Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები მაუწყებლობის შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვენ


11 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ითხოვს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის განსახილველად ხელახლა პარლამენტში დაბრუნებას, აუდიტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ფინანსური დარღვევების თაობაზე მომზადებული დოკუმენტის შესწავლასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს. ამ მოთხოვნებით ერთობლივი განცხადება მათ შეხვედრის შემდეგ შეიმუშავეს. წერილს ისინი საპარლამენტო უმრავლესობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნიან.

გადმოწერა

11 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო სექტორის ნაწილის მოთხოვნა

11 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ითხოვს:

  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის განსახილველად ხელახლა პარლამენტში დაბრუნებას;
  • ფინანსური დარღვევების თაობაზე მომზადებული დოკუმენტის შესწავლას;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებას.

„’ქართული ოცნება’ ურყევად დაადგა პოლიტიკური ძალადობის გზას და ამ ცვლილებებით კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიაყენა სიტყვის თავისუფლებას და მედიაპლურალიზმს“, - ნათქვამია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ძალზე უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედიაბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და, ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგებების დადების კანონიერ შესაძლებლობას“.

განცხადების ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ფინანსური დარღვევების გამოვლენის შემდეგ, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურა, თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ამბობს, ამის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მისცა შესაძლებლობა კორუფციულად საშიში გარიგებები აწარმოოს:

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„საშინელებაა, როცა საქართველოს პარლამენტი, ერთი მხრივ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას იღებს, სადაც ძალზედ მძიმე დარღვევებზეა ლაპარაკი - განსაკუთრებით, ფინანსურ ნაწილში - და ამ დროს პრეზიდენტის ვეტოს ძლევს იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც ამავე საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით კორუფციულად საშიში გარიგებების დადების შესაძლებლობას აძლევს უკვე კანონიერად“.

თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ, საბჭოს ახალი წევრების შერჩევამდე, დაიწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რათა საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს გაეცეს პასუხი და სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებსაც გაუადვილდეთ საქმის დაწყება.

ამასთანვე, განცხადების ავტორთა აზრით, აქტიური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების საკითხი, რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს დამაჯერებელი, კვალიფიციური და სანდო პასუხები მთელი რიგი საავტორო გადაცემების დახურვის მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის, თამარ კეკენაძის, სიტყვებით, სხვაგვარად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ნდობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, მით უფრო, კანონით მინიჭებული უფლებების ფონზე, როცა მაუწყებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დააფინანსოს სტარტაპ პროექტები:

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს იერიშს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, თითქმის ყველა ტელევიზიას ექმნება პრობლემა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექმნება პრობლემა და ახლა უკვე ისეთ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე, რომელიც, ზოგადად, თავისუფალი მედიის არსებობას უშლის ხელს და ჩვენ ვერ დავთმობთ და ვერ შევეგუებით ამ პრობლემას...
ბაია პატარაია

„ბევრი კითხვა არსებობს კანონში შესულ ცვლილებებთან მიმართებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება სტარტაპების დაფინანსების უფლება, რაც ბუნდოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კორუფციული გარიგებებისა და იმ ტიპის პროგრამების დაფინანსებისთვის კარის გახსნა, რომელიც ხელს აძლევს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, გამოცდილებამ ცხადყო, რომ მიუღწეველი გახდა საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მმართველი ორგანოების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა და ვეტოს დაძლევის პროცედურამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ საბოლოოდ შეუძლებელი გახდეს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ვერ შეურიგდება, ამბობს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს იერიშს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, თითქმის ყველა ტელევიზიას ექმნება პრობლემა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექმნება პრობლემა და ახლა უკვე ისეთ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე, რომელიც, ზოგადად, თავისუფალი მედიის არსებობას უშლის ხელს და ჩვენ ვერ დავთმობთ და ვერ შევეგუებით ამ პრობლემას”.

წერილი, რომელიც 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა შეიმუშავა, საპარლამენტო უმრავლესობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება, ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა:

თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

„ვაპირებთ ამ წერილით მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოვიწვიოთ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იმ ძალიან კრიტიკულ დასკვნაზე სასაუბროდ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გამოქვეყნდა. თავად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა უარი განაცხადეს საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში განგვეხილა ეს დასკვნა“.

განცხადებას ხელს აწერენ: “ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “ევროპული დემოკრატები“, “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “თავისუფალი საქართველო“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “რესპუბლიკური პარტია“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG