი დღე ვბოდიალობ სახლში, შუადღისას ვიძინებ. გასვლა არსად მინდა, მხოლოდ სიწყნარე და სახლში ფუსფუსი. პერიოდულად კომპიუტერს მივეპარები ხოლმე. დროდადრო წინა კვირის დასრულებულსა და დაუსრულებელ საქმეებს გადავავლებ ხოლმე თვალს. აი, ახლაც, გოჩამ, კომუნიკაციის კიდევ ერთმა მენეჯერმა, გადმომიგზავნა სტატია, რომელიც „ხელი ხელს“-ის სახლების ერთი მცხოვრების ამბავს ჰყვება. „ინდიგოში“ დაიბეჭდა. უნებლიეთ ვიწყებ მომავალი კვირის სამუშაოს მოხაზვას.

მერე ისევ ვწყვეტ. დუტას სიტყვები მახსენდება, სახელმწიფოზე ვარ გაბრაზებულიო. რამდენი დრო და ენერგია დავხარჯე იმაში, რაც ამცდებოდა, სახელმწიფოს ეს საქმე მოგვარებული რომ ჰქონდეს! სკოლაში კარგად რომ იყოს გაწერილი მასწავლებლისა და სპეცპედაგოგის ფუნქცია-მოვალეობები და ერთიანად სკოლის ფუნქციები ჩემს შვილთან (შშმ ბავშვთან) მიმართებით და ამაზე კარგად ვიყო ინფორმირებული, ამდენი ვნებათაღელვა ხომ აღარ დამჭირდებოდა? ან ამდენი ბრძოლა ბავშვის თანაკლასელებთან გაყვანაზე? დღის ცენტრების მუშაობის პროცესი და მშობლებთან ურთიერთობა უფრო დახვეწილი რომ იყოს, ამდენი ბრძოლა ხომ არ დამჭირდებოდა იმაზე, რომ გამეგო, როგორ მუშაობენ ბავშვთან? ან საოჯახო ტიპის საცხოვრებელი ავიღოთ. ოთხი კაცი გველოდება, ჩარიცხვა უნდათ. ლიმიტი შევსებულიაო და, ამავდროულად, პროგრამას ფული დაუხარჯავი დარჩა. კი მაგრამ, ეს როგორ?! არაფერი მესმის და ვხვდები, რომ სერიოზული ბრძოლისთვის უნდა მოვემზადო..

არა, ჯობია ჯერ დავივიწყო. პრობლემები და ბრაზი გადავდო. მაინც შედეგიანი კვირა იყო. ახლა დასვენების და ძალების მოკრების დროა...

XS
SM
MD
LG