Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლივერ რაისნერი - ისტორიკოსი


7 დეკემბერი, კვირა

კვირა − ეს არის დასვენების დღე, მით უმეტეს ახლა, როცა წინასაშობაო პერიოდია. ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, „ადვენტის“ დრო დაიწყო − ანუ, ოთხკვირიანი მონაკვეთი შობამდე. დღეს მეორე ადვენტი იყო. უკვე გვაქვს ჩვენებური შტოლენები − სპეციალური საშობაო ნამცხვარი მარციპანით. ძალიან გემრიელია!

სამუშაო დღეებში ძალიან დაჩქარებული ტემპი გვაქვს, ეს კი არის ნამდვილი დასვენების დღე. დილა დავიწყეთ ნელა, ყავით. ვსაუბრობდი ეკასთან და ჩვენს უმცროს ბიჭთან ერთად. უფროსები უკვე სასწავლად არიან წასული საზღვარგარეთ. გოგონა 24 წლის ხდება, სწავლობს ბერლინში, ბიზნესისა და მართვის ინგლისურენოვან პროგრამაზე. უფროსმა ბიჭმა დაჩქარებული ტემპით დაამთავრა საბაკალავრო ბრემენში და ახლა სწავლობს ერთწლიან პროფესიულ სამაგისტრო პროგრამაზე: საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპისმცოდნეობა. უკვე ნამდვილი ევროპელები გახდნენ, ევროპაში სწავლობენ... თავისუფლად ლაპარაკობენ სამ ენაზე: ქართულად, გერმანულად და ინგლისურად. თუმცა ინგლისურ ენაზე სწავლა მოინდომეს. შეიძლება იმიტომ, რომ მე და ჩემს ქართველ მეუღლეს არ გვწყენოდა, მათთვის ინგლისური გახდა მთავარი ენა სწავლისთვის. მესამე შვილი 14 წლის არის, გიგი ჰქვია, გიორგი. ინგლისურენოვან სკოლაში დადის. ძალიან უყვარს ფილმები და კომპიუტერული დიზაინი. როგორც უფროსებმა, ამანაც თავისუფლად იცის გერმანული, ქართული და ინგლისური.

წელს ჩვენი 20 წლის იუბილეა: 1994 წელს ჩემი და ეკას ქორწილი იყო. გაცნობიდან ექვს თვეში დავქორწინდით. გერმანელისთვის ეს ძალიან მცირე დროა. ჩვეულებრივ, ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდება: დავქორწინდეთ... არ დავქორწინდეთ... ასე რომ, არაგერმანულად, უფრო ქართულად გამომივიდა. 20 წელია, ერთად ვართ და ბედნიერები ვართ.

თავისუფლების დღიურები - ოლივერ რაისნერი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:05 0:00
გადმოწერა

8 დეკემბერი, ორშაბათი

ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. მე ევროკავშირის წარმომადგენლობაში, პროექტის მენეჯერად ვმუშაობ. სამუშაო კვირას ვიწყებთ ოპერატიული თათბირით: რა გველის, რა უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ ხელშეკრულებებსა და პროექტებს მივხედავთ. წლის ბოლოსკენ ბევრი ანგარიშია წასაკითხი ან მოსამზადებელი, ინვოისები და ასე შემდეგ...

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე ვარ დაპატიჟებული. ჩემი საქმიანობის სფერო განათლებასა და კულტურას მოიცავს, თუმცა ვმუშაობ დასაქმების საკითხებსა და სოციალურ დიალოგზეც, რაც საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია.

9 დეკემბერი, სამშაბათი

დღეს ჩემი სამეცნიერო მიმართულების დღე იყო. დამპატიჟეს კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ცენტრში, მარინა ჩიტაშვილთან. იქ მოეწყო ძალიან დიდი კონფერენცია ამერიკელებთან ერთად, რომლებიც ჰარვარდიდან ჩამოვიდნენ. გაიმართა ევროკავშირთან დაახლოებაზე დოქტორანტების გამოკვლევების პრეზენტაცია. ერთ-ერთი პანელის ფასილიტატორი მე ვიყავი. ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდა მეცნიერების ნაშრომები: რა პრობლემებია საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. 28 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რითაც საკუთარ თავზე აიღო ძალიან ბევრი ვალდებულება. თავიდან ეს რეფორმები შეიძლება რთული გასატარებელი იყოს, მაგრამ მომავალში, როცა შესრულდება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ყველა პირობა, საქართველოს გაუჩნდება ევროკავშირის შიდა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, გაადვილდება ვიზების მიღება ან სულაც უვიზო რეჟიმი იქნება... ამაზე იყო საუბარი: რა პრობლემებია, რა რეფორმებია საჭირო პოლიტიკურ სფეროში, სახელმწიფოში.

განათლებით ისტორიკოსი ვარ. როგორც აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და სლავური ენების და ლიტერატურების ფაკულტეტის სტუდენტი, 1988 წელს პირველად დამპატიჟეს საქართველოში. ეს იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამთვიანი სტიპენდია. მერე აქ „პერესტროიკა“ დაიწყო, დაიწყო მიტინგები რუსთაველზე, ასე რომ, გავხდი ამ მოვლენების მოწმე და ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, ეს ძალიან საინტერესო იყო. მე დასავლეთ გერმანიიდან ვარ, „იქითა“ გერმანიიდან, როგორც აქ საბჭოთა პერიოდში ამბობდნენ. ჩვენთან, დასავლეთ გერმანიაში, ნაციონალური საკითხი ასე მწვავედ არ იყო წამოწეული იმ პერიოდში. ასე იყო იმ მოვლენებამდე, სანამ აღმოსავლეთში, გდრ-ში, დაიწყებოდა მასობრივი გამოსვლები და დაინგრეოდა სოციალისტური ბლოკი.

მაშინ კარგად არ მესმოდა ერის საკითხის მნიშვნელობა, რაც შემდეგ ჩემი სამაგისტრო თემა გახდა. მერე გავაგრძელე დისერტაციაზე მუშაობა და თემად ავირჩიე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, როგორც ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ისტორია, საზოგადოების წევრების ისტორია. მათი კოლექტიური ბიოგრაფია დავწერე. სხვათა შორის, ახლა ჩართული ვარ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველთა განმანათლებლების ამბების ინტერნეტში ატვირთვას, რათა ყველამ გაიგოს, ვინ იყვნენ განათლების გამავრცელებლები − მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის აქტივისტები.

10 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს ოფისში ერთ-ერთი პროექტის დახურვაა. პროექტი ეხებოდა მოსახლეობის გააქტიურებას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ჩასართავად. თვითმმართველობამ უნდა გაიგოს, რას ვუჩივით და რა არის პრიორიტეტული ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვის დროს, მაგალითად, 2015 წლისთვის. პროექტი განახორციელა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელწოდებით „კავკასიური ინსტიტუტი სოციალური და ეკონომიკური კვლევებისთვის“. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მოსახლეობის აქტივიზება, რათა ძველი ინერციით არ გაგრძელდეს ეს მოლოდინი, რომ მოქალაქის მაგივრად ყველაფერი სახელმწიფომ ან ვიღაც „პატრონმა“ უნდა მოაგვაროს.

11 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღეს განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ეს არის დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც შევაჯამეთ, რა გავაკეთეთ სხვადასხვა ორგანიზაციამ განათლების სფეროში სამინისტროსთან ერთად და ცალ-ცალკე. ევროკავშირს აქვს სტუდენტთა გაცვლის პროგრამა „ერაზმუს მუნდუსი“ და საუნივერსიტეტთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა „ტემპუსი“, რომლებიც შეერთდა „ერაზმუს პლუსის“ პროგრამის სახელწოდებით. ეს თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა იმ რეფორმების გარეშე, რომლებსაც სახელმწიფო, განათლების სამინისტრო ახორციელებს.

მინდოდა ქართველოლოგი, კავკასიისმცოდნე გამოვსულიყავი, მაგრამ გერმანიაში ამ პროფესიას პერსპექტივა არ ექნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო პროექტის მენეჯერად „უორლდ ვიჟენში“. ეს იყო ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი: „ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“. პროექტი ითვალისწინებდა ახალგაზრდული ცენტრების შექმნას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისათვის. მუშაობა 11 წლის წინ დავიწყეთ. 2003 წელს ჩამოვედით, მერე იყო „ვარდების რევოლუცია“. ძალიან ბევრს დავდიოდი რეგიონებში, ბევრი რამ ვისწავლე და ისიც გავიგე, რომ თბილისი ძალიან განსხვავდება რეგიონებისგან.

ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ის იქნება, თუ რეგიონებში გაუმჯობესდება ცხოვრება, გააქტიურდება ადგილობრივი მოსახლეობა, გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა რეგიონების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნელ-ნელა ეს ხდება კიდეც, თუმცა ჯერ ნაადრევია კრიტიკულ მასაზე საუბარი, ჯერაც არსებობს უამრავი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, მაგრამ თანდათან ჩნდება მეტი და მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ ადგილობრივ პრობლემებზე, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაზე.

თავის დროზე, როდესაც მუშაობა დავიწყე, არ არსებობდა სახელმძღვანელოები უმცირესობებისათვის. იყო მოთხოვნა, რომ ყველამ უნდა ისწავლოს სახელმწიფო ენა, მაგრამ საამისოდ არ იყო სასწავლო მასალა. ახლა უკვე არსებობს.

წელს, ზაფხულში, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანულად, ქართულად და ინგლისურად! ძალიან დიდი წინსვლა არის და, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმაც აღიარონ, რომ ქვეყანაში ასეთი მშვენიერი მოქალაქეები ჰყავთ.

12 დეკემბერი, პარასკევი

ძალიან დატვირთული დღეა, ბევრი შეხვედრა მაქვს. დავიწყე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკედემიით. ეს იყო სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო პროექტის თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს საბჭოთა ისტორიას, 1937-38 წლების რეპრესიებს. ეს პროექტი ხორციელდება გერმანელი ისტორიკოსების ჩართულობით და დაფინანსებულია „ფოლკსვაგენის ფონდის“ მიერ. გათვალისწინებულია ამ რეპრესიების დროინდელი დოკუმენტების შესწავლა, რაც გადარჩა და ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყოფილი კაგებეს არქივში. გაჩნდა კრიტიკული შეკითხვები: რეპრესიების დროს როგორი იყო ურთიერთობა ეთნოსებს შორის? ჰქონდა თუ არა ამ ტერორს ეთნიკური ნიშნები? საქართველოში იმ პერიოდის ყველაზე გავლენიან ფიგურად ბერია ითვლება, ის სტალინთანაც დაახლოებული იყო... გაიმართა კამათი იმაზე, რამდენად სანდოა ეთნიკურობასთან დაკავშირებული სტატისტიკა.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იყო, რადგან დღეს აუცილებელია სტალინიზმის პერიოდის გააზრება, იმის შეგნება, რომ მოქალაქეთა აზროვნებაში ჯერ კიდევ ბევრია შემორჩენილი საბჭოთა პერიოდიდან, საბჭოთა მემკვიდრეობიდან, მით უფრო, თუ ვსაუბრობთ ეროვნულ პოლიტიკაზე, ეროვნებაზე, და არა მოქალაქეობაზე.

ვფიქრობ, სწორედ სტალინის მიერ შექმნილ ეროვნების პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ ასეთი დამოკიდებულების საფუძველი, და ეს არის გასააზრებელი. მოკლედ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. შემდეგ გადავედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ჩამოსული იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ქართველოლოგიის ცენტრის შესაქმნელად და აინტერესებდათ, რა პრობლემები არსებობს საქართველოს განათლების სისტემაში, როგორ შეიძლება დაეხმარონ უმაღლესი განათლების სფეროში თავიანთი გამოცდილებით... ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის სტუდენტების ჩართვა სწავლისა და სწავლების ხარისხის შეფასებაში. სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია ბევრი ქართველისთვის და, ხარისხზე თუ ვლაპარაკობთ, მთელი სასწავლო პროცესი უნდა გახდეს სტუდენტებზე ორიენტირებული და კონცენტრირებული. პროცესის შემფასებლები თავად სტუდენტები უნდა გახდნენ. არსებობთ ძალიან კარგი ორგანიზაციები, არსებობს სტულენტთა საერთაშორისო ქსელი Erasmus Student Network. ასე რომ, ახალგაზრდა თაობა უკვე კარგად არის ჩართული ევროპულ ქსელში. მაგალითად, დაბრუნებულ სტუდენტებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა იმის დასადგენად, აღიარეს თუ არა მათი კრედიტები აქაურ სასწავლო სისტემაში. წესით, თუ „ერაზმუსის პროგრამა“ კარგად მუშაობს, იმ კრედიტებს, რომლებიც სტუდენტმა საზღვარგარეთ დაიმსახურა, აქაც უნდა აღიარებდნენ, როგორც თანაბარს...

ევროპელობა ჩემთვის ის არის, რომ არ არსებობს მარტო ერთგვაროვანი კულტურული, ენობრივი „განწყობა“. მე, მაგალითად, ერთდროულად გერმანიის მოქალაქეც ვარ და ევროკავშირისაც, და ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. არსებობენ განსხვავებული კულტურის ადამიანები, მაგრამ ყველა თანაბარია და ყველას თავისი ფასი აქვს.

13 დეკემბერი, შაბათი

სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აქტივისტი ვარ, გამგეობის წევრი და თავმჯდომარე. დღეს გვქონდა ღონისძიება ღია საზოგადოებისათვის: რა გავაკეთეთ წელს გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად საქართველოში. ეს, ასე ვთქვათ, ტიპური მოქალაქეობრივი საქმიანობაა, რომელიც არ არის პირადი და არის საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ძალიან ვაფასებ საქართველოს კულტურულ მრვალფეროვნებას, ეს ძალიან ევროპულია და აუცილებლად შესანარჩუნებელი. ეს არის რეგიონალური თუ სამხარეო კულტურული მრავალფეროვნება, რელიგიური, ენობრივი, ეთნიკური... ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად უნიკალური სიმდიდრე, რომელიც საქართველომ ევროპას უნდა შესთავაზოს.

XS
SM
MD
LG