ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე თავმჯდომარეობის მხრიდან მათი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლა ხორციელდება და მედიის წარმომადგენლებს უბნებზე გადაადგილებას უზღუდავენ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა და არც ერთ უბანში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს თეა აბსარიძე.
თბილისის #29 საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 99 წლის მამაკაცი გამოცხადდა. - გვატყობინებს ანა ტურავა.
ამომრჩევლების დიდი აქტივობაა ბათუმში, #103 საარჩევნო უბანზე, პრობლემაა რიგის მართვა. - გვატყობინებენ ბათუმიდან.
#107 საარჩევნო უბანი მოსკოვის გამზირზე 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რამაც ამომრჩევლების რიგი გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე მოადგილე რამდენჯერმე გავიდნენ უბნის გარეთ. დარღვევების შესახებ დაიწერა საჩივრები. 12:22 საათისთვის ოთხი რეგისტრატორიდან დარჩენილია სამი, რადგან ერთ-ერთს ბეჭედი გაუფუჭდა. 1250 ამომრჩევლიდან დღის 12 საათამდე ხმის მისაცემად უბანზე მოვიდა 298. შეინიშნება როგორც მოხუცების აქტიურობა, ასევე ახალგაზრდების დიდი ნაკადი. - გვატყობინებს ნატალი თარაშვილი.