Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა გაგუა - ექიმი-ნუტრიციოლოგი


26 აპრილი, კვირა

ჩანაწერი პირველი:

დილიდანვე სახლის რემონტზე მეფიქრება და მივაკითხე კიდეც ჩემს ბინას, კელიას რომ ვეძახი ჩემთვის, ჩუმად. მენდელეევის კვალობაზე, ადამიანი სამუშაოში ისე უნდა გადაეშვასო, რომ ამბობდა, როგორც მონასტერშიო. „გადაეშვას“ ისე ვამბობ, სიტყვის მასალისთვის, თორემ „წავიდეს“ ჯობია, მონასტერში ხომ მიდიან. თუმცა, ერთმა მონაზონმა მითხრა, მონასტერში კი არ მიდიან, მოდიანო. ჰოდა, მეც მოვედი ჩემი რემონტის სანახავად (გასაკონტროლებლად-მეთქი, ვერ ვიტყვი, დიდად არ მესმის ამ საქმეების. პროცესი არ მესმის, თორემ შედეგი კი მომწონს, თუკი მოსაწონი შედეგი დადგა, რაღა თქმა უნდა). თუმცა, ამ ბოლო დროს ჩემი მოსაწონი რა არის ამ ამბავში, მართლა ვერ ვხვდები. ვუკირკიტებ და ვუკირკიტებ, დავღალე ხალხი, იქით არქიტექტორს გავუწყალე გული, და აქეთ − სამუშაოს მწარმოებელს. არ იმჩნევენ. ალბათ, იმას თუ უწევენ ანგარიშს რომ ქალი ვარ (არა მგონია, ჩემი დიეტოლოგობა ანაღვლებდეთ, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად ნამდვილად არ იმსახურებენ ჩემს ყურადღებას, როგორც პროფესიონალისა). პროფესიონალები არიან თავადაც და ბოლომდე უნდა გამიძლონ. ამით ვიმშვიდებ თავს და მათაც ვამშვიდებ. ზოგჯერ ვერევი კიდეც მათ საქმეებში, მეც საქმეში ვარ, მოკლედ. რას იზამ, კლიენტი მქვია, კლიენტს კი ბოლომდე უნდა უსმინო, რაც უნდა პროფანი იყოს. ოქროს კანონია! მისმენენ, და მერე ისევ აგრძელებენ თავისას. მოკლედ, დილიდანვე მაგარ ამბავში ვარ, გაწამაწიაში, როგორც იტყვიან. არ ვიცი, პროფესია შევიცვალო თუ დროებით მივებარო ამ ჩემს მშენებლებს. არაფერია გამორიცხული ამ ჩემი ბინის უსასრულო რემონტის გადამკიდე (ამ ბოლო დროს დავასკვენი, რომ ყველა რემონტი ასეთია დედამიწის ზურგზე, და დავმშვიდდი).

ჩანაწერი მეორე:

გასულ კვირას კოტე თოლორდავას გასვენებაში ვიყავი. უნიჭიერესი მსახიობი რომ არის და ჩემი პაციენტი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ, როცა ამ ადამიანს შევეხე, მასში ის სიფაქიზე და მოკრძალება დავინახე, რომელსაც განსაკუთრებით ვაფასებ. კიდევ უბრალოება, ნიჭიერ ადამიანებს რომ ახასიათებთ, ზეციდან დასაჩუქრებულებს. ძალიან სხვა იყო კოტე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეთი იყო, ასეთად დავინახე. სხვისთვის არ ვიცი. არ მიყვარს წარსულში მოხსენიება ახალგაზრდა გარდასულების, ამაში ვხედავ გამოსავალს. იყო კი არა, არის, თავისი ნათელი ღიმილით, უშუალობით და სითბოთი, მაყურებელს რომ ხიბლავდა და ყველა შემხვედრს, ნაცნობს თუ უცნობს. მეც, იმათ შორის. არავის დანახვა არ მინდა ახლა, მინდა უბრალოდ ვიფიქრო კოტე თოლორდავაზე, როგორც ცოცხალზე. იგივე განცდა მქონდა ნიკო გომელაურის მიმართ. საერთოდაც, ერთმანეთს ვამსგავსებ ამ ორ ადამიანს, ღიმილით, თვალებით. ორივე გრძნობდა სიკვდილს, ახალგაზრდობაშივე შემოსტუმრებულ აღსასრულს გრძნობდა. ღმერთმა გაანათლოთ კოტე და ნიკო და ყველა მარად ახალგაზრდა გარდასული ამა ქვეყნიდან, ჩემი დაც, მათ შორის.

თავისუფლების დღიურები - ნატა გაგუა
please wait

No media source currently available

0:00 0:24:59 0:00
გადმოწერა

ჩანაწერი მესამე:

სხვა ტალღაზე გადამრთო მოდების ჩვენებამ, ნიჭიერმა დიზაინერმა, სალი ფანგანმა რომ დამპატიჟა. სილამაზე ესაჭიროება ყველას, ნამდვილი სილამაზის აღქმა ყველას სწყურია და ენატრება. ნამდვილი სილამაზე ხომ ენერგიაა, სიცოცხლე. დასიფრიფანებენ ეს გოგონები და გაზაფხულს გრძნობ, მოჭარბებულ სიცოცხლის განცდას და მშვენიერებას, რისი მოტანაც ახალგაზრდებს ძალუძთ მხოლოდ, ლამაზ ჯიშს, რომელიც ასე გემოვნებით იცვამს და დახვეწილად. ხელოვნებაა ნამდვილი, ხელოვნების გამოფენა, და ვხალისობ მეც. სიხარულს მანიჭებს ეს ყველაფერი და სიამაყის, ღირსების განცდასაც იმის გამო, რომ ასეთი ლამაზები ვართ ქართველები, ჯიშიერები, ნატიფები, დახვეწილები. ამას ყველაფერს ჯერ დანახვა უნდა და მერე დაფასება. ვიღაცას მინდა გავუზიარო მოვარდნილი განცდები და შთაბეჭდილება, მერე ვჩუმდები (მხოლოდ ქაღალდს თუ გავუზიარებ) და ახალგაზრდებს ვაყურადებ ისევ, ჩემებურად ვეფერები, ვუმზერ და მადლობელი ვარ სალის, რომ ამ სილამაზის ფოიერვერკს და დღესასწაულს დამასწრო და მაზიარა.

27 აპრილი, ორშაბათი

ჩანაწერი პირველი:

დილით სიჩუმე მიყვარს. ხშირად მაქვს ასეთი წუთები, თუ წამები, დილით ჩიტები რომ დაჭიკჭიკებენ მხოლოდ. ირგვლივ სიჩუმე სუფევს. მეჩვენება, რომ სიჩუმეს შენ კი არ უსმენ და შენ კი არ მშვიდდები, ისიც გისმენს თითქოს, გეფერება, გესაუბრება, გითმენს ბევრ რამეს, გიგებს. ვერაფრით რომ ვერ მოგითმენს და, მგონი, ვერც გაგიგებს მოსაუბრე ადამიანი, რაც უნდა ახლობელი იყოს. ამიტომ მიყვარს სიჩუმე, რელაქსია, ერთი მხრივ, ჩემთვის და მეორე მხრივ, ჩემი კეთილი თანამოსაუბრე, ფიქრის საგანი. ეს კი ძალიან გჭირდება ადამიანს, განსაკუთრებით გადატვირთული რეჟიმი როცა გაქვს, მაშინ; როგორც იტყვიან, თავის მოსაფხანად როცა არ გცალია. ჰოდა, „ცოტა ხანს დამაცადეთ“ − ჩემთვის ვფიქრობ: სიჩუმეს ვუსმენ, ჩემს უჩინარ რელაქსაციას. თანაც ყავას ვწრუპავ, რაღა თქმა უნდა. უყავოდ ჩემი დილა ვერ წარმომიდგენია!

ჩანაწერი მეორე:

„ხუთი თვეა, თქვენთან მოსვლას ველოდები“ − მეუბნება პაციენტი და, ცოტა არ იყოს, მაბნევს ეს წინადადება, მაშინებს კიდეც. პასუხისმგებლობის ხარისხია დიდი. როგორ უნდა გენდობოდეს ადამიანი, როგორ უნდა სჯეროდეს შენი, ხუთი თვე რომ გელოდოს, თანაც რა დროში, სწრაფმავალი როა ყველაფერი, ერთ დღეში ხდება ის, წინათ რომ წლები სჭირდებოდა. „ამას დანახვა უნდა და დაფასება“, −ვეუბნები ჩემს თავს. საერთოდ, პაციენტებთან ურთიერთობა საოცრად მცვლის, მზრდის კიდევაც. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სამყაროა. ზოგი მხიარულია, ისეთ სასაცილო ფრაზას გეტყვის, მთელი დღე შენთვის გეცინება. ძალიან ვუმადლი ასეთებს, გუნება-განწყობილებას გიცვლიან. ზოგი ტრაგიკულია, თავისი პირადი დრამის მატარებელი, და გიზიარებს ამას. ამათაც არანაკლებ ვუმადლი. რახან მენდობიან, ესე იგი ახლობლადაც მთვლიან რაღაც თვალსაზრისით, ეს კი აუცილებელია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში. პაციენტს რომ დაეხმარო, უნდა გიყვარდეს, მაგრამ მასაც ხომ უნდა უყვარდე ცოტა მაინც!.. თუ არ უნდა უყვარდე, უნდა გენდობოდეს მაინც. მიყვარს ჩემი პაციენტები − უკლებლივ ყველა. მე ხომ ისინი ყოველდღიურად მავსებენ და მასწავლიან, მარტო მე კი არ ვეხმარები მათ. მადლობა უფალს პროფესიისათვის!

ჩანაწერი მესამე:

არქიტექტორთან საუბარი ერთი სიამოვნებაა ჩემთვის, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. სხვა ხედვა აქვთ ამ პროფესიის ადამიანებს, ხედვის სხვა მასშტაბი. მგონი, ზემოდანაც ხედავენ, გვერდიდანაც, ახლოდანაც, შორიდანაც. ექიმებიც ასე ვართ, ამიტომაც ვუგებ თემო ახმეტელს. ოღონდ ჩვენ, ექიმებს, ადამიანებთან გვაქვს საქმე და ამით უფრო გვიადვილდება ჩვენი ხელობა. ადამიანია, ცოცხალი, მეტყველი. მათ კი ქვა უნდა გააცოცხლონ, შენობა, გააადამიანურონ და გაათბონ იგი, ადამიანისთვის მახლობელი გახადონ. ბინის დიზაინი ჩემს ხასიათში უნდა იჯდეს და არა მხოლოდ ხასიათში − მუშაობაში, პროფესიაში. ძნელი ხელოვნებაა ნამდვილად. ჯერ მე რა მესმის საკუთარი თავის და მერე არქიტექტორმა როგორ უნდა გამიგოს? მგონი, ისე ვარ მოწადინებული, რაღაც ჩემეული გავაგებინო თემოს, საბოლოო ჯამში ვერაფერს ვაგებინებ მაინც. მე უფრო ვუჯერებ მას, ვიდრე იგი − მე. ასე ჯობია ალბათ, პროფესიონალია და შიგნიდან ხედავს, სიღრმიდან, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ვნახოთ, რა გამოგვივა, როგორ დასრულდება ჩვენი თანამშრომლობა. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება, „ია ტაკ დუმაიუ...“

28 აპრილი, სამშაბათი

ჩანაწერი პირველი

წვიმასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ბავშვობიდან, აი, როგორც ადამიანთან, ცოცხლად, თვალნათლივ და ხელშესახებად, ვესაუბრები თითქოს წვიმას, ამბებს ვუყვები. არც ის მტოვებს უყურადღებოდ. ალბათ, ბათუმის ბრალია და ბათუმელობის. ბათუმში ხომ გადაუღებლად წვიმს, თითქოს სულში გაწვიმს, მოგონებებში. ამ ბოლო დღეებში თბილისშიც ბათუმურად წვიმს და ეს მოგონებებს მიღვიძებს, განსაკუთრებით ბავშვობის ტკბილ მოგონებებს. ერთმა სასულიერო პირმა მითხრა ოპტინოში, სადაც ბავშვობა გაგონდება, იქ ინახება შენი სიწმინდეო. ჩემი, ალბათ, ბათუმშია. ყოველ შემთხვევაში, იქიდან იწყება და მერე ვრცელდება თბილისსა და სხვა ქალაქებში. ახლა, ამ წუთას, თბილისში ბათუმურად წვიმს, მე კი ბებიის პატარა ბელეტაჟი მახსენდება ჯინჭარაძის ქუჩაზე და იმავე ქუჩაზე მდებარე ჩემი სკოლა და სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ნეტა იმ დროს, იმ სითბოს და სიყვარულს... ყავის სუნი მახსენდება კიდევ და წვიმის წვეთები ფანჯრის მინაზე და სადღაც ამოკითხული და დამახსოვრებული პოეტური ფრაზა თუ სტრიქონი: „წვიმს, მარტოობა წვიმის ენით მესაუბრება“. კარგი მარტოობაა ეს, ლამაზი მარტოობა, ადამიანური სითბოთი და წვიმის სურნელით გამთბარი, ბათუმში გატარებული ბავშვობიდან რომ მოულოდნელად შემომესტუმრა. ბედნიერები ვიყავით მაშინ, ლაღები და გულწრფელები, რაც მთავარია. იწვიმე, წვიმავ!

ჩანაწერი მეორე:

სალომესთანაც მაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, ჩემს პატარა სალომკასთან − ჩემს დეიდაშვილისშვილთან, ორი წლისაც რომ არ არის ჯერ და ერთ-ერთი მთავარი და საპატიო ადგილი უჭირავს ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. უსიტყვოდ მივანიჭეთ ტახტი, ულაპარაკოდ. „აიპედს“ და „აიფონს“ ეტრფის და თანამედროვეობის ეს საჩუქარი შესანიშნავად გამომადგა სალომესათვის „ქრთამად“. ეგრევე მოდის, მეფერება, მკოცნის. რას იზამ, ეტყობა ძალიან გვიყვარს ქართველებს კარგი ცხოვრება და სალომეც ხომ ქართველია, ნამდვილი ქართველი. დედაჩემი მეორედ მოსულს ეძახის, უსიტყვოდ ესმის თითქოს ყველაფერი, მზერა, გაღიმება... ირონიასაც კი გრძნობს და დაცინვას. არა, კი არ დავცინით ქალბატონს, ამას როგორ ვაკადრებთ დედოფლის სახელის მატარებელ ამ „სერიოზულ“ ადამიანს, მაგრამ კაი გვარიანად კი გვეცინება მის არტისტულ მანერებზე. არტისტია ნამდვილი, მღერის და ცეკვავს განუწყვეტლივ და, თანაც, აუდიტორიას ითხოვს მუდმივად. ჩვენც აქ არა ვართ? სხვა რა საქმე გვაქვს? კირჩხიბია მაინც და თავისნება, „მისთათალა“, აჭარულად რომ ვთქვათ მისი კუთხის მეტყველებიდან გამომდინარე; თანაც, ძალიან მგრძნობიარეა და ფაქიზი. ეს კირჩხიბებს გვახასიათებს, რას იზამ, სისათუთე დაგვებედა დაბადებიდან. ჰოდა, მე და სალომეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. თითქოს გრძნობს ჩემს სერიოზულ დამოკიდებულებას მისდამი და თავადაც ასე მექცევა. ამხედავს, დამხედავს და მთხოვს. რას მთხოვს? ტექნიკასთან ურთიერთობა მტკივნეული საკითხია, ეს ამბავი ორივეს გვიყვარს და განსაკუთრებით გვესათნოება (მგონი გვჭირდება კიდეც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სალომეც საქმიანობს: წამდაუწუმ აჭერს ღილაკებს, ზოგჯერ ზუსტადაც). ნატას მაგივრად ატოს მეძახის, თუ ადოს. ჩემი სიცოცხლის ელექსირია სალომე. მარტო სალომე რატო, ყველა ბავშვი, ალბათ, ამ ქვეყანაზე.

29 აპრილი, ოთხშაბათი

ჩანაწერი პირველი:

დილა, ტრადიციულად, ჩემი ლულუს ცხვირის შეხებით იწყება. ლულუზე ცალკე რომ არ ვისაუბრო, ძალიან უსამართლო ვიქნები, მარტო მის წინაშე კი არა, საკუთარი თავის წინაშეც, პირველ რიგში. ლულუ ჩემი პუდელია, სამეფო პუდელი! გრძნობები მეფური თუ არა, სამეფო პუდელს რომ შეეფერება, ისეთი აქვს. უკიდურესად განცდიანია, უღალატო და ერთგული. ძაღლიო, ამის თქმა ზოგჯერ მიჭირს კიდეც, იმდენად ადამიანურია, იმდენად ალალი. სიყვარულისგან იბნიდება, რომ იტყვიან, გაღმა გადის, მარილზე. ოდნავ ყურადღებას თუ მოაკლებ, შეიძლება ხმა არ გაგცეს მთელი დღის განმავლობაში, დაგემალოს და გაგეცალოს, სადღაც, კუთხეში მიიყუჟოს. შენ თავად უნდა მოძებნო და გამოიყვანო, ვთქვათ საწოლის ქვეშიდან, და საქებარი და საფერებელი სიტყვები არ უნდა დაიშურო მისთვის. მოკლედ, შემორიგების მთელი პროცედურაა ჩასატარებელი ამ შემთხვევაში. ვისაც საყვარელი შინაური ცხოველი ჰყავს სახლში, ის ხომ მაინც გამიგებს, სხვას არ დავეძებ. მოკლედ, ლულუ ჩემი ანტიდეპრესანტია. სალომესა და ლულუს სერიოზული კონკურენცია ახასიათებთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და ფარულად მტრობენ კიდეც ერთმანეთს. სალომეს ხელი ზურგსუკან მუდმივად მზადა აქვს ლულუს ბეწვების შესაწუხებლად (თუ მოსაგლეჯად არა) და ლულუც გრძნობს ამას თავისი გენიალური ინტუიციით. რა გინდა, იღონო ასეთ შემთხვევაში, როგორ გინდა, ობიექტურობა შეინარჩუნო და, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესები დაიცვა; ერთსაც ასიამოვნო და მეორესაც? მით უმეტეს, როცა ფრიად დავალებული ხარ როგორც ერთი, ისე მეორე ქალბატონისგან. ისე, კაცმა რომ თქვას, ლულუსგან უფრო ვარ დავალებული (რაკი ობიექტურობაზე ავლაპარაკდი, ესეც უნდა ითქვას, ბარემ). ლულუ სახლიდან მაცილებს ყოველდღე და სახლში მელოდება მოწყენილი და უჩემობით დასევდიანებულ-აწრიალებული. თუკი რაიმე ტკივილმა ოდნავ შემაწუხა, ხომ თავიდან არ მშორდება და თვალებში შემომციცინებს თანამგრძნობელი, თითქმის ცრემლიანი მზერით! სალომე ასეთ ღირსებებს ჯერჯერობით ვერ ამჟღავნებს, ბუნებრივია. ვნახოთ, რას იზამს მომავალში, როგორ მოიქცევა და გარდაისახება ეს ქალბატონი. ჯერჯერობით კი მეორე „ქალბატონი“ ამ მხრივ და ამ თვალსაზრისით ნამდვილად შეუდარებელია: ლულუ-ანტიდეპრესანტი. მე ვაფასებ მის ამ თვისებას და თავდადებას და შეძლებისდაგვარად ვაჯილდოებ კიდეც დროდადრო.

30 აპრილი, ხუთშაბათი

ჩანაწერი პირველი:

გადაწყდა: დედა საოპერაციოა. ვემზადებით მომავალი კვირისათვის. შვილისათვის თავდადებული დედა თუ ვინმეს ჰყავს, ალბათ, პირველ რიგში მე ვარ ასეთი. ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში მაქვს გატარებული და მართლა ვერ შეადარებ: ჩვენი დედები − „ეს ჭამე, ის დალიე, ადექი, დაჯექი...“ ისინი არა − გახდი ზრდასრული? მიდი, იცხოვრე. არ ვიცი, რომელი ჯობია. ალბათ, ზომიერებაშია მაინც გამოსავალი. მაგრამ ზომიერება რაში ვიცით ქართველებმა, ამაში რომ ვიცოდეთ? სითბო დიდია და სიყვარული, მაგრამ დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარისხიც მაღალია. რაც არის, არის, დედა მთელ ქვეყანას მირჩევნია და დავრჩები მისი ხათრით ბოლომდე პატარა! თავგანწირულია ჩემთვის დაბადებიდან. ჩემს პროფესიულ დაოსტატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, ყველანაირად მიწყობდა ხელს. ასე რომ, ამ შემთხვევაში ვიხევ უკან, ვთმობ პოზიციებს. ისე კი, ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო ამ სუფთა ფურცლის წინაშე, რომელზეც ვწერ, არც მე შემიძლია უდედოდ, როგორც დედას − უჩემოდ. ასე ჩამოგვიყალიბდა ცხოვრება და ურთიერთობა იმთავითვე. ქართულია, ვიცი, და ეს მომწონს.

ჩანაწერი მეორე:

წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ წიგნებისთვის ძველებურად აღარ მცალია. არც ფილმისთვის, აღარც მხატვრული ლიტერატურისთვის. დავიწყობ ზოგჯერ თაროზე საყვარელ ნაწარმოებებს, მოვიმზადებ, ჩემი ჭკუით, და იმტვერებიან წაუკითხავად. როდემდე უნდა ვიყო ასე, არ ვიცი. ადამიანი უნდა კითხულობდეს რაღაცას, თავისი პროფესიისგან განსხვავებულს. სულ ამას ვუმტკიცებდი თანაკურსელებს არცთუ შორეულ წარსულში და ახლა მე შემეყარა ეს სენი, მხოლოდ მიმდინარე სამეცნიერო ლიტერატურას თუ გადავხედავ და ისიც − დაჩქარებულ რეჟიმში. გამოვსწორდები ამ მხრივ. ოდესმე გამიადამიანურდება დღის რეჟიმი. ვნატრობ ასეთ დროზე! იმედით ცოცხლობს ადამიანი...

ჩანაწერი მესამე:

დილიდან სამედიცინო პროექტზე ვმუშაობ. მასშტაბებზე არასოდეს მიფიქრია და არც ასპარეზის გაზრდაზე გარეგანი თვალსაზრისით. რაც ვარ, ის მყოფნის, შინაგანად მაკმაყოფილებს, რადგან ინდივიდუალური პროექტების მომხრე უფრო ვარ შინაგანად, მუშაობაშიც და ცხოვრებაშიც. მაგრამ ამ პროექტმა მომხიბლა რატომღაც, არ ვიცი რატომ. პიროვნებამაც ითამაშა, ალბათ, როლი, დამაჯერებელია მისეული ხედვა, რეალური და პერსპექტიული. უბრალოდ, გუნდის ყველა წევრმა უნდა მოვინდომოთ, ყველამ უნდა დავდოთ თავი. გუნდური პრინციპი უნდა ავამუშაოთ გონებაში (თუმცა, ასეთ საქმეში გულიც არანაკლებ მნიშვნელოვანია) და მაშინ ასეთი მასშტაბური მიზნებიც განხორციელდება. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. პიროვნებას რაც შეეხება, ანუ შეფს, ჯერჯერობით ინკოგნიტოდ დავტოვებ მის სახელს. ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს და საქმისთვისაც ასე ჯობია, გამოცდილებით ვიცი.

1 მაისი, პარასკევი

ჩანაწერი პირველი:

არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამ ჩანაწერებს, ზოგმა შეიძლება დღიურად აღიქვას, ზოგმა − თავისებურ აღსარება-თვითანგარიშად. ალბათ, არც ერთია და არც მეორე. ეს საკუთარ თავთან გასაუბრება უფროა, ისეთი რამის თქმა, რაც გეფიქრება, მაგრამ ვერ ამოთქვამ, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა არ არის. მით უმეტეს ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი პროფესიული დატვირთვაც იმდენად დიდია, რომ ფიქრისთვისაც აღარ მცალია. ფიქრისთვის როგორ არ უნდა ეცალოს ადამიანს? დაკვირვებისთვის. ჰოდა, ჩემთვის ეს ჩანაწერებია, თუ დღიური, ეს არის სწორედ: ჩემი ფიქრების ამონათქვამი, ჩემი შინაგანი აზრების. ვაკვირდები და ვამბობ, სხვანაირად არ შემიძლია.

ჩანაწერი მეორე:

ღამის 3 საათია, თემომ ბინის დიზაინის ახალი ვერსია გადმომიგზავნა, ვათვალიერებ.

როგორც ყველა ხელოვანს, თავისი ხელწერა აქვს. მომწონს პროექტი, არა უფრო მეტიც − ძალიან მომწონს!

2 მაისი, შაბათი

ჩავუჯექი ერთი კვირის განცდილსა და ნაფიქრალს, ამბობენ დღიურების წერა მანერული საქმეაო, მე ასე არ ვფიქრობ. დამამშვიდა ამ საქმიანობამ, დამაფიქრა, ამ ბოლო დროს თითქმის ყველა გამოწვევას ვიღებ და ინტენსიური ცხოვრების რიტმი მაქვს.

დღეს პაციენტმა მითხრა, ამ სიბერეში ჩემი თავი უნდა შევიყვაროო. ისე თქვა, თითქოს თავი იმართლა. სიყვარული, რომელიც საკუთარი თავისაკენ არის მიმართული, ხშირად ეგოიზმთან არის გაიგივებული. არადა, აუცილებელია განვასხვაოთ ის, თუ რა გვიყვარს და როგორ გვიყვარს საკუთარ თავში, ეგოიზმს ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს თვითტკბობის და დომინირების ასპექტები უყვარს საკუთარ თავში. მაგრამ თუ უყვარს ის, რაც მასში უმაღლესი და არსებითია, ის, რაც მას ცხოველისაგან განასხვავებს და ადამიანად აქცევს, ანუ მისი იდეალური ღვთაებრივი პლასტი, თუ უყვარს სულიერი ზრდისა და განვითარების ტენდენცია საკუთარ თავში, სხვებთან ჭეშმარიტი ურთიერთობა და შემოქმედების უნარი, მაშინ ასეთი სიყვარული ეგოიზმს მოკლებულია და ზრდის ცხოვრების ხარისხს. ასეთი სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულის დაბრკოლებას კი არ წარმოადგენს, არამედ, პირიქით, აძლიერებს მას. მე მინდა, ასე გვიყვარდეს საკუთარი თავი.

დაბოლოს... მინდა მადლობა ვუთხრა „რადიო თავისუფლებას“, იმისათვის, რომ მომცა ეს ერთი კვირა, დამამშვიდა, დამაფიქრა და ჩემს თავში ჩამახედა.

დღიურები არასოდეს დამიწერია... კარგი ყოფილა!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG