Accessibility links

ანგელა მერკელი ვაშინგტონში ჩადის, როგორც ორი სუბიექტის წარმომადგენელი


დონალდ ტრამპი, ანგელა მერკელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 14 მარტს ვაშინგტონში გამართავენ პირველ შეხვედრას, რომლის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, ნატოს მომავალი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი იქნება.

აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით, რომელიც ანგელა მერკელს თავის „მჭიდრო უცხოელ პარტნიორს“ უწოდებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერი „ქვეყნის დანგრევაში“ დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპი, რომელმაც თავის მეტოქე დემოკრატ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს „ამერიკელი ანგელა მერკელი“ უწოდა, გერმანიის კანცლერის დანაშაულად დიდი რაოდენობით დევნილების მიღებას მიიჩნევდა. ასეა თუ არა ეს და შეიცვალა თუ არა ტრამპმა მერკელისადმი დამოკიდებულება პრეზიდენტობის 50 დღის განმავლობაში, არავინ იცის, რადგან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპის პრესმდივანს ამ უთანხმოებაზე არაფერი უთქვამს. შონ სპაისერი მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შეხვედრას „ოკეანის ორივე მხარეს“.

"რამდენიმე ლიდერს უმასპინძლებს და მოგვიანებით ველოდებით განცხადებებს კიდევ რამდენიმე ლიდერისაგან, თუმცა თეთრ სახლს თავდაპირველად, მომავალ კვირაში, 17 მარტს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესტუმრება, მომდევნო კვირაში კი (20-24 მარტს) აშშ-ის პრეზიდენტი ერაყის პრემიერ-მინისტრს, ალ-აბადის, უმასპინძლებს", - განაცხადა შონ სპაისერმა.

თეთრი სახლის სხვა ანონიმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს ანგელა მერკელი, რომ საჭიროა ნატოს წევრმა ქვეყნებმა დადგენილ ზღვრამდე, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე, გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტები, რასაც ბერლინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მოელიან, რომ დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი იმსჯელებენ, ასევე, უკრაინის კონფლიქტის თაობაზე ერთიანი სტრატეგიის შესახებ.

აშშ-მა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.

ვინაიდან დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერს სურს გერმანიის კანცლერისგან მოისმინოს, რას ფიქრობს ის პუტინზე, რომელთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში იგი ჩადის არა მხოლოდ როგორც გერმანიის ლიდერი, არამედ როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი. „მე, რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა და ევროკავშირში ჩვენი წევრობა - ეს ერთი მედლის ორი მხარეა“, - თქვა 9 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მყოფმა ანგელა მერკელმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG