Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიყვარულის ისტორია ომით ტრავმირებულ სრებრენიცაში


ალმირ სალიჰოვიჩი და დუშიცა რენდულიჩი
ალმირ სალიჰოვიჩი და დუშიცა რენდულიჩი
მსოფლიომ ბევრი უიღბლო შეყვარებული წყვილის ისტორია იცის, ვისი სიყვარულიც გარეშე ფაქტორებს - სიძულვილს, მტრობას, ომს - ემსხვერპლა. მაგრამ ომით და სისხლისღვრით ტრავმირებულ ქალაქ სრებრენიცაში მცხოვრები ბოსნიელი მუსლიმი კაცი და მისი სერბი სატრფო აცხადებენ, რომ მათ სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება - პირიქით, შეიძლება მათმა გრძნობამ წარსულის იარების მოშუშებას შეუწყოს ხელი. სიყვარულის დღეს, ვალენტინობას, გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც სრებრენიცაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, სადიკ სალიმოვიჩმა მოამზადა.

ალმირ სალიჰოვიჩის და დუშიცა რენდულიჩის ინტერვიუზე დათანხმება არც ისე ადვილი იყო. „ჩვენ ჩვულებრივი ხალხი ვართ. რატომ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ურთიერთობაზეო“, ამბობდა დუშიცა.

მაგრამ მათი სიყვარულის ისტორიას „ჩვეულებრივი“ ნამდვილად არ ეთქმის. ალმირ სალიჰოვიჩი მუსლიმია, დუშიცა რენდულიჩი - სერბი. ისინი პირველი შერეული წყვილია სრებრენიცისთვის - ქალაქისთვის, რომელსაც კვლავაც დაღად ატყვია 1995 წელს მომხდარი შემზარავი ამბავი - სერბთა ძალების მიერ 8,000-მდე მუსლიმი კაცისა და ბიჭის გაჟლეტის ფაქტი.

დუშიცა და ალმირი ერთმანეთს ბოსნიის ქალაქ ტუზლაში, ბაზრობაზე შეხვდნენ. ალმირი იქ მუშაობდა, დუშიცა კი ბებიის მოსანახულებლად იყო ჩასული.

დუშიცა, რომელსაც გრძელი ქერა თმა და კეთილი ღიმილი აქვს, იხსენებს, რომ ალმირის ყურადღების მისაქცევად ძირს განზრახ დააგდო რძის ბოთლი. ეფექტი, მისი თქმით, მყისიერი იყო:

„ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ერთმანეთს შევხვდით, ერთმანეთი შეგვიყვარდა და წყვილი გავხდით. რომანტიული ამბავი იყო. ორივესთვის ძალიან სასიამოვნო ისტორია“.

წყვილი მალე საცხოვრებლად სრებრენიცაში გადავიდა - ქალაქში, საიდანაც ალმირი თავის დროზე, 1995 წელს, იმ ხოცვა-ჟლეტას გამოექცა, რომელსაც მისი რამდენიმე ბიძა ემსხვერპლა.

ალმირ სალიჰოვიჩი და დუშიცა რენდულიჩი მცირეწლოვან შვილთან ერთად
ალმირ სალიჰოვიჩი და დუშიცა რენდულიჩი მცირეწლოვან შვილთან ერთად
ალმირი - მაღალი და გულღია ღიმილით გამორჩეული კაცი - იხსენებს, რომ სრებრენიცაში სერბ პარტნიორთან დაბრუნების გამო მას ბევრი მეგობარი შემოსწყრა, თუმცა თავად ალმირს არასოდეს შეჰპარვია ეჭვი საკუთარ არჩევანში:

„ჩვენ ერთად ვართ და ნელ-ნელა წინ მივდივართ ცხოვრების გზაზე. კრიზისული ეტაპებიც გამოვცადეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კარგი ამბები გველის“.

წყვილმა ბინა დაიდო მყუდრო, ხისგან აშენებულ სახლში, რომელიც მათ ავსტრიულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ აუშენა. ამავე ორგანიზაციამ ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე თხა და ახლახან ერთი ცხენიც აჩუქა.

შარშან წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - დუშიცას ბიჭი შეეძინა, რომელსაც იუსუფი დაარქვეს, ალმირის ერთ-ერთი მოკლული ბიძის ხსოვნის პატივსაცემად.

წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, - ისინი მაისში გეგმავენ ქორწილს, - თუმცა დუშიცა, რომელიც ხორვატიაშია დაბადებული, სერბია კი ომის პერიოდში დატოვა, ამბობს, რომ პირველივე დღეებიდან თავს ალმირის ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნობს:

„მე არ მეშინოდა. ვიცოდი, რომ ჩვენ ამას გავუძლებდით. იყო ხალხი, ვინც ჩვენს ამბავს კარგად არ შეხვდა, თუმცა ჩვენს ოჯახებში არავინ წასულა ჩვენ წინააღმდეგ. მისმა ოჯახმა მიმიღო, ამის არ მეშინოდა. ჩემთვის არასოდეს უთქვამთ რამე ცუდი ან შეურაცხმყოფელი“.

შერეულ წყვილებს ხშირად შეხვდებოდით ყოფილ იუგოსლავიაში, სადაც გავრცელებული პრაქტიკა იყო ქორწილები მუსლიმებს, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის. მაგრამ ომებმა ეთნიკური ნიშნით გახლეჩა და ბევრი ტრავმა მოიტანა და ასეთი ოჯახები შედარებით იშვიათი გახდა.
ჩემი ქმარი სამუშაოდ მიდის ხოლმე ზოგჯერ 20 დღით ან მთელი თვით, მე კი აქ მარტო ვრჩები. როცა ბრუნდება, ცოტა ფული ჩამოაქვს და ამ ფულით ვცხოვრობთ...
დუშიცა რენდულიჩი

დუშიცას თქმით, ის და მისი ქმარი აღნიშნავენ როგორც მუსლიმურ, ისე ქრისტიანულ დღესასწაულებს. შარშან ეიდის დღესასწაულზე მეჩეთსაც ვესტუმრეო, იხსენებს ის.

ამ წყვილის ურთიერთობას პრობლემებს არც პირადი უთანხმოება უქმნის და არც რელიგიური განსხვავება. წყვილს სხვა რამ აწუხებს - სიღარიბე და უმუშევრობა.

ბოსნიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უმუშევარია. ალმირი ფიზიკურად შრომობს, მუდმივი სამსახური არ აქვს და ამბობს, რომ რასაც შოულობს, ყველანაირ სამუშაოს ასრულებს. თუმცა იმედოვნებს, რომ ცხენითა და, ასევე, ქველმოქმედების გზით მიღებული ჟოლოს თესლებით ნელ-ნელა თავისი ბიზნესის დაწყებას შეძლებს.

„ჩემი ქმარი სამუშაოდ მიდის ხოლმე ზოგჯერ 20 დღით ან მთელი თვით, მე კი აქ მარტო ვრჩები. როცა ბრუნდება, ცოტა ფული ჩამოაქვს და ამ ფულით ვცხოვრობთ, სანამ რამეს კიდევ გამოიმუშავებს. სინათლის გადასახადს ვიხდით და ჩვენთვის და ბავშვისთვის მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთებს ვყიდულობთ“, - გვიყვება დუშიცა.

მიმდინარე თვეში ოჯახმა პატარა იუსუფის პირველი დაბადების დღე იზეიმა. მთელმა სანათესაომ მოვიყარეთ თავიო, იხსენებს წყვილი.
სირთულეების მიუხედავად, წყვილი იმედიანადაა. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთი გვყავსო, ამბობს ალმირი:

„ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვინმესთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ყველაფერი ლაგდება ხოლმე. თუ კაცი და ქალი ერთად კარგად არიან, მათ ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ“.
XS
SM
MD
LG