Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენცია - დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე

მიუნხენის უსაფრთხოების მაღალი დონის კონფერენციის მთავარ თემებს შორის იყო უკრაინის აღმოსავლეთში ომი და 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე ვაშინგტონის ბრალდებები. კიდევ ერთხელ დაისვა უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელების შესაძლო ჩართვის საკითხი. თუმცა, უკრაინისა და რუსეთის პოზიციები გაეროს მისიის პერსპექტივაზე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მიუნხენის კონფერენციაზე გაცვალეს ურთიერთბრალდებები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის თაობაზე.

ამასთან, მიუნხენში ვერ შედგა ნორმანდიის ოთხეულის (გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი) ფორმატში მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შეჩერებაა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზების პრობლემას უკავშირდებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს სამშვიდობო მისია შეიძლება იყოს გზა რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ხელშეწყობის გამო დაწესებული სანქციების „ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნისკენ“:

„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში. გავათავისუფლოთ რეგიონი მძიმე შეიარაღებისგან. რუსეთის პრეზიდენტის იდეას - ცისფერჩაფხუტიანების მიერ ამ ტერიტორიის დაცვის შესახებ სწორად ვთვლი. მჯერა, თუკი ამას მოვახერხებთ, უნდა დავიწყოთ რუსეთის მიმართ სანქციების ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება. ვიცი, რომ ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე განსხვავებულია. ოფიციალური პოზიცია ასეთია - სანქციები სრულად მოიხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მინსკის შეთანხმებები 100%-ით შესრულდება. არა მგონია, ეს რეალისტური პოზიცია იყოს და ვფიქრობ, თუკი პროგრესი გვინდა, ის ორივე მხარემ უნდა იგრძნოს და არ შეიძლება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებზე დავდგეთ ჯიუტად და არ ვიმუშაოთ მეორე მხარისკენ მიმავალი გზების ძიებაზე“.

ზიგმარ გაბრიელმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ყველა გზა“ უნდა იყოს განხილული იმ ომის დასასრულებლად, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო და რომელმაც 10300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

გასული წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით - უკრაინის სამხედრო ძალებისა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში სეპარატისტების დასაშორიშორებლად ე.წ. „დემარკაციის ხაზზე“ სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ.

ყველა გამოწვევის მიუხედავად, დონბასი შეიძლება იქცეს ძალადობრივი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წარმატებულ მაგალითად. სინამდვილეში ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო: უბრალოდ, რუსეთმა ნამდვილად უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმება...
პეტრო პოროშენკო

იმ დროს უკრაინის ხელისუფლება ცივად შეხვდა ამ წინადადებას და უარი თქვა სამშვიდობო ძალების ფრონტის ხაზზე და არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განლაგებაზე. კიევი შიშობს, რომ სამშვიდობო ძალების დემარკაციის ხაზზე განთავსება განამტკიცებს სეპარატისტების კონტროლს ტერიტორიაზე, რომელიც ახლა უკავიათ, რუსეთს კი კვლავაც ყოველგვარი ბარიერის გარეშე ექნება უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის შეყვანისა თუ იარაღის შეტანის საშუალება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციაზე 16 თებერვალს რუსეთს მოუწოდა დათანხმდეს სამშვიდობო ძალების შეყვანას უკრაინის აღმოსავლეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ და აგრეთვე „რუსეთის საზღვართან მდებარე უკრაინის არაკონტროლირებად ნაწილში“: „ყველა გამოწვევის მიუხედავად, დონბასი შეიძლება იქცეს ძალადობრივი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წარმატებულ მაგალითად. სინამდვილეში ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო: უბრალოდ, რუსეთმა ნამდვილად უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმება, ჩვენი მრავალმხრივი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც დღეს 3 წელი შეუსრულდა და პროგრესი არ ჩანს. არსებობს შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა ამ შეთანხმების ხელშეწყობისთვის და იგი შეეხება გაეროს მშვიდობისმყოფელთა განთავსებას დონბასში“.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში უკრაინელი ოლიგარქის ვიკტორ პინჩუკის მიერ დაფინანსებულ ლანჩზე პეტრო პოროშენკომ გაიმეორა რუსეთის მიმართ წინა დღით გამოთქმული ბრალდება „ჰიბრიდული ომის წარმოების“ შესახებ.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუპირისპირეს სანქციების რამდენიმე ტალღა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებაში მოსკოვის როლის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრმა პავლო კლიმლინმა განაცხადა, რომ მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე ის და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ვერ შეთანხმდნენ გაეროს მშვიდობისმყოფელების უკრაინაში შეყვანის საკითხზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის საკითხზე მოსკოვის პოზიცია ასე გამოხატა: „დღეს ეს ქვეყანა უდიდესი სასიცოცხლო პოტენციალით, ნიჭიერი ხალხით მიყვანილია იმ მდგომარეობამდე, როცა არ შეუძლია დამოუკიდებლად მართოს თავი. რუსეთი ისე, როგორც არავინ, დაინტერესებულია უკრაინის შიდა კრიზისის მოგვარებით. ამისთვის მზად არის სამართლებრივი ჩარჩოები. ესაა მინსკის ზომების კომპლექსი, რომელიც გერმანიამ, რუსეთმა, უკრაინამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს, დონეცკისა და ლუგანსკის მონაწილეობით და დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. ის მკაცრად უნდა შესრულდეს. თუმცა, ჯერჯერობით კიევი ღიად ახდენს შესაბამისი ძალისხმევის საბოტაჟს როგორც საკონტაქტო ჯგუფში, აგრეთვე ნორმანდიის ფორმატში. კიევში ოფიციალურად ალაპარაკდნენ სამხედრო სცენარზე. მჯერა ევროკავშირში სრულად ესმით ამგვარი განვითარების საფრთხე“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან და სერგეი ლავროვმა განიხილეს გაეროს სამშვიდობო მისიის შესახებ წინადადება დილით გამართულ შეხვედრაზე, თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა „მომავალში გამოჩნდება რამდენად შესაძლებელია“ ამ იდეის განხორციელება: „ვითარება უკრაინაში არის ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭების მთავარი მიზეზი და ეს არის აგრეთვე მთავარი მიზეზი ნატოს მიერ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო პოზიციონირების დამტკიცებისა“.

17 თებერვალს გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის მიმართ რუსეთის პრეტენზიების ვრცელი სია წარმოადგინა, რომელშიც სახელდებოდა აგრეთვე, როგორც თავად უწოდებს, ევროკავშირის მიერ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერა.

წინა დღით აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაცხადა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და სხვა დანაშაულებზე ბრალდება რუსეთის 13 მოქალაქისა და 3 კომპანიის წინააღმდეგ. მათ შორის არის კომპანია, რომელიც არაოფიციალურად ცნობილია როგორც „რუსეთის ტროლების ფაბრიკა“.

მიუნხენის კონფერენციაზე აუდიტორიის შეკითხვებზე პასუხისას, ლავროვმა განაცხადა, რომ მას რეაქცია არ აქვს აშშ-ის ბრალდებებზე და უწოდა „ნონსენსი“, ვიდრე მოსკოვი არ ნახავს დამამტკიცებელ ფაქტებს.

მიკვირს თუ კიდევ მოიძებნებიან რუსეთის კიბერექსპერტები, იმის გათვალისწინებით - როგორი აქტიურია მათი უმრავლესობა დასავლეთში დემოკრატიული სახელმწიფოების ძირის გამოთხრაში...
ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერი

ლავროვის შემდეგ გამოსვლისას, ტრამპის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ბრალდებები აჩვენებს, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის „უარყოფა ახლა შეუძლებელია“. მაკმასტერის ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა. მან დაწერა: „გენერალ მაკმასტერს დაავიწყდა იმის თქმა, რომ რუსებს გავლენა არ მოუხდენიათ და არ შეუცვლიათ 2016 წლის არჩევნების შედეგები“.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის შეკითხვას - უნდა შეუდგეს, თუ არა აშშ რუსეთის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან დიალოგს, მაკმასტერმა უპასუხა: „მიკვირს თუ კიდევ მოიძებნებიან რუსეთის კიბერექსპერტები, იმის გათვალისწინებით - როგორი აქტიურია მათი უმრავლესობა დასავლეთში დემოკრატიული სახელმწიფოების ძირის გამოთხრაში“.

ირანი, სირია, ბრექსიტი და ბრიტანეთის მომავალი ურთიერთობა ევროკავშირთან აგრეთვე იყო განხილული მიუნხენის კონფერენციაზე. მაკმასტერმა განაცხადა, რომ ირანი ქმნის და აიარაღებს თავის სატელიტების ქსელს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სირია, იემენი და ერაყი: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ სატელიტების ქსელში ის, რომ ის სულ უფრო ძლიერდება, რადგან ირანი მეტსა და მეტ გამანადგურებელ იარაღს ნერგავს ამ ქსელებში... ასე რომ, ვფიქრობთ, ირანის წინააღმდეგ მოქმედების დროა“.

მაკმასტერმა აგრეთვე განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, „აშკარაა“, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალები აგრძელებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას. ასადის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ აპირებს 2016 წლის რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფასა და ბრექსიტის გზიდან გადახვევას: „ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არ დგას მეორე რეფერენდუმის ჩატარების ან ევროკავშირში დაბრუნების საკითხი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - განუცხადა მეიმ ევროპისა და აშშ მაღალი რანგის პირებს.

ტერეზა მეი გამოვიდა მოწოდებით ევროკავშირთან დაუყოვნებლივი შეთანხმებისკენ - ბრექსიტისშემდგომი პერიოდის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მოიცავდა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მთელ სპექტრს. „ამ საკითხზე დისკუსიის დაყოვნება არ შეიძლება“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი მიესალმა ბრიტანეთთან „უსაფრთხოების ალიანსს“ და განაცხადა, რომ ეს საკითხი „ბრექსიტთან დაკავშირებული სხვა საკითხებისგან“ განცალკევებით უნდა განიხილონ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG