Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა შამუგია - პოეტი


17 მაისი, კვირა

ვწერ ყველგან: სახლში, ავტობუსში, შესვენებებზე, სამსახურში, კაფეში. ვწერ ყველაფერს: ლექსს, ჩანახატებს, ესეებს, რომანს და... დღიურსაც. მეოთხე კლასიდან დღემდე ვწერ ერთ გაბმულ დღიურს, რომელშიც აღწერილია ყველაფერი, ჩემი ცხოვრების ყველა წვრილმან-მსხვილმანი: ჩემი შეყვარებულები, რომლებიც, რატომღაც, მალევე იქცეოდნენ ხოლმე ჩემს ყოფილ შეყვარებულებად, ჭირვეული და საყვარელი მეზობლები, მეგობრები, უცნობები, სიზმრები, ყველა(ფერი) აქაა. რამდენიმეათასგვერდიანი დღიურია, მაგრამ ის არასდროს გამოქვეყნდება! როცა „თავისუფლების დღიურის“ დაწერა მთხოვეს, უყოყმანოდ დავთანხმდი. მერე ცოტა დავფიქრდი, დღიური პირადი საქმეა, მე კი ასე საჯაროდ პირად ამბებს უნდა მოვყვე, გამოვა აქედან რამე?

მოკლედ, რაც არი, ეგ არი.

დღეს კვირაა, ჩემი საყვარელი დღე. კვირას შეგიძლია გააკეთო ბევრი რამ. და მე ყველაზე ფილოსოფიური საქმით ვკავდები - ვაკეთებ არაფერს. ეს დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ მაინც. საერთოდ, დილა იწყება სიგარეტით, არც ეს კვირაა გამონაკლისი. თვალის გახელის შემდეგ პირველი ოპერაცია სიგარეტის და ასანთის ალქიმიაა. რამდენიმე ღერის მერე თვალებიდან ლიბრი მშორდება. ბევრს ვეწევი. იმდენს, რომ სიგარეტი უკვე სხეულის დამატებად მექცა. დარწმუნებული ვარ, გენის მუტაცია გარდაუვალია და ჩემი შვილები უეჭველად პირში სიგარეტგაჩრილები დაიბადებიან. ნანიკო რეკავს. უნდა, რომპოეზიის საღამო მომიწყოს თავის სკოლაში. ახლა დეპრესია მაქვს-მეთქი, თავს ვაცოდებ და ერთი თვის მერე ვნიშნავთ საღამოს. „მანამდე ხო გაგივლის?“ − მეკითხება. რამხელა პესიმიზმია!

სარამაგუს ვკითხულობ, უკვე ბოლოსკენ ვარ, დიდი ავტორია. ნობელიანტები ხანდახან მოსაწყენები არიან, ჟოზე − პირიქით.

ნინოს ვურეკავ და ჩაის ვსვამთ მის სამსახურთან. ლოკარნოს ფესტივალიდან ახალი ჩამოსულია. მისი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო. ბოლოს, იქაური მარიხუანის ეფექტებზე მიყვება. ისე, შეეძლო, მეგობრისთვისაც ჩამოეტანა (შსს-ვ, ვხუმრობ!).

შეღამებულზე „პირიმზეში“ მივდივარ. ბევრი უცხო ხალხია მაგიდასთან. მალე გამოვდივარ. ალკოჰოლი ოდნავ მეკიდება.

სტუდქალაქში სიჩუმეა. ამ ბოლო დროს არავინ ხმაურობს. ნასვამი სარამაგუსვუბრუნდები. ნასვამზეც მომწონს. თავიდან თითქოს ყველაფერი კანონიკას მიჰყვება და უცებ ხელიდან გისხლტება. მსოფლიოს ქრისტიანებმა იესოს და მარიამ მაგდალელის აქ აღწერილ სექსზე ალესეს მახვილი, არადა, კანონიკის სრული აყირავება ლაზარეს ეპიზოდშია. ლაზარეს აღდგინება ქრისტეს ერთ-ერთი მთავარი სასწაულია. სარამაგუს იესო არ აცოცხლებს მას. მიზეზი მარიამ მაგდალელის (წიგნის მიხედვით, მისი ცოლის) სიტყვებია, რომლებიც მან ბოლო წამს უჩურჩულა: „არავინაა ქვეყანაზე ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს.“

საეტაპო სიტყვებია!

დღეს 17 მაისია − ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. კარგი იქნებოდა, ეს დღე ბოღმის და უტვინობის სიმბოლოდ რომ არ ექცია ქართულ უსულო სასულიერო იერარქიას.

თავისუფლების დღიურები - პაატა შამუგია
please wait

No media source currently available

0:00 0:10:02 0:00
გადმოწერა

18 მაისი, ორშაბათი

ორშაბათი მძიმე დღეა. ლელას ზარი მაღვიძებს. უცნაურ სიზმარს ვნახულობდი: სადღაც მდინარის პირას ვიჯექი, თანმხლები ჩეჩენი გოგო წარმოუდგენელი ხმით მიმღეროდა. სირინოზივით. მე იქვე სახელდახელოდ შეთხზულ ჰაიკუს ვუკითხავდი და თვალს მისი − სავარადოდ, მკვრივი − მკერდისკენ ვაპარებდი. სიზმრის ფინალისკენ ჩეჩენმასირინოზმა სახეზე ხელი წაივლო და კანი გადაიძრო, კანქვეშ ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. მერე ამ ჩემმა მეზობელმაც წაივლო სახეზე ხელი, ახლა ნახე, სინამდვილეში ვინ ვარო და... ამ დროს რეკავს ლელა. ლიტერატურის ფესტივალის ამბავში პრესკონფერენცია რომ გვაქვს, ხო გახსოვს? რა თქმა უნდა-მეთქი, და თან მზადებას ვიწყებ. სწრაფად ვხტები ლოგინიდან და სკამზე ფეხის თითი ისე გამეტებით მიმერტყა, მგონია, მომძვრება.

ასეა, ლიტერატურა მტკივნეულია.

მწერალთა სახლიდან პირდაპირ სამსახურში მივდივარ. მე და თეა ჩვენი აუცილებელი რიტუალის − ერთმანეთთან პოლიტიკურ თემებზე კამათის − შემდეგ ვსხდებით და ტექსტებზე ვმუშაობთ.

სამსახურიდან ისევ მწერალთა სახლში უნდა მივიდე. დღეს დიდი დღეა − ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი. ამაღამ საერთო საღამო იქნება, ყველა მონაწილე თავის ენაზე წაიკითხავს. საერთოდ, მწერალთა სახლმა ბოლო დროს ისეთი შთამბეჭდავი ლიტერატურული პროექტები გააკეთა, რომ რაღაც კარგის მოლოდინი მაქვს. ასეცაა. გადასარევი უცხოელი ავტორები და ჩემი ქართველი კოლეგები... და მთავარი: მკითხველები. ამდენ ადამიანს მიტინგებსა და გასვენებაში თუ ნახავ. რა კარგია, რომ მოდიან პოეზიის საღამოებზე. მერე შეიძლება წიგნებიც წაიკითხონ.

საღამოს კლაუდიო პოცანით ვიწყებთ. ისეთი დეკლამატორია, მთელი აუდიტორია უცებ აჰყავს. მე ჩემს ერთ-ერთ ბოლო ლექსს ვკითხულობ. ეს არის თვითირონიული რეფლექსია იმაზე, თუ როგორ მოულოდნელად გადავიქეცი გენიოსად და რა რთულია, საერთოდაც, გენიოსობა.

ასეა.

19 მაისი, სამშაბათი

დილიდან არც ისე ლიტერატურულ გარემოში ვარ − პროფილაქტიკაში. ჩემი ჯაბახანა „ლოლიტა“ ურევს. თავიდანვე ასე შევარქვი. სერია აქვს „LOL“, არის ზუსტად იმდენის, რამდენისაც ლოლიტაა ნაბოკოვის რომანში, მე კი ჰუმბერტ ჰუმბერტი ვარ. ალექსა მეუბნება, რომ ჰუმბერტი კი არა, პერვერტი ვარ, ამ სისულელეებზე რომ ვფიქრობ, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს პერვერტი, როცა გარშემო ამდენი წმინდანია. ზოგჯერ უკვირთ კიდეც, პოეტს რად გინდა მანქანაო. ჯერ ერთი, ამ ინდუსტრიულ არქეტიპს სიმბოლურად თუ დაარქმევ მანქანას და მეორეც, მე მგონი, პოეტები ტუალეტში რომ არ დადიან, იმ ოპერიდან არის ესეც.

პროფილაქტიკიდან რადიოში მიწევს გასვლა. იქიდან გამოსული ვხედავ, გოგო ეწვალება და მანქანას ვერ აყენებს სადგომზე. გავა-გამოვა, გავა-გამოვა, ვერა! ვიწყებ „სტაიანშჩიკობას“, არ შველის, ახალბედა მძღოლი ჩანს. ბოლოს მთხოვს, შენ გამოცდილი ჩანხარ და იქნებ დაჯდე და დამიყენოო. რა პრობლემაა-მეთქი, ვჯდები ამაყად, როგორც გამოცდილ მძღოლს შეეფერება, სწრაფად შევდივარ და... იქვე მდგარ მანქანას ვარტყამ.

ახლა მე და იმ გოგოს გვიწევს თავად იმ გოგოს მანქანის და ბონუსად, ვიღაც ძალიან უჟმური კაცის ახალთახალი „მერსედესის“ გაკეთება.

მთელი დღისგან განსხვავებით, საღამო ნამდვილად ლიტერატურით სავსეა. ფესტივალის განრიგით, მე, კეროლინ ფორშეს და კიმბერლი ჯონსონს გვიწევს საერთო საღამოს ჩატარება. ქართულ-ამერიკული საღამოა. კეროლინის რამდენიმე ლექსი მე და დალილა გოგიამ ვთარგმნეთ. დალილამ − უკეთესად. ცოტას ვღელავ, მაგრამ მალევე მეხსნება − უშუალო და ლაღი პოეტები არიან კიმბერლიც და კეროლინიც.

20 მაისი, ოთხშაბათი

გვიან გამეღვიძა. საერთოდ, სამ-ოთხ საათს მძინავს, უკვე წლებია. ბიოლოგიური საათი არეული მაქვს. მშია. ნინოს ვურეკავ, იქნებ სადმე წაგვეხემსა. ჩემთან მოდი და რამე გემრიელი ჩვენ თვითონ გავაკეთოთო, მთავაზობს. ჩვენ ჩვენი უნიკალური რეცეპტები გვაქვს. კვერცხი ხახვით და არაჟნით ბოლოდროინდელი ერთობლივი ნოვაციაა. დარწმუნებული ვარ, მისით მსოფლიოს დაპყრობა შეგვიძლია. როლებსაც იქვე ვინაწილებთ: მე ხახვს ვჭრი და ცრემლებს ვაღვარღვარებ, ნინო კვერცხს და არაჟანს ანაწილებს. მზადაა. ხახვი მეტი მოგვივიდა. ფაქტობრივად, ხახვს ვჭამთ ცოტაოდენი კვერცხის არომატით. არ ვიმჩნევთ. ერთმანეთს ვამხნევებთ, რომ ოქროს ხელები გვაქვს, ბაჯაღლოსი.

ნინო ჩემი ყოფილი გოგოა. მართალია, რამდენიმე თვეა, დავშორდით, მაგრამ თითქმის ყოველდღე მაინც ერთად ვართ. ვეუბნები, დღიურში უნდა გახსენო-მეთქი. ეცინება და თავს მიქნევს.

21 მაისი, ხუთშაბათი

1872 წელს წამოუწყიათ მშენებლობა. სასახლის ბაღი სულაც ვერსალის მებაღეს დაუპროექტებია. ამ ბაღში კოტრიალი ჰყვარებიათ აკაკი წერეთელს და ილია ჭავჭავაძეს. ასეთია შატო მუხრანის ისტორია. ცვრიან ბალახს ჩვენც შევუდგით ბეჭები: მე, ლია ლიქოკელმა, ეკა ქევანიშვილმა და შოთა იათაშვილმა. მერე ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევერიეთ. ეს გასვლა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ დაგეგმა და ფესტივალის მონაწილე ავტორები ამ საინტერესო სივრცეში გვამოგზაურა.

საღამოს − ისევ მწერალთა სახლი. და ისევ ფესტივალი. არაჩვეულებრივი სამებაა დღეს: ზვიად რატიანის, სერგეი ჟადანის და ვერა პავლოვას საერთო საღამო. ვერას ვეღარ მივუსწარი. თარგმანებს მთარგმნელები ახმოვანებდნენ. ბაკურაძეს უთარგმნია ჟადანის ლექსი და კითხვას იწყებს. სამჯერ დაიწყო და სამჯერვე დაავიწყდა. მგონი, ცოტა შეზარხოშებულია. გვერდით ეკო დეისაძე მიდგას და ყურში მიჩურჩულებს, გალის სიგარეტი აქვს უეჭველი მაგას მოწეულიო.

ნეტა, რა უნდა იყოს ეს „გალის სიგარეტი“?

22 მაისი, პარასკევი

დღეს ლიტერატურული ფესტივალის ბოლო დღეა, დახურვისთვის ყველა ავტორი ერთობლივად წაიკითხავს. 9-ზე უნდა დაიწყოს ზუსტად, ევროპული პუნქტუალობით. დროა უკვე, ევროკავშირში მაინც მიგვიღონ. ცოტა ადრე მიწევს მისვლა მწერალთა სახლში, ამიტომ „ანტიკაფეში“ გავდივარ: ჯერ ერთი, აქვეა, დადიანზე და, თანაც, მეგობრისაა. საკმარისი მიზეზია. კრისტი გემრიელ ჩაის მახვედრებს, ლექსი დავწერეო, მეუბნება. რუსულად წერს, ჯერ ქართული ისე არ იცის. ჩაი ძალიან გემრიელია.

ზუსტად 9-ზე ფესტივალის დახურვაც იწყება. უცხოელებს ქართველები ენაცვლებიან, კითხულობენ თავიანთ და ნათარგმნ ტექსტებს. დიდხანს იწელება, უკვე 12-ის ნახევარია. უზომოდ ვიღლები და ვიპარები. დალილა გოგია და შორენა ლებანიძე მემგზავრებიან. ისინიც კარგა დაღლილები ჩანან.

პოეზიას გამოზოგვა უხდება. ამდენის ერთად მიღება არაა რეკომენდებული.

23 მაისი, შაბათი

დღეს შაბათია. ისე მოხდა, რომ ჩემი დღიურები და ფესტივალი ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ ძირითადად მასზე მომიხდა წერა.

კარგად მეძინა. დილისკენ რაღაც სიზმარიც ვნახე: პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მსტუმრობდნენ. მარწმუნებდნენ, რომ საქართველო გაბრწყინდებოდა. ოთახში, სადაც ვიყავით, ყალბი ოქროს ყანწები ეკიდა კედელზე, სამლიტრიანები. სააკაშვილმა ჩამოხსნა და რატომღაც, ბაშარ ალ-ასადის სადღეგრძელო დალია. ღარიბაშვილიც აჰყვა, ვახტანგურად დალიეს. მერე იზასავეს იქვე სუფრასთან. კედელზე, ყანწების გვერდით ერეკლე მეორის სურათი ეკიდა, მის ქვემოთ მინიატურული თოჯინა იყო ჩამოკონწიალებული, რომელიც პერიოდულად სტვენის ხმას გამოსცემდა. კარი გაიღო. გამეღვიძა.

რა უცნაური სიზმარი იყო! ალბათ MAP-ს მოგვცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG