Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემდეგი მერაბიშვილი იქნება?


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული მასალები მისმა ყოფილმა უწყებამ მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. 24 ნოემბერს გახმაურებულ ინფორმაციაში საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე, თუმცა მერაბიშვილის შესაძლო ბრალი ამ შემთხვევაში ორი ხელქვეითის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ორი პირის მისამართით გამოჩენილ ლმობიერებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოების ვნებათაღელვას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ”მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათის” ქმედება დაუპირისპირა. საუბარია 2006 წლის 13 მარტის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა უფლებამოსილება შეუჩერა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, იმდროინდელი მინისტრის ბრძანება გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოების ”დაჟინებული მოთხოვნა” დაკმაყოფილებულიყო, თორემ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო:

”სინამდვილეში ახალაია და სანოძე სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს - მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ-სამძებრო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მიერ დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც, შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების ისტორიაში”.

გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინილ გარემოებებში იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის, ნიშნები. აქვე ვთქვათ, რომ სასჯელი ამ შემთხვევაში ჯარიმიდან იწება და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე პროგრესირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი პროკურატურის რეაგირებას დაელოდება და ჯერ არავინ იცის, თუ როგორი იქნება ეს რეაგირება.

თუმცა რეაქცია უკვე გამოხატეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და პარტიის გენმდივანთან დაკავშირებულ ინფორმაციას უწოდეს მათი გუნდის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი გამოვლინება. მსგავსი შინაარსის განცხადებები ბოლო რამდენიმე კვირაა მუდმივად ისმის და 22 ნოემბერს მსგავსი განცხადება თავად ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა:

” ‘ქართული ოცნება’ არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი ნაწილის შესრულებას, თუმცა ‘ქართული ოცნება’ აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება - ეს არის ანგარიშსწორება ოპოზიციის განსხვავებული აზრის წინააღმდეგ”.

ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივ შემთხვევასთან საქმე და, შესაბამისად, იმისათვის, რომ ოპონენტებს კრიტიკისა და საერთაშორისო დონეზე ასატეხი განგაშის დამატებითი საფუძველი არ შეუქმნან, ახალი ხელისუფლების სამართალდამცველმა ორგანოებმა შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ წონადი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში უნდა გადადგან, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. მისი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უთუოდ მოექცევა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან და აწ უკვე ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან, როგორც გამოკვეთილ პოლიტიკურ ფიგურასთან, დაკავშირებული ინფორმაციები და მას დასაკავებლად იოლად ვერავინ მოჰკიდებს ხელს. თუმცა ხუციშვილი ფიქრობს, რომ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ახალი ხელისუფლება ვერც კომპრომისზე წავა:

”ახალმა ხელისუფლებამ ახლა რომ დაიწყოს შერჩევა, - მოდით რა, მოვერიდოთ ამ პიროვნებას, რადგანაც ეს ფაქტი გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას და ასე შემდეგ, - ასეთ შემთხვევაში თვითონ მოექცევიან ჩიხში... თუკი აცხადებენ, რომ ეს პროცესი არ ითვალისწინებს თანამდებობრივ მდგომარეობას და მხოლოდ ითვალისწინებს მტკიცებულებების არსებობას, მაშინ ამ გზას უნდა გაჰყვნენ, სხვა გზა არ არის”.

ახალი მთავრობა კომპრომისზე წასვლას რომ არ აპირებს, ამის შესახებ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა. ის იმედოვნებს, რომ მალე შეწყდება კრიტიკული განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რადგანაც ყველა სრულად გააცნობიერებს, რომ ბოლოდროინდელი პროცესები საქართველოში არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG