Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მარტვილის სოფლები შესაძლოა გათბობის გარეშე დარჩეს


გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ხე-ტყის მოპოვებისთვის გამოყოფილი ტყეკაფებით სარგებლობას გაუმართავი გზებისა და მიუვალობის მიზეზით ვერ ახერხებს მარტვილის მოსახლეობა, რომლის გათბობის ერთადერთ საშუალებად შეშა რჩება. მარტვილში, სამეგრელოს ბევრი სხვა მუნიციპალიტეტის მსგავსად, გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით სოფელ კურზუსა და ტალერის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია უკვე მეორედ გამართა. ედემ ნაჭყებია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ამ დრომდე არ იცის, ზამთარში სახლს როგორ გაათბობს:

„შეშა არ მაქვს. იქ, სადაც ხელმისაწვდომია, ის ადგილი ათვისებულია და სხვაგან არ გვიშვებენ. როცა წვიმაა, 10 დღე ვერ ავალთ, ისეთ ადგილზეა ტყეკაფი გამოყოფილი. გაზიფიკაცია არაა და ხომ გვინდა შეშა?! ჩვენი მოთხოვნაა გამოგვიყონ ადგილი, სადაც მისვლა შეიძლება“.

როგორ შეიძლება ტყეკაფამდე მივიდე? - ჩემს კითხვაზე ედემ ნაჭყებია თანასოფლელ ვეფხვია ნაჭყებიას უხმობს, რომელიც რამდენიმე წუთში „ურალის“ ტიპის სატვირთო მანქანით გვიახლოვდება. ტყეკაფამდე მისასვლელ 20-კლომეტრიან მონაკვეთზე მეჩვენება, რომ მხოლოდ აღმართზე მივდივართ. ქვაღორღიან გზაზე „მგზავრობისას“ ვეფხვია მიყვება, რომ კურზუს მოსაზღვრე ხეობაში, რომელსაც „შქვითწელამის“ ხეობას ეძახიან, „ურალის“ და ტრაქტორის გარდა სხვა ტრანსპორტი ვერ ადის. ამიტომ წვრილ შეშას რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ხელით ეზიდებიან, მორებს კი მთის დაბლობზე აგორებენ.

ტყის ზღვართან საკონტროლო პუნქტი გვხვდება. დაცვა შლაგბაუმს სწევს და შპს „ჯორჯიან ფორესტის“ საკუთრებაში არსებულ ტყის მასივში შევდივართ. მოსაჭრელი ხეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურს წითელი საღებავით მოუნიშნავს. ჩემი თანამგზავრები - გელა და ემილ ჯოჯუები - მიყვებიან, როგორ მოხდა მათი დაჯარიმება აქედან წაღებული შეშის გამო.
„ბანკში ავიღე ქვითარი, იქ ეწერა 75-ე პუნქტი, მაგრამ მე არ ვიცი, ეს რომელი პუნქტია, ვიცი, რომ მოვჭერი დანომრილი ხე. დავურეკეთ ტყის მცველს და ვაცნობეთ, რომ შეშის დასამზადებლად მივიდოდით. რეინჯერი ადგილზე არ დაგვხვდა“, - ამბობს ემილ ჯოჯუა.

„ეს ხეო შენო უკანონოდ გადმოიტანეო და ტრანსპორტირების იქნებაო 1000 ლარიო და ხე-ტყის დაგემატებაო კიდევ 500 თუ 600, ჯერ არ ვიცი. მე ვფიქრობ, ეს უკანონობაა. არაა?“, - კითხულობს გელა ჯოჯუა.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ კურზუში მოქალაქეთა დაჯარიმების მიზეზი მათ მიერ კანონის დარღვევა გახდა. კერძოდ, მათ ნაწილს არ ჰქონდა თან ყველა საჭირო საბუთი, ნაწილს კი წარმოშობის დოკუმენტში ჰქონდა შეცდომა.

„როცა მოსაკრებელს გადაიხდის მოქალაქე, მიუთითებენ სად მოჭრას ხე. შემდეგ ადგლზე გამოწერს ტყის მცველი წარმოშობის დოკუმენტს. თუკი ყველა დოკუმენტი არ არის წესრიგში, მაშინ აჯარიმებს ჩვენი სამსახური“, - ამბობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ფარცვანია, რომლის სიტყვებითვე, მასალები გადაეგზავნება სასამართლოს და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაახდევინოს ჯარიმა მოქალაქეს თუ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლოს.

რაც შეეხება მარტვილელების კიდევ ერთ მოთხოვნას, გამოიყოს ტყეკაფი მათთვის სასურველ ადგილებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ცინდელიანი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია „ჯორჯიან ფორესტთან“, რომელსაც მარტვილში ტყის მასივის ნაწილი 20 წლის სარგებლობის ლიცენზიით 2006 წელს აქვს აღებული:

„ჩემი თანამშრომლები ჩასული იყვნენ მარტვილში ტერიტორიის შესასწავლად. ისინი ტყეში მოსახლეობასთან ერთად დადიოდნენ, მაგრამ დღესდღეობით ვერ მოიძებნა ისეთი ადგილი და კიდევ ეძებენ. ადგილებიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ახლოს გამოვყოთ, სიხშირე დაბალია და შეუძლებელია“.

სატყეო სამსახურთან ტერიტორიის გამოყოფაზე მოლაპარაკება რომ მიმდინარეობს, ეს რადიო თვისუფლებასთან საუბარში დაადასტურა „ჯორჯიან ფორესტის“ ხელმძღვანელმა აკაკი თოდუამ:

„სადაც შეუძლია მოქალაქეს არჩევა და სადაც კანონი არ კრძალავს ხის მოჭრას,- მაგალითად, ხომ არ შეიძლება ხე მოიჭრას ვაკის პარკში?! - სადაც კანონი არ კრძალავს, ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია კოდუა დაჯარიმების ერთ-ერთ მიზეზად ტყის მცველების მცირე რაოდენობას ასახელებს:

„სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა არის საკმაოდ ბევრი. ხშირ შემთხვევაში სოფელში ცხოვრობს 400-500 კომლი და გამოყოფილია 2 ტყის მცველი. ესეც დაბრკოლებას უქმნის მათ, რომ დაიცვან სამინისტროს მიერ დადგენილი ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და მოპოვების წესები“.

თავის მხრივ, სატყეო სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ტყის მცველის დამატება აწი ვერ მოხერხდება უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზით.

რაც შეეხება მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხს, კომპანია „იტერას“ მფლობელობაში არსებული შპს „სამტრედია გაზის“ მშენებლობების მენეჯერმა ბადრი დათუაშვილმა რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროსთვის გაგზავნილი აქვთ წერილი სოფელში კომლების რაოდენობის შესახებ, საიდანაც პასუხს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს ელიან. დათუაშვილის თქმით, გაზიფიცირებისთვის საჭირო თანხა ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გამოყოს.

იმ ფონზე, როცა „იტერა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას ვერ იწყებს, სატყეო სამსახური და „ჯორჯიან ფორესტი“ კი ტყეკაფის გამოყოფაზე ჯერ მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ, კურზუსა და ტალერის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში გათბობის გარეშე რჩება.
XS
SM
MD
LG