Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Lost in Translation


ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი კრემლში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს (2015 წლის 10 მაისი).
ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი კრემლში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს (2015 წლის 10 მაისი).

10 მაისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას „დანაშაულებრივი“ აქტი უწოდა, თუმცა თარჯიმანმა ეს სიტყვა არ თარგმნა.

მას შემდეგ, რაც შარშან უკრაინის კრიზისი დაიწყო და სულ უფრო გამწვავდა, დასავლელი ლიდერები ხშირად ადანაშაულებენ კრემლს ინფორმაციის მანიპულაციაში, ფაქტების დამახინჯებასა და პროპაგანდის გავრცელებაში. ამის მოწმენი გავხდით ორშაბათს, პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აი, რა თქვა 10 მაისს ვლადიმირ პუტინის გვერდით მდგომმა ანგელა მერკელმა: „ყირიმის დანაშაულებრივი და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის გამო მძიმე დარტყმა მიადგა რუსეთთან თანამშრომლობას. მძიმე იმიტომ, რომ ასეთ მოქმედებაში ვხედავთ ევროპაში მშვიდობის წესრიგის საფუძვლების შერყევას“.

მერკელის ეს სიტყვები პირდაპირ ეთერში რუსულად ითარგმნა, როგორც მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“.

ძნელი სათქმელია, თარჯიმანმა განგებ გამოტოვა სიტყვა „დანაშაულებრივი“ თუ არა. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში, რომელიც პრესკონფერენციის სტენოგრამას წარმოადგენს, სწორედ თარჯიმნის სიტყვებია გამეორებული, ხოლო მერკელის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გერმანულენოვან ტექსტში სიტყვა „დანაშაულებრივი“ თავის ადგილზე რჩება.

თუ დამსწრეთაგან ვინმე გაიგებდა მერკელის ნათქვამ გერმანულ სიტყვას - „verbrecherisch“ - ერთ-ერთი მათგანი უდავოდ თვით პუტინი იქნებოდა. საბჭოთა კა-გე-ბეს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დრეზდენში მსახურობდა, თავისუფლად ფლობს გერმანულს და ამ ენაზე მერკელთანაც არაერთხელ უსაუბრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG