Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: საქართველო დასავლური სახელმწიფო უნდა გახდეს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოვიდა ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. მარგველაშვილის განცხადებით, „პროდასავლური სახელმწიფოდან“, რომელიც საქართველო დღეს არის, ახლა ნათლად უნდა განისაზღვროს მიზანი: დასავლური სახელმწიფოს აშენება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა საქართველო დაუბრუნდეს თავის „ბუნებრივ სივრცეს“ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს.

ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემების გამო საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედია წასული ემიგრაციაში, მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებელი, მძიმეა უმუშევრობის ფონი. მარგველაშვილის შეფასებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე არც 2016 წელი იქნება იოლი და საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი „მნიშვნელოვანი კონკურენტული შესაძლებლობები“. ამ მხრივ, მარგველაშვილმა შეაქო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ინიციატივა მოიცავს, მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმას.

მარგველაშვილმა ილაპარაკა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზეც - განაცხადა, რომ „აუცილებელია გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში".

მარგველაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზეც, ახსენა ოკუპაციის პრობლემა და ახსენა „რბილი ძალაც", რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ეს ქვეყანა იყენებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის დაწყებამდე, პრეზიდენტისვე თხოვნით, პატივი მიაგეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, მისი გარდაცვალების მე-11 წლისთავთან დაკავშირებით.

მარგველაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს თავისუფალი, ისტორიული არჩევანის საფუძველზე, 2016 წელი გამოცხადებულია „ევროპული სახელმწიფოს“ წლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG