Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაფი საწვავი თუ მგზავრთა უსაფრთხოება


თბილისის მიკროავტობუსები
თბილისის მიკროავტობუსები

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. მიკროავტობუსი ცარიელი იყო. დამწვარი მიკროავტობუსის მძღოლი სატრანსპორტო კომპანია „ინტრეტრანსთან“ სახელშეკრულებო პირობებით მუშაობს, კომპანიას რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრები გადაჰყავს. რა ვითარებაა სატრანსპორტო უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენად უსაფრთხოა დიზელის ნაცვლად გაზის საწვავზე გადაყვანილი მიკროავტობუსები?

აალებული „მერსედეს სპრინტერის“ მარკის მოკროავტობუსის ჩაქრობას მეხანძრეებმა ერთი საათი მოანდომეს. ამ მიკროავტობუსის მძღოლს მგზავრები რუსთავიდან თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით გადაჰყავს. როგორც კომპანია „ინტრეტრანსის“ პიარმენეჯერი სოფო ცერცვაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მიკრავტობუსი კომპანიის საკუთრებაში არ არის. 170-მდე სხვა მიკროავტობუსის მსგავსად, ისიც ერთ-ერთია, რომელიც, რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2 წლით კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე, სერტიფიკატით სარგებლობს.

„ჩვენ გვევალება, რომ ჩვენს ავტოპარკში განათავსონ ეს მანქანები უსაფრთხოების თვალსაზრისით და გავუწიოთ სხვადასხვა სამართლებრივი მომსახურება და ისარგებლონ ჩვენი ლიცენზიებით, რასაც კომპანია ახორციელებს“.

ჩვენ ოფიციალურ წერილს ვწერთ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომ მოგვცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ ავტომობილების მოდიფიცირება, არის თუ არა მოდიფიცირების მოქმედ რეგლამენტთან შესაბამისობაში, რომელმა ტექდათვალიერების, ანუ გზისთვის ვარგისობის ტესტირების, სადგურმა ჩაუტარა ტესტირება უსაფრთხოებაზე...
შალვა ოგბაიძე

როგორც სოფო ცერცვაძე ამბობს, ხელშეკრულებით მოსარგებლე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისევე ევალებათ, როგორც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსებს, თუმცა, მისივე თქმით, როგორც ჩანს, უსფართხოების ზომების კონტროლი კიდევ უფრო გასამკაცრებელია. სოფო ცერცვაძის თქმით, აალებული მიკროავტობუსი გადაკეთებული იყო და გაზის საწვავს მოიხმარდა, თუმცა ამ შემთხვევში აალება, სავარაუდოდ, ელექტრობის გაუმართაობამ გამოიწვია.

სამარშრუტო მიკროავტობუსების უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კითხვები აქვს თბილისის საკრებულის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს შალვა ოგბაიძესაც. მისი თქმით, უსაფრთხოების ნორმები, ფაქტობრივად, დაუცველია, სხვა მიზეზების გარდა, ავარიული გასასვლელისა და ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამოც. ამას ემატება სატრანსპორტო საშუალებების გაზზე გადაყვანის პრაქტიკაც, რის გამოც შალვა ოგბაიძე აპირებს თბილისის მერიას შესაბამისი კითხვებით მიმართოს:

„ჩვენ ოფიციალურ წერილს ვწერთ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომ მოგვცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ ავტომობილების მოდიფიცირება, არის თუ არა მოდიფიცირების მოქმედ რეგლამენტთან შესაბამისობაში, რომელმა ტექდათვალიერების, ანუ გზისთვის ვარგისობის ტესტირების, სადგურმა ჩაუტარა ტესტირება უსაფრთხოებაზე. ჩვენ ავტეხთ განგაშს, რომ ასეთი განუკითხაობა ამ სფეროში აუცილებლად დამთავრდეს“.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ მიკროავტობუსების 20 პროცენტი გაზის საწვავზეა გადაყვანილი - ამასთან, უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით:

„ამ საბუთებს გასცემს კერძო კომპანები, შპს-ები, ინდმეწარმეები, რომლებსაც ჩამოაქვთ ეს ბუნებრივი აირის ბალონები. უბრალოდ, ამ ბალონებს მოჰყვება თავისი გარანტია და ამ ბალონის გარანტიაზე გასცემენ ამ ცნობას, თუმცა ეს საერთოდ არ ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ ავტომობილში კუსტარულად ჩარევა, საინჟინრო პარამეტრების შეცვლა უსაფრთხოა“.

კომპანიამ ჩვენთან საუბარში ისიც დასძინა, რომ მათ სულ არ აწყობთ ისეთი გაუთვალისწინებელი მოხდეს რამე, რომ კომპანიას სახელი შეელახოს. ბაზარზე გამოსულ ამხელა კომპანიას სულ არ სჭირდება ზედმეტი პრობლემების შექმნა, პირიქით, დაინტერესებულია ყველაფერი იყოს ისე, რომ მოსახლეობამ გადაადგილებისას უსაფრთხოდ იგრძნოს თავი...
მერაბ მამულაშვილი

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ ავტოპარკის გაზის საწვავზე გადაკეთება მასობრივად ხდებოდა, თან უსაფრთხოების ნორმების დაუცველად. კომპანიის მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გასულ წელს ამზადებდა პროექტს მიკროავტობუსების ნაწილის ბუნებრივ აირზე გადასაყვანად. ამ პროექტის ფარგლებში გადაკეთდა რამდენიმე მანქანა, საქართველოში მოქმედი ყველა უსაფრთხოების ზომების დაცვით. საწვავის ფასების ცვლილებამ - კერძოდ, დიზელის გაიაფებამ და ბუნებრივი აირის გაძვირებამ - გამოიწვია ამ პროექტის გაურკვეველი დროით შეჩერება. ამჟამად დიზელის საწვავიდან ბუნებრივ აირზე მიკროავტობუსების გადაყვანა აღარ მიმდინარეობს“.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ სატრანსპორტო საშუალებები შეძენილი არა აქვს, მათ საფასურს კრედიტის სახით ჯერ ისევ იხდის. როცა ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, მათ კრედიტის გადასახადი გაეზარდათ და მიკროავტობუსების მძღოლებს მოსაკრებელი გაუზარდეს, რის გამოც იძულებული გახდნენ უფრო იაფ საწვავზე გადასულიყვნენ. სხვას ამბობს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი. მისი თქმით, საწვავის გაიაფების გამო მძღოლებს 12-დან 18 ლარამდე სუფთა მოგება რჩებოდათ და კომპანიამ მათ ამ მოგებიდან 3 ლარის შეტანა დაავალა, რასაც მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა და მათ მიერ აგორდა ეს თემა, თითქოს ტრანსპორტის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნა:

„კომპანიამ ჩვენთან საუბარში ისიც დასძინა, რომ მათ სულ არ აწყობთ ისეთი გაუთვალისწინებელი მოხდეს რამე, რომ კომპანიას სახელი შეელახოს. ბაზარზე გამოსულ ამხელა კომპანიას სულ არ სჭირდება ზედმეტი პრობლემების შექმნა, პირიქით, დაინტერესებულია ყველაფერი იყოს ისე, რომ მოსახლეობამ გადაადგილებისას უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენლები აპირებენ „ფორდის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას მიმართონ თხოვნით, შეისწავლონ რამდენად შეესაბამება მოცემული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები ნორმას. ისინი, ამავე დროს, საქალაქო სასამართლოში შესატან სარჩელასაც ამზადებენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG