Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამების აუნაზღაურებელი დეკრეტული


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე, სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეტალები არ კონკრეტდება. შრომის კოდექსის მიხედვით, დეკრეტული შვებულების გამოყენების საშუალება ჩვილის დაბადების შემთხვევაში მამებსაც აქვთ, თუმცა შვებულება მხოლოდ ორ შემთხვევაში ანაზღაურდება: პირველი, თუკი დედა გარდაიცვლება და მეორე, ერთ წლამდე ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში.

მამების აუნაზღაურებელი დეკრეტული
please wait

No media source currently available

0:00 0:05:05 0:00
გადმოწერა

დავით სუბელიანმა ე.წ. დეკრეტული შვებულებით ორი წლის წინ, პირველი შვილის დაბადების შემდეგ, სულ სამი-ოთხი კვირით ისარგებლა. როდესაც დეკრეტული შვებულების აღება გადაწყვიტა, არაფერი იცოდა არც კანონმდებლობის შესახებ და არც იმის თაობაზე, როგორ მიიღებდა მის თხოვნას დამსაქმებელი. მიზანი, რის გამოც დეკრეტული შვებულების აღება გადაწყვიტა, ცოლის დახმარება და ოჯახთან მეტი დროის გატარება იყო. მას ოფიციალური დეკრეტული შვებულებით არ უსარგებლია, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, მისი ოჯახური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა.

დედები დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოდიან, რადგან გარდა იმისა, რომ მათ უწევთ ფეხმძიმობის ტვირთის ტარება, შემდეგ მათ რამდენიმე თვის განმავლობაშ უწევთ პატარა ბავშვთან ყოფნა და ეს მათ, კარიერული თვალსაზრისით, უკან ხევს, რაც არ უნდა კანონით იყოს მინიჭებული მათთვის ეს უფლება...
დავით სუბელიანი

დავით სუბელიანის სიტყვებით, დამსაქმებელმა, უბრალოდ, კეთილი ნება გამოიჩინა და რამდენიმე კვირით გაათავისუფლა, თუმცა პერიოდულად საქმეს სახლიდან მაინც აკეთებდა. მას შემდეგ დათოს კიდევ ორი შვილი შეეძინა, თუმცა მას დეკრეტული შვებულება აღარ მოუთხოვია. ოჯახის დასახმარებლად შვებულების დღეებს იყენებს. დავით სუბელიანი ფიქრობს, რომ ახალშობილის აღზრდის ტვირთის აღება მშობლებისთვის თანაბრად უნდა იყოს შესაძლებელი:

„დედები დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოდიან, რადგან გარდა იმისა, რომ მათ უწევთ ფეხმძიმობის ტვირთის ტარება, შემდეგ მათ რამდენიმე თვის განმავლობაშ უწევთ პატარა ბავშვთან ყოფნა და ეს მათ, კარიერული თვალსაზრისით, უკან ხევს, რაც არ უნდა კანონით იყოს მინიჭებული მათთვის ეს უფლება. ამ პერიოდის ჩაგდების შემდეგ, გინდა არ გინდა, მათ სჭირდებათ ორმაგი ძალისხმევით მუშაობა, რომ სამუშაოზე დაიბრუნონ ის ძველი პოზიციები. ჩვენ ყველანი ძალიან კონკურენტულ გარემოში ვმუშაობთ“.

შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ის 1000 ლარს შეადგენს, თუმცა არსებობს საქართველოს ჯანდაცვისა მინისტრის 2006 წლის ბრძანება, რომელიც შრომის კოდექსის ამ მუხლს შეზღუდვებს უწესებს მამების დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თვალსაზრისით. ანუ, დღეს არსებული კანონმდებლობითა და ამ ბრძანების მიხედვით, დეკრეტული შვებულება მამებისთვის მხოლოდ ორ შემთხვევაში ანაზღაურდება: ერთი, თუკი დედა გარდაიცვლება და მეორე, თუკი ოჯახი ახალშობილს შვილად აიყვანს. ასეთ დროს დახმარებას იღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. ანუ საქართველოს შრომის კოდექსში არსებული მუხლი, რომლის მიხედვითაც რეგულირდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, მამებზე, ფაქტობრივად, არ ვრცელდება. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ეთერ მათურელის, თქმით, სწორედ ჯანდაცვის მინისტრის ეს ბრძანება აფერხებს მამებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და წლებია, სწორედ მის ცვლილებას ითხოვს პროფკავშირი:

ეთერ მათურელი
ეთერ მათურელი

„მე ვიცი სამი მამაკაცი, რომლებმაც ისარგებლეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით და მათ დასჭირდათ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა იმისათვის, რომ მიეღწიათ შედეგამდე. ისინი არ დაიღალნენ. და ამ ადამიანებს ასე სირბილი რომ არ დასჭირდეთ, ეს ხარვეზი უნდა ჩასწორდეს და ეს უნდა გააკეთოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“.

ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამინისტრო სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით აქტიურად მუშაობს ე.წ. დეკრეტული შვებულების დახვეწის საკითხზე. შესაბამისად, მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს დეკრეტული შვებულება დედ-მამას შორის, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დღეს არსებულ კანონმდებლობას ის ვერაფრით უწოდებს დისკრიმინაციულს, რადგან მამას აქვს საშუალება გამოიყენოს არაანაზღაურებადი შვებულება:

„მამას შეუძლია 12 კვირა დედასთან ერთად გამოიყენოს არაანაზღაურებადი შვებულება“.

ანუ, შრომის კოდექსის მიხედვით, მამას შეუძლია ისარგებლოს დამატებითი, ჯამში, 12 კვირის ოდენობის შვებულებით, წელიწადში არანაკლებ 2 კვირისა, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 5 წელი, თუმცა მათ ეს შვებულება არ აუნაზღაურდებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი კაცი სარგებლობს წელიწადში დეკრეტული შვებულებით. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2014 წელს ოფისს მიმართა ერთმა ადამიანმა დეკრეტული შვებულების შესახებ კანონმდებლობის განმარტების თხოვნით. ასევე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიმართა სახალხო დამცველს 2016 წელს, მიმართვის საფუძველი კი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG