Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევს გადაეწურა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი

რუსეთიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ამ ქვეყნის მიმართ შეერთებული შტატების ახალ სანქციებს, რომლებსაც ითვალისწინებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონი. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი, ფეისბუკში წერს, ახალი სანქციების გამო კრემლს გადაეწურა ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი.

რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადესო, წერს ასევე მედვედევი. მისი აზრით, სანქციების რეჟიმი „ათწლეულები შენარჩუნდება“. მედვედევის არგუმენტზე, რატომ აკეთებს ასეთ პროგნოზს, მოგვიანებით. ჯერ ახალი სანქციების არსზე.

რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გასული თვის ბოლოს თითქმის ერთხმად დაამტკიცეს შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში, რასაც 2 აგვისტოს მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერა დოკუმენტზე. ახლა ის უკვე კანონია და ზღუდავს რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მაქსიმალურ ზომას, დაშვებულად აცხადებს პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ვაშინგტონი დამნაშავედ მიიჩნევს კიბერთავდასხმებში, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ახალი კანონით იზღუდება შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილება. ის ვეღარ შეძლებს რუსეთისათვის სანქციების მოხსნას კონგრესის თანხმობის გარეშე.

სანქციების მიზეზებს შორის არის რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში და რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს წინააღმდეგ.

დმიტრი მედვედევი, ახალ სანქციებზე მკაცრი კრიტიკით გამოხმაურებისას, ტრამპის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა კანონპროექტზე, უწოდებს „კონგრესისათვის ქედის მოხრას“. „ამერიკის ისტებლიშმენტმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტრამპზე. პრეზიდენტს არ მოსწონდა ახალი სანქციები, მაგრამ მაინც უნდა მოეწერა ხელი კანონპროექტზე“, წერს მედვედევი ფეისბუკში.

ამ შეფასებისაგან დიდად არ განსხვავდება განცხადება, რომელიც ასევე სოციალური ქსელით, ოღონდ ტვიტერით გაავრცელა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ის წერს, რომ მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობა სახიფათოდ არის გაუარესებული და შექმნილ ვითარებაში ტრამპი კონგრესს ადანაშაულებს - საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს!

„შეგიძლიათ, მადლობა უთხრათ კონგრესს - იმავე ხალხს, ვისაც ჩვენთვის ჯანდაცვაზეც კი ვერ უზრუნიაო“, ვკითხულობთ ტვიტერში. ტრამპი განმარტავს, რომ „ეროვნული თანხმობის“ ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა კანონპროექტზე ხელი მოეწერა.

რაც შეეხება მედვედევის ზემოხსენებულ პროგნოზს, რომ სანქციების რეჟიმი ათწლეულები შენარჩუნდება, თავად მედვედევის განმარტება ასეთია: სანქციები „ყოვლისმომცველი ხასიათისაა“ და ვერ გაუქმდება აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულებით, კონგრესის თანხმობის გარეშე. ამიტომ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობა „უკიდურესად დაძაბული იქნება კონგრესის შემადგენლობის ან პრეზიდენტის პიროვნებისაგან დამოუკიდებლად“. იქვე რუსეთის მთავრობის მეთაური მხარდამჭერებს ამშვიდებს: რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების კუთხითო.

რუსეთის საგარეო უწყებამ ახალ სანქციებს „არაშორსმჭვრეტელური და სახიფათო“ უწოდა და დასძინა, რომ იტოვებს უფლებას, აშშ-ს დაუწესოს დამატებითი სანქციები მას შემდეგ, რაც ივლისს ბოლოს მოსთხოვა რუსეთში თავის დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებულთა 755 კაცით შემცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG