Accessibility links

მარო მაყაშვილი სტალინის ნაცვლად


წარწერა სტალინის ქუჩაზე, გორი

სტალინის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ამ დილით შეამჩნიეს, რომ მათ სახლებზე ქუჩის აღმნიშვნელი ტრაფარეტის ქვეშ ახალი წარწერები გაჩნდა: მარო მაყაშვილის ქუჩა, ნომერი იგივე. სტალინის ქუჩაზე ანონიმურმა ჯგუფმა გუშინ საღამოს ასეთი ფურცელი არაერთ შენობაზე გააკრა. ეს იყო პასუხი კომუნისტების მანიფესტაციაზე სტალინის დაბადების დღეს. გორში ადგილობრივმა კომუნისტებმა და სტალინისტებმა საბჭოთა დიქტატორის დაბადებიდან 137-ე წლისთავი, კომუნისტური დროშებით და ბელადის პორტრეტებით, ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით აღნიშნეს, ადმინისტრაციულ შენობასთან სტალინის ოქროსფერი ბიუსტი მიიტანეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს. კომპარტიის ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდა, რომ სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე მსჯელობა არ დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით დაიმუქრა.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00
Direct link

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი უკვე ითხოვს გორის მთავარი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას. თავიდან იყო „ლიდერთა ქსელის“ ინიციატივა, ცენტრალური მოედნისთვის, იქ, სადაც 2010 წლამდე სტალინის დიდი მონუმენტი იდგა, ევროპის სახელი მიენიჭებინათ. შემდეგ იყო სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ ქალაქში ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის შესახებ სალექციო კურსისა და ევროპის დღეების აღნიშვნა. ეს ჯგუფი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა შექმნეს. გამოიცა წიგნი „13 მითი სტალინის შესახებ“, რომელიც გორში დარიგდა. ბოლოს გამოჩნდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში ქალაქის ქუჩებში დატოვა წარწერა - „ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა“, გუშინ კი სტალინის ქუჩაზე ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის, სახელის აღმნიშვნელი ფურცლები გამოაკრა. გარდა ამისა მათ ადგილობრივ მედიას, ფოტო და ვიდეომასალაც მიაწოდეს. ეს ჯგუფი ჯერჯერობით საკუთარ იდენტიფიკაციას არ ახდენს, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივითა და შესაბამისი პეტიციით მიმართავენ. ამ ჯგუფის ინიციატივამ სოციალურ ქსელში დისკუსია გამოიწვია. დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული თეონა ფანქველაშვილი მიიჩნევს, რომ დიქტატორების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში აღარ არის და დროა ქალაქის მთავარ ქუჩას სახელი შეეცვალოს.

კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ მოქმედება საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებათა აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის, სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას არამარტო გორის მუნიციპალიტეტში. გორის ცენტრალური გამზირი სტალინის სახელობისაა და ახალგაზრდების არაერთი საინიციატივო ჯგუფი სწორედ კანონის მოთხოვნების აღსრულებას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG