Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს


უკრაინელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა შინაპატიმრობის შეფარდებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის და საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, რითიც გზა გაუხსნა მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას. სააკაშვილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადის 10 დეპუტატი სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგა მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის და აღკვეთის ზომის შეფარდების ვადა დღეს, 11 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG