Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლები სამუშაოს უბრუნდებიან


კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გაფიცული მძღოლები, კომპანიის ხელძღვანელობასთან მოლაპარაკების საფუძველზე, მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ხვალიდან მუშაობა განაახლონ. მძღოლები 2 დღის წინ გაიფიცნენ და 8 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ, რომელთა ნაწილის დაკმაყოფილებაზე კომპანიის ხელმძღვანელობა დათანხმა.

ორი დღის წინ გაფიცული მიკროავტობუსთა მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები 3 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კომპანიის წრამომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ მოთხოვნაზე, რომელიც კომპანიის მიმართ მძღოლების დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერას შეეხება, შეთანხმებას მიაღწიეს:

„რა შეეხება ობიექტურ მიზეზებს, როგორიც არის ოლიმპიადის დღეებში გზის გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრების შემცირება და ამ დღის დაგროვილი ვალების საკითხი, რა თქმა უნდა, მოხდება ამ ვალების ჩამოწერა. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ფუჭდება ავტომობილი და მას აქვს ტექნიკური პრობლემა 10 ან მეტი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოხდება ამ ვალის ჩამოწერა. თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამას მიეცემა ოფიციალური სახე, რომ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კომპანია ჩაგრავს ან მძღოლს, ან მგზავრს, ან ვინმეს ახდევინებს იმაზე მეტს, რაც მას არ ეკუთვნის“.

დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერა ერთ-ერთი იყო მძღოლების 8 მოთხოვნიდან. სხვა მოთხოვნებს რაც შეეხება, ესენია: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვა; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულებისა და გადასახადის თანხის გასაჯაროება; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არდაგროვება; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლება სეზონურად, ზამთარსა და ზაფხულში; ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელება მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვა.

200 მგზავრიდან ხომ 160 ლარი გამოვიდა?! ამას გამოაკლდება საწვავის თანხა, მანქანის ტექმომსახურებაში გადახდილი თანხა. ამის შემდეგ მძღოლს რჩება მინიმუმ 40 ლარი, კიდევ 10 ლარი გაუთვალისწინებელ ხარჯებში ვიანგარიშოთ და რაც რჩება, ის შემოაქვს კომპანიაში...
დავით ასანიძე

საიდან ჩნდება დავალიანება? საქმე ისაა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მძღოლები წელიწადში 281 დღის განმავლობაში 44 ლარს იხდიან, რათა 7 წლის შემდეგ მიკროავტობუსი მათ საკუთრებაში გადავიდეს. ამასთან, ისინი იხდიან ყოველდღიურად 12 ლარს, მოსაკრებლის სახით. დასვენების დღეებში და მგზავრთა ნაკადის შემცირებისას, მძღოლების თქმით, მათ ამ თანხის გადახდა უჭირთ და ამიტომ ვალი უგროვდებათ.

როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი დავით ასანიძე ამბობს, კომპანიას გამოთვლილი აქვს, რომ მგზავრთა ნაკადის და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, მძღოლს დღიურად 40 ლარი უნდა დარჩეს:

„ერთ მიკროავტობუსს გადაჰყავს 200 მგზავრი, ტარიფი არის 80 თეთრი. 200 მგზავრიდან ხომ 160 ლარი გამოვიდა?! ამას გამოაკლდება საწვავის თანხა, მანქანის ტექმომსახურებაში გადახდილი თანხა. ამის შემდეგ მძღოლს რჩება მინიმუმ 40 ლარი, კიდევ 10 ლარი გაუთვალისწინებელ ხარჯებში ვიანგარიშოთ და რაც რჩება, ის შემოაქვს კომპანიაში“.

დილიდან საღამომდე როცა ვმუშაობ, კონდიციონერის გარეშე ვხარჯავ 50 ლარის საწვავს და როცა კონდიციონერი მაქვს ჩართული, ვხარჯავ 70 ლარის საწვავს და კომპანიამ 5 ლარი ჩამომაკლო...
მძღოლი

თუმცა ზაფხულის განმავლობაში მგზავრების ნაკადის შემცირებისა და კონდიციონერების ამუშავების გამო, მძღოლების თქმით, მათ 40 ლარიც კი არ რჩებათ ხელზე. კონდიციონერის ამუშავებამ საწვავის ხარჯი მინიმუმ 20 ლარით გაზარდა, კომპანიამ კი ხარჯი მხოლოდ 5 ლარად შეაფასა:

„ივლის-აგვისტოში ვერ ვიხდით ფულს, ვერ ვიხდით და გვაშანტაჟებენ, გვაშინებენ. გვეუბნებიან, ხელშეკრულებას შეგიწყვიტავთო. მე, მაგალითად, შემიჩერეს ხელშეკრულება. შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში! ჩვენგან შოულობს კომპანია ფულს და მოგვცენ საშუალება ორი თეთრი ჩვენც წავიღოთ სახლში. იმ 40 ლარზეც არ ვიყავით თანახმა და ახლა ეს 40 ლარიც აღარ გვრჩება“.

„დილიდან საღამომდე როცა ვმუშაობ, კონდიციონერის გარეშე ვხარჯავ 50 ლარის საწვავს და როცა კონდიციონერი მაქვს ჩართული, ვხარჯავ 70 ლარის საწვავს და კომპანიამ 5 ლარი ჩამომაკლო, მაგრამ ხარჯი 15 ლარით გამეზარდა მაინც“.

კომპანიასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები დიდ დიღომში, სამარშრუტო ტაქსების ავტოფარეხის ტერიტორიაზე, გაფიცულ მძღოლებთან მივიდნენ და მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ელდარ ყავრელაშილმა მძღოლებს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა:

„ეთანხმებით თუ არა ამ პირობებს? და თუ არ ეთანხმებით, ეგეც თქვით. ავიყვანოთ ადვოკატი, კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ და ასე გავარკვიოთ, რაშიც არ ვეთანხმებით კომპანიას“.

პირობების გაცნობის შემდეგ მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ხვალიდან სამუშაოს დაუბრუნდნენ და კომპანიასთან დარჩენილი საკითხები იურისტებს გააცნონ, საჭიროების შემთხვევაში კი სასამართლოს მიმართონ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG