Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალა დგას მინარეთის ამბის უკან?


მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
არ ცხრება ვნებათაღელვა, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟმა გამოიწვია. რელიგიური შუღლის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში გამოსავალს ეძებენ და საკმაოდ სახიფათო პროცესების გამომწვევ თუ ამ პროცესებით მოსარგებლე ძალებზე ლაპარაკობენ. რა გამოსავალი არსებობს და რამ უნდა განმუხტოს დაძაბული სიტუაცია?

მინარეთი სოფელ ჭელაში უნდა დაბრუნდეს - ასეთია საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანთა მთავარი მოთხოვნა და სწორედ მოვლენათა ამგვარ განვითარებას მიიჩნევენ უფლებადამცველები დაძაბულობის განმუხტვის მთავარ ბერკეტად. ჯერჯერობით უცნობია როდის, მაგრამ მინარეთი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რომ დაბრუნდება, რადიო თავისუფლებას 28 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის თამარ ანდრიაძის თქმით, ლითონის კონსტრუქციას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება:

”ექსპერტიზის დასრულებისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, უკვე მოხდება მინარეთის მონტაჟი. მონტაჟი განხორციელდება შემოსავლების სამსახურის ხარჯებით და ეს აღნიშნული იყო ჩვენს ოფიციალურ განცხადებაშიც, რომელიც 26 აგვისტოს გავრცელდა”.

შემოსავლების სამსახურის მიერ 26 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება ასევე გვამცნობს, რომ უწყებამ მინარეთის დემონტაჟი კონსტრუქციის წონასა და სასაქონლო კოდთან დაკავშირებული ეჭვების გამო განახორციელა. თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა ეჭვების გაფანტვა მინარეთის დემონტაჟის გარეშე.

ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკა, როცა ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების გამოხატვას ექმნება საფრთხე და იზღუდება სხვადასხვა მიზეზების გამო...
თამარ გაბისონია
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა ერთობლივი განცხადებაც 27აგვისტოს გავრცელდა, მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელი იყო და რომ ამისათვის სპეციფიკური ცოდნა სულაც არ არის საჭირო. ”ვფიქრობთ, რომ კონსტრუქციის წონის დადგენა და სასაქონლო კოდთან შესაბამისობის საკითხის გარკვევა მინარეთის დემონტაჟის გარეშეც იქნებოდა შესაძლებელი. შემოსავლების სამსახურმა კი ამ საკითხის გასარკვევად მაინცდამაინც ყველაზე უხეში და მიუღებელი ფორმა შეარჩია", - აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა ცენტრის", "საზოგადოებრივი დამცველის", "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "მედიის ინსტიტუტის" ერთობლივ განცხადებაში. ამავე ტექსტში პარალელია გავლებული 2007 წელს, მშენებლობის ნებართვის უქონლობის მოტივით, ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე მართლმადიდებლური ეკლესიის დანგრევასთან და, როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ თამარ გაბისონიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის ტენდენცია კვლავაც გრძელდება:

”რელიგიური თავისუფლების ხელყოფა ვლინდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკა, როცა ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების გამოხატვას ექმნება საფრთხე და იზღუდება სხვადასხვა მიზეზების გამო”.

რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში...
დეკანოზი დავით შარაშენიძე
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ ასპექტზეც, რომ საკმაოდ სახიფათოდ დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ პოლიტიკოსები. ”მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, არ გამოიყენონ ინციდენტის თანმხლები საზოგადოებრივი მღელვარება პოლიტიკური მიზნებისათვის", - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებულ მოვლენებს რელიგიური დაპირისპირების გაღვივების მცდელობად აფასებს საქართველოს საპატრიარქო. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა 27 აგვისტოს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, მუსლიმმა ლიდერებმა უნდა იზრუნონ, რომ პროვოკატორთა გეგმებს არ შეუწყონ ხელი და, პირიქით, შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ ასეთ გამოვლინებას. მით უმეტეს, რომ შესაძლოა არსებობდეს სახიფათო კავშირი ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილ ფაქტებს შორის:

”რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა, ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს”.

თუკი, მაგალითად, სამთაწყაროში, როცა ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმანებს ლოცვაში უშლიდნენ ხელს, პოლიცია არაფერს აკეთებდა, რომ ეს სამართალდარღვევა აღეკვეთა... ამჯერად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ თავად გამოიყენა ნეგატიური ძალა ადამიანების მიმართ...
თამთა მიქელაძე
თუ ვის შეიძლება აწყობდეს სიტუაციის არევა და რელიგიური შუღლის გამოწვევა საქართველოში, ამას საპატრიარქო არ აკონკრეტებს და არც იმას ამბობს, დამნაშავეები რელიგიურ ჭრილში უნდა ვეძებოთ თუ პოლიტიკურ ჭრილში. თუმცა ამ საკითხთან მიმართებით შეთქმულების თეორიებს, როგორიც უნდა იყოს ის, არათანმიმდევრულსა და არადამაჯერებელს უწოდებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. არასამთავრობო სექტორის სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ ერთადერთი დამნაშავე მთელ ამ სიტუაციაში სახელმწიფოა, რომელმაც ცალკეულ ეტაპებზე ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და საქმე რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ძალადობრივ ფორმამდეც მიიყვანა:

”თუკი ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში სახელმწიფოს პრობლემა იყო ის, რომ ის ეფექტიანად ვერ ერეოდა კონფლიქტებში და მან კონფლიქტების გადაწყვეტა რელიგიურ პირებს მიანდო, სეკულარიზმის ჩარჩო არ დაიცვა... თუკი, მაგალითად, სამთაწყაროში, როცა ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმანებს ლოცვაში უშლიდნენ ხელს, პოლიცია არაფერს აკეთებდა, რომ ეს სამართალდარღვევა აღეკვეთა... ამჯერად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ თავად გამოიყენა ნეგატიური ძალა ადამიანების მიმართ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის კანონიერება და პროპორციულობა სადავოა და ადამიანების რელიგიურ გრძნობებს მიაყენა შეურაცხყოფა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.

არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში მცხოვრები მუსლიმანების გარდა, დამნაშავეთა გამოვლენას საპატრიარქოც მოითხოვს. მის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ქრისტიანი და მუსლიმანი მოსახლეობის ისტორიული ურთიერთსასიკეთო თანაცხოვრების დაცვისა და დაძაბულობის განმუხტვის ერთ-ერთ წინაპირობად მიჩნეულია ”მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა და ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა”.

მინარეთის დემონტაჟის მიზეზით ადგილობრივ მკვიდრთა და პოლიციას შორის 26 აგვისტოს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაკავებული იყო საპროტესტო აქციის მონაწილე ცხრა პირი და ისინი 27 აგვისტოს გაათავისუფლეს. აქედან ექვსი პირის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და თითოეული 400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დარჩენილი სამის საქმეზე კი სამართლებრივი პროცედურები გაგრძელდება - მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ ბრალი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG