Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MDF: მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო კამპანიაში ცხრა პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდია ჩართული


"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართულია ცხრა პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდი. ამის შესახებ საუბარია "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) მონიტორინგში.

მონიტორინგის თანახმად, ხაზარაძის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებისათვის ტროლები ფეისბუკის გვერდებს ქმნიან, შემდეგ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთში 230 000 წევრია. "მედიის განვითარების ფონდის" მიხედვით, ეს გვერდებია:

  • ორი გვამი უნდათ;
  • იყავი და გაგეკეთებინა;
  • პოლიტიკური სანაგვე;
  • კაი გვერდი;
  • ჩვენთვის არავინაა;
  • პოლიტიკური იუმორი;
  • მოვკვდები საქართველოსთვის;
  • სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა;
  • სტოკჰოლმის სინდრომი - ეს.

MDF-ის მტკიცებით, გვერდების უმრავლესობა 2018 წელს შეიქმნა, ისინი ხშირად იდენტურ პოსტებს ავრცელებენ, ხოლო პოსტების ქვეშ კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებენ.

მონიტორინგის ცნობით, ცხრა გვერდიდან ოთხს ავთანდილ კერესელიძე მართავს - ტროლი, რომელიც სომხეთში, ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე გამოქვეყნებულ ფოტოებს იყენებს.

“ავთანდილ კერესელიძე პროსახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს”.

MDF-ის კვლევის მიხედვით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ფეისბუკკამპანიის პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა 11 წლის წინ "თიბისი ბანკში" სავარაუდო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დაწყებული გამოძიების თაობაზე.

მეორე ტალღა 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას უკავშირდება, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG