Accessibility links

ახალი ამერიკული ქვედანაყოფის მისია სირიაში


ამერიკის მძიმე საარტილერიო შეიარაღება სირიაში

პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, გათავისუფლების ოპერაციაში. ამერიკული სარდლობის ცნობით, დამატებითი ძალის ამოცანა იქნება ზურგიდან დაეხმაროს ფრონტის ხაზზე მყოფ 500-კაციან ამერიკულ ქვედანაყოფს, რომელიც უკვე სირიაში იმყოფება.

ამერიკის სარდლობით მოქმედი კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ დორიანის თქმით, ახალი ამერიკული კონტინგენტი, რომელიც დროებით გაიგზავნა სირიაში, უშუალოდ ფრონტის ხაზზე კი არ განლაგდება, არამედ მოამზადებს საარტილერიო მხარდაჭერას იმ სახმელეთო ძალებისათვის, რომლებიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, შტურმს გეგმავენ. პენტაგონის გადაწყვეტილებით, დამატებითი 400-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი ამ მისიის შესასრულებლად შესაბამისი საარტილერიო შეიარაღებით გაიგზავნა სირიაში, სადაც უკვე ასრულებს მისიას ძირითადი, ხუთასკაციანი, კონტინგენტი. დამატებით ძალების გაგზავნა მოასწავებს კოალიციის ახალი შეტევითი ოპერაციის დაწყებას მას შემდეგ, რაც წარმატებით დასრულდა ერთი თვის წინ დაწყებული ქალაქ რაქის გარესამყაროსაგან იზოლირების ეტაპი.

„ამგვარად, ქალაქთან მიახლოების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იზოლირების ფაზაზე. ეს არის სამხედრო კამპანიის ძირითადი ნაწილი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ სირიის არაბული კოალიციის შიგნით არსებულ სირიის დემოკრატიულ ძალებთან. რაქა არის ქალაქი, რომელსაც ექსტრემისტები იყენებენ საერთაშორისო ოპერაციებისათვის. ასე რომ, ჩვენ მოველით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში ქალაქი საბოლოოდ იქნება იზოლირებული და შემდეგ მიღებული იქნება შიგნით შესვლის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ ვისაუბროთ ქალაქის ხელში აღების კონკრეტულ ვადაზე, მაგრამ გვჯერა, რომ მივაღწევთ ბრწყინვალე პროგრესს და გავაგრძელებთ მტერზე ზეწოლას რამდენიმე ფრონტზე“, - განაცხადა 8 თებერვალს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა.

რაც შეეხება დამატებით ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, მან სირიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაასრულა გაშლა და ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და სამხედრო მაშველებისაგან შედგება.

პოლკოვნიკ ჯონ დორიანის თქმით, დამატებითი ქვედანაყოფი სირიაში იმოქმედებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. პირველ რიგში, ესაა სირიის დემოკრატიული ძალები, რომლებშიც გაერთიანებული არიან ქურთების „ფეშმერგას“ სახალხო ლაშქარი და სირიის არაბთა კოალიცია. სირიის დემოკრატიული ძალების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბოლო კვირაში კოალიციამ შეძლო ხელთ ეგდო და გადაეჭრა „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქასა, და პროვინცია დეირ ალ ზორს შორის დამაკავშირებელი არტერია.

მანამდე აშშ სპეციალური ოპერატიული ძალების რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ რჩევებით ეხმარებოდა სირიის ოპოზიციურ ძალებს, ვინაიდან ბოლო მომენტამდე პენტაგონი უარს ამბობდა ჩვეულებრივი სამხედრო ძალის გამოყენებაზე. დამატებითი ქვედანაყოფის გაგზავნა სირიაში მოასწავებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას, პენტაგონს მიანიჭოს უფრო მეტი თავისუფლება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ-ის სამხედრო სარდლობა აკრიტიკებდა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციის მხრიდან სამხედრო უწყების საქმიანობაში ჩარევას და ითხოვდა უფრო მეტ თავისუფლებას ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უფრო ეფექტურს გახდიდა მტრების წინააღმდეგ ბრძოლას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG