Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბისონია - უფლებადამცველი


27 ოქტომბერი, კვირა
ძალიან მნიშვნელოვანი კვირა დილა გათენდა. დღეს ჩვენი ქვეყანა პრეზიდენტს ირჩევს. „კონსტიტუტიციის 42-ე მუხლი“ დემოკრატიისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით აკვირდება არჩევნებს.

27 ოქტომბერი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის იმითაცაა დასამახსოვრებელი, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად ეს დღე სწორედ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განისაზღვრა. მახსოვს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა ამერიკის საელჩოში ვიმყოფებოდით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციიდან ზარი გაისმა. შეხვედრას ითხოვდნენ. მალევე, ყველანი პრეზიდენტის რეზიდენციაში აღმოვჩნდით. დიალოგი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, 15 წუთში კი გაკეთდა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად, ნაცვლად 31-ისა, 27 ოქტომბერი განისაზღვრა.

დღევანდელი დილა ჩემთვის დილის 8 საათზე დაიწყო, 10-ზე კი, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ქეთი ჩაჩავასთან ერთად, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მედია-ცენტრში ერთობლივი ბრიფინგი გავმართეთ. ამის შემდეგ, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გავეშურე, სადაც ბოლო სამი დღეა ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკაზე ვმსჯელობთ. პარალელურად, ზოგიერთ მედიასაშუალებას მივაწოდე ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. დღის რომელიღაც მონაკვეთში დრო მოვიპარე და მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი, დავაფიქსირე ჩემი არჩევანი.

ძალიან გრძელი და დატვირთული კვირადღე იყო. არჩევნებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. პრობლემები, ხშირად, ადგილობრივ დონეზე გვარდებოდა, თუმცა რამდენიმე საჩივარი მაინც დაიწერა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინფორმაციის შეგროვება, დოკუმენტირება, არსებული ვითარების შეფასება და შეჯამება. არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე გველის წინ: ანგარიშის მომზადება.
თავისუფლების დღიურები - თამარ გაბისონია
please wait

No media source currently available

0:00 0:11:02 0:00
გადმოწერა

ანანოს რომ გავუარე, უკვე ძალიან გვიან იყო. მთელი დღე ლალი ბებოსთან გაატარა. სახლში მოსვლისთანავე, ფეხზე გაიხადა და ფეხშიშველმა დაიწყო თამაში, რის გამოც ვუსაყვედურე. 4 წლის ანანომ გაოცებულმა შემომხედა და მითხრა: მეჩხუბები? არ შეიძლება, ბავშვს ეჩხუბო! მასწავლებელს ვეტყვი, პოლიცია მოვა და დაგაპატიმრებსო. ეჭვი მაქვს, მალე ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციას გაეცნობა და საკმაოდ არგუმენტირებულ ოპონირებასაც გამიწევს. დიალოგი ჩვენ შორის უთანხმოების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. ჯერ ვისაუბრეთ, შემდეგ ვითამაშეთ, მოვეფერეთ ერთმანეთს და სამუშაო კვირა დღეც დასრულდა.

28 ოქტომბერი, ორშაბათი
დილა კვლავ 8 საათზე დაიწყო. მე და ანანუკა სამსახურში წასასვლელად გავემზადეთ. ბაღში მისვლამდე ვსაუბრობთ და ვთანხმდებით მთელი დღის გეგმებზე. 10 საათზე ისევ ტრენინგზე ვიყავი, ქალბატონი ივანასგან ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე.

შუადღისას მთავრობის კანცელარიაში მივედი შეხვედრაზე, სადაც მთავრობის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად მუშაობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. საინტერესო შეხვედრა იყო. შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სტრატეგიის სრულყოფის საქმეში.

ოფისში რომ დავბრუნდი, 6 საათი იყო. შემდგომ გვქონდა შეხვედრა, სადაც დიდხანს ვიმსჯელეთ ამჯერად უკვე ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. ძალიან საინტერესო იდეები გვაქვს და ახალი პროექტების პარალელურად, რომელთა განხორციელებასაც ორგანიზაცია მალე დაიწყებს, ვეძებთ ამ იდეების რეალიზაციის წყაროებს. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და ორ საათს გასტანა, რის შემდეგაც, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი 72 ელექტრონული წერილის ნაწილს ვუპასუხე, ნაწილს გავეცანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი კი ხვალისთვის გადავდე.

უკვე 9 საათი იყო, როდესაც ანანოს გავუარე. იგი კვლავ ბებიკოსთან იყო. გზაში ვისაუბრეთ, სახლში ვითამაშეთ, შემდეგ ანანომ დაიძინა, მე კი დავიწყე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კითხვა, რომელმაც ისე დამაინტერესა, თავი რომ ავწიე, ღამის 2 საათი იყო! კმაყოფილი ვარ, რომ დღე რაციონალურად გამოვიყენე.

29 ოქტომბერი, სამშაბათი
დილა შვიდის ნახევარზე დაიწყო. ვიფიქრე, სანამ ანანუკა გაიღვიძებს, საკუთარი ცნობიერების ამაღლების საკითხს მივხედავ-მეთქი. დაახლოებით 40 წუთში, პატარა ფეხების ტყაპატყუპი შემომესმა, ანანო საძინებლიდან გამოცუნცულდა. როგორც კი ავდგები, მაშინვე გრძნობს და როგორც არ უნდა ეძინებოდეს, დგება და ჩემკენ გამორბის. სასწრაფოდ გავემზადეთ, ძლივს შევთანხმდით, რა უნდა ჩაგვეცვა და გავეშურეთ ახალი დღის შესახვედრად.

09:50-ზე სამსახურში ვიყავი. გადავფურცლე დღევანდელი დღის გეგმა და შევეცადე, დრო იმგვარად გამენაწილებინა, რომ დაგეგმილი სამუშაოს დიდი ნაწილი მაინც შემესრულებინა. ის, რის გაკეთებაც შეიძლება ზეგ, შეიძლება ხვალისთვის გადადო, მაგრამ ის, რაც შეიძლება ხვალ გაკეთდეს, დღეს აუცილებლად უნდა შეასრულო. ეს პრინციპი ზოგჯერ ცხოვრებას მირთულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაოს შესრულება მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული. ვინც ამ პრინციპით ცხოვრობს, ის ადვილად გამიგებს.

მოგვიანებით staff-ის შეხვედრა გვქონდა, სადაც საკმაოდ მწვავე საკითხები განვიხილეთ. დიდხანს ვიმსჯელეთ ორგანიზაციის მიმდინარე, ახალ და მომავალ პროექტებზე. დავიწყეთ წლიური ანგარიშისთვის მზადება და ერთობლივად ვიმსჯელეთ მუშაობის საერთო სტრატეგიაზე. მიხარია, რომ ერთ გუნდად ვდგავართ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ. დისკუსია და კამათი განუყრელია, მაგრამ შეთანხმებას ვახერხებთ.

საღამოს 6 საათზე, „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციის ფარგლებში, ერთმანეთს შევხვდით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა, რომელიც 7 საათისთვის დასრულდა. შემდეგ, კვლავ ჩემს „პრინცესას“ გავუარე და ერთად გამოვეშურეთ სახლისკენ.

ვცდილობთ ხოლმე, რომ საღამოობით, თუნდაც რამდენიმე წუთი, მხოლოდ ერთმანეთს დავუთმოთ, ყოველგვარი გარე ძალების ინტერვენციის გარეშე. 11 საათზე ანანომ დაიძინა, მე კი ავდექი, რადგან სხვა საქმესთან ერთად, თავისუფლების დღიურის დღევანდელი ფურცელი უნდა შემევსო.

30 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დილა 8 საათზე დაიწყო. მე და ანანო გუშინ უკვე შევთანხმდით, დღეს რას ჩაიცმევდა. ამიტომ დღეს საქმე შედარებით მარტივადაა, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე მიზეზით არ გადაიფიქრა და არ გააპროტესტა. მალევე გავემზადეთ და ათის ნახევარზე საათზე ბაღში ვიყავით. ამის მერე 10 წუთში ოფისში მივედი.

დღეს USAID-ი თავის კონტრაქტორებს ხვდება. ძალიან მეამაყება, რომ შევძელით და ამ ორგანიზაციას დავანახვეთ ჩვენი იდეის საფუძვლიანობა, რის გამოც, მან ჩვენი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა და მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისათვის, რაშიც ქალთა გაძლიერება და მათი დისკრიმინაციისაგან დაცვა მოიაზრება. ჩვენ, როგორც ახალ კონტრაქტორებს, საშუალება მოგვეცა, თავი გაგვეცნო დამსწრე საზოგადოებისთვის. მოვისმინეთ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია USAID-ის წარმომადგენლისგან ერთ-ერთი პროექტის შესახებ, რაც სოციალურ-ეკონომიკური სფეროს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეუცვლია ამ პროექტს უკეთესობისკენ!

ამ შეხვედრიდან პირდაპირ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღმოვჩნდი - კიდევ ერთ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, რაც ისევ და ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს უკავშირდება.

მოგვიანებით, ოფისში დაბრუნებულმა, ვცადე ძალიან მნიშვნელოვანი ელექტრონული წერილებისთვის მაინც მეპასუხა. 3 საათზე მორიგ შეხვედრაზე გავეშურე ევროკავშირის წარმომადგენლობაში. განსაკუთრებული წელი გვაქვს: ჩვენი ორგანიზაციის ლიდერობით, ევროკავშირმა პირველად დაუჭირა მხარი ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ემსახურება.

5 საათზე კვლავ ოფისში ვიყავი, სადაც კიდევ ერთი შეხვედრა გავმართეთ სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე. 15 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ევროსასამართლოში გაიმართა ზეპირი მოსმენა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ. მომჩივნის უფლებებს „42-ე მუხლის“ ადვოკატები, მაკა გიოშვილი და ელენე ფილეევა წარმოადგენდნენ. ძალიან მალე ევროსასამართლო თავის სიტყვას იტყვის საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შესახებ. ჩვენ კი კვლავ სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე ვმსჯელობთ, ვეძებთ გზებს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

ძალიან დატვირთული დღე გვიან დასრულდა. სახლში რომ მოვედი, ანანუკა უკვე იქ დამხვდა. ცოტა ვისაუბრეთ და მალევე დავიძინეთ, რადგან ორივეს ემოციურად და ფიზიკურად დატვირთული დღე გვქონდა.

31 ოქტომბერი, ხუთშაბათი
მშვენიერი მზიანი დილა გათენდა. დღეს შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე ვარ გადართული. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა თემატიკაზე. კვლავ ვმსჯელობთ პროექტების მიმდინარეობასა და იმ სირთულეებზე, რაც მათ განხორციელებას ახლავს.

შემდეგ პროექტების იდეების მონახაზი გავაკეთე და ფონდების მოძიების მენეჯერს ვესაუბრე იდეების გარდაქმნაზე საპროექტო წინადადებად. თუ მხარს დაგვიჭერენ, მართლაც მნიშვნელოვან შედეგს მიიღებს საზოგადოება.

5 საათზე, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გამოგვიცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამ საქმეში, რომელიც მოვიგეთ, პირველად გამიჩნდა რეალური შეგრძნება იმისა, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მართლმსაჯულებაშიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, მკვიდრდება ტერმინები „სამართლიანობა“ და „ადამიანის უფლებები“.

პროცესის შემდეგ ოფისში დავბრუნდი. სამუშაო დღე ძალიან გვიან დასრულდა.

1 ნოემბერი, პარასკევი
მხიარული დილა გათენდა. მე და ანანო ძალიან კარგ გუნებაზე ვართ. სახლიდან 9 საათზე გამოვედით. ჯერ ანანო მივიდა თავის „სამსახურში“, შემდეგ - დედიკო.

11 საათზე საფრანგეთის საელჩოში შევიტანე განაცხადი ვიზის მისაღებად. ნორვეგიაში მივემგზავრები ადამიანის უფლებათა სახლის - მსოფლიო ქსელის სტრატეგიის განსაზღვრაზე. „42-ე მუხლი“ „ადამიანის უფლებათა სახლი - თბილისის“ თანადამფუძნებელი და წევრია. მე კი ჩვენს ქართულ „სახლს“ წარმოვადგენ ამ შეხვედრაზე. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა მელის.

სამსახურში დაბრუნებულმა, აღმოვაჩინე, რომ პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობს, რასაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ერთობლივ განცხადებაზე ვმუშაობთ.

პარალელურად, მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელშიც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ადამიანის უფლებათა სფეროში მთავრობის სტრატეგიის სრულყოფის საკითხში. თან სხვადასხვა საკითხზე ვესაუბრე მედიასაშუალებებს. დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი, ზოგს ანგარიშის პრეზენტაცია ჰქონდა, ზოგს - ახალი პროექტისა.

ოფისიდან რომ გამოვედი, უკვე საკმაოდ ბნელოდა. დრო არასოდეს მყოფნის, რის გამოც მიმაჩნია, რომ დღე-ღამე 24 საათზე მეტ ხანს უნდა გრძელდებოდეს. თუმცა მაქსიმალური ზღვრის დაწესება მაინც მიჭირს.

2 ნოემბერი, შაბათი
ჩვენთვის მხიარული შაბათი დილა გათენდა. ბოლო ორი კვირაა, ვერც შაბათს მოვახერხე დასვენება და ვერც კვირას.

დღეს მე და ანანო ბედნიერები ვართ, მთელი დღე ერთმანეთს უნდა მივუძღვნათ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება. შევეცდებით პრიორიტეტები იმგვარად დავალაგოთ, რომ დღევანდელ განწყობას შევუსაბამოთ.

მინდა, ბედნიერი და მხიარული კვირის ბოლო ჰქონდეს ყველას...
XS
SM
MD
LG