Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკვლევა: დევნილების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობას


არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“ ჩაატარა გამოკვლევა დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის შესახებ. კვლევის ფარგლებში, ჯამში, 132 პირის ანკეტირება მოხდა. შედეგად დადგინდა, რომ დევნილთა 96 %-ს ნაკვეთები არ აქვს საკუთრებაში, 90 %-ს კი - სარგებლობაში, რაც ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატიული საარსებო წყარო და მთლიანად სახელმწიფო რესურსზე არიან დამოკიდებული და ეს მაშინ, როცა მათი უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს სოციალური დახმარება წარმოადგნეს.

„საუნჯის“ ხელმძღვანელ იაგო ფასანძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს სურთ მიწის დამუშავება, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ. ამიტომ ისინი ისეთ ადგილებში უნდა განასახლონ, სადაც მიწის ფართობები ხელმისაწვდომია. ამასთანავე, საჭიროა პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს დევნილებისთვის ფართობების გამარტივებულად, იჯარის წესით გადაცემას.

„ჩვენი რეკომენდაციაა დევნილთა დასახლება მოხდეს იქ, სადაც შესაძლებელია დევნილთა დასაქმება და მიწის დამუშავება და არა ქალაქის ტიპის დასახლებებში“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამართლებრივმა ექსპერტმა ლელა კეშელავამ განმარტა, რომ კანონმდებლობის მხრივ იძულებით გადაადგილებულ პირს, საქართველოს სხვა მოქალაქის მსგავსად, თანაბარი უფლება აქვს, თუმცა იკვეთება სხვა პრობლემა - კერძოდ, ის, რომ თემში, სადაც დევნილი განსახლდა, მიწები ადგილობრივებს ეკუთვნით ან სარგებლობენ, გამოთავისუფლებული ფართობები კი ხშირ შემთხვევაში აღურიცხავია:

„მიწის მიმართ ხელმისწვდომობა იმ თვალსაზრისით, რომ მიწით სარგებლობა მოხდეს, ერთადერთი გამოსავალი იჯარაა. მიწით სარგებლობა მხოლოდ იჯარითაა შესაძლებელი“.

კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. გალელი ელგუჯა კვარაცხელია თვლის, რომ სახელმწიფოს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ამ საკითხის მოგვარება:

„არ გვაძლევენ, არ არისო მიწა. არადა, არის. მე საფერმეროდ მინდა 10 ჰექტარი. არა გვაქვსო. რას ნიშნავს „არ გვაქვს“? როგორ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიწა არ არის? არის, მეტიც არის, არ გჯერათ? ვაჩვენებ, გაჩვენებთ“, - განაცხადა ელგუჯა კვარაცხელიამ.

შეხვედრაზე გამოთქმულ პრეტენზიებს ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ უპასუხა. მისი თქმით,
მუნიციპალიტეტში აღურიცხავი მიწა, რომელიც ხშირ შემთხვევაში აღურიცხავად მიაჩნიათ, სახელმწიფოს ეკუთვნის.

„დანარჩენი შესაძლოა ეკუთვნოდეს ტყის ფონდს ან იყოს დაჭაობებული, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ვერ გამოიყენებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში, 26 ჰექტარია დარეგისტრირებული, მათი დაკანონებისას კი დევნილი და ადგილობრივი თანაბარი უფლებით სარგებლობს“, - აღნიშნა ლერი დოჩიამ.

კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადმინისტრაციული საზღვრისპირა მცხოვრები მოსახლეობის მიმართ სახელმწიფო პროგრამებში უნდა ჩაიდოს დიფერენცირებული მიდგომები; დახმარების ზუსტად დაგეგმვის მიზნით მიწაზე მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყოს; ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დევნილთათვის მიწის ლეგალიზაციის ან იჯარით სარგებლობის პროცედურებთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

„საუნჯე“ ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ერთობლივ პროექტს - „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. კვლევა ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG