Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა მახარაძე - ბალერინა


1 იანვარი, პარასკევი

1 იანვარი „თენდება“ 12 საათზე. ეს ყველასთვის სასიხარულო და საყვარელი დღესასწაულია! ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში ძალიან გვიყვარს ეს დღე. ტრადიციულად, ვიკრიბებით. ანუკა მოდის. მე ნატოსთან და ნიკუშასთან ერთად ვცხოვრობ. მერე მოდიან ჩემი შვილიშვილის, დათა თავაძის მეგობრები, მთელი ჯგუფი... და იწყება „თავდავიწყება“.

წელს ჩვენთან ერთად შეხვდა ახალ წელს კახიძეების ფრთა: ჩემი რძლის, დათას მეუღლის, ნატუკა კახიძის მშობლები: ვატო კახიძე და თამუსია კახიძე-ბერიძე. 12 საათზე ისინი შინ იყვნენ და მერე შემოგვიერთდნენ და ძალიან, ძალიან კარგი იყო! როდესაც ვატო არის სადმე, მით უმეტეს სუფრასთან, ეს არის ერთი დიდი სიამოვნება. საოცარი იუმორის პატრონია თუ ამას კიდევ მოჰყვა მუსიკალური „დანართი“ (გააჩნია, რა გუნებაზეა), ეს მთლად გადასარევია. მოკლედ, ძალიან მხიარული და კარგი შეხვედრა გვქონდა ახალი წლის.

„დილით“ გაღვიძება ხდება დღის 12 საათის შემდეგ, რაც ძალიან მიყვარს! გამოდის, რომ დღეს გვაქვს „პიჯამა პარტი“, იმიტომ რომ ყველა გამოვდივართ „გაბურსალებულები“ − ხალათებით, პიჟამებით. მე პირადად ვბრუნდები საწოლში. პირველში ტელევიზორით უჩვენებენ ხოლმე ძველ ქართულ ფილმებს და ძალიან მიყვარს მათი ყურება. სულ არ არის აუცილებელი, რომ დედაჩემის მონაწილეობით იყოს...

არ მინდა, ვინმე მოულოდნელად მოვიდეს. ვართ სრულ „მოშვებულობაში“, ასე ვთქვათ. ამჯერად, საღამოს წავედი ჩემს ძმასთან, თემურ ჩხეიძესთან. ავად არის, გრიპი აქვს. სახლში მარტო იყვნენ ის და ნანი.

2 იანვარი, შაბათი

ორში სამეფო უბნის თეატრში ბედობას აღნიშნავენ ხოლმე. ძალიან კარგი იყო: ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს ეს თეატრი, ის მართლა ჩვენი სახლია, ოჯახია. იმდენი ძალა და ენერგიაა ჩადებული მის შექმნაში, ჩამოყალიბებაში − უპირველესად ამ თეატრის დამაარსებლების, იზა გიგოშვილის და მერაბ თავაძის მიერ. იზა, მერაბი, ნიკუშა... ნიკო თავგანწირულია სრულიად ამ თეატრისთვის! და ახლა მისთვის უკვე დათა თავაძეც თავგანწირულია. ძალიან საინტერესო თეატრია, არ მერიდება ამაზე ლაპარაკი. სრულიად სხვადასხვა ხალხისგან მესმის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან: „ძალიან გვიყვარს ამ თეატრში სიარული, ეს დიდი ბედნიერებაა.“

სამეფო უბნის თეატრშივეა თემურ ჩხეიძის სახელოსნო. ბედობაზე ამ სახელოსნოსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მოვიდნენ. არაჩვეულებრივი საღამო იყო! ბედნიერებაა ამ ნიჭიერი ახალგაზრდების ყურება და კარგია, რომ ამ ნიჭს მიმართულების მიმცემიც ჰყავს...

თავისუფლების დღიურები - მაკა მახარაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:32 0:00

3 იანვარი, კვირა

დილა ისევ პასიური იყო, იმიტომ რომ სტუდია არ მუშაობდა. საღამოს ვიყავი მცხეთაში, ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე. 50 წლის გახდა გია ჩახავა. მამამისი, არქიტექტორი გოგი ჩახავა, დედაჩემის ბიძაშვილი იყო. მისი დაპროექტებულია ის ცნობილი შენობა (დღეს უკვე „საქართველოს ბანკის“ შენობა), რომელიც სანაპიროზე დგას და მსოფლიო არქიტექტურის კატალოგებშია შესული, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ნაგებობა. გია კი ნევროპათოლოგია, ძალიან წარმატებული და კარგი. მას ვესტუმრეთ მე და ჩემი ძმა ივიკო თავისი ოჯახით. ძალიან კარგი საღამო გავატარეთ.

სულ ვფიქრობ, რომ სადღესასწაულო დღეები, მამაკაცებისთვის უფრო არის. ქალები დროს უმეტესად სამზარეულოში ატარებენ. თუმცა მე უკვე აღარ ვარ აქტიური დიასახლისი. რაც უნდა პარადოქსული იყოს, მაშინ, როცა ვცეკვავდი, ამ მხრივ უფრო ვაქტიურობდი: ვიყავი მზარეულიც, მრეცხავიც, მხეხავიც, მომტანიც, წამღებიც, წამყვანიც და წამომყვანიც...

პირველ ადგილზე ჩემთვის მაინც ოჯახი იყო ყოველთვის. ეს ჩემთვის არავის დაუძალებია. ჯერ ერთი, დედის მაგალითი მქონდა. მართლა ვერ გამიგია, როგორ ახერხებდა, ყოფილიყო ვარსკვლავთა შორის უვარსკვლავესი, მე ასე ვიტყოდი, ძალიან აქტიურად დაკავებული მოქმედი მსახიობი, და თან ასეთი დედა?! სამი შვილი ვყავდით და არც ერთს არ მოგვკლებია მისი ყურადღება, სიყვარული... არც მისი ხელი, არც ალერსი, არც ზღაპრის მოყოლა, არც იავნანას სიმღერა. თან, არა მარტო შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებსაც კი!

4 იანვარი, ორშაბათი

ჩემს სტუდიაში არდადეგები დამთავრდა. ამჯერად სპექტაკლები უჩვეულოდ ადრე ჩავატარეთ: 19 და 20 დეკემბერს. ქორეოგრაფი, ვინც სპექტაკლები დაგვიდგა, მარიამ ალექსიძეა. ის არის დიდი, დიდი დინასტიის წარმომადგენელი, დიდი რეჟისორის დოდო ალექსიძის შვილიშვილი, გოგი ალექსიძისა და მარინა ალექსიძის ქალიშვილი. ეს უკვე მეოთხე სპექტაკლია, რომელიც მან დაგვიდგა. ჩვენი პირველი სპექტაკლი „მაკნატუნა“ იყო, ეს საოცარი საახალწლო-საშობაო ზღაპარი ჩაიკოვსკის ჯადოსნური მუსიკით! (ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, „მაკნატუნას“ მუსიკა ვინ დაწერაო?!)

რაც შეეხება ჩემს სტუდიას, ვერასოდეს წარმოვიდგენდი... არც მიფიქრია, არც მიოცნებია, აზრადაც არ მქონია, რაღაც ამდაგვარი გამეკეთებინა. თუ მომსვლია რამე აზრად, ვფიქრობდი, როდესაც პენსიაზე გავალ, და პენსიაზე გავედი 38 წლის ასაკში, ათას რამეს გავაკეთებ-მეთქი, და ყველაფერი ეხებოდა სახლს. იმას მოვქარგავ, ამას შევკერავ, მოვქსოვ. ოცდათვრამეტისამ თავი დავანებე ცეკვას და გავედი პენსიაზე. ასეა ჩვენს პროფესიაში. თუმცა არსებობს გამონაკლისები, გამორჩეული მოცეკვავეებიც. ისინი ახერხებენ მეტხანს ცეკვას. არადა, ეს ფიზიკურად თითქმის შეუძლებელია, უზარმაზარი შრომაა!

ჩემი პედაგოგი ვერა წიგნაძე იყო. ის იყო ჩემი მეგობარიც, რომელიც მთელი ცხოვრება მხარში მედგა. სულ უნდოდა, ჩემგან „გაეკეთებინა“ რაღაც ისეთი, რაც ვერ გავხდი სახლსა და თეატრს, ჩემს სპეციალობას შორის. ვერას დედამისი ცივ ნიავსაც არ აკარებდა. ამით დედაჩემს კი არ ვსაყვედურობ, მაგრამ ვერა სხვა იყო. მთელი გულისყური თავისი სპეციალობისკენ ჰქონდა მიმართული − ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ასეთ დიდ ბალერინას სხვანაირად არც უნდა ეცხოვრა. ვერა ახლა 90 წლისაა. ასეთი უნიკალური პედაგოგი მყავდა! თუმცა მადლიერი ვარ ყველა იმ პედაგოგის და რეპეტიტორის, ვინც ჩემში ჩადო თავისი ძალა, ენერგია, სიყვარული. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ძალიან მადლობელი ვარ. თუ ცოტა მაინც გავამართლე მათი იმედები, ძალიან კარგი. და თუ არადა, რაც ვარ, ეგა ვარ, რა გავაკეთო...

5 იანვარი, სამშაბათი

წავედი სტუდიაში. ჩვენი სტუდია გამორჩეულია იმით, რომ იქ უახლოესი მეგობრები ვმუშაობთ. ცხრა წლის ასაკიდან ერთად ვართ. პირველ სადღეგრძელოს ვსვამთ: „ბალეტს გაუმარჯოს!“ ბალეტმა დაგვაკავშირა. მშობლებმა მიგვიყვანეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და იქიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება ვმეგობრობთ. მაგრამ როდესაც საქმე პროფესიას ეხება, იქ უკვე სხვა მოთხოვნებია და სხვა შეხლა-შემოხლა ხდება ამის გამო.

ბალეტი ძალიან მოსწონთ გოგოებს, მაგრამ შესაბამისი მონაცემები ყველას არა აქვს; ან აქვს და მშობელს ეცოდება შვილი, იმიტომ რომ უნდა გაწირო ბავშვი, მით უმეტეს, თუ საშუალო მონაცემები აქვს. ჩვენი სტუდია კი ყველა ზომის, წონის და სიმაღლის ბავშვებს აძლევს საშუალებას, სცენაზე იცეკვონ. ასე ვიტყოდი: ჩვენ ვთამაშობთ ბალეტობანას, მაგრამ ვთამაშობთ დიდი სიამოვნებით.

ყველა ჩვენს სპექტაკლში მონაწილეობენ ზრდასრული მსახიობები დრამატული თეატრისა: ეკა ჩხეიძე, ნატო მურვანიძე (კარგი, ესენი ნათესავები არიან), ზაალ ჩიქობავა, ონისე ონიანი, თამრიკო მაყაშვილი თავისი შვილებით, ქეთი გეგეშიძე. დედაჩემი იყო პირველი, ვინც მათ ეს მაგალითი მისცა. დედა მონაწილეობდა „მაკნატუნას“ პირველ დადგმაში. გამოდიოდა, ავანსცენაზე ჯდებოდა და ბავშვებს, მაყურებელს უყვებოდა მაკნატუნას ამბავს. წელს პირველად მოხდა, რომ სპექტაკლში ჩვენივე პედაგოგები მონაწილეობდნენ: ნათია ბუნტური და თაკო იმედაშვილი.

ჩემი მოსწავლეების მშობლები მირეკავენ ხოლმე. ახლაც დამირეკა ერთმა და მითხრა, ჩაკეტილია ოთახში და „მაკნატუნას“ უსმენსო. მე ვუთხარი: „მიზანი მიღწეულია!“

6 იანვარი, ოთხშაბათი

შობის ღამე ახლოვდება. ანუკა მოვიდა ჩვენთან, სტუდიაში. ახლა ჩემს სტუდიაში აქვს თავისი პატარა კუთხე და იქ მოთავსდა. ვიზაჟის სკოლა სხვაგან აქვს. ბავშვებსაც ასწავლის. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემთვის: ანუკაც ჩვენი კოლექტივის წევრი გახდა. ყველაფერი თვითონ გააკეთა. ახლა ცალკე ცხოვრობს. სულ უნდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად ეკეთებინა. რაც შეეხება ნატოს, ის მსახიობია. ისე გამოვიდა, რომ მთელი ჩვენი ოჯახი, მთელი ჩვენი მოდგმა, ქართულ თეატრს, ქართულ ხელოვნებას ემსახურება.

7 იანვარი, ხუთშაბათი

მეგობრებთან ვიყავით... ჩვენი მეგობრები არიან არაჩვეულებრივი ოპერატორი მიშა მაღალაშვილი და მისი მეუღლე, მსახიობი ნინო დუმბაძე. მიშა არის დიდი ედიშერ მაღალაშვილის შვილი, რომელიც ჩემი მშობლების მეგობარი იყო. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, გაჯერებული სიყვარულით, სითბოთი, დიდი იუმორით, დიდი მოწიწებით.

8 იანვარი, პარასკევი

მე რომ გავჩნდი, მამაჩემი 23 წლის იყო. რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა ჩემდამი. არც მალავდა ამას, ცოტა უხერხულადაც კი ვიყავი ჩემს და-ძმასთან. „პირველი მაინც პირველია“, იტყოდა. არ ერიდებოდა ამას. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მე ფრთა შევასხი მის ბავშვობის ოცნებას − ბალეტს. მამას წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული საბალეტო სკოლა და ძალიან უყვარდა ხელოვნების ეს დარგი. დედასაც ძალიან უყვარდა, მაგრამ მამა მთლად სწავლობდა და დაამთავრა კიდევაც. ძალიან ნათელი მომავალი „ემუქრებოდა“. ორი კერპი ჰყავდა ცხოვრებაში: ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა და, ეტყობა, ხორავამ გადასძლია. წავიდა თეატრალურ ინსტიტუტში... გული მწყდება, რომ ჩემი შვილიშვილები მას ვერ ხედავენ. განსაკუთრებით დათაზე მწყდება გული, იმიტომ რომ კოტესთან ურთიერთობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ბოლო დროს რაღაცები სწყინდა ხოლმე. ადრე არასდროს არ სწყინდა არაფერი. საერთოდ, ძალიან „მსუბუქი“ იყო და ძალიან „ადვილი“. თუნდაც სამზარეულოში, რასაც მიართმევდი, იმას შეჭამდა. „ეს მიყვარს, ეს არ მიყვარს“ მისთვის არ არსებობდა. ერთადერთი, რაც არ უყვარდა და არ დაულევია არასდროს, ეს იყო ყავა. ჩაიც ცხოვრებაში სამჯერ თუ ექნებოდა დალეული. საოცარი ამბავი იყო! ოღონდ, რომ დალევდა ჩაის, ვაჰ, რა კარგია, კაცო, რატომ არ ვსვამო, იტყოდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ჩაყრიდა ნახევარ ჭიქა შაქარს, ერთი საათი უნდოდა იმის მორევას, რომ გაჯერებულიყო, შაქარი გახსნილიყო და მერე უკვირდა, რატომ არ სვამდა ჩაის. ძალიან უპრეტენზიო იყო საერთოდ. ერთადერთი, რაზეც ძალიან მწყდება გული, ისაა, რომ არც ერთ ქუჩას არ ეღირსა კოტეს სახელი თბილისში. ძალიან მწყდება გული, იმიტომ, რომ მიმაჩნია, იმსახურებდა ამას. იმიტომ არა, რომ მამაჩემია. დედაჩემის სახელი დაერქვა ქუჩას. შანხაიში არის სამი პატარა ქუჩა, რომლებსაც დაერქვა გოგი გეგეჭკორის, ედიშერ მაღალაშვილისა და მედეა ჩახავას სახელები. ჩვენ არც გაგვიგია საერთოდ. მოკლედ, მამაჩემმა ვერ „დაიმსახურა“...

2016 წელს არის დედას 95 წლისთავი და მამას 90 წლისთავი. ძალიან მინდა, გავაკეთო მისი მონოსპექტაკლების დისკები. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი ჩარევა არ უნდა იყოს საჭირო.

9 იანვარი, შაბათი

კვირის მოლოდინი... დღეს სტუდიაში სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკეთ. ორი სპექტაკლი უნდა გამოვუშვათ.

ჩემს დღიურებს მამაჩემის გამონათქვამით დავასრულებ. ამას წინათ გამოქვეყნდა კოტე მახარაძის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც ასე იწყება: „იცით, რა არის ჩემი ოცნება? ჩემი ოცნება არის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ თავიანთი საგანმანათლებლო კერები. აი, მაგალითად, მაკა ასწავლიდეს ბალეტს, ანუკა ვიზაჟს, სოფიკო კიდევ რაღაცას, ის კიდევ რაღაცას.“ ასე წერდა. ყველა რომ ასწავლიდეს თავის საქმესო, ემსახურებოდეს თავის ქვეყანას, თავის საქმეს და ხელოვნებას და, როგორც მინდვრის ყვავილები, ისე იყვნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები მოფანტული მთელ ქვეყანას და აკეთებდნენ იმას, რაც თვითონ იციან, რომ ის გადასცენ სხვას − ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაო... ნაწილობრივ ეს მართლაც გავაკეთეთ. და ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიძლება უფრო გაბევრდეს და გაიზარდოს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG