Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინი ჩიქოვანი − სტარტაპერი


30 აპრილი, კვირა

დღიურების წერას ვიწყებ თვითმფრინავის ბორტზე, მოსკოვი-თბილისის რეისზე. გუშინ ჩემი ბავშვობის მეგობრის ქორწილი იყო. ყაზახეთში ცხოვრობს და სტარტაპერია, თანაც ძალიან საინტერესო პროექტის ავტორი: იქირავა თვითმფრინავები და ფრენის მოყვარულებს ფრენას ასწავლის. უნიკალური ბიზნესმოდელის გამო მასზე არაერთი სტატია დაიწერა „ფორბსში“. კატია ცოლად მიჰყვება თავის შეფს, მალაიზიელ რაშიდინ რაბდ აშიდს. ისიც სტარტაპერია, საკუთარი ბრენდი შექმნა და წარმატებით ამუშავებს რესტორნების მთელ ქსელს ალმა-ატაში. ქორწილის პირველი ნაწილი გაიმართა მოსკოვში, სადაც კატია დაიბადა და ჩვენ ერთად დავდიოდით სკოლაში, მეორე ნაწილი კი მალაიზიაში იგეგმება ივლისში. ამ ქორწილის წყალობით, რამდენიმე დღე ჩემი ბავშვობის ქალაქში გავატარე და, რა თქმა უნდა, ჩემი საქმისთვის საინტერესო რაღაცებსაც ვაკვირდებოდი.

მე და ნაუმ 2015 წელს წამოვიწყეთ „თამაშობანა“ − კომპანია, რომელიც გასართობ და საგანმანათლებლო თამაშებს აწარმოებს დიდებისა და პატარებისთვის. გვინდა, რომ ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბევრი ხარისხიანი თამაში იყოს და, მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, საზღვარგარეთაც მოვახდინოთ ჩვენი თამაშების პოპულარიზაცია. ქართული თამაშები ყოველთვის ითვლებოდა ძალიან აქტიურ, საინტერესო და სხარტ თამაშებად, თუნდაც ევროპულ თამაშებთან შედარებით. ჩვენი „ვისი სული გსურს“, ფაქტობრივად, რაგბის საწყისებია. ორდროშობანა, რეზინობანა, წრეში ბურთი − რამდენი მხიარულება და ჯანმრთელი ემოცია მოაქვს ამ თამაშებს!

დავიარე მოსკოვში სათამაშოებისა და წიგნის მაღაზიები და აი, რა შევნიშნე: თამაშებს უამრავი ადგილობრივი კომპანია აწარმოებს! ლამაზი ილუსტრაციებით, საინტერესო წესებითა და შეფუთვით. პატარები ხომ თამაშობენ ამ თამაშებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დიდების თამაშებიც ისევე აქტუალურია! აღარავის უნდა, ტელეფონებში ყურებით საღამოს გატარება, არც მხოლოდ საუბარი და კოქტეილების მირთმევა. თამაში ხომ საუკეთესო გამოსავალია ყველანაირი საღამოსთვის? ავინთე ბევრი იდეით და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ წინ ბევრი საქმე გვაქვს: თამაში ხომ აუცილებელია!

თავისუფლების დღიურები - ნინი ჩიქოვანი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:06 0:00

1 მაისი, ორშაბათი

დღეს გამახსენდა თემა, რომელზეც ყველაზე ხშირად მისვამენ ხოლმე კითხვებს და რასთან დაკავშირებითაც, ყველაზე მეტად სჭირდებათ ხოლმე ჩემი კონსულტაცია: სტარტაპების ბრენდინგი. როგორც ადამიანს, რომელიც ათი წელია, მარკეტინგსა და ბრენდინგში მოღვაწეობს, და რომელიც უკვე მეორე წელია, საკუთარ სტარტაპშია ჩართული, რამდენიმე რჩევა მაქვს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის: პირველი და ყველაზე მთავარი რჩევა ისაა, რომ ბრენდინგი სტარტაპისთვის აუცილებელი და კარგი რამაა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, ეს ხომ ისედაც ვიცითო, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი პროდუქტი ან სერვისი იყიდება დღეს ბრენდინგის გარეშე. პირველი, რაც მახსენდება, არის ერთ რიგად ჩამწკრივებული ბროწეულის წვენის დახლები ჭრელ აბანოებთან. 15 ერთნაირი მაგიდა, ერთნაირიგადასაფარებლით. იდეალური კონკურენცია, ზუსტად ისეთი, როგორზეც ეკონომიკის თეორიის გაკვეთილებზე გვიყვებოდნენ. თითო მათგანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი სტარტაპი, თუ მოაშორებს „კლიონკის“ ვარდებიან სუფრას, სახელს დაირქმევს და მიხედავს ბრენდინგს. გულდასაწყვეტია, რომ უამრავი პროდუქტი და სერვისი იყიდება უბრენდოდ. ისინი ხომ საერთოდ ვერ განვითარდებიან, თუ მომხმარებელმა არც იცის, რას ირჩევს. როცა გადაწყვეტენ, თავიანთ საქმეს ბრენდის სახე მისცენ, უკვე გვიან იქნება. გემოვნება და დახვეწილი დიზაინი მეორე აუცილებლობაა. ვიცი, ძალიან რთულია, დამატებითი ბიუჯეტი გამოყო დიზაინერისთვის, როცა ახალ საქმეში ყოველ ლარს შენი ჯიბიდან დებ, მაგრამ ოჰ, როგორი აუცილებელია! ჩვენ გაგვიმართლა: ჩვენი მეგობარი ძალიან კარგი დიზაინერია და, ფაქტობრივად, საჩუქრად მივიღეთ ჩვენი სუპერბრენდინგი!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანმიმდევრობა. როცა სტარტაპერი ბრენდს მოიფიქრებს, ხოლო მისი მეგობარი ამ ბრენდს დაუხატავს, აუცილებელია, რომ ბრენდი თანმიმდევრული იყოს. ბრენდს უნდა ჰქონდეს კულტურა, ნაცნობი გარემო, რომ მომხმარებელი ერთი შეხედვით ხვდებოდეს: „აი, ეს ის არის!“

ჩემთვის ყველაზე დიდი შეცდომა სხვა ბრენდის გადმოღებაა. ბევრს ეზარება ახლის მოფიქრება და ფიქრობს, რატომაც არა, ძალიან კარგად გაიყიდა ეს პროდუქტი, ავიღებ და ზუსტად გადმოვიღებო. რა თქმა უნდა, კვლევის ჩატარება, სხვა ბრენდების წარმატების გამოკვლევა კარგია. მაგრამ რამის მიღწევა თუ გინდა, შენი გზით უნდა იარო.

სტარტაპმა უნდა დაიწყოს ამბის მოყოლა, იყოს ემოციური, ადამიანური და ყოჩაღი. ბევრი ფიქრობს, რომ ახალი თაობა ეგოისტურია და არ შეუძლია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. არადა, პირიქითაა. ფილანთროპია და კარგი საქმე ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ჩვენ და ჩვენმა ბრენდებმა!

2 მაისი, სამშაბათი

დღეს დამირეკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით და მკითხეს, როგორი უნდა იყოს წარმატებული სტარტაპი და რა ხრიკები არსებობს წარმატების მისაღწევად. როცა ამ თემაზე პუბლიკაციებს ვკითხულობდი, წავაწყდი საინტერესო მოსაზრებას. ერთი ავტორი წერდა, რომ აუცილებელია, სტარტაპში ორი ადამიანი იყოთო. თუ მარტო ხარ, გიჭირს საკუთარი თავის კონტროლი, როცა ორნი ხართ, ერთმანეთს უწყობთ ხელს, ეხმარებით და მოდუნების საშუალებას არ აძლევთ. მაგრამ იმდენიც არ უნდა იყოთ, რომ ვერაფერზე თანხმდებოდეთ. ასე რომ, ჩემი აზრითაც, დამფუძნებლების იდეალური რაოდენობა ორი-სამი კაცია.

ჩვენ რომ დავიწყეთ „თამაშობანა“, არ გაგვირისკავს საკუთარი ბინები, არც კრედიტი აგვიღია. ჯერ საკუთარი ძალებით ვცადეთ. ხელფასიდან ყოველთვე რაღაც თანხას „თამაშობანას“ ვაძლევდით. ცნობილია, რომ ასი სტარტაპიდან მხოლოდ ორი ფუნქციონირებს დაარსებიდან რამდენიმე წლის მერე. ეს სამწუხარო რეალობაა და ზუსტად ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ ძალიან დიდი თანხების გარისკვას, მით უმეტეს, როცა ეს თანხები არ გაქვს.

კიდევ ამბობენ, ნუ შეგეშინდება შეცდომებისო. არადა, შეცდომა ბევრი დავუშვით, ეს ნამდვილად ვიცი. სწორად ვერ გავთვალეთ სამიზნე აუდიტორია, თავიდანვე არ იყო ზუსტი შეფუთვის ფორმა. მოკლედ, ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს შეცდომები გვეხმარებოდა. დღეს ნაკლებ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ, როცა ვუშვებთ და ვპოულობთ, ეს ყველაფერი ჩვენივე კომპანიის გაუმჯობესებას ემსახურება.

3 მაისი, ოთხშაბათი

დღეს გვქონდა შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან 1 ივნისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. „თამაშობანაში“, გარდა თამაშებისა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ და ვყიდით სხვადასხვა ქსელში („ბიბლუსი“, „სუპერი“, „ნიკორა“, „ლიბრა“, „პარნასი“) კიდევ სამი მიმართულება გვაქვს. პირველი თამაშების წარმოებაა. დღეს გვაქვს 11 თამაში („ქალაქობანა“, „რეზინობანა“, „ლოტო“, „აფორიზმობანა“ და სხვა), ახლა ვმუშაობთ კიდევ ხუთ თამაშზე და მაისის ბოლოს ქსელში განახლებული ასორტიმენტით შევალთ. თამაშების შექმნის პროცესში მივხვდით, რომ ბავშვებმა არ იციან ის თამაშები, რომლებსაც უფროსი თაობები თამაშობდნენ საქართველოში. ასე გაჩნდა „თამაშობანა ზეიმის“ იდეა. ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება, სადაც დიდები და ბავშვები ვათამაშეთ. ეს ღონისძიებები ისეთი პატარაა, როგორც დაბადების დღე და ისეთი დიდია, როგორც „თბილისობა“ ან საახალწლო ზეიმი აღმაშენებელზე. ჩემი ჰობია ბავშვებთან თამაში, ის მირჩევნია ყველაფერს და ეს ზეიმები ჩემთვის ენერგიის მომტანია.

მესამე მიმართულებაა „თამაშობანა ლაშქრობა“, რომელიც ახლახან შევქმენით. ეს არის ბავშვების ექსკურსიების პროგრამა, ოღონდ არასტანდარტული. ორგვარ ექსკურსიებს მოვუწყობთ სკოლის ასაკის ბავშვებს. პირველი იქნება სათავგადასავლო გასვლები ბუნებაში − განძის მაძიებლების პროგრამა, გადარჩენის წესების შესწავლით; მეორე კი ბუნებასთან ურთიერთობის პროგრამა. ჩემს შვილს, მაგალითად, ძალიან აკლია ბუნება თბილისში და ამ პროგრამის მეშვეობით მას შეეძლება, დათესოს მაყვალი, დაკრიფოს ვაშლი, დაწნას ყვავილების გვირგვინები, მოკლედ ახლოს იყოს ბუნებასთან და თან გაერთოს. ყველა ეს პროგრამა, თავისთავად გულისხმობს ბუნებაზე ზრუნვასა და მის მოვლას. ბავშვები ისწავლიან, როგორ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო და მოუვლიან მას.

მეოთხე მიმართულება კი „თამაშობანას კაფეა“, რომლის გახსნაც შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება პირველი სივრცე საქართველოში, სადაც დედები, მამები და ბავშვები ერთნაირად კარგად გაატარებენ დროს. მოკლედ, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და მომავალი წელი უნდა იყოს ყველა პარამეტრით საინტერესო და სახალისო!

4 მაისი, ხუთშაბათი

დღევანდელი დილა იწყება იმით, რომ ვემზადები „ჩემს ბავშვებთან“ შესახვედრად. ჩართული ვარ USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში, რომელიც მეორე წელია, არსებობს და ძალიან მაგარ ამბავს ემსახურება. ჩემნაირი მოხალისეები დადიან სხვადასხვა საჯარო სკოლაში და მეხუთე-მეექვსეკლასელ ბავშვებს ბიზნესის უნარ-ჩვევებს ასწავლიან. წელს შემხვდა 45-ე სკოლის მე-5 კლასი. ბავშვები და მათთან ურთიერთობა მიყვარს, ძალიან მიყვარს მათთვის ამბების მოყოლა და გაზიარება. სტუდენტობისას და მერეც, სარეაბილიტაციო ცენტრ „აისში“ ინგლისურ ენას ვასწავლიდი. როგორც კი ჩემი პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე დავთანხმდი. ძალიან მინდა, შემდეგი საფეხური სტუდენტებისთვის ლექციების წაკითხვა იყოს. რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი ბრენდინგზე! მოკლედ, ზუსტად ხუთი კვირის წინ პირველად ვესტუმრე ჩემს მოსწავლეებს და მაკა მასწავლებელს, და ერთი მისვლით შემიყვარდა ყველა! იმიტომ, რომ მონდომებულები არიან, უნდათ ახალი რაღაცების სწავლა და თავში მაგარი აზრები მოსდით. ამ ჩემი გაკვეთილების შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძალიან მაგარი თაობა იზრდება, რომელიც შეცვლის იმ რაღაცებს, რაც ჩვენ არ გამოგვივიდა.

5 მაისი, პარასკევი

დღევანდელი დღე ტექნოპარკში ჩაივლის. როგორც ნამდვილ სტარტაპერს, ჯერ არ მაქვს სამუშაო სივრცე და ოფისი, როგორც ასეთი. ჩემი ოფისი არის კაფე, ეზო, სახლი, საზოგადოებრივი ადგილი და, საერთოდ, ყველა ის ადგილი, სადაც შეიძლება დაჯდე და კომპიუტერი ჩართო. კიდევ კარგი, დღეს არსებობს ინტერნეტის ჰოტსპოტები, ეს ბევრად აადვილებს სამუშაო პროცესს.

გარდა ამ მშვენიერი ადგილებისა, ჩემი ყველაზე „ოფიციალური“ სამუშაო ადგილი ტექნოპარკია. ძალიან გაგვიმართლა რომ ერთი წლის წინ მოვხვდით ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში. რა არის ბიზნესინკუბატორი? ჩვეულებრივი ინკუბატორია, ოღონდ წიწილების მაგივრად, ბიზნესები „იჩეკებიან“. როცა მივედით, ძალიან ბუნდოვნად წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი საქმე, არეული ბიზნესგეგმა და რამდენიმე თამაში გვქონდა, რომელსაც დახვეწა არ აწყენდა. ამას ახლა ვხედავ, ამ გადმოსახედიდან, როცა უკვე ათას ტრენინგს დავესწარი, ბევრი მენტორი მყავდა, ბევრი პრეზენტაცია ჩავატარე და ზუსტი ხედვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორია „თამაშობანა“ დღეს, როგორი უნდა იყოს ერთ წელიწადში, ხუთსა თუ ათ წელიწადში. ახლა შემიძლია ნებისმიერ აუდიტორიასთან ნებისმიერ ენაზე ვილაპარაკო, ახლა შემიძლია, ვიყო დარწმუნებული, რომ სწორ გზას ვადგავარ. სულ რომ არაფერი ვთქვათ ტექნოპარკის ფაბ-ლაბზე, რომელშიც ყველა ჩვენი თამაშის პროტოტიპი გაჩნდა. რამდენი ვინმე გეხმარება იქ, რამდენი ვინმეს რჩევა და გამხნევება გამოგვაგდა და მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ.

ეს ადგილი არის შემოქმედების, ბიზნესისა და კომუნიკაციის ცენტრი. თუ რაიმე საინტერესო კონცეფციაა მოსაფიქრებელი, თუ რაიმე ამბავი დასაგეგმი, ტექნოპარკში ავდივართ „ბრეინსტორმინგისთვის“. დღესაც ამისთვის მივდივარ: ღვინის კომპანიის სტრატეგიაზე რომ ვიმსჯელოთ მთელი გუნდით. რა ჯობია საინტერესო ადამიანებთან ერთად საინტერესო თემაზე მუშაობას?

6 მაისი, შაბათი

დილის 6 საათზე მე და ჩემი „თამაშობანას“ გუნდი მივემგზავრებით Wings For Life-ზე. ეს არის მსოფლიო რბენა − ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად ერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ გამოკვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ხვალ კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მეოთხედ გაიმართება მსოფლიო რბენა. სანამ მე ბორჯომში ვმუშაობდი, ორი წელი ბაკურიანის ეგიდით ვატარებდით ამ მარათონს. შარშან საქმეში ჩავერთე უკვე როგორც ერთ-ერთი კაპიტანი, ანუ ორგანიზატორი, და ჩავიბარე ბავშვების გასართობი ზონა. ისე შემიყვარდა ეს ღონისძიება, მისთვის მომზადების პროცესი, ყველა ის ადამიანი, ვინც ამხელა ღონისძიებას ასე პროფესიულად და მაგრად უწევს ორგანიზებას, რომ, რა თქმა უნდა, წელსაც ისეთივე გულით ვარ ჩართული. როგორც ყოველ წელს, წელსაც წვიმით გვემუქრებიან. ბოლო ორი წელია, ყოველი ღონისძიების მოწყობისას, წვიმის პროგნოზს ვამარცხებთ და მსოფლიო რბენას მზიან ამინდში ვატარებთ. წელსაც ამის იმედი მაქვს, რადგან ჩვენი ზეიმი აუცილებლად ყველაზე მხიარული, განსხვავებული და სახალისო უნდა იყოს. თუმცა წვიმაშიც შევძლებთ ამ ყველაფერს. მე თუ მკითხავ, არაფერი ჯობია წვიმაში თამაშს და გართობას, მით უმეტეს, როცა უკვე გაზაფხულია, კარგი მუსიკა უკრავს და ყველა ბედნიერია...

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:12:22 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG