Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ჯანგირაშვილი - ჟურნალისტი


25 ნოემბერი, კვირა
არ მიყვარს ჩემს პრივატულ სივრცეში უცხო ხალხის შემოშვება. მაგრამ „თავისუფლების დღიურები“ მიყვარს და რადგან დღიურების წერას დავთანხმდი, ვეცდები მაქსიმალურად წავახალისო საკუთარი ეგზიბიციონიზმი, რომელიც, ქრონიკული იგნორირების და შევიწროების მიუხედავად, ალბათ მაინც არსებობს.

დღეს პრაქტიკულად საქმე არ მაქვს. მთელი დღე ყოფით წვრილმანებს და საკუთარ თავს დავუთმე. უსაქმურობითაც დავტკბი. ნიკუშას და დათოს ლისის ტბაზე არ გავყევი, სადაც ველოსიპედებით სასეირნოდ წავიდნენ.

ასეთი დღე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცოტაა და მაინცდამაინც „თავისუფლების დღიურებს“ დაემთხვა. ვერაფერს მოვყვები ისეთს, რაც ჩემი ცხოვრების წესზე, გემოვნებაზე, ურთიერთობებზე, გატაცებებზე მიანიშნებდა. დღიურების ავტორები, ჩემი დაკვირვებით, საკუთარი ყოფითი ნიუანსების აღწერით, ძირითადად, კეთილსასურველ თვითპრეზენტაციას ცდილობენ. მე პირდაპირ გადავალ თვითპრეზენტაციაზე.

მართლა უსაქმური არ გეგონოთ. ძირითადად, საქმიან ადამიანად მთვლიან. ხანდახან „ტრუდაგოლიკსაც“ მეძახიან. საერთოდ, ჩემ შესახებ ყველას საკუთარი ვერსია აქვს. ავი - ძალიან თბილი, ემოციური - ცივსისხლიანი, უკიდურესად რაციონალური - ქარაფშუტა... დიახ, ეს ყველაფერი მე ვარ! არის სხვა ვერსიებიც. და ყველას აქვს არსებობის საფუძველი, რადგან ცოტ-ცოტა ყველა შემესაბამება სინამდვილეს.

საკუთარ გრძნობებზე, ემოციებზე, ჩვევებზე, ინტერესებზე და გატაცებებზე საჯაროდ საუბარი ამიტომაც არ მიყვარს. ეს ყველაფერი ძალიან ცვალებადია და კატეგორიულ ფორმულირებებს არ ექვემდებარება. არ მაქვს ჩვევა, რომელსაც ხვალ ვერ შეველევი, არ მაქვს მიზანი, რომელსაც ზეგ არ დავთმობ, იმიტომ რომ სასაცილოდ მომეჩვენება. არ მყავს საყვარელი მწერალი, მომღერალი, მხატვარი, დიზაინერი და მათ გამოსავლენად დასმულ კითხვებს არასოდეს ვპასუხობ. არანაირ კოლექციას არ ვაგროვებ, იმიტომ რომ არ მიყვარს ნივთებზე მიჯაჭვულობა... ვერაფრით შევიძინე უკიდურესი მიზანდასახულობა და მტაცებლის ინსტინქტი. მიყვარს ადამიანები, თუმცა ვიცი, რომ მათი უმრავლესობისგან ჯობს თავი შორს დაიჭირო. ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამ სასაცილოდ და უმნიშვნელოდ მეჩვენება. სულ უფრო ნაკლებად მაწუხებს ეგზისტენციური აზრები და ყველაფერს მირჩევნია მარტივი ადამიანური სიხარულები.

დღეს ჩემი შვილი დილიდან კარგ გუნებაზე იყო. ნიკუშა ცხრა წლის არის და ისეთი ღიმილი აქვს, ყველა ამქვეყნიური ოცნების ახდენას უდრის.

თავისუფლების დღიურები - ნინო ჯანგირაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:29 0:00
გადმოწერა


26 ნოემბერი, ორშაბათი
დილა, რა თქმა უნდა, სამსახურში წასვლით იწყება. ორშაბათის დილიდან უკიდურესად მოტივირებული და საქმიანი ვარ. სახლიდან ჩემი გასვლის პროცესი პრაქტიკულად სპეცოპერაციაა. ვერასოდეს ვერაფერს ვპოულობ: მანქანის გასაღების ძებნაში ტელეფონს ვკარგავ, ტელეფონს ვპოულობ - სათვალე აღარ ჩანს... და ასე შემდეგ. ტრადიციულად ბევრი საქმე და გეგმა მაქვს. ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი რუტინაა. ალბათ ვერ ავიტანდი, რომ არა ერთი პრივილეგია - პრაქტიკულად პირველი რიგიდან ვადევნებ თვალყურს იმ არანორმალურ სპექტაკლს, რომელიც წლების მანძილზე ჩვენ თვალწინ ვითარდება. კვირის დასაწყისში არასოდეს ვიცი, როგორ დასრულდება კვირა, რა მომელის, რამდენ ადამიანთან მომიწევს ურთიერთობა, რა ახალი პერსპექტივები გამოჩნდება და რომელი არსებული პერსპექტივა გაქრება.

ხანდახან ვოცნებობ, ისეთი სამსახური მქონდეს, რომელიც ამ არანორმალური სივრცის - ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების - ყველა ნიუანსის ცოდნას არ დამავალდებულებს. ზოგჯერ ინფორმაციის ნაკადი იმდენად აუტანელია, ვცდილობ ერთი დღით მაინც მოვერიდო და მთლიანად მექანიკური საქმეებით დავკავდე, რომლებიც დიდ აზროვნებას არ მოითხოვს და არც ემოციურ გავლენას ახდენს, თუმცა საქართველოში ალბათ არ არსებობს სივრცე, სადაც პოლიტიკას დაემალები.

მთელ დღეს ტელევიზიაში ვატარებ. ტრადიციული ფუსფუსი და გადარბენაა. ჟურნალისტები თემების ნაკლებობას არ უჩივიან, იმდენი რამ ხდება გარშემო. ტრადიციულად ტელევიზიაში მოდის ბევრი ადამიანი: ზოგს წერილი მოაქვს, ზოგი წიგნს გვიტოვებს, ზოგი - იდეებს და კონცეფციებს. მოდიან კონკრეტული პრობლემებით საინფორმაციოს ჟურნალისტებთან. გულის გადასაშლელად, ძირითადად, აქუბარდიას და ელისაშვილს ითხოვენ.

შეცვლილი პოლიტიკური ვითარება ყველაზე და ყველაფერზე აისახა. ადამიანების დიდი ნაწილი უფრო იმედიანი მეჩვენება, მაგრამ ჯერჯერობით უფრო მეტად გაურკვევლობა და მოლოდინია.

27 ნოემბერი, სამშაბათი
დილით, სახლიდან გამოსულმა, მანქანა ადგილიდან დიდხანს ვერ დავძარი. ჩემი მანქანის უკან ერთი მანქანა მეორეს მსუბუქად გაეხახუნა და მცირე ნაკაწრი დაუტოვა. მძღოლები ძალიან დაძაბული და „საჭირბოროტო“ გამომეტყველებით არკვევდნენ მტყუან-მართალს. ჩემი რამდენიმე თხოვნის შემდეგ გაწიეს მანქანები, გამატარეს და საქმის გარჩევა გააგრძელეს. ქართველი მამაკაცებისთვის საავტომობილო ინციდენტი სერიოზული დრამაა. მანქანაზე მცირე ნაკაწრიც კი ბევრად უფრო მეტ დატვირთვას იძენს, ვიდრე ზარალის მატერიალური მხარეა. ამ ფენომენის ამოხსნას ფროიდი როგორმე, ალბათ, მოახერხებდა. მე უძლური ვარ.

ერთადერთ მამაკაცს ვიცნობ საქართველოში (ალბათ სხვებიც არიან, მაგრამ მე ეს ერთი შემხვდა), რომელსაც შეუძლია, ასეთ სიტუაციებს მშვიდად და იუმორით მოეკიდოს. ეს ჩემი ქმარია, იგივე აქუ, იგივე დავით აქუბარდია. აი, რა სინტერესო თემას მივადექი! ისეთ რამეებს ვიტყვი, ჟურნალი „სარკე“ და გადაცემა „პროფილი“ რომ ინატრებდნენ. საჯაროდ არასდროს მითქვამს. თექვსმეტწლიანი „კოჰაბიტაციის“ შემდეგ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რატომ მიყვარს: ძალიან ლაღია, არ ცნობს პირობითობებს, უყვარს ადამიანები და, ჩემგან განსხვავებით, სულაც არ თვლის, რომ მათი უმრავლესობისგან ჯობს თავი შორს დაიჭირო. ყოველთვის ახსოვს, თუ ვინმემ სულ მცირეოდენი კარგი გაუკეთა და არასოდეს იმახსოვრებს, ვინ რა დაუშავა. არ აქვს აკვიატებული მიზნები და არაფერს ამტკიცებს. შეუძლია სამსახურში დამლაგებელს ყავა გაუკეთოს, გულიანად დამცინოს, როცა ვკაპასობ. იმ დროს, როცა მგონია, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და რაღაც უნდა ვიღონო, შეუძლია ჩემს პრაგმატიზმს ცივი წყალი გადაასხას და მითხრას: „ნინა, ფილოსოფიურად შეხედე.“ რა თქმა უნდა, ამ დროს ვცოფდები, მაგრამ მოგვიანებით ვრწმუნდები, რომ მართალია.

სამშაბათი დღეც ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი. დღის განმავლობაში იმდენი წვრილმანი საქმე და შეხვედრა მაქვს, არ მგონია მათი მოყოლა საინტერესო იყოს. შეცვლილმა პოლიტიკურმა რეალობამ მედიისთვის ახალი პერსპექტივები გააჩინა. სისტემა, რომელიც პრაქტიკულად არანაირ შანსს არ ტოვებდა, დაიშალა. თუმცა ჯერჯერობით რაღაცები ინერციით მიდის, რაღაცები იცვლება, ახლიდან ყალიბდება. ვცდილობ, რეალობა ადეკვატურად შევაფასო და ჩემი ტელევიზიის განვითარებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

28 ნოემბერი, ოთხშაბათი
ჩემი დღე ისევ ჩვეულებრივი სატელევიზიო საქმეებისგან შედგება. პერიოდულად შიდასარედაქციო საქმიანობაში ვერევი, მაგრამ, ძირითადად, ტელევიზიის ფინანსური და ტექნიკური მხარით ვარ დაკავებული. ვმუშაობთ „კავკასიის“ ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის დასახვეწად. ტექნიკური გადახალისებაც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ტელემედიაში მეტ-ნაკლებად კონკურენტული გარემო შეიქმნება და ჩვენც შევძლებთ, ბაზარზე ჩვენი ადგილი დავიკავოთ. ჩვენი ტელევიზია დოტაციური არასოდეს ყოფილა. ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი როგორღაც ვახერხებდით თავის გატანას. ეს გამოცდილება, იმედია, დაგვეხმარება, ნამდვილად კარგი კომერციული ტელევიზია გავაკეთოთ, რომელიც არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება შეკრული წრის გარღვევა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის დამტკიცება. ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ტელევიზიაში მილიონობით ინვესტიცია ჩაიდო. ზოგს მილიონობით დავალიანება აპატიეს. ჩვენ კი შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზაციით უნდა შევძლოთ განვითარება იმ დონეზე, რომ ტელევიზია ფინანსურად მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული გახდეს. იმედი მაქვს, გამოგვივა.

დღევანდელი დღეც ინფორმაციულად დატვირთულია, ისევე, როგორც ყოველი დღე ბოლო თვეების განმავლობაში. ყოფილი ჩინოვნიკების დაჭერები გრძელდება. დასავლური პრესა საქართველოს ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები ხარობენ. ახალი ხელისუფლების მხარდამჭერების ნაწილი ამერიკა-ევროპას ლანძღავს, პროდასავლურად განწყობილი ნაწილი კი იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობაა და დასავლეთი შეცდომაში შეიყვანეს.

წინა დღეებში არ მიხსენებია, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი ყოფის განუყოფელი ნაწილი ფეისბუკია. დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ ქართული ეგზიბიციონიზმის მექას. ზაკერბერგმა, ალბათ, არცკი იცის, რა საქმე გაუკეთა ქართველებს! ჩვენ ხომ ყველაფერი იმისთვის გვინდა, რომ სხვამ დაინახოს და შეაფასოს. უფრო მეტად გვაინტერესებს, როგორ აღგვითქვამენ სხვები, ვიდრე ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს თვითონ. ამ შემთხვევაში პირველ პირში და მრავლობით რიცხვში წერა შეიძლება უადგილოც იყოს, რადგან ყოველთვის ნაკლებად მაინტერესებდა, როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებდი გარეშე თვალზე. მაგრამ ჩემი იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რომ ქართველების ყველაზე უარეს და ჩემთვის მიუღებელ თვისებებზეც პირველ პირში და მრავლობით რიცხვში ვსაუბრობ.

მოკლედ, თანამედროვე ქართული ვნებები სწორედ ფეისბუკში დუღს. ოღონდ ბოლო ორი თვეა, ქართული სოციალური ქსელი განსაკუთრებით სასაცილო გახდა. ხანდახან თავი სიზმარში მგონია. სტატუსების პათოსი და შინაარსი დაახლოებით იგივე დარჩა, ოღონდ ავტორები შეიცვალნენ. ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერების ამჟამინდელი სტატუსების შინაარსი და პათოსი არაფრით განსხვავდება იმ სტატუსებისგან, რომლებსაც წარსულში თავად დასცინოდნენ. სამაგიეროდ, მათ ახლა ისინი დასცინიან, ვინც წარსულში დაცინვის ობიექტი იყო. მოდი და ნუ შეხედავ ამ ყველაფერს ფილოსოფიურად!

29 ნოემბერი, ხუთშაბათი
ისევ ტელევიზია, ისევ საქმეები - წვრილმანი და შედარებით სერიოზული. ხვალინდელი გადაცემისთვისაც უნდა მოვემზადოთ. პარასკეობით გადაცემა „ბარიერის“ წამყვანი ვარ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაგვთანხმდა, სტუმრად მოვიდეს. თანახმაა, მასთან ერთად გადაცემაში ექსპერტებმა და ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა მიიღონ მონაწილეობა.

ახალი ხელისუფლება მედიასთან ჯერჯერობით ნორმალურად თანამშრომლობს. მართალია, ზოგჯერ მათი მოწვევაც ჭირს, მაგრამ ის ყრუ კედელი, რასაც წლების მანძილზე ვაწყდებოდით, აღარ არსებობს. იმედია, ხელახლა არ აღიმართება. ჯერჯერობით ახალი რეალობის გათავისება ყველას გვიჭირს - ახალ ხელისუფლებასაც, ახალ ოპოზიციასაც და მედიასაც. ჯერ კიდევ ძნელი დასაჯერებელია ის, რაც საქართველოში მოხდა: ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. იმაზე მშვიდად და უმტკივნეულოდ, ვიდრე ველოდით.

ალბათ არავისთვის არის საიდუმლო, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლას ვგულშემატკივრობდი. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, სულაც არ ვგრძნობ გამარჯვებულის ეიფორიას; განსხვავებით ჩემი ზოგი კოლეგისგან. უფრო მეტად პასუხისმგებლობის და იმის განცდა მაქვს, რომ ჩვენ ყველამ კიდევ არაერთ სერიოზულ გამოცდას უნდა გავუძლოთ, სანამ სტაბილურ დემოკრატიული ქვეყნად ჩამოვყალიბდებით. შესაძლოა, ასაკის ბრალია. ჩემი ახალგაზრდული რადიკალიზმი წარსულს ჩაბარდა და ბევრ რამეს მშვიდად ვხვდები. მათ შორის, წარმატებასაც და მარცხსაც.

30 ნოემბერი, პარასკევი
ისევ სამსახური დილიდან გვიან ღამემდე და ბევრი საქმე. გადაცემა ღამის 12 საათზე დასრულდა. არ ვიცი, როგორი გამოვიდა. საკუთარი თავის, როგორც წამყვანის, მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. ფინანსთა მინისტრმა იმ მრავალ მილიონზეც ისაუბრა, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს ბიუჯეტიდან გაურკვეველი მიმართულებით, უშედეგოდ და უცნაურად დაიხარჯა. არ ვიცი, როდისმე მოხერხდება თუ არა ამ ყველაფრის შესწავლა და პასუხისმგებელი პირების დასჯა. ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს ბიუჯეტის მილიონებს საკუთარი სურვილისამებრ და პირადი ინტერესების შესაბამისად განკარგავდნენ, დღეს, პრაქტიკულად, დისიდენტები არიან. მათი უფლებების დაცვა კი ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანაა. აი, რა არის ბედის ირონია.

„მეცხრე არხზე“ სიტუაცია აირია. ჟურნალისტების ნაწილმა სამსახური დატოვა მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობა შეიცვალა. ვერ გავიგე, რა ხდება. პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ქართულ მედიაში დიდი ძვრებია. არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა ამ ყველაფრისგან, მაგრამ, ზოგადად, ცვლილებები მიყვარს და ინტერესით დაველოდები მოვლენების განვითარებას.

1 დეკემბერი, შაბათი
აი, დღიურების წერასაც ვამთავრებ. მიყვარს შაბათი დღე. შედარებით ნაკლები საქმე და მეტი თავისუფალი დრო მაქვს. საღამოს მე და დათო ახლობლებთან ერთად გავატარებთ.

სამსახურში მოსულს სასაცილო ამბავი დამხვდა: ვანო მერაბიშვილს საზღვარზე ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს და დაკითხვაზე დაიბარეს. პრინციპში, ეს ამბავი სულაც არ არის სასაცილო. უბრალოდ, მე მეცინება ამ ბოლო დროს ყველაფერზე. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი...

XS
SM
MD
LG