Accessibility links

1 იანვარი, კვირა

ადრე, დასვენების დღისთვის უჩვეულოდ ადრე, 7 საათზე გვაღვიძებს ჩემი 7 წლის ბიჭი, საბა, რომელსაც თოვლის ბაბუის საჩუქრების მოლოდინში ჩვეულზე ადრე ეღვიძება.

დღეს 2017 წლის პირველი დღეა − ახალ წელში გადასვლის პირველი დღე. აქვს ამ გადასვლის მომენტს რაღაც განსაკუთრებული ძალა, ძალა, რომელიც გამზადებს დღეებისთვის, რომლებიც არ იცი, როგორი იქნება, მაგრამ განწყობა იმედიანია...

დღე ადრე და გამიზნულადიწყება. ჩემი ქმარი, პაატა, ბავშვებთან ერთად მეკვლედ უნდა ესტუმროს მეგობრებისა და ნათესავების ოჯახებს. ეს ტრადიცია უკვე წლებს ითვლის, ნამდვილირიტუალია.

მე წელს სახლში ვრჩები, დასვენების დღეებს ვპარავ მუშაობისთვის დროს. ეს რამდენიმე საათი უნდა დავუთმო სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ ფოსტას.მარტში სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე აღინიშნება და საამისოდ ფედერაციაში უკვე ვიწყებთ მზადებას.

ჩვენში ბევრმა დღემდე არ იცის, რას ნიშნავს სოციალური მუშაკის პროფესია და მეც ბოლო 15 წელი მუდამ მიწევს იმის ახსნა, ვინ ვარ, როგორც სოციალური მუშაკი. 2000 წლამდე საქართველოში ეს პროფესია არ არსებობდა. ამავე დროს, აუცილებელი იყო მისი დანერგვა.

სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და პირები, ახალგაზრდები და ქალები, ხანდაზმულები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებული, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანები, უსახლკაროები, კანონთან კონფლიქტში მყოფები და მსჯავრდებულები − ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვისაც სოციალური მუშაკი დახმარებას უწევს.

სოციალური მუშაობის მთავარი მიზანი ადამიანის სოციალური კეთილდღეობის ამაღლებაა. სოციალური მუშაკები ამას სხვადასხვა გზით ვაღწევთ: ადამიანებისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენით დაწყებული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვით დამთავრებული. ჩვენი ხედვაა, რომ ადამიანი კი არ უნდა მოერგოს გარემოს, არამედ ადამიანმა უნდა მოირგოს, შეცვალოს, გარემო.

ჩემთვის ყოველი შესაძლებლობა, ვისაუბრო ამ პროფესიის შესახებ, მნიშვნელოვანია. ახლა ამ დღიურის მეშვეობითაც ამის გაკეთებას ვცდილობ. ზოგს სოციალური მუშაკები წარმოუდგენია მხოლოდ პრაქტიკოსებად, რომლებიც ადამიანს რაიმე კონკრეტული სირთულის გადაჭრაში ეხმარებიან. არადა, სოციალური მუშაკები სოციალური პოლიტიკისა და კანონების შემუშავებაში უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ნამდვილად ვოცნებობ ისეთ პარლამენტზე, სადაც კანონშემოქმედებაში ჩართული იქნება სოციალური მუშაობის გამოცდილების მქონე ხალხი.

5 საათია. მეკვლეებიც ბრუნდებიან. კანფეტების კალათა არათუ დაცარიელებული არ არის, უფრო სავსეა (ყოველ წელს ამას ხაზგასმით აღნიშნავენ ბავშვები)! ჯადოსნურია ეს საახალწლო კალათა!

საღამოს ჩემი უფროსი შვილის, მეას თანაკლასელთან მივდივართ სტუმრად. ანასტასია მეას საუკეთესო მეგობარია. შინ გვიან ვბრუნდებით. საახალწლო დღეებია და „მოიპოვეს“ გვიან დაძინების უფლება.

2 იანვარი, ორშაბათი

დღეს ბედობაა. ნათელი, მზიანი დღეა. თითქოს ცოტა დათბა კიდეც.

დილიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ყველანი ერთად კოჯორში წავიდეთ და ერთად ყოფნა დაგვებედოს. ერთად ხომ ასე იშვიათად ვატარებთ დროს. არადა, ბავშვები ყველაზე ბედნიერები მაშინ არიან, როცა ოთხივენი ერთად ვართ.

შესანიშნავი ამინდია კოჯორში. მთაში მზე უფრო მწველი, ხოლო ჰაერი ჟანგბადით სავსე და სუფთაა.

პაატას ჟანი მეძმარიაშვილის ფერწერული ტილოს რეპროდუქცია მოაქვს კოჯრის სახლისთვის. სურათს „ბოლო სართული“ ჰქვია. საოცრად იმედისმომცემი სურათია: მშენებარე კორპუსის ბოლო სართულზე შეყვარებული წყვილი ზის ხელიხელგადახვეული და გაჰყურებს მზის ჩასვლას წითლად და ფორთოხლისფრად შეფერილ ჰორიზონტზე.ნახატი მაგონებს კლოდ მონეს იმპრესიონიზმს, თუმცა სოცრეალიზმის ნამდვილი ნიმუშია.

საღამოს თბილისში ვბრუნდებით და პირდაპირ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ია შეყრილაძის ოჯახში მივდივართ. ბავშვებს იქ საუკეთესო მეგობარი ელოდებათ − ლუკა, რომელიც დღის ბოლოს ამბობს, მინდა, ეს დღე არასდროს დასრულდეს და სულ ჩემთან დარჩეთო.

3 იანვარი, სამშაბათი

დღე ზანტად, გვიან იწყება. მომწონს შიგადაშიგ ასეთი დღეების არსებობა.

შევდივარ „პირწიგნაკში“, რომელსაც ბოლო ორი წელია, მხოლოდ საქმიანი დანიშნულებისთვის ვიყენებ. მხვდება ჩემი კოლეგის, მარი კორკოტაძის „პოსტი“. მარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთან დაკავშირებით წერს და რჩევას ითხოვს ქალის დასახმარებლად. ვუკავშირდები, ვიგებ მეტ დეტალს შემთხვევის შესახებ და ვგეგმავ დაკავშირებას სახელმწიფო სოციალურ სამსახურთან. სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს დღეს უკვე ევალებათ ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა დახმარება.

სოციალური მუშაკის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს მსხვერპლს, აღიდგინოს თვითშეფასება და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი.მიუხედავად იმისა, რომ გადავამზადეთ სოციალური მუშაკები, შინაგანად მაინც ვშფოთავ: როგორ გაართმევენ თავს ამ საქმეს, რადგან სისტემა კრიტიკულ დღეშია. 2012 წლიდან სოციალური მუშაკების ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანუ, სახელმწიფო იაზრებს სხვადასხვა სოციალური ამოცანის გადაჭრის აუცილებლობას, მაგრამ სოციალური მუშაკების რაოდენობა ერთითაც არ გაზრდილა. შეუძლებელია არსებული დატვირთვის პირობებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სოციალურმა მუშაკებმა ხარისხიანად შეძლონ მუშაობა.

ვურეკავ ერთ-ერთი რაიონის უფროს სოციალურ მუშაკს, სოფო ბარბაქაძეს, ჩემს ყოფილ სტუდენტს (არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა ყოფილ სტუდენტთან ერთად მუშაობ!). ერთად ვმსჯელობთ იმაზე, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მეამაყება სოფო, რადგან სწორი ღირებულებების და საქმიანი, თავდადებული ადამიანია, თან − ცეცხლივით სოციალური მუშაკი! არ უნდა დამავიწყდეს, თვალი მივადევნო ამ შემთხვევას.

შუადღისას ბავშვები მათ მეგობრებთან მიმყავს. სახლში გვიან ვბრუნდებით. საოცრად დაღლილები არიან ბავშვები და ჯანყს აწყობენ პირადი ჰიგიენის თემაზე. საბა სერიოზულად მეკითხება, ნუთუ არასდროს იყო დრო, როცა ადამიანს კბილების გამოხეხვა არ ევალებოდაო. მეც სერიოზულად ვპასუხობ: „არა!“ და ბოლოს, საბა:„ნუთუ ჩვენს წელთაღრიცხვამდეც იხეხავდნენ ადამიანები კბილებს?!“

4 იანვარი, ოთხშაბათი

დღეს შვებულების ანუ სახლში ყოფნის, ბოდო დღეა. ეს დღე უნდა გამოვიყენო და მივხედო ჩემს ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კურსს: „სოციალური მუშაობის სამართლებრივი ასპექტები“. ამ კურსის ფარგლებში განვიხილავ სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, მათ შორის ერთ-ერთი თემაა უსახლკარობა და საცხოვრისი.

სოციალური მუშაობის პროგრამები უნივერსიტეტში 2006 წლიდან მოქმედებს. ამერიკაში მიღებულმა აკადემიურმა განათლებამ შესაძლებლობა მომცა, წვლილი შემეტანა სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაარსებაში. პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საქმიანობაა, რასაც ვაკეთებ, რადგან ამით ხელს ვუწყობ სოციალურ მუშაკთა ისეთი კადრების ჩამოყალიბებას, რომლებიც აფასებენ ადამიანის ღირსებას და აღიარებენ არსებულ მრავალფეროვნებას, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას. თუმცა, ჩვენს პროგრამას საქმეს ურთულებს ის გარემოება, რომ ქართულ ენაზე საკითხავი ლიტერატურა მწირია. გამოკვლევებიც თითქმის არ არის, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ორი დოქტორი ვართ სოციალური მუშაობისსფეროში.

ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელიც სტუდენტებისთვის მოვამზადე, ეხება უსახლკარობისა და საცხოვრისის სფეროში სოციალური მუშაკის როლს, თუმცა „რიდერს“ მუდმივი განახლება სჭირდება. საჭიროა, პრაქტიკოსისგან გავეცნო უსახლკარობის თემაზე საქართველოში არსებულ სიახლეებს. ვუკავშირდები ჩემს ერთ-ერთ ყოფილ სტუდენტს, ლანა ხუჭუას, რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობს თბილისისმუნიციპალურ თავშესაფარში. თავშესაფარი 2015 წლის ბოლოს გაიხსნა და დღეს 250 ადამიანზეა გათვლილი. ერთი მხრივ, პოზიტიურია ის, რომ დღეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც ადამიანი გაყინვას გადაურჩება, მაგრამ ეს მაინც არ არის პრობლემის გადაჭრა.

მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს წევრი ვარ. ეს არის საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვების მიბარების თაობაზე. სწორედ უსახლკაროთათვის მომსახურების სიმცირის გამო, ჩემ თვალწინ მომხდარა მშობლებისგან ბავშვების განცალკევება. მახსენდება მარტოხელა დედა, რომლის შვილებიც სახელმწიფომ მხოლოდ იმიტომ განათავსა მინდობით აღზრდაში, რომ დედა ღია ცის ქვეშ იყო დარჩენილი.

ხვალიდან მუშაობას ვიწყებთ, მეც და ჩემი ქმარიც. ბავშვებს 9-მდე არდადეგები აქვთ. ხვალისთვის გამოძახებულია დამხმარე ძალა − ბებოს სახით.

5 იანვარი, ხუთშაბათი

დილა ადრე იწყება. დღეს პირველი დღე მაქვს ახალ სამსახურში. 2016 წლის ბოლოს გადავწყვიტე და ვუერთდები ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის“ გუნდს. მხვდება თიკო უფლისაშვილი, პროექტის გუნდის ქართველი წევრი. პირველ დავალებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა უკვე მომზადებული მაქვს. ეს დავალებაა საჭიროებების მოკვლევა პრობაციის სისტემაში.

წასახემსებლად მე და თიკო გარეთ გავდივართ. ჩვენი უფროსი შვილები თანატოლები აღმოჩნდნენ. ვსაუბრობთ ბავშვებზე. მე ვუყვები ჩემი შვილების სკოლაზე. ეს ვალდორფის თავისუფალი სკოლაა. რას ნიშნავს „თავისუფალი სკოლა“?

ამ სკოლაში თავისუფლების მაგალითებია ის, რომ დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოებს არ იყენებენ. ასევე, როდესაც ბავშვები წერის შესწავლას იწყებენ, ისინი სტანდარტულ, ხაზიან რვეულებს კი არ ხმარობენ, არამედ დიდი ფორმატის ფურცლებისგან აკინძულ რვეულს. უფრო მნიშვნელოვანია, ცარიელ ფურცელზე თვითონვე იპოვო ცენტრი, თავად გადაწყვიტო, სად მოხაზო ასო, ვიდრე ეს ყველაფერი მზამზარეულად იყოს მოწოდებული. მასწავლებელი ყოველდღე საკლასო ოთახთან ხვდება მოსწავლეებს ხელის ჩამორთმევით, თვალებით კონტაქტითა და მისალმებით. ამით ხაზგასმულია ყველა მოსწავლის უნიკალურობა და ფასეულობა.

სახლში 7 საათისთვის ვბრუნდები. დღიურის წერას განვაგრძობ. ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ახლახან 12 წლის გახდა, დღიურების შესახებ მეუბნება, რომ თუ მოსწავლის აზრებიც აინტერესებთ, მზად ვარ, თავადაც დავწერო, რადგან საკმაოდ ბევრი აზრი მაწუხებსო.

6 იანვარი, პარასკევი

დილიდან შეხვედრები მაქვს. ჯერ ვხვდები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს. გეგმებზე ვმსჯელობთ. შემდეგი შეხვედრა რეაბილიტაციის პროგრამების სამმართველოს გუნდის წევრებთან მაქვს. ვეცნობი პრობაციის რეაბილიტაციის სამსახურთან დაკავშირებულ პრაქტიკას და მიხარია, რომ ამ სისტემამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შეძლო. მოგვიანებით პრობაციისა და სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის წარმომადგენელსაც უნდა შევხვდე.

მიკავშირდებიან პირველი არხის რადიოდან. თსუ-ს სახელით მონაწილეობა უნდა მივიღო გადაცემაში. თემა: „სოციალური მუშაობის მომსახურების განვითარება საქართველოში“. კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საჯაროდ ვისაუბროთ ამ საკითხზე.

მირეკავს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი. ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში პრაქტიკასთან დაკავშირებით რაღაც დეტალებია დასაზუსტებელი.

სადილობისას დღევანდელ დღიურს ვწერ.

საღამოს სახლში რომ მივალ და ბავშვებს დავაძინებ, იქნებ შევძლო იმ სტატიაზე მუშაობა, რომელსაც ოჯახში ძალადობის თემაზე ვწერ ლიტველ კოლეგასთან ერთად.

საღამოს, როცა მეა ცურვიდან გამომყავს და სახლში მივდივართ, მეა შობის ღამეზე მელაპარაკება და პირველად მთხოვს, ეკლესიაში შევიდეთო. ჩვენი სახლის წინ ეკლესიაა. ვთანხმდები, მაგრამ ეკლესიის კარი დაკეტილი გვხვდება.

7 იანვარი, შაბათი

დღეს შაბათია. როგორც წესი, შაბათს დღის პირველ ნახევარში ვმუშაობ: ლექციები მაქვს თსუ-სა და ილიაუნიში. მაგრამ დღეს დასვენების დღეა.

დღეს რადიოში უნდა წავიდე დღიურების ჩასაწერად.

საღამოს ნათლულებს ვეპატიჟები. ტრადიციად ვაქციე, რომ ახალი წლის დღეებში ჩემთან მოდიან ხოლმე. ბავშვები თამაშობენ, ყირაზე გადადიან და ჩვენც, დიდებიც, ვხმაურობთ. ბავშვებისთვის მცირე საჩუქრები მაქვს მომზადებული. უკვე მეორე წელია, მხატვარ ია მეცხვარიშვილის ხელით ნაკეთებ ულამაზეს ნაძვის ხის სათამაშოებს ვჩუქნი. მგონი, მათაც მოსწონთ.

დღეს განსაკუთრებული დღეა − შობაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG