Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FB LIVE-ები ზოოპარკიდან - დათვი ჩოფიკა და სხვა ცხოველები კარანტინში


კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის ზოოპარკი, თვეზე მეტია, დაიკეტა, თუმცა, ალბათ, ადამიანებს უფრო მოენატრათ ცხოველები, ვიდრე პირიქით. ჯერჯერობით მთელ თბილისში ზოოპარკის ბინადართა ყოველდღიურობა ყველაზე ნაკლებად შეიცვალა.

„რადგან ზოოპარკი დაკეტილია და ადამიანებს ჩვენი ცხოველების მონახულება არ შეუძლიათ, ვგეგმავთ, რომ Facebook-ზე live-გადაცემა [ვიდეო რეპორტაჟები რეალურ დროში] გავუშვათ ხოლმე და ცხოველების მოყვარულებს ვაჩვენოთ, რას აკეთებენ ჩვენი ბინადრები კარანტინისა და თვითიზოლაციის პერიოდში“, - ამბობს თბილისის ზოოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მზია შარაშენიძე.

Live-გადაცემები უკვე დაიწყო და თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდზე ყოველკვირა დაიდება. ამ წამოწყების მიზანი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების გახალისება და მათთვის ცხოველების ყოველდღიურობის ჩვენებაა.

„დღეს ვხუმრობდი, როდესაც ვგეგმავდით ამ live-ჩართვებს: როცა ადამიანები ვერ მიდიან ცხოველებთან, ცხოველები მივლენ ადამიანებთან-მეთქი“.

პირველი გადაცემა დათვებს დაეთმო. ვიდეოში სამი დათვის - კოპალას, ჩოფიკასა და გარინჩოს - ყურადღება ხელოვნურმა თაფლით სავსე სკებმა მიიპყრო. ასეთი გასართობები მათთვის არ არის უცნობი.​

„არსებობს სხვადასხვა ღონისძიება, რომლებსაც ზოოპარკის ენაზე ჰქვია Enrichment-ი, რაც ცხოველების გარემოს გამდიდრებას ნიშნავს. ეს აქტივობები იმისთვისაა საჭიროა, რომ ცხოველმა, რომელიც იმყოფება შეზღუდულ სივრცეში, არ მოიწყინოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მზია შარაშენიძე.

ცხოველების ყოველდღიური გარემოს გახალისება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. მარტორქის გალიიდან ვეფხვის ვოლიერში შეტანილმა კუნძმა შესაძლებელია ვეფხვისთვის დღე ბევრად უფრო საინტერესო გახადოს, შედარებით სოციალურად აქტიური ცხოველებისათვის კი სხვადასხვა სახეობასთან ერთად ერთ ვოლიერში ყოფნაა მნიშვნელოვანი.

პანდემიას ყველაზე ნაკლებად ზოოპარკის ბინადრები გრძნობენ. მათზე აქ ისევე ზრუნავენ, როგორც საგანგებო სიტუაციამდე. ზოოპარკში ჯერჯერობით ცხოველებისთვის საჭირო საკვებისა და მედიკამენტების საკმარისი მარაგი აქვთ.

„გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით ვოლიერების გაფართოებასა და ცხოველების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ვგეგმავდით, თუმცა ამის დროებით გადადება მოგვიწევს“, - ამბობს მზია შარაშენიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG